"ამ საოცარი ხალხისგან ვისწავლე, რომ არავისი არ უნდა შეგშურდეს, არ უნდა დასცინო და შენც ბედნიერი იქნები. რაღაცაზე რომ გავბრაზდებოდი, სოფიკო მეუბნებოდა: დათო, დაიმახსოვრე, როდესაც შენზე არავინ ილაპარაკებს და არავინ გაგლანძღავს, ესე იგი, არასწორად გიცხოვრიაო"
"ვაკვირდებოდი და ვფიქრობდი, რამდენად დიდი ადამიანები არიან და რამდენად უშუალოები და თავმდაბლები-მეთქი"
ვარსკვლავური წყვილები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს
"ხელოვანის ბუნება ღრმა და ამოუცნობია. უკვე 35 წელია, რაც კულტურის სფეროში ვმოღვაწეობ და კარგად ვიცი - ამ ადამიანებს განსაკუთრებული სიყვარული და მეგობრობა შეუძლიათ" - გვითხრა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა, რომელიც ვარსკვლავურ წყვილებზე გვიამბობს - წყვილებზე, რომლებმაც ქართულ კულტურაში ეპოქა შექმნეს.
ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი
- ამ ორი ადამიანის წვლილი ქართულ კულტურაში ჯერ კიდევ შეუფასებელია. მათ ჩამოაყალიბეს ანსამბლი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა და ყველას გააცნეს მშვენიერი ქვეყანა - საქართველო! მათ შეძლეს, ქართული ცეკვა დაეხვეწათ და მაყურებლის გული დაეპყროთ. ილიკოზე ამბობდნენ, ის ანსამბლის "საგარეო საქმეთა მინისტრი" იყოო - ანსამბლის წასვლა-წამოსვლას, საგარეო ურთიერთობებს და გასტროლებს სწორედ ის აგვარებდა, ხოლო ნინო არაჩვეულებრივ ცეკვებს დგამდა. ამ ორი ლეგენდის სიყვარული და შემოქმედებითი პარტნიორობა ილიკო სუხიშვილის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. სამწუხაროდ, მე მას ვერ მოვასწარი, მაგრამ ქალბატონ ნინოსთან ძალიან თბილი, ადამიანური ურთიერთობა მქონდა. მახსოვს, მისი სახელობის ვარსკვლავი რომ გაიხხნა, იმ ადგილამდე მე მივაცილე, შვილიშვილთან - უმცროს ილიკო სუხიშვილთან ერთად.
ამ საოცარი ქალბატონის ვარსკვლავის გახსნას სრულიად საქართველო ელოდებოდა.
ქალბატონმა ნინომ არაჩვეულბერივი რამ თქვა: ეს ვარსკვლავი ანსამბლის დამსახურებააო... მხოლოდ ნინო რამიშვილს და მის მსგავს ამ ადამიანებს შეუძლიათ ამდენად თავმდაბლები იყვნენ და ასეთ ხალხთან ურთიერთობა ნამდვილი ზეიმია.
სწორედ ნინოს და ილიკოს დამსახურებაა, რომ „სუხიშვილები" დღესაც არსებობს და ქართული ხალხური ცეკვის ტრადიციას კვლავ აგრძელებს.
კახი კავსაძე და ბელა მირიანაშვილი
- კახი და ბელა ერთმანეთს თეატრალურ ინსტიტუტში შეხვდნენ. მოგვიანებით, კახი იხსენებდა, ბელას დანახვაზე მუხლი უცბად მომეკვეთა და ლამის, გული გამიჩერდაო. ამის შემდეგ, კახი ყოველთვის მის გვერდით იყო - მაშინ, როცა ბელა ლამაზი, ჯანმრთელი და სიცოცხლის სავსე იყო და მაშინაც, როცა სავარძელს მიეჯაჭვა.
ეს საოცარი ადამიანი, 23 წლის განმავლობაში, მეუღლესთან ერთად ებრძოდა მძიმე დაავადებას. მართალია, მე ბელას ვერ მოვესწარი, მაგრამ კოტე მახარაძე ხშირად მიყვებოდა, მათი სიყვარულის ამბავს, მიყვებოდა თუ როგორ უფრთხილდებოდა კახი მეუღლეს და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან.
კახი კინაღამ გადაჰყვა მეუღლის გარდაცვალებას.
კახი კავსაძე, რომელიც ქართველი ხალხისთვის გამორჩეული, საყვარელი მსახიობი იყო, 2021 წელს გარდაიცვალა. იგი მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს, საბურთალოს სასაფლაოზე. კახი კავსაძის და ბელა მირიანაშვილის ურთიერთობა ორი ადამიანის გულწრფელი, უანგარო სიყვარულის მაგალითია.
ნატაშა და რამაზ ჩხიკვაძეები
- რამაზ ჩხიკვაძის შემოქმედება განუმეორებელია. ბუნება იშვიათად აჯილდოებს მსახიობს მსგავსი ფანტაზიით, იმპროვიზაციისა და გარდასახვის უნარით, მაგრამ დიდი მსახიობის მიღწევები მხოლოდ მისი დამსახურება არ იყო: მას გვერდით ჰყავდა არაჩვეულებრივი ქალბატონი - ნატაშა ჩხიკვაძე, რომელთანაც 50 წელზე მეტი გაატარა. რამაზი ხშირად ამბობდა, რომ ნატაშა მისი მკაცრი, მაგრამ გულწრფელი კრიტიკოსი იყო, რასაც ის ძალიან აფასებდა . ნატაშა ჩხიკვაძე ყოველთვის გვერდში ედგა მეუღლეს, სწორედ მან შეძლო შეექმნა თბილი, ოჯახური კერა, სადაც ყველას მიუხაროდა.
ნატაშა ხშირად მეტყოდა ხოლმე, ამოდი, ჩაი დავლიოთ და ვისადილოთო. ვაკვირდებოდი ორივეს და ვფიქრობდი, რამდენად დიდი ადამიანები არიან და რამდენად უშუალოები და თავმდაბლები-მეთქი. მათი ოჯახის მთავარი საყრდენი ნატაშა იყო, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ რამაზს მხოლოდ თეატრზე და თავის როლებზე ეფიქრა.
ნატაშა და რამაზი ნუცუბუძის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და მეგობრები იქ ხშირად ვიკრიბებოდით. მათი სახლი საუბრის, მსჯელობის და ცნობილი ადამიანების თავშეყრის ადგილი იყო.
სხვათა შორის, ალა პუგაჩოვა თბილისში რომ ჩამოვიდა, მთხოვა, მათთან გავჩერდებიო და რამაზ ჩხიკვაძის ოჯახში ცხოვრობდა.
რამაზი არაჩვეულებრივად მღეროდა და ისე ხუმრობდა, რომ მის სიტყვებზე მუცელი ხელით გვეჭირა. სწორედ ამ საოცარი ხალხისგან ვისწავლე, რომ არასოდეს არავის უნდა დასცინო, არავისი არ უნდა შეგშურდეს და შენც ბედნიერი იქნები. მე უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ასეთ ხალხთან ურთიერთობა შემეძლო.
სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე
- ცნობილია, რომ სოფიკო ჭიაურელის და კოტე მახარაძის სიყვარული "ურიელ აკოსტა"-ს რეპეტიციებიდან დაიწყო. სწორედ ამ როლმა გააღვიძა მათ გულში ნამდვილი გრძნობა, რომელმაც წლებს გაუძლო. მათ ოჯახში სოფიკო იყო მთავარი ძალა. ის ხელს უწყობდა, რომ კოტეს თავის პროფესიაში უფრო მეტისთვის მიეღწია. სოფიკოს უყვარდა, როცა მეგობრებს ერთად შეკრებდა და თავის კულინარიულ შედევრებს მათთან ერთად დააგემოვნებდა: მოდით, კარგი ნამცხვარი მაქვს და ერთად გავსინჯოთო... არაჩვეულებრივი დიასახლისი იყო და უგემრიელეს კერძებს ამზადებდა.
სოფიკო ნამდვილი ცეცხლი იყო: თეატრი, კინო, გადაღებები - ყველაფერს ასწრებდა და როცა თავის გამომცხვარ ნამცხვრებზეც გვპატიჟებდა, სულ ვეკითხებოდი, ამას როგორ ახერხებ-მეთქი?!
მე მაშინ ახალი დანიშნული ვიყავი მერიის კულტურის სამსახურის უფროსად და ამ საოცარ ხალხთან ინტენსიური კონტაქტი მქონდა. ხშირად, ერთად ვისხედით სოფიკოს ეზოში და გვიანობამდე ვსაუბრობდით. არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ამ შეხვედრებს მედეა ჩახავაც ესწრებოდა, რომელიც კოტე მახარაძის ყოფილი ცოლი იყო. მართალია, მათი ოჯახი არ შედგა, მაგრამ ამ ადამიანებმა ერთმანეთის პატივისცემა და ადამიანური ურთიერთობა არ შეწყვიტეს. სოფიკოს უნდოდა, რომ მედეა მათთან ერთად ყოფილიყო, არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა კოტეს შვილთან - მაკა მახარაძესთანაც.
ცალკე ისტორიაა სოფიკოს დამოკიდებულება ჩვეულებრივი ადამიანების მიმართ: ზოგჯერ მთხოვდა, ბაზარში გამომყევიო და მისი გლეხებთან ურთიერთობა ერთ ნახვად ღირდა. ეს ნამდვილი საოცრება იყო.
იმ წლებში ძალიან ახალგაზრდა და ფიცხი ვიყავი. რაღაცაზე რომ გავბრაზდებოდი, სოფიკო სულ მეუბნებოდა: დათო, დაიმახსოვრე, როდესაც შენზე არავინ ილაპარაკებს და არავინ გაგლანძღავს, ესე იგი, არასწორად გიცხოვრიაო.
როცა მდგომარეობიდან გამოვიდოდი, სულ ეს სიტყვები მახსენდებოდა ხოლმე.
სოფიკო ჭიაურელი და კოტე მახარაძე - ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული წყვილია, მათი სიყვარული თეატრის სცენიდან დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.
ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია
- 2013 წლის 9 მაისს, კიდევ ერთი დიდი მსახიობი - ოთარ მეღვინეთუხუცესი გარდაიცვალა.
"ჩემი ცხოვრება დასრულდა" - ამბობდა ამ დღის შემდეგ მისი მეუღლე - გურანდა გაბუნია, რომელმაც მის გვერდით 56 წელი გაატარა.
ამ წლების განმავლობაში მან ბევრი ტკივილი და განსაცდელი გამოიარა, მაგრამ მაინც ახერხებდა ოთარის მთავარი დასაყრდენი და იმედი ყოფილიყო. ის მეუღლეს პატარა ბავშვივით უვლიდა და მაქსიმალურად უწყობდა ხელს, რომ დიდ მსახიობს თავისი საქმე ეკეთებინა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გურანდა ოთარის სიკვდილს გადაჰყვა. მან ვერ გადაიტანა მეუღლის გარდაცვალება, მიუხედავად იმისა, რომ მეგობრები ყველაფერს ვაკეთებდით გურანდას გასამხნევებლად - მასთან ხშირად მივდიოდით, ვასეირნებდით და ვცდილობდით, გაგვერთო. ცხადია, მეც დამყავდა ხოლმე სასეირნოდ. სამწუხაროდ, გურანდამ დიდხანს ვერ იცოცხლა. დიდი მსახიობის მეუღლე და თავადაც უნიჭიერესი მსახიობი, გურანდა გაბუნია, 2019 წლის 4 თებერვალს გარდაიცვალა.
ასე დასრულდა კიდევ ერთი ლამაზი სიყვარულის ისტორია: გურანდაც მეუღლის გვერდით დაკრძალეს, დიდუბის პანთეონში.
ქართული კულტურის ისტორიას კიდევ ბევრი ლამაზი წყვილი ახსოვს, თუნდაც, ოთარ კობერიძე და ლია ელიავა, მაგრამ მე იმ ადამიანებზე მოვყევი, რომლებსაც უშუალოდ ვიცნობდი და ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. ამ ადამიანებმა ეპოქა შექმნეს, მათ ერთმანეთი უყვარდათ და ერთმანეთს უფრთხილდებოდნენ. ამავე დროს, თავიანთი ხალხი უყვარდათ და ქართველი ხალხის გულშიც ამიტომ დარჩნენ.
ხათუნა ჩიგოგიძე
(სპეციალურად საიტისთვის)