ტრამპმა „დედა- ბომბებით“ მაინც დაარტყა ირანს, სად დაბომბავს საპასუხოდ აითოლა ამერიკელებს?
ისრაელ-ირანის საჰაერო ორთაბრძოლების მეცხრე დღეს საქმეში უკვე აშშ ერთვება თავისი ყველაზე ძლიერი არაბირთვული შეიარაღებით - ისრაელის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები ვერანაირად ვერ სწვდებიან მთის ქვეშ, 80-90 მ-ს სიღრმეში განთავსებულ ფორდოს ბირთვულ ობიექტს, სადაც ირანს ურან-235-ის საიარაღო დონემდე-90%-ზე ზემოთ გამდიდრება შეუძლია-ეს მხოლოდ ამერიკულ „დედა-ბომბებს“-13,6 ტ-იან ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად საავიაციო ბომბებს -GBU-57-ს თუ ძალუძთ, რომლებიც 60 მ-ზე ღრმად ეფლობიან მიწაში და მერე ფეთქდებიან და სწორედ ამიტომაც ისრაელ-ირანის საჰაერო ომში უკვე პენტაგონიც ერთვება თავისი „მოჩვენებებით“- სტრატეგიული ბომბდამშენებით B-2 Spirit-ებით, რომლებიც არიან განკუთვნილნი 13,6 ტონიანი „დედა-ბომბების“ საბრძოლო გამოყენებისთვის - 22 ივნისის გამთენიისას ირანის სამივე ბირთვულ ობიექტს, ფორდოში,ნათანზში და ისპაჰანში, ეცემა ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო "დედა-ბომბები"...
გაანადგურეს თუ არა ამ ამერიკულმა "დედა-ბომბებმა" ბოლომდე ეს ირანული ბირთვული ობიექტები, განსაკუთრებით კი ყველაზე ღრმად განთავსებული ფორდოს ობიექტი, ჯერ ძნელად სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მთელ მსოფლიოს ამ დაბომბვის წარმატებაზე აცნობა…
თავად ირანელები ამტკიცებენ, რომ ფორდოს ობიექტიდან გამდიდრებული ურანის მარაგი მათ წინასწარ სხვა ადგილას გაიტანეს და გადამალეს, ხოლო ამერიკული "დედა-ბომბების" აფეთქებების მიუხედავად, მიწისქვეშ მომუშავე ცენტრფუგები, რომლებიც გამოიყენებიან ურანის გამდიდრებაში, უვნებლივ გადარჩნენ...
ახლა უკვე ირანელების საპასუხო ქმედებების დრო დგება - მათ უპასუხოდ არ დატოვეს ისრაელის საჰაერო დაბომბვები და ისრაელის ქალაქებისკენ ყოველ ღამით უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა სრული მოგერიება თვით ისრაელის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ საჰაერო თავდაცვის სისტემასაც კი არ ძალუძს...
ამერიკული მხარის ჩარევის შემდეგ ირანის საპასუხო ქმედები მოსალოდნელია განხორციელდეს ერაყის, ბაჰრეინის, ქუვეითისა თუ საუდის არაბეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, რისი პრეცენდენტიც უკვე არსებობს, როდესაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ირანმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას, ბაღდადის აეროპორტში ცნობილი ირანელი გენერლის ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის (რაც სწორედ პრეზიდენტ ტრამპის პირადი ბრძანებით განხორციელდა) საპასუხოდ.
ვრცელდება ინფორმაციები იმის შესახებ, თითქოს ამერიკულმა მხარემ არაბული სახელმწიფოს პირით შეუთვალა ოფიციალურ თეირანს, რომ ეს ამერიკული დაბომბვა მხოლოდ ერთჯერადი აქტი გახლდათ და თეთრ სახლს არ სურს ირანში აიათოლების ხელისუფლების დამხობა, რისკენაც ისრაელი მიისწრაფისო- რამდენად დაუჯერებს თეირანი ვაშინგტონის ამ შეპირებას მალევე გამოჩნდება…
ისრაელის პრემიერ მინისტრი ნეთანიაჰუ წესით კმაყოფილი უნდა იყოს იმით, რომ ბოლოს და ბოლოს შეძლო პრეზიდენტ ტრამპის "ჩათრევა" ისრაელ-ირანის საჰაერო ომში, მაგრამ დაკმაყოფილდება კი ისრაელი მხოლოდ ამით, თუ ნეთანიაჰუს ხელისუფლებას ბევრად მეტი სურს?
არა, რადგან ოფიციალურ თელ-ავივს სურს იხილოს აიათოლების რეჟიმის საბოლოო კრახი, რისთვისაც ირანის მოსახლეობის „აბუნტებასაც“ კი ეცდება საჰაერო თავდასხმების პარალელურად...
თეთრ სახლში კი ცოტა აშინებთ ირანში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის ასე ჩამოშლა, რადგან კარგად დაინახეს თუ რა მოხდა იმავე ერაყში, ავღანეთსა თუ სირიაში, როდესაც ამ ქვეყნების ხელისუფლებების დამხობის (მათ შორის ამერიკული სამხედრო ძალის გამოყენებით) შემდეგ იქ რა განუკითხაობა გამეფდა...