აიათოლას "საიდუმლო" იარაღი?! - რას წარმოადგენს რაკეტა Sejil, რომელსაც ისრაელისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია
ირანმა ისრაელისკენ თავისი ყველაზე მძლავრი ბალისტიკური რაკეტაც გაუშვა - უთავდება თუ არა ისრაელს ანტირაკეტები ირანული ბალისტიკური რაკეტების მოსაგერიებლად?
18 ივნისს ირანის მაცხოვრებლები, რომლებიც უკვე მიეჩვივნენ რაკეტების კვალს ცაში, აქამდე უნახავი ფაქტის მომსწრენი გახდნენ... მაღლა ცაში სწრაფად მფრენი ობიექტი უცნაურ, ლამაზ კვალს ტოვებდა, თითქოსდა, კოსმოსიდან მეტეორი ეცემოდა...

სინამდვილეში, ირანმა ისრაელის დასაბომბად გუშინ პირველად გამოიყენა თავისი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბალისტიკური რაკეტა Sejil-ი, რაც ისრაელისთვის ახალი დიდი საფრთხის შექმნის მომასწავებელია...
საქმე ის არის, რომ ირანული Sejil-ი ორსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტაა, რომლის ფრენის მაქსიმალური სიშორე 2 000 კმ-მდეა ანუ ის განეკუთვნება საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტების კლასს.
მკითხველს, ალბათ, ეხსომება ის „ჟრიამული“, რაც რუსულმა პროპაგანდამ ატეხა მას შემდეგ, პუტინის ბრძანებით, უკრაინული დნიპროსკენ პირველად რომ გაუშვეს საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“, ინდივიდუალური დამიზნების ქობინების მაკეტებით.

ირანმაც, ფაქტობრივად, იმავეს განმეორება სცადა, როდესაც 17,5 მ სიგრძისა და 1,25 მ დიამეტრის 23,6-ტონიანი Sejil-ი ისრაელის დედაქალაქისკენ გაუშვა, რომლის მიზანში მოხვედრა დიდ ზიანს მიაყენებდა, რადგან ამ რაკეტას 500 კგ-იანი საბრძოლო ქობინი უყენია. თუმცა ამ ირანული, მრისხანე Sejil-ის საბრძოლო ნათლობა, სავარაუდოდ, ჩაიფუშა, რადგან ამ რაკეტამ ვერ მიაღწია ისრაელის ტერიტორიამდე - ის ან ტექნიკური მიზეზით დაიშალა, ჯერ კიდევ კოსმოსიდან ატმოსფეროში დაბრუნების მომენტში, ან კიდევ ისრაელის ანტისარაკეტო თავდაცვის Arrow-3-ისა თუ ამერიკული THAAD-ის „ლუკმა“ შეიქმნა.
- ასევე დაგაინტერესებთ წინა ბლოგები:
- სადამ ჰუსეინი სარდაფიდან ამოათრიეს, ალი ხამენეის ბუნკერიდან თავისით ამოსვლას და კაპიტულაციას სთავაზობენ - გაიზიარებს თუ არა სადამის ტრაგიკულ ბედს აიათოლა?!
- აიათოლას შაჰი შეცვლის?! - რას მიაღწია ისრაელმა ომის მეოთხე დღეს და რა „სიურპრიზს“ უნდა ელოდოს ის ირანისგან?
- მიწისძვრა, რომელმაც მსოფლიო შეაშფოთა - რა აფეთქდა საქართველოს საზღვრიდან 950 კილომეტრში?!
- რა მოუვა მსოფლიოს, თუკი ირანელები ორმუზის,ხოლო ჰუსიტები კი ბაბ-ელ-მანდების სრუტეებს ჩაკეტავენ?
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ირანმა თავისი ყველაზე შორსმფრენი ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაც დაიწყო ისრაელის წინააღმდეგ, რაც შეიძლება, ერთგვარი იძულებითი ნაბიჯიც იყოს აიათოლას სამხედრო-პოლიტიკური ხელისუფლებისთვის, რადგან ისრაელის ავიაცია წვდება ირანის დასავლეთ ნაწილს და იქ მდებარე სარაკეტო ბაზებს ბომბავს, ხოლო ირანის აღმოსავლეთ ნაწილის თავზე პატრულირების განხორციელება უჭირს, საწვავის მარაგის ამოწურვის გამო - შესაბამისად, ირანელ სამხედროებს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან უფრო უხიფათოდ შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების სტარტების განხორციელება, მაგრამ ეს უკვე მოითხოვს 2 ათას კმ-მდე ფრენის უნარის მქონე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას.

ისრაელ-ირანის „სარაკეტო დუელის“ მეექვსე დღეს, 19 ივნისის გამთენიისას, ირანმა მაინც მიაყენა სარაკეტო დარტყმები ისრაელის ქალაქებს - ირანის მიერ გაშვებული ოცამდე ბალისტიკური რაკეტიდან ერთი სამხრეთ ისრაელის ქალაქ ბეერ-შებაში მდებარე სოროკოს საავადმყოფოს მოხვდა. ირანული რაკეტები თელ-ავივში, რამათ-განსა და ხოლონშიც ჩამოვარდნენ, რის შედეგადაც 40-მდე ადამიანი დაშავდა.
ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ ისრაელს უთავდება ანტირაკეტები,რომლებიც განკუთვნილია ირანიდან გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოსაგდებად?
ბალისტიკური და, მით უმეტეს, საშუალო სიშორის მოქმედების მქონე რაკეტის, დაზიანება/ჩამოგდება ასე გაპიარებულ ისრაელის „რკინის გუმბათს“ არ ძალუძს, ის მხოლოდ 70 კმ-მდე რადიუსის მქონე, „ჰამასისასა“ და „ჰეზბოლას“ გამოშვებულ რაკეტებს თუ იგერიებს.

ირანის ბალისტიკური რაკეტებთან საბრძოლველად გამოდგებიან მხოლოდ Arrow-3, «Patriot» PAC-3 და THAAD-ის ანტირაკეტები, რომლებიც 3-4 მლნ დოლარი ღირს და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც შეზღუდულია.
ამასთან, ერთი საჰაერო მიზნის დაზიანება/ჩამოგდებისთვის, როგორც წესი, ორ ან უფრო მეტ საზენიტო და ანტირაკეტას იყენებენ, რაც, ასევე, სწრაფად ამცირებს მათ მარაგს.

ამ ანტირაკეტების წარმოების დაჩქარება რამდენიმე დღეში, უბრალოდ, ტექნიკურადაც შეუძლებელია, მაგრამ არსებობს სხვა გამოსავალი - ამერიკული კრეისერებისა და ფრეგატების ისრაელის სანაპიროსთან, ასევე, სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში განთავსება, რომ მათ თავიანთი RIM-161 Standard Missile 3 და RIM -174 Standard Standard Missile 6-ის ტიპის ანტირაკეტებით გადაიჭირონ ირანელებისა და იემენელი ჰუსიტების მიერ ისრაელის ქალაქებისა და სამხედრო ობიექტების მიმართულებით გაშვებული ოპერატიულ-ტაქტიკური და საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები, თუმცა ეს კიდევ უფრო „ძვირი სიამოვნებაა“, რადგან თითოეული ასეთი ამერიკული ანტირაკეტის ფასი 5 მლნ დოლარს სცდება... მაშინ, როდესაც ერთი ბალისტიკური რაკეტის დამზადება ირანელებს, ალბათ, ხუთჯერ იაფი მაინც უჯდებათ...