ალისტრახოს "მასტერკლასი" ანუ როცა ჟურნალისტი პოლიტიკურ იარაღად იქცევა - კვირის პალიტრა

ალისტრახოს "მასტერკლასი" ანუ როცა ჟურნალისტი პოლიტიკურ იარაღად იქცევა

"ალისტრახო და მისი კოლეგები", "ზომბირებული მიკროფონიანები", "ჟურნალიუგები", "ვითომ ჟურნალისტები" - ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში მედიისა და პრესის თანამშრომლების მიმართ ძალზე მომრავლდა. სამწუხაროა, მაგრამ ზოგ (საკმაოდ ხშირ) შემთხვევაში ალბათ სრულიად დამსახურებულადაც... მირკოფონებით "ხელჩართული ბრძოლა" განსაკუთრებით რეგიონებში მუშაობის დროს იღებს კურიოზულ სახეს, თუმცა, პროფესიული მოვალეობის თუ შეკვეთის შესრულების პროცესში ზღვარსგადასული ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის გადაცდომისა თუ კანონდარღვევის გამო, დღემდე არავინ დასჯილა. ამიტომ ისინი ახალ-ახალი შემართებით უტევენ ერთმანეთს.

ჟურნალისტი ია ანთაძე ბოლო დროინდელ ტენდენციას სამწუხაროს უწოდებს და დღეს მოქმედ ჟურნალისტებს სამ კატეგორიად ჰყოფს...

- ბოლო დროს ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ პრობლემაზე, - ამისი ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ჟურნალისტიკაში მომრავლდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ჟურნალისტურ კვალიფიკაციაზე არაფერი ვიცით. ამიტომ ზოგიერთი დიდად არ დაგიდევთ, რამდენად აქცევს კანონის ჩარჩოში თავის საქმიანობას, მთავარია, მიზანს მიაღწიოს. საბედნიეროდ, ყველა არ იქცევა ასე და ამა თუ იმ ფაქტსა და პრობლემას ობიექტურად აშუქებს. რის გამოც ხდება დაპირისპირება ჟურნალისტებს შორის.

დავიწყოთ იქიდან, რომ როცა ჟურნალისტისთვის პოლიტიკური მიზანი უფრო მეტია, ვიდრე სურვილი - საზოგადოების ნდობით სარგებლობდეს, ცდილობს, მისთვის სასურველი სიუჟეტი თუ ამბავი, რაც შეიძლება მეტი დამაჯერებლობით წარმოადგინოს. გარდა ამისა, მუშაობის პროცესში ადამიანები სხვადასხვანიარად იქცევიან, ზოგს მოთმენის მეტი უნარი აქვს, ზოგს ნაკლები. ასეთ დროს ჩნდება კონფლიქტის კერები, როგორც ჟურნალისტებს, ისე საზოგადოებასა და ჟურნალისტებს შორის.

ახლა ჟურნალისტებისთვის ყველაზე მძიმე პერიოდია და თუ მოთმინება არ გამოვიჩინეთ და საზოგადოების წინაშე არ შევინარჩუნეთ ის სტანდარტი, ჩვენს პროფესიას ბევრ რამეზე მაღლა ვაყენებთ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პოლიტიკური ძალა მოიგებს არჩევნებს, - ჩვენ წავაგებთ. ამიტომ, მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ის ჟურნალისტები, ვინც თავიანთ საქმიანობას უფრთხილდება, მათგან - ვინც იცის, სად გადის ზღვარი ჟურნალისტურ საქმიანობასა და პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შორის და ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა შევინარჩუნოთ.

- თუ მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ოქტომბრამდე პოლიტკური ვითარება უფრო გამწვავდება. ასეთ დროს კი ჟურნალისტების როლი საკმაოდ დიდია...

- დიახ, მაგრამ ჟურნალისტი, რომელსაც თავისი პროფესიის სირთულე და პასუხისმგებლობა გაცნობიერებული აქვს, სიმშვიდეს არ დაკარგავს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც პირიქით დაინტერესებულია, ვითარება გაამწვავოს. ამ ორს შორის განსხვავების დანახვა საზოგადოებასაც არ უნდა გაუჭირდეს და გავლენის ქვეშაც არ მოექცევა. ჩვენ მუდმივად უნდა ავუხსნათ საზოგადოებას, სად არის სიმართლე... ახლა ჟურნალისტები სამ ჯგუფად არიან დაყოფილი: პროფესიონალები, რომლებიც კანონის ლიბერალურ მუხლებს ეყრდნობიან; ისინი, ვინც სტანდარტზე თავს მაინცდამაინც არ დებენ და ისინი, ვიც ჟურნალისტურ სტანდარტს არაფრად დაგიდევენ. სიმშვიდე და მოთმინება იმათ ეყოფა, ვინც საზოგადოებას პატივს სცემს და ყოველთვის იპოვის თავის თავში ძალას იმისთვის, რომ პროფესიულ ეთიკას არ უღალატოს.

რაც შეეხება ჩვენს როლს, დიახ, ასეა, საზოგადოებამდე მიდის ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჟურნალისტს მართლაც შეუძლია ამა თუ იმ ვითარებაში აგრესიული მუხტი გაზარდოს, ან პირიქით. ამიტომ წინასაარჩევნოდ, კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე და პატიოსანი მუშაობაა საჭირო, რათა კატალიზატორის როლი არ ვითამაშოთ. ცხადია, სიტუაციის გამწვავებას ჟურნალისტები დამოუკიდებლად ვერ მოახერხებენ, მაგრამ როცა ჟურნალისტი პოლიტიკური ძალის ხელში იარაღად იქცევა, შეიძლება მასთან ერთად მართლაც შექმნას პოლიტიკური ამინდი. მე აღმზრდელობით საქმიანობას არ ვეწევი, მაგრამ არ უნდა დავუშვათ, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის დაკვეთის შემსრულებლებმა მათთვის სასურველი გარემო შექმნან.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)