საქართველოს "რუხი კარდინალი" და შევარდნაძის "მანევრები" - ნუგზარ საჯაია: როგორ შეიქმნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო - კვირის პალიტრა

საქართველოს "რუხი კარდინალი" და შევარდნაძის "მანევრები" - ნუგზარ საჯაია: როგორ შეიქმნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო

დღეს საქართველოს საგარეო დაზვერვის ისტორია, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემცირებულ/დაკნინებული სტატუსით შერწყმის საჭირბოროტო საკითხები დროებით გვერდზე უნდა გადავდოთ და არა ნაკლებ მნიშვნელოვან თემაზე: ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდგომში ეუს) მოსალოდნელ გაუქმებაზე უნდა ვისაუბროთ. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას და მისი უფლებამოსილების მთავრობისთვის გადაცემას აპირებს. რა შედეგებს მოიტანს ეს გადაწყვეტილება?

ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება სახელმწიფო სტრუქტურების (უპირველესად სპეცსამსახურების, დიპლომატიური სამსახურის, საფინანსო და ეკონომიკური უწყებების) კოორდინირებული მოქმედება, საგარეო და საშინაო საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. სხვადასხვა სამინისტრო/უწყებას შორის კოორდინაციას კი, სწორედ დამოუკიდებელი სტრუქტურა – ეუს უნდა ახორციელებდეს. ასე რომ, ეუს არსებობა ვინმეს ახირება კი არ არის, არამედ - ის ყველა შემდგარი სახელმწიფოს სასიცოცხლოდ აუცილებელი მაკოორდინირებელი სტრუქტურაა, მიუხედავად იმისა, თუ რა პოლიტიკური გემოვნება და სიმპათიები გააჩნია კონკრეტულ ხელისუფლებას. გასაკვირია, რომ დღეს, მუდმივი გლობალური და ლოკალური გამოწვევა/საფრთხეების პირობებში, ამის დასაბუთება გახდა აუცილებელი.

ცოტა შორიდან უნდა დავიწყოთ. ეროვნული უსაფრთხოების ახლებურად გააზრებაში პიონერები ამერიკელები იყვნენ. აშშ-ის თანამედროვე ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ჩამოყალიბება ხანგრძლივი ევოლუციის შედეგია. ისტორიულად აშშ-ის ეროვნული ინტერესების, მიზნების და პრიორიტეტების, საბოლოო ანგარიშით კი ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და ტაქტიკის ფორმირება მთელმა რიგმა ობიექტურმა რეალობებმა განსაზღვრეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ის ხელისუფლებამ არა მარტო სრულიად ახალი იარაღი შექმნა და გამოიყენა (მხედველობაში „ატომური ბომბი“ მაქვს), არამედ - ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი სტრუქტურებიც ჩამოაყალიბა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკას (საშინაო და საგარეო საფრთხეების გამოვლენა/განეიტრალებას) ერთი პიროვნება - პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ახორციელებდა, რამდენიმე ერთგული მრჩევლის დახმარებით. ბუნებრივია, ამგვარ პირობებში უფრო მეტი იყო შეცდომაც და სუბიქტურ-არაეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაც.

ომის დასრულების შემდეგ მთელი მსოფლიო, მათ შორის - აშშ, ახალი გამოწვევა/საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა: ომის შედეგად თითქმის განადგურებული ევროპის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი; დამარცხებულ/განადგურებული იაპონიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე პასუხისმგებლობა; აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ე.წ. ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის დაწყება; „ცივი ომი“ და ა.შ.

აშშ-ის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განახორციელა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური პროექტი: “მარშალის გეგმა” ევროპისთვის და “მაკარტურის გეგმა” იაპონიისთვის, რომელთაც მთელი მსოფლიოსთვის შორს მიმავალი შედეგი ჰქონდა. უცილობელი ფაქტია, რომ სწორედ ამ ორი გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელებამ შეაჩერა საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სამხედრო ექსპანსია დასავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში.

გეომეტრიული პროგრესით მზარდი გამოწვევები და საფრთხეები ახლებურ მიდგომებს საჭიროებდა, სწორედ ამიტომ აშშ-ის ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და სამხედრო ინტერესებმა და პრიორიტეტებმა ასახვა ჰპოვეს ეროვნული უსაფრთხოების კანონში, რომელიც პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ინიციატივით 1947 წელს მიიღეს. შემდგომ პერიოდში ამ კანონის მუხლებმა მხოლოდ ნაწილობრივი ცვლილებები და დამატებები განიცადეს. აღნიშნული კანონის რეალურად ასამოქმედებლად შეიქმნა „ეროვნული უსაფრთხოების საბჭო“ და „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო“: მომავალში სწორედ ეს სტრუქტურები იქცნენ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის უმნიშვნელოვანეს ბერკეტებად. ეუს ძირითადი დანიშნულება, რომელიც ახლაც არ შეცვლია, ამგვარია: უზრუნველყოს საგარეო, სამხედრო, სადაზვერვო და ეკონომიკურ სფეროებში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის კოორდინაცია და ქვეყნის პრეზიდენტისთვის შეიმუშაოს რეკომენდაციები ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. გარდა ამისა ეუს აქტიურად არის ჩართული კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესშიც.

hari-trumeni-1750402600.jpg

ჰარი ტრუმენი (1884–1972 )

ათწლეულების მანძილზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების უპირველეს კრიტერიუმად მიჩნეული იყო მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნება. საინტერესოა ის გარემოება, რომ ამერიკელებისთვის კონკურენტუნარიანობა - უცილობელი პირველობის სინონიმია და მისი არეალი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა. წლების მანძილზე მან მოიცვა არა მარტო სამხედრო-პოლიტიკური და საფინანსო-ეკონომიკური, არამედ - სამეცნიერო-ტექნიკური, საინფორმაციო, სპორტული, კულტურული და ა.შ. სფეროებიც.

დღესაც ეუს ეროვნული უსაფრთხოების ჯაჭვის უმნიშვნელოვანეს რგოლს წარმოადგენს. თუ ადრე ეუს მსოფლიოს თითქმის ყველა, გამოკვეთილად საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანაში იყო შექმნილი და პრეზიდენტის უმთავრეს საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენდა, ამჟამად ეუს (შესაძლებელი სხვა დასახელებით, თუმცა ანალოგიური ფუნქციებით) საპარლამენტო ქვეყნებშიცაა შექმნილი, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ფუნქციონირებს და მისი საკონსულტაციო სტრუქტურაა.

ასეა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ინდოეთში, ნიდერლანდებში, ისრაელში და სხვ. კრიზისული სიტუაციების დროს, რაც დღეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა, ეუს განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს და პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ოპტიმალურ მოქმედებათა წინასწარ გათვლილ ვარიანტებს სთავაზობს. ეუს ამზადებს რეკომენდაციებს საგარეო და საშინაო პოლიტიკის, აგრეთვე, უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებზე. ამავე დროს, კოორდინაციას უწევს სპეცსამსახურის საქმიანობას და მათი “პროდუქციის” ძირითადი მომხმარებელიცაა. ეუს ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება, ასევე, მათი შესრულების მონიტორინგიცაა. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია - ესაა ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე ზოგად შეხედულებათა სისტემა, სადაც ჩამოყალიბებულია ქვეყნის პრიორიტეტული ინტერესები, სტრატეგიული მიზნები და მიზნის მიღწევის ძირითადი გზები, კონცეპტუალურ დონეზე. კონცეფციის საფუძველზე უნდა დამუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნის კონსტიტუციის შემდეგ მნიშვნელობით მეორე დოკუმენტია, სადაც ჩანს, თუ რამდენად ადეკვატურად აფასებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და მის გარეთ შექმნილ მდგომარეობას და არის, თუ არა მზად არსებული და მოსალოდნელი გამოწვევა/საფრთხეების თავიდან ასაცილებლად ან გასანეიტრალებლად.

საქართველოში ეუს შექმნის მოკლე ისტორია ამგვარია: კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან ზუსტად წელიწად-ნახევრის შემდეგ, 1993 წლის 2 ივლისს მიღებული კანონით, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა „ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო“, სადაც ჩამოყალიბდა თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ინსპექტორებისა და კონსულტანტების ჯგუფები, რომელთაც მთავარი მრჩევლები ხელმძღვანელობდნენ. იმ პერიოდში, როცა ქვეყანას რეალურად ტრიუმვირატი (შევარდნაძე-კიტოვანი-იოსელიანი) მართავდა, ახლად შექმნილი ორგანო “თოთო ბავშვივით” სუსტი იყო. თანდათანობით შევარდნაძემ, ჩვეული ოსტატობით, გარს შემოიკრიბა “ძველი გვარდია” – მისი ერთგული პარტიული, კომკავშირული და სამეურნეო კადრები და საკვანძო პოსტებზე განალაგა. 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ საქართველოს კონსტიტუციაში (რომელიც აშკარად ამერიკულ თარგზე მოიჭრა, მაგრამ მისგან განსხვავებით, შევარდნაძეს, როგორც პრეზიდენტს, თითქმის ნულოვანი პასუხისმგებლობის ფონზე, რეალურად განუსაზღვრელი უფლებები მიენიჭა), კერძოდ კი, 99-ე მუხლში, ეუს შესახებ ცალკე დებულება შევიდა და ეს ორგანო უკვე კონსტიტუციური გახდა.

საქართველოს ეუს შემდომი არსებობისთვის გადამწყვეტი იყო მისი უფლება-მოვალეობების მკაფიოდ განსაზღვრა, რაც 1996 წლის 24 იანვარს მიღებულ “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონში აისახა. დღევანდელი გადასახედიდან საქართველოში ეუს არსებობის პერიოდი შეიძლება ოთხ ეტაპად დავყოთ: პირველი - 1996-2002 წლები; მეორე - 2002 წლის 25 თებერვლიდან 2004 წლის თებერვლამდე; მესამე - 2004 წლის თებერვლიდან 2013 წლამდე და მეოთხე: 2013 წლიდან დღემდე.

1996 წლის 24 იანვარს მიღებული კანონის შემდეგ ქვეყანას მოევლინა ახალი კონსტიტუციური სახელმწიფო სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო, უხილავი ძაფებით ემართა პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები. ეუს ფუნქციებად კი განისაზღვრა: ეროვნული უშიშროების კონცეფციის შემუშავება; თავდაცვისა და უშიშროების საშინაო და საგარეო საკითხების განხილვა და პრეზიდენტისთვის რეკომენდაციების მომზადება; სამხედრო ძალების რაოდენობის, მზადყოფნის და სამხედრო კადრების განაწილების განხილვა; სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირებისა და პერსპექტივების შეფასება; სამხედრო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია; თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საკითხებზე კანონებისა და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; საქართველოს ყველა სამინისტროსა და უწყების უშიშროებისა და თავდაცვის სფეროში საქმიანობის კონტროლი; საგარეო და საშინაო საფრთხეების გამოვლენა, პროგნოზირება და ნეიტრალიზაციის ღონისძიებების შემუშავება და სხვ.

e-1750402569. შევარდნაძე.jpg

ედ. შევარდნაძე გენერალ-ლეიტენანტის სამხრეებს გადასცემს ნ. საჯაიას. 2001 წლის დეკემბერი.

მეორე, და შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ეუს მდივნის და, იმავდროულად, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის პოსტზე კანდიდატურის შერჩევა იყო. ვის ჩააბარებდა მაშინდელი პრეზიდენტი ამ უზარმაზარ პასუხისმგებლობას და ქვეყნის მართვის მნიშვნელოვან ბერკეტს? ბუნებრივია, მხოლოდ იმ პიროვნებას, რომლის ერთგულებაში ეჭვი არ ეპარებოდა.

1996 წლის დასაწყისში ეუს მდივნად და პრეზიდენტის თანაშემწედ ეროვნული უშიშროების საკითხებში, ნუგზარ საჯაია დაინიშნა, რომელიც 1972 წლიდან მოყოლებული, შევარდნაძის ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ კადრად ითვლებოდა. მან საკმაოდ დიდ სიმაღლეებს მიაღწია კომპარტიის “იერარქიულ საფეხურებზე” და ძლიერ ადმინისტრატორად ჩამოყალიბდა.

ასევე დაგაინტერესებთ: ვინ და რატომ შექმნა "ნუგზარ საჯაიას ფენომენი?"

ორი ტყვია ანუ ნუგზარ საჯაიას სიკვდილის გაუხმაურებელი დეტალები

ედ. შევარდნაძე, როგორც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და, ზოგადად, "პოლიტიკურ სამზარეულოში" კარგად ჩახედული პიროვნება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ე.წ. ადმინისტრაციული ორგანოების (შსს, სუკი, პროკურატურა და სასამართლო სისტემა) ხელმძღვანელების პირად ერთგულებას. ნ. საჯაია იყო ის კადრი, რომელიც წლების მანძილზე (როგორც საბჭოთა პერიოდში, ასევე - შემდეგაც) უზრუნველყოფდა ამ მიმართულების კონტროლს და კადრების შერჩევას. შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოში ნუგზარ საჯაიას გარდა ძნელად თუ მოიძებნებოდა პიროვნება, რომელიც შეძლებდა ახლად შექმნილი სტრუქტურისათვის ისეთი იმპულსების მიცემას, იმგვარი ღია და ფარული “ადმინისტრაციული ბერკეტების” თავის ხელში მოქცევას და საჭირო მომენტში ამოქმედებას, რაც მან დროის მოკლე პერიოდში შეძლო. ეუს მდივნის ხელმძღვანელობით “საბჭოს” აპარატი, ფაქტობრივად, კომპარტიის ცკ-ის ყველა ძირითადი განყოფილების (ადმინისტრაციული ორგანოების, საორგანიზაციო, იდეოლოგიური, საერთო, სამრეწველო და სხვ.) ფუნქციებს ასრულებდა და უნდა ითქვას, საკმაოდ წარმატებითაც. ეუს აპარატის ძველ თანამშრომლებს კარგად ახსოვთ, რომ ნებისმიერ მწვავე პრობლემაზე მათ მიერ მომზადებული ანალიტიკური ცნობები და რეკომენდაციები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ იბლოკებოდა საჯაიას მიერ და ექსპრეზიდენტის სამუშაო მაგიდაზე დროულად ხვდებოდა.

nugzar-sajaia-1941-2002-1750402543.jpg

ნუგზარ საჯაია (1941–2002)

თუმცა შემდეგ რა ბედი ეწოდა, ეს მხოლოდ პრეზიდენტ შევარდნაძის გადასაწყვეტი იყო. ეუს პირველი პერიოდი საქართველოს “რუხი კარდინალის” (ეს განსაზღვრება მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა და არავითარ შემთხვევაში - პიროვნების, მით უმეტეს - გარდაცვლილის შეურაცხყოფა) - ნუგზარ საჯაიას ზეობის პერიოდია. თუ პირველი ორი წელი ეუს ჩამოყალიბების და გაძლიერების წლები იყო, მომავალი ოთხი წელიწადი უკვე “საბჭოს” აპარატის სიძლიერის საჯარო დემონსტრირების ფაზაა. საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, საგარეო პოლიტიკის საკითხების ფართო სპექტრი და, რაც ყველაზე მთავარია - ქვეყანაში საკადრო პოლიტიკის წარმართვა, აი, ეუს მოღვაწეობის მოკლე ჩამონათვალი. ეუს საქმიანობის მთავარი სპეციფიკა ის იყო (და ახლაც რჩება), რომ “საბჭო” მხოლოდ რეკომენდაციებს, მათ შორის - საკადრო საკითხებშიც, წარუდგენდა პრეზიდენტს, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის პირველ პირზე იყო დამოკიდებული. სამწუხაროდ, როგორც შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა გვიჩვენა, რეკომენდაციების დიდ უმრავლესობას შევარდნაძე არ ითვალისწინებდა და ხშირად საპირისპირო გადაწყვეტილებებსაც კი იღებდა.

თანდათანობით ეუს შემადგენლობა ისე გაიზარდა, სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელებით, რომ “საბჭოს” სხდომებს ყოველკვირეული მთავრობის სხდომებისგან ვერ განასხვავებდით. თავად განსაჯეთ, თუ 1996 წლის კანონით ეუს შემადგენლობა შვიდი კაცით განისაზღვრებოდა, შვიდი წლის შემდეგ მათი რიცხვი უკვე ოცამდე გაიზარდა. ეს კი ხელს უშლიდა გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობას. ასევე, აშკარად არარაციონალურად გაიზარდა ეუს აპარატის თანამშრომელთა (ბოლო წლებამდე მათი რიცხვი 100-ს აღწევდა) და “საბჭოს” მდივნის მოადგილეთა რაოდენობა. იმ პერიოდში ეუს აპარატი მოხსნილი ძალოვანი მინისტრების “ბოლო ნავსაყუდელად” იქცა. ეუს “ზეობის ხანა” და პირველი ეტაპი 2002 წლის 25 თებერვალს, ნუგზარ საჯაიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების დღეს დასრულდა.

(პირველი ნაწილის დასასრული)