კამერუნელები "აორთქლდნენ" - კვირის პალიტრა

კამერუნელები "აორთქლდნენ"

ოლიმპიური თამაშების გუშინდელი დღე საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის „მშვიდი“ აღმოჩნდა. შეჯიბრებებზე არც ერთი ჩვენებური არ ასპარეზობდა. სამაგიეროდ ვნებათა ღელვა ხვალ დაგვეწყება, როდესაც ტურნირში ქართველი თავისუფალი სტილით ფალავნები ჩაებმებიან. ამაზე მომავალ წერილში ვისაუბროთ, ამჟამად კი ლონდონიდან მოსულ სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციებს გაგაცნობთ.

საერთო ოლიმპიურ ჩათვლაში აშშ დაწინაურდა. მართალია, ჩინელებს მეტი ოქრო გააჩნიათ, მაგრამ უმთავრეს კონკურენტს მედლების რაოდენობით ჩამორჩებიან.

ავსტრალიურმა საზოგადოებამ ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსნების თანამდებობებიდან გადაყენება მოითხოვა. „მწვანე კონტინენტის“ სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს ლონდონში 15 უმაღლესი ჯილდოს მოპოვება ჰქონდათ დაგეგმილი. თამაშების დასრულებამდე ოთხი დღით ადრე მათ აქტივში მხოლოდ ხუთი ოქროა. ხალხის აზრით, ავსტრალიურმა სპორტმა რეგრესი განიცადა და სანამ გვიანი არ არის მაღალჩინოსნები უნდა გადადგნენ. ქართველ სპორტსმენებს ლონდონში 7-8 მედლის მოპოვება ჰქონდათ დავალებული. ჯერჯერობით გეგმას ვერ ვასრულებთ. არ მინდა ჩვენი სპორტული ფუნქციონერების გადადგომა მოვითხოვო, მაგრამ ავსტრალიელთა მაგალითი ალბათ ჩაფიქრების საფუძველს გვაძლევს.

გუშინ ფეხზე იდგა ბრიტანული „სკოტლანდ-იარდის“ მთელი შემადგენლობა: შვიდმა კამერუნელმა ოლიმპიელმა გორის „დილას“ „გულშემატკივარს“ მიბაძა და ევროპის კონტინენტზე დარჩენა განიზრახა. ისინი ოლიმპიური სოფლიდან გაუჩინარდნენ. ორი დღეა მათ უშედეგოდ ეძებენ.

საქართველოში ბოლო დროს არაერთი აფარიკელი ჩამოსახლდა. ამ მიზეზის გამო გამქრალი კამერუნელების ვინაობას გაგაცნობთ. ვინ იცის, ხომ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში აღმოჩნდნენ. ქართველო მესაზღვრეებო, დაიმახსოვრეთ ეს გვარები: მოცურავე პოლ ეკან ედინგი, მეკარე დრუზილ ნგაკო, მოკრივეები ტომას ესომბა, კრისტიან დონფანკ აჯუფაკი, აბდონ მეოლი, ბლეიკ იეპმუ მენდოუ და სერჟ აბმომო.

ჩოგბურთზე გადავიდეთ: გუშინ სერბულ მასმედიაში გამოჩნდა ნოვაკ ჯოკოვიჩის წერილი. ჩოგბურთელმა ოლიმპიურ თამაშებზე უიღბლოდ იასპარეზა და მხოლოდ მეოთხე ადგილი დაიკავა. მას ფინალში გასვლას უწინასწარმეტყველებდნენ, „ნოლემ“ კი მესამე ადგილისთვის გამართული შეხვედრაც წააგო.

„ვიცი რომ ლონდონში განსაკუთრებულად მგულშემატკივრობდით. მსურდა ქვეყნისთვის რომელიმე სინჯის მედალი მომეტანა. სამწუხაროდ, სპორტში შედეგს წინასწარ ვერ დაგეგმავ. იმედგაცრუეებული ვარ. საკუთარ თავზე უფრო მეტად იმას განვიცდი, რომ ქვეყანა დავაღალატე. ბოდიშს გიხდით.“ - განაცხადა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

უახლოესი ათი დღის განმავლობაში ვერ იასპარეზებს რუსი მარია შარაპოვა. აღმოჩნდა, რომ ფინალური ორთაბრძოლის წინ ჩოგბურთელი უხარისხო საკვებით მოიწამლა. მარია ამჟამად მკურნალობის კურსს გადის, ვარჯიშს კი მომავალ კვირაში განაახლებს. ამ მიზეზის გამო, მონრეალის ტურნირში ვერ გამოდის.

ამერიკელმა ჩოგბურთელებმა ბობ და მაიკ ბრაიანებმა ლონდონში წყვილთა შეჯიბრი მოიგეს. გუშინ სპორტსმენებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს“ ოლიმპიურ თამაშებშიც იასპარეზებენ. ამ დროისთვის მათ 38 წელი შეუსრულდებათ. საინტერესოა რომ წყვილმა ოლიმპიური ოქრო პირველად მოიგო. კარიერის განმავლობაში 78 ტურნირი მოუგიათ, საჩოგბურთო მოედნებზე კი საერთო ჯამში 700 შეხვედრაში იმარჯვეს.

გუშინ მორბენალი ქალი სარა ატარი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შევიდა. ის საუდის არაბეთიდან გახლავთ და ძიუდოისტი ვოიდანის მსგავსად ოლიმპიადაზე თავისი ქვეყნის ღირსება დაიცვა. ატარი 800 მეტრზე სირბილში მონაწილეობდა და უკანასკნელი ადგილი დაიკავა.

გუშინ ვაჟ კალათბურთელთა მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა. ოთხივე მატჩი საინტერესო გახლდათ, მაგრამ ჩემი ყურადღება რუსეთი-ლიტვის დაპირისპირებამ მიიქცია. ყოფილი სსრკ-ის ამ ორი წარმომადგენლის პაექრობები ყოველთვის უშეღავათო ბრძოლაში ტარდება. იყო დრო, როდესაც ამ ქვეყნების სპორტსმენები ერთი გუნდის ღირსებას იცავდნენ. დღევანდელი წერილი ერთ-ერთი მათგანის მოგონებით მსურს რომ დავასრულო:

ლიტველ რიმას კურტინაიტისს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ ესაჭიროება. თავის დროზე ოლიმპიურ თამაშებზე სსრკ-ისა და ლიტვის ნაკრებების ღირსება დაუცავს.

„სეულის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული „ოქროს გუნდის“ წევრები ერთმანეთს ხშირად ვხვდებით. ადრე, როდესაც ცოცხალი იყო მამა (ალექსანდრე გომელსკი), ყოველი წლის 18 იანვარს ჩვენ მის დაბადების დღეზე ვიკრიბებოდით. ახლა, როდესაც კაუნასში ვარ ხოლმე, აუცილებლად ვხვდები საბონისს, რომელსაც საკუთარი სკოლა აქვს. ასევე ვხვდები კრაპიკასს, იანკაუსკასს და სხვებს. არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ წავიდეთ სათევზაოდ, სანადიროდ, როგორც ადრე ხდებოდა. მე უკვე ექვსი წელია, შვებულების გარეშე ვმუშაობ.

თავის დროზე, დავასრულე რა მოთამაშის კარიერა, ლიტვის სპორტის მინისტრი გავხდი. დამამახსოვრდა ერთი ისტორია რეიგანის მოგონებიდან. ის კოლეჯში ცოდნის მხრივ 50-ე იყო და მივიდა სამუშაოს დასაწყებად. მას შემდეგ, რაც ანკეტა შეავსო, ჰკითხეს, რატომ ხართ 50-ე და არა პირველიო. რეიგანი ჩაფიქრდა და მომავალში ამერიკის პრეზიდენტი გახდა! ეს ისტორია აღმაგზნებს და მეც მინდა ყოველთვის პირველი ვიყო.“

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)