კლიმატური ცვლილების მთავარი საფრთხე - გვემუქრება თუ არა მასობრივი შიმშილობა?!
„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განაცხადა.
როგორც მანვე განმარტა, მაგალითად, მიმდინარე წელს კლიმატური ცვლილებების შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, სასოფლო-სამეურნეო ფართობები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ხანიშვილის თქმით, მიმდინარე კლიმატური ცვლილებები და მისი ეფექტი სოფლის მეურნეობაზე, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ყველა ქვეყნისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს.
„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში უფრო მტკივნეული ხდება. მაგალითად, მიმდინარე წლის გაზაფხული იყო ძალიან ბევრ ქვეყანაში ყინვიანი და ამან კურკოვანი და ფესვოვანი მცენარეების დიდი ნაწილი დააზიანა. საქართველოში მაგალითად, ყინვამ და სეტყვამ ბლის ფართობები სერიოზულად დააზიანა, დაზიანებულია ასევე ქლიავისა და ტყემლის ფართობები. მსოფლიოს ტენდენციამ კლიმატური ცვლილებების კუთხით სასურსათო უზრუნველყოფაზე ყველა უნდა დააფიქროს“, - აღნიშნა მან.
ხანიშვილის თქმით, სასურსათო უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გამოიყენოს რესურსები და ის კულტურები, რომელთა მეტი წარმოებისა და თვითუზრუნველყოფის შესაძლებლობაც აქვს, აითვისოს.
„ბევრი პროდუქციაა ისეთი, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი გვაქვს. როდესაც ქართველ ფერმერებზე საუბრობენ, საზოგადოების ნაწილი ცდილობს დააკნინოს ის წარმატებები რაც მათ აქვთ. მაგრამ, ექსპორტს რომ ჩახედავთ, ნახავთ, რომ ექსპორტზე გაგვაქვს თხილი, ლურჯი მოცვი, კარტოფილი, მწვანილი, კარალიოკი, ვაშლი და ა.შ. ეს არის ის პროდუქტები, რაზეც თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი მაღალი გვაქვს და გაგვაქვს ექსპორტზეც. თუმცა, იგივე პროდუქცია იმპორტითაც შემოდის ქვეყანაში, რაც დამოკიდებულია სეზონურობაზე. რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი ვაწარმოოთ, იმიტომ, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი.
ჩვენი პრობლემა არის ის, რომ გვაქვს მცირედ დანაწილებული მეურნეობები და ერთგვაროვანი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება ჭირს. რამდენადაც მსხვილდება მეურნეობები, იზრდებიან ფერმერები და მეტ მიწას ყიდულობენ, იმდენად ხარისხიანი პროდუქცია იწარმოება და მეტ ბაზარზე გავდივართ. ზუსტადაც ეს ვითარებაა ვაშლზე, ინტენსიურად გაშენებულმა ბაღებმა მოსავლის მოცემა რომ დაიწყო, ექსპორტიც გაიზარდა. იგივე ხდება ლურჯ მოცვთან მიმართებაში, ლურჯი მოცვის კუთხით სერიოზული ზრდა გვექნება სამომავლოდაც. კარტოფილი მაგალითად, ხასიათდება საინტერესო დინამიკით - პერიოდულად ჩვენ გვაქვს კარტოფილის ჭარბი მოსავალი, მოგვყავს 250-300 ათას ტონამდე, თუმცა არის პერიოდი როცა ჩავარდნაა და იმპორტზე შემოტანა გვჭირდება“, - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.