"რეალურად, შესაძლებელია თბილისში არჩევნების მოგება - კალაძეს უნდა დაუპირისპირდეს წარმოშობით თბილისელი, აპოლიტიკური, ცნობადი, სკრუპულოზურად პატიოსანი, განათლებული, სუფთა ხელების მქონე ადამიანი"
საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.
- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო მნიშვნელობის პროცესებია დაწყებული, ჩვენი საუბარი საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობით უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ისრაელ-ირანისა და უკრაინა-რუსეთის ომის თემებს ჩვენ აუცილებლად შევეხებით.საშინაო პოლიტიკაში ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა მიიღებს თუ არა ოპოზიცია მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში. ბარიერგადალახული 4 პოლიტიკური სუბიექტიდან 2 – „კოალიცია ცვლილებებისთვის და „ნაცმოძრაობა“ აცხადებენ რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ.არჩევნებში მონაწილეობის სასარგებლოდ განცხადება გახარიამ და მისმა პარტია „საქართველოსთვის“ განაცხადა. ისინი აცხადებენ, რომ საბოლოოდ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ სხვა პარტიებმა ისინი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.პარტია „ლელომ“ და მისმა ლიდერებმა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ჯერ განცხადებები გააკეთეს, შემდეგ ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ „წინააღმდეგობის პლატფორმაში“ გაერთიანებულ პარტიებს დისკუსია შესთავაზეს. ვხედავთ, რომ ამ თემაზე დისკუსია „წინააღმდეგობის პლატფორმის“ ფარგლებში ვერ ხერხდება.ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობის თემაზე როგორც მონაწილეების მომხრეებისგან, ისე მოწინააღმდეგეებისგან უამრავი არგუმენტი იქნა გამოთქმული.იმ ვითარებაში, რომელშიც ზოგადადაა ჩვენში პოლიტიკური პროცესი რა უფრო იქნებოდა სწორი - ოპოზიციის მიერ არჩევნებში მონაწილეობის მიღება თუ, ბოიკოტის გამოცხადება?
- თქვენს მიერ დასმულ კითხვას მე შემდეგნაირად ვუპასუხებდი. ხელისუფლების შეცვლის სამად-სამი გზა არსებობს: არჩევნები, რევოლუცია ან სამხედრო გადატრიალება. ამასთან, ეს ეხება როგორც ავტოკრატიულ, ისე დემოკრატიულ საზოგადოებებს. ნუ დაგავიწყდებათ, მაგალითად, რომ საფრანგეთის მე-5 რესპუბლიკა სწორედ შარლ დე გოლის მიერ განხორციელებული გადატრიალების შედეგად დაფუძნდა. ოღონდ, როგორც პოლიტოლოგიაშია ცნობილი, თუ სახელმწიფო რეჟიმს მოსახლეობის 15%-ზე მეტი უჭერს მხარს, მაშინ გადატრიალების შემდეგ საზოგადოება სამხედრო ხუნტის ანაბარად რჩება. გარდა ამისა, გადატრიალების ან რევოლუციის მოსაწყობად შენ მხარეს შეიარაღებული ძალები უნდა გადმოიბირო.
ახლა, არჩევნების ბოიკოტი, როგორც პოლიტოლოგიური ტექნოლოგია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ იგი ცალსახად აჩვენებს სახელმწიფო მმართველობის არალეგიტიმურობას და ნიადაგს ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლისთვის ამზადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი გარემოებები საქართველოში არ არსებობს.
არჩევნების ბოიკოტი, როგორც პოლიტოლოგიური ტექნოლოგია, მხოლოდ იმ შემთხვევაშია ეფექტური, თუ იგი ცალსახად აჩვენებს სახელმწიფო მმართველობის არალეგიტიმურობას და ნიადაგს ხელისუფლების ძალისმიერი შეცვლისთვის ამზადებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ასეთი გარემოებები საქართველოში არ არსებობსთქვენი სააგენტოს მიერ გაჟღერებული ბოლო კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველთა 35% უჭერს მხარს და ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური პარტიაა. ასეთ ვითარებაში არჩევნების ბოიკოტის ლობირება, პირიქით, აძლევს ხელისუფლებას ქმედით პოლიტოლოგიურ იარაღს, რათა „ნაცმოძრაობას“, რომლის რეიტინგი ძალიან დაბალია, ექსტრემიზმის იარლიყი მიაკეროს.
გარდა ამისა, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, არასტაბილური პოლიტიკური ვითარება საქართველოში მსოფლიოსთვის სრულიად დაუშვებელია. ამიტომ, მოსწონს ეს დემოკრატიულ საზოგადოებას თუ არ მოსწონს, როგორც ევროკავშირი, ისევე აშშ იძულებულია დემოკრატიული საზოგადოებისთვის მისაღები დონით ითანამშრომლოს დე ფაქტო ხელისუფლებასთან. ამიტომ დასავლეთიდან ისმის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის აქტიური მონაწილეობისთვის მოწოდებები.
მე მეჩვენება, რომ აბსოლუტურად სწორია ბატონი გია ხუხაშვილის ანალიზი, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა 300 არაგველის გმირობასაც კი შეადარა.
თქვენ სწორედ ბრძანეთ, რომ ჯერ მხოლოდ გახარიას პარტიამ ცალსახად გამოაცხადა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ ბატონი მამუკა ხაზარაძის სიტყვები: ცვლილებები თბილისიდან უნდა დავიწყოთო. იმისთვის, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, ოპოზიციამ ხელისუფლებას გაერთიანებული მუშტი უნდა დაახვედროს და მოსახლეობას ძალიან მკაფიოდ აუხსნას თუ როგორ აპირებს სახელმწიფოს მართვას.
იმისთვის, რომ ძალაუფლება არჩევნების გზით შეიცვალოს, ოპოზიციამ ხელისუფლებას გაერთიანებული მუშტი უნდა დაახვედროს და მოსახლეობას მკაფიოდ აუხსნას თუ როგორ აპირებს სახელმწიფოს მართვასრევანშიზმი მოსახლეობას მოჰბეზრდა. ბატონი გიორგი ვაშაძის უსაფუძვლო ლოზუნგები, რომ თქვენ, ივანიშვილის ნების შემსრულებლებო, ყველანი ციხეში აღმოჩნდებით, მისაღებია მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილისთვის, ეგრეთ წოდებული პარტიული აქტივისთვის. მოსახლეობის უმეტესობას კი სრულებით არ სურს, რომ ღმერთისგან ერთხელ ნაჩუქარი სიცოცხლე მავანების პარტიულ ამბიციებს შესწიროს.
საუბედუროდ ვხედავთ, რომ ოპოზიციის გაერთიანება ილუზორული სურვილია. ქართულ პოლიტიკოსებს არა სამშობლო, არამედ თავისი ადგილი აღელვებთ სამშობლოში.
ქართულ პოლიტიკას ახალი თაობის მოსვლა ჭირდება. ეს კი, სამწუხაროდ, ჯადოსნური ჯოხის ერთი მოქნევით არ ხდება.
ყველაფერი ზემოთქმულის გათვალისწინებით მგონია, რომ ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა.
- ამ თემაზე სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა, რომლის მიმართაც და მისი ცენტრის მიმართაც ნდობა საკმაოდ მაღალია, კვლევა ჩაატარა.კვლევის შედეგები თბილისსა და რეგიონებში საკმაოდ განსხვავდება. თუმცა, უნდა ითქვას, რომ კვლევის თანახმად სახელისუფლებო გუნდს მაინცადა მაინც სახარბიელო მდგომარეობა არ აქვს.თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისში გამოკითხულთა 54% მხარს უჭერს არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, გამოკითხულთა ხმები დაახლოებით 66-25%-ზე ნაწილდება ოპოზიციის სასარგებლოდ.რეგიონებში ვითარება განსხვავებულია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. საგულისხმოა ისიც, რომ გამოკითხულთა საკმაოდ დიდი ნაწილი ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. ეს მონაცემები თბილისში საკმაოდ მაღალია, რეგიონებში საკმაოდ დაბალი.ფაქტია, რომ დღეს ხელისუფლებას რისი უნდა ეშინოდეს თბილისში არჩევნების მოსაგებად ოპოზიციის კონსოლიდაციაა. ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონსოლიდაციას ვერ ახერხებს და როგორც ჩანს, ვერც მოახერხებს.რადგან ყველაზე აქტუალური თემაა ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე თბილისის მერობაც მოუგოს და საკრებულოს არჩევნები, კითხვას ასე დავსვამდი - რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ოპოზიციამ თბილისში არჩევნები „ქართულ ოცნებას“ მოუგოს?
- ასე გიპასუხებთ: გააჩნია ვინ იქნება კახი კალაძის მთავარი ოპონენტი. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად შესაძლებელია თბილისში არჩევნების მოგება, ოღონდ ერთი წინაპირობით: კახი კალაძეს უნდა დაუპირისპირდეს აპოლიტიკური, ყველასთვის ცნობადი, სკრუპულოზურად პატიოსანი, უაღრესად განათლებული, სუფთა ხელების მქონე ადამიანი, წარმოშობით თბილისელი.