ახალი სახელისუფლებო ბიზნესი თუ...
საქართველოს ხელისუფლება უკრაინაში ხილისა და ბოსტნეულის შესანახ ტერმინალს აშენებს. ამბობენ, რომ შეიქმნება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ხილისა და ბოსტნეულის სახელმწიფო კომპანია", რომელიც გლეხებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტში დაეხმარება. როგორც პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა გლეხებთან შეხვედრისას აღნიშნა, ამ კომპანიის მიზანი იქნება, დაეხმაროს გლეხებსა და ფერმერებს პროდუქციის შენახვაში, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაში. ამისათვის კი საქართველოს ყველა რეგიონში გაიხსნება ხილისა და ბოსტნეულის მიმღები პუნქტები, რომელიც პროდუქციის დაფასოების შენახვისა და შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი. პრემიერის თქმით, ამ წუთებში უკრაინაში უკვე მიმდინარეობს ტერმინალის მშენებლობა, სადაც საქართველოდან გატანილი მოსავლის შენახვა მოხდება. შემდეგ ქართული პროდუქციის ექსპორტი უკრაინის ბაზარზე და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში განხორციელდება.
დემურ გიორხელიძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში:
-ის, რომ საქართველოში მოწეული მოსავლის შენახვა ძალიან დიდი პრობლემაა და მოსავლის დაბინავებისა და შენახვის ინფრასტრუქურა არ არსებობს, უკვე დიდი ხანია ცნობილია და ამაზე ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით. უნდა მოხდეს ცალკეულ რეგიონებში საკმაოდ მოცულობითი მაცივრების მშენებლობა და არა ასე, როგორც ამას ხელისუფლება გვთავაზობს. ბუნებრივია, ვინც ქვეყნის განვითარებაზე ფიქრობს, აუცილებლად მივიდოდა ამ გადაწყვეტილებამდე, რადგან შესანახი ინფრასტრუქტურის გარეშე სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბარი ძალიან ძნელია. მაგრამ, რატომ უნდა აშენდეს მაცივარი უკრაინაში და რატომ უნდა იყოს ის ქვეყნის გარეთ, ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია. მაცივარი საქართველოში რომ იყოს, აქ შეინახოს გლეხობამ მოსავალი და შემდეგ, როცა გაზაფხულის პირზე სოფლის მეურნეობის პროდუქტების ფასები გაიზრდება, გაიტანოს ევროპაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანებში, რატომ არ იქნება გამართლებული? აი, უკრაინის ფაქტორი არ მესმის. საინტერესოა, ეს ვიღაცის ბიზნესინტერესებს ხომ არ უკავშირდება და მისთვის ხომ არ არის ხელსაყრელი მთელი ქვეყნის მოსავალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დააბინავოს? არ ვიცი, მოკლედ ვერ ვპოულობ ახსნას - რატომ უკრაინაში და არა საქართველოში?
ლოჯისტიკური თვალსაზრისით, თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება, საქართველო იდეალური ტერიტორიაა იმისათვის, რომ აქ მოხდეს აკუმულირება საკუთარი რესურსების და შემდეგ განაწილდეს იმის მიხედვით, თუ სად რა ხელი მიგვიწვდება. თუ გონიერი პოლიტიკა იქნება გატარებული, პოსტსაბჭოთა სივრცეშიც მძლავრად შეიძლება ადგილის ხელახლა დაკავება და რა თქმა უნდა, ევროპისა და ამერიკის ბაზრებზეც. იმ პროდუქციისთვის, რომელიც საქართველოში პოტენციურად შეიძლება აწარმოო საქართველოში, მათ შორის პირველ რიგში ბიოპროდუქცია, ამერიკისა და ევროპის ბაზარი ყველა შემთხვევაში ღია იქნება, ნებისმიერი ფასის შემთხვევაში. ეს ბაზარი ძალიან კარგად არის შესწავლილი, საკმაოდ მოცულობითი ბაზარია და იქ ქართულ პროდუქციას წინ ვერაფერი დაუდგება. ამას უბრალოდ ცოდნა და გაკეთება უნდა.
- ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინიდან უფრო იოლი იქნება შემდეგ ამ პროდუქციის რეექსპორტი სხვა ქვეყანაში...
- ნებისმიერ შემთხვევაში ტრანპორტირება უკრაინაში ხომ დამატებითი ხარჯია... ან რატომ არის უკრაინიდან სხვა მიმართულებით პროდუქციის შეტანა უკეთესი, არ მესმის. თანაც ჩემი ინფორმაციით ეს არ იქნება დიდი მასშტაბის შესანახი მაცივარი და ვფიქრობ, რომ მხოლოდ უკრაინული ბაზრისთვის გაკეთდება. შესაბამისად, ჩვენ არ მივდივართ იმ ნაბიჯებით, რაც რეალურად უნდა გადაიდგას ქვეყნის განვითარებისთვის. ის მოსავალი, რომელიც საქართველოში უხვად მოდის, საჭიროებს დიდი სამაცივრო ცენტრის გაკეთებას, რომელშიც ყველა ამ პროდუქციის აკუმულაცია მოხდება და შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადანაწილდება მოთხოვნის შესაბამისად. მოკლედ, ხელისუფლება ისევ მცირე ნაბიჯებს დგამს და რადიკალურად არ წყვეტს იმ პრობლემას, რომელიც დროულად საჭიროებს გადაწყვეტას. მათი ქმედებები ისევ და ისევ კამპანიის ხასიათს ატარებს, რომელიც ბევრს ვერაფერს შეცვლის. კი, უკრაინული ბაზარი მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ერთი ბაზარია, რომელიც ვერაფრით ჩაანაცვლებს სხვა ბაზრებზე გასვლის აუცილებლობას. ამიტომ, უკრაინაში რაიმეს გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ შენ საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის, შენახვის პრობლემა გადაწყვეტილი გექნება.
(სპეციალურად საიტისთვის)