ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ როგორც სადამ ჰუსეინს არ ჰქონია ქიმიური იარაღი, არც აიათოლა აპირებდა ბირთვული ბომბის შექმნასო... - კვირის პალიტრა

ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ როგორც სადამ ჰუსეინს არ ჰქონია ქიმიური იარაღი, არც აიათოლა აპირებდა ბირთვული ბომბის შექმნასო...

მსოფლიოში ძალიან უცნაური ამბები ხდება...

მაშინ როდესაც „მოსადმა“ დაარწმუნა ისრაელის მთავრობა, რომ ირანი რამდენიმე კვირაში შექმნიდა ბირთვულ ბომბებს, რასაც ისრაელის ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმები მოჰყვა ირანის ბირთვულ ობიექტებზე, სხვა,არანაკლებ კომპეტენტური წყაროები მხოლოდ მხარს იჩეჩენ-ჩვენ არ მოგვეპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირანი მართლაც აპირებდა ბირთვული იარაღის შექმნასო...

პირველი მათგანი, რომელიც არ ადასტურებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის საშიშროებას, თავად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსია, რომელმაც პირდაპირ განაცხადა-ისრაელის თავდასხმის მომენტისთვის ირანი არ იყო დაკავებული ბირთვული იარაღის შექმნითო...

„დიახ, ირანი 60%-მდე ამდიდრებდა ურან-235-ს, რაც ახლოა საიარაღო 90 %-იან გამდიდრებასთან, მაგრამ ამასთან ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულები, რომ ირანი გადავიდა ბირთვული იარაღის შექმნის სტადიაზე, რადგან ამისთვის ბევრი სხვა კომპონენტია საჭირო“-დააკონკრეტა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ გროსმა.

კიდევ უფრო დაბნეულობა გამოიწვია... აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ტულსი ჰაბარდის მიერ ჯერ კიდევ ა.წ.-ის მარტში კონგრესზე მოსმენების დროს მის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, რომ „ამერიკული დაზვერვა თვლის-ირანი ბირთვულ იარაღს არ ქმნის“...

ამერიკელმა ჟურნალისტებმა მისი ეს სიტყვები ახლა ამოწიეს, რასაც მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმ დონზე გაბრაზება, რომ მან თეთრ სახლში გამართულ უსაფრთხოების საბჭოზე ისრაელ-ირანის თემის განხილვაზე არ დაუშვა... აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი ჰაბარდი!

მოგვიანებით ქ-ნ-მა ტულსი ჰაბარდმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მედიამ კონგრესზე გამოთქმული მისი პოზიცია კონტექსტიდან ამოგლეჯილ ფეიკ-ნიუსად გაასაღა, სინამდვილეში კი ის მთლიანად იზიარებს პრეზიდენტ ტრამპის პოზიციას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებითო...

თუმცა, როდესაც გუშინ პრეზიდენტ ტრამპს დაუსვეს ასეთი კითხვა-თქვენი დაზვერვა აცხადებს, რომ არ არსებობს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის მტკიცებულებები, ტრამპმა უპასუხა-ჩემი დაზვერვა ცდება, ტულსი ჰაბარდი ცდება...

გამოდის, რომ ცდებიან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და აშშ-ის ეროვნულ დაზვერვაში და მხოლოდ ისრაელის „მოსადს“ ჰქონია უტყუარი სადაზვერვო ინფორმაციები იმის შესახებ, რომ აითოლების ირანი რამდენიმე კვირაში პირველ ბირთვულ ასაფეთქებელ მოწყობილობებს დაამზადებდა, თუმცა აქაც არის საინტერესო ნიუანსი...

ეს შეიძლება პლუტონიუმ-239-ის გამოყენებით კონსტრუირებული ბირთვული მოწყობილობის ინიცირებაა შედარებით ადვილი (საირაღო პლუტონიუმი ირანს არ გააჩნია-ქალაქ არაქის სიახლოვეს მძიმე წყალზე გათვლილი რეაქტორი, რომელსაც სწორედ ასეთი საიარაღო პლუტონიუმ-239 უნდა გამოემუშავებინა,გუშინ ისრაელმა ირანს ისე დაუბომბა,რომ ამ რეაქტორს მუშაობაც არ ჰქონია დაწყებული), მაგრამ ურან-235-ის შემცველი ბირთვული ქობინის ასაფეთქებლად ძალიან რთული ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენება, რომლებმაც ურანის ბირთვის გარშემო განთავსებული დეტონატორების წამის მემილიონედი სიზუსტით ინიცირება, ერთდროულად უნდა მოახდინონ, რომ დაიწყოს ჯაჭვური რეაქცია და ამ ელექტრონული მოწყობილობებისა და დეტონატორების დამზადება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე თავად გამდიდრებული ურანის ბირთვისა, რომელიც კალათბურთის ბურთის ხელაა...

რისი თქმა გვსურს...

ეს სიტუაცია ძალიან წააგავს 2003 წლის მოვლენებს, როდესაც აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა-უმცროსმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა ერაყის პრეზიდენტს სადამ ჰუსეინს ბრალი დასდეს მასობრივი განადგურების-ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის შექმნასა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციასთან „ალ-ქაედასთან“ თანამშრომლობაში, რაც საკმარისი საბაბი აღმოჩნდა ერაყში ამერიკისა და მოკავშირეების ჯარების შესაჭრელად და სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დასამხობად, ოღონდ...

ოღონდ ის, რომ ერაყში წლობით ძებნის მიუხედავად ვერ მიაგნეს ვერც ქიმიურ და ვერც ბიოლოგიურ იარაღს...

ბოლოს ისე არ აღმოჩნდეს, რომ ისევ წლების შემდეგ გაირკვეს-ირანი თურმე არ მუშაობდა ბირთვული იარაღის შექმნაზე,თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა ექნება, თუკი აითოელების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მმართველობა ირანში უკვე დამხობილი იქნება...