რეპორტაჟი "ადუღებული" თბილისიდან - კვირის პალიტრა

რეპორტაჟი "ადუღებული" თბილისიდან

პოლიტიკურად მაღალ ტემპერატურას აუტანელი სიცხეც დაემატა. ქუჩაში სიცხისგან გათანგული ადამიანები მხვდებიან. პეკინზე ჩამწკრივებული მაღაზიების გამყიდველები წუწუნებენ, კლიენტების უმეტესობა მხოლოდ გასაგრილებლად შემოდისო. "რამდენიმეწუთიანი გასეირნების შემდეგ, გაგრილებულნი გადიან", - ღიმილით მეუბნება ახალგაზრდა გოგონა. პროფესიიდან გამომდინარე, დღის განმავლობაში გადაადგილება ხშირად მიწევს და სხვა თუ არაფერი, მარტო სიცხისგან გათანგული ადამიანების ნახვა შეგიწუხებს გულს. კონდიციონერის მოყვარული დიდად არ ვარ, მაგრამ ახლა ერთი სული მაქვს, სამარშრუტო ტაქსი მოვიდეს, იქ შედარებით გრილა... როგორც იქნა, მოვიდა #140, მაგრამ უკანასკნელი იმედიც გადამეწურა, - სამარშრუტოში სამიოდე მგზავრი იყო და ისინიც ღია ფანჯრებთან იყვნენ მიმსხდარი. სულ რამდენიმე მეტრში ახალგაზრდა გოგონა ამოვიდა და კატეგორიული ხმით მოითხოვა კონდიციონერის ჩართვა; მძღოლმა მისი მოთხოვნა კი შეასრულა, მაგრამ ეტყობოდა,  უკმაყოფილო იყო. როცა მგზავრები ჩავიდნენ, ვკითხე, რატომ გაურბოდნენ ასე კონდიციონერის ჩართვას. "- ერთ დღეს დილიდან საღამომდე ჩართული მქონდა და 25 ლარით ზედმეტი ბენზინი დამიწვა... არადა, საწვავს ჩვენ ვასხამთ. აბა, გიჟი კი არ ვარ, მთელი დღე ამ სიცხეში ამოვიბუგო. თან ახლა მგზავრების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა და ჩვენც ცვლაში გვამუშავებენ, ალბათ ერთი კვირა მაინც დავისვენებ. დასვენება კი, უმუშევრობას ნიშნავს", - შემომჩივლა მძღოლმა და ისიც აღნიშნა, მგზავრებისაც მესმის, ამხელა თანხას რომ იხდიან, სიგრილე მაინც უნდა იყოსო...

- ისე, რომ ჩავრთავ მაშინაც ერთმანეთს ხოცავენ მგზავრები, ზოგს თავში უბერავს და ზოგს ფეხებში. ეს ნახევრად შიშველი გოგონები ხომ საერთოდ ცალკე საკითხია... ზოგჯერ ქალები აკივლებულან, ფანჯრები გავაღოთ, საშინელი სუნიაო... მაინც რატომ არ უყვარს ამ ხალხს ტანის დაბანა, ასეთ სიცხეში დაუბანლობა შეიძლება? - ღიმილით მეკითხება მძღოლი...

სამარშრუტო ტაქსიდან ავტობუსში გადასულმა თბილისური ბუღი მთელი სიმწვავით აღვიქვი. გათანგული მგზავრები ყვითელი ავტობუსივით გმინავდნენ. - ეჰ, შვილო. ისე შევეჩვიე სიცხეს, უდაბნოში რომ გამიშვა, არ მოვკვდები. დილით რომ ბოთლით გაყინულ წყალს წამოვიღებ, 12 საათისთვის უკვე გამდნარია. გაჩერებასთან ახლოს, მაღაზიებში ვტოვებ ხოლმე წყლით სავსე ბოთლს ხელახლა გასაყინად და მერე გამყიდველები მაწვდიან, სხვანაირად მოიხარშება კაცი... "მარშუტკის " მძღოლებს რა აქვთ საწუწუნო, ჩვენთან შედარებით? ხალხი გაჩერებიდან-გაჩერებამდე ვერ ძლებს ავტობუსში, თონეაო. რამდენი შუა გზაში ჩასულა, ფეხით გავლა მირჩევნია, ჰაერი მაინც არისო. ჩვენი ხალხის ამბავი ხომ იცით, ზოგი ჰიგიენასთან მაინცდამაინც ვერ მეგობრობს... ამას წინათ ბიჭებმა ატეხეს ღლიცინი, - რექსონა, რექსონაო! იმან - ეს როგორ მაკადრეთო და ატყდა ერთი ამბავი, - გახალისდა დასიცხული მძღოლი.

მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" წინ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი რომელიღაც აფრიკული ჯგუფი მზის გულზე იდგა და ნაციონალურ ინსტრუმენტებზე უკრავდა. გარს მსმენელები შემოკრებილიყვნენ.

- ჯერჯერობით თბილისიდან გასვლას ვერ ვახერხებ და ვცდილობ, შეძლებისდაგვარად გავერთო. საღამოობით მეგობრებთან ერთად სკვერებსა და პარკებში ვსეირნობ, - მითხრა "დრედებიანმა" ირაკლი სებისკვერაძემ.

- რა გაუჭირდა ამ ხელისუფლებას, ასეთ სიცხეში წყლის კონტეინერები რომ დადგას, იქნებ ყველას არ აქვს წყლის შეძენის საშუალება? არ იციან, რამდენი უმუშევარი და გაჭირვებული ჰყავთ ქვეყანაში? - მეკითხება შუახნის ქალი და წყლის დასალევ სოკოს ზიზღით არიდებს სახეს - მდუღარეაო. ამას არავინ სვამს, ისეთი ცხელია, კუჭის ამოსარეცხად თუ გამოიყენებ, - აღნიშნეს სხვებმაც.

ვერის ბაღში ტევა აღარ იყო. ყველა ასაკის ადამიანებს შეხვდებოდით. ზოგი წყვილი კუთხეში მიყუჟულიყო, სხვები არავის ერიდებოდნენ და აშკარად ესიყვარულობდნენ ერთმანეთს. - ამ სიცხეში, ნენა, როგორ არ სცხელათ, გადავირიე. რავა პარკი ლობიოსავით მიწებებიან ერთმანეთს, - აღშფოთებას ვერ მალავდა მზესუმზირის გამყიდველი მოხუცი ქალი და გაუხარდა, რომ ჩემი სახით ხმის გამცემი იპოვა. - ასე გადარევენ, შვილო, კაცებს და მერე კიდო უკვირთ, ცუდი რაღაცები ემართებათო. გადეიწვება მაგათი შემყურე, აბა რა იქნება? კაცს კი არა, ცხენს რომ არ ეკიდება არ უკვირთ? - არ ჩერდება ბებო და მზესუმზირას მთავაზობს, - ერთხელ რომ გასინჯავ, მერე სხვისგან არასდროს იყიდიო... ვერ ამიყოლია, მაგრამ გვერდით ჩამომჯდარ ფაშფაშა ქალთან კი მოიოხა გული. - ამ შეყვარებულების გამო, შვილიშვილები ბაღში ვერ ჩამომყავს, ამ სიცხეში სახლში ვკეტავ, ამათ უზნეობას რომ არ უყურონო. არადა, ეს ბაღი ყველასია! - შფოთავდა ქალი და მარაოს გამალებით ინიავებდა. ბაღს კი გაგრილების მსურველები თანდათან ემატებოდნენ, მზის ჩასვლის მოლოდინში ჩრდილს ეძებდნენ, თბილისი კი დუღდა...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)