რუსეთის ეკონომიკას კატასტროფა ემუქრება?! - რას აცხადებენ რუსი მაღალჩინოსნები - კვირის პალიტრა

რუსეთის ეკონომიკას კატასტროფა ემუქრება?! - რას აცხადებენ რუსი მაღალჩინოსნები

რუსეთის ეკონომიკა რეცესიის ზღვარზეა - ამის შესახებ ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

რეცესია (Recession) ეკონომიკის, ანუ მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრი კლებაა. რეცესია მაშინ დგება, როცა ეკონომიკური ვარდნა, მინიმუმ, ორი კვარტალი გრძელდება და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლებიც უარესდება, როგორიც არის, პირველ რიგში, დასაქმების დონე, ასევე, მოსახლეობის შემოსავლებისა და ვაჭრობის კლება. რეცესიის დროს უძრავი ქონების ფასები ეცემა.

„ყველა ჩვენი მაჩვენებელი უკანა ხედვის სარკეა. ბიზნესის ამჟამინდელი განწყობისა და ინდიკატორების გათვალისწინებით უკვე რეცესიაში გადასვლის ზღვარზე ვართ. ყველაფერი ჩვენს გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული,“ - ამბობს რეშეტნიკოვი.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, ელვირა ნაბიულინამ რუსეთის მშპ-ის ზრდის ამჟამინდელ შენელებას „გადახურებისგან გამოსვლა“ უწოდა, ხოლო ფინანსთა მინისტრი, ანტონ სილუანოვი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა ამჟამად „გრილდება, თუმცა სიცივეს ყოველთვის ზაფხული მოსდევს.“

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რუსეთის უდიდესი ბანკის, „სბერბანკის“ გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრ ვედიახინი Reuters-თან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ არსებობს ეკონომიკის გადაციების საფრთხე და მაღალი საპროცენტო განაკვეთების გამო რუსეთი ამ კრიზისიდან ვერ გამოვა.

„როსსტატის“ ცნობით, პირველ კვარტალში რუსეთის მშპ-ის ზრდა მეოთხე კვარტლის 4.5%-იანი მაჩვენებლიდან წლიურად 1.4%-მდე შემცირდა.

მთავრობასთან დაახლოებულ მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრის ბოლო შეფასებით, სამოქალაქო სექტორის უმეტეს ნაწილში ვარდნაა და არ არსებობს რაიმე ნიშანი, რაც ეკონომიკის აღორძინებაზე მიუთითებდეს.

განაგრძე კითხვა