"სესილია დაჯდა, გახსნა ჩანთა, ამოიღო სითხით სავსე შპრიცი და ბარძაყში ჩაირტყა. გავიფიქრე, ნუთუ, სესილია ნარკომანია-მეთქი?" - რას იხსენებს მარჯანიშვილის თეატრის დაცვის უფროსი საყვარელ არტისტებზე?
"პირველი თბილისობა რომ იმართებოდა, სპექტაკლიდან სცენა გავითამაშეთ მტკვარზე, სადაც პურ-მარილით სავსე ტივზე ვისხედით ირაკლი უჩანეიშვილი, გივი ციცქიშვილი, გურამ ფირცხალავა და ჩვენ - ყარაჩოღელები. დუდუკისა და ზურნის თანხლებით ვმღეროდით"
მარჯანიშვილის თეატრს 48 წელია ემსახურება, პირველი 10 წელი რეკვიზიტორი იყო, მერე, დაცვის თანამშრომელი გახდა და წლებია, დაცვის უფროსია. სკოლა დაამთავრა თუ არა, თბილისს მოაშურა თეატრალურ ინსტიტუტში ჩასაბარებლად... როგორ განვითარდა მისი ცხოვრება, ამას გოჩა თოფურია გვიამბობს:
- მამაჩემს თბილისში შემთხვევით შეხვდა თავისი მეგობარი, მარჯანიშვილის თეატრის თანამშრომელი ვალოდია გაბუნია. როცა გაიგო, რომელ ინსტიტუტშიც ვაპირებდი საბუთების შეტანას, მამას შესთავაზა, ჩემთან მოვიდესო. ასე მოვხვდი ამ თეატრში, მახსოვს, 20 მაისი იყო (1977 წელი), მას მერე აქ ვარ. თეატრში დამაკავეს სპექტაკლში „ოიდიპოს მეფე“, რომელიც გიგა ლორთქიფანიძემ დადგა, ქოროში ვიდექი.
სპექტაკლებში მასობრივ ეპიზოდებში ვმონაწილეობდი, მაგრამ მაინც ძალიან ვნერვიულობდი, სცენაზე დგომა რთულია.
- თეატრალურ ინსტიტუტში აღარ ჩააბარეთ?
- პირველად, მოუმზადებლად გავედი გამოცდაზე, მოვსინჯე და პირველივე ტურიდან გამოვვარდი. იმ წელს ჩემთან ერთად აბარებდა ზურაბ ქავთარაძე, გამოცდაზე სამნი ერთად შევედით, ორი ბიჭი და ერთი გოგო, ასეთი წესი იყო. ზურაბი მერვედ აბარებდა და კომისიის წევრები მას კარგად იცნობდნენ. ის იმდენად მსუქანი იყო, რომ ბაბულია ნიკოლაიშვილმა უთხრა: ზურა, შენ ხარ უდიპლომო მსახიობი, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ვერ მიგიღებთო. ის დაღვრემილი გავიდა ოთახიდან...
მეორე წელსაც, გამოცდაზე ისევ სამნი შევედით, დავსხედით და გვკითხეს: პირველი ვინ გამოვაო? მე გამოვალო, თქვა „უცნობმა“ ბიჭმა და მიესალმა ყველას, მერე, ქალბატონ ბაბულიას მიმართა: ვერ მიცანითო? ბაბულია ნიკოლაიშვილმა ვერ იცნო... ის ბიჭი ზურაბ ქავთარაძე აღმოჩნდა. ისეთი გამხდარი იყო, ვერ წარმოიდგენთ. ნიკოლაიშვილმა უთხრა: უკვე მიღებული ხარ, სექტემბერში პირდაპირ მოხვალ ლექციებზეო. მეცხრე წელს ჩაირიცხა თეატრალურში, მანამდე ორი ინსტიტუტი დაამთავრა. ზურაბი მერე ბათუმის თეატრის მსახიობი გახდა, პანდემიის დროს გარდაიცვალა.

მეორე წლისთვის ბატონმა გიზო სიხარულიძემ მომამზადა. სამივე ტური გავიარე, იმ წელს გიზო ჟორდანიას აჰყავდა ჯგუფი და ყველა აბიტურიენტის გამოსვლას ესწრებოდა. ერთ-ერთ ტურზე ისეთი მონდომებით ვიმღერე და ვიცეკვე, რომ ბატონი გიზოც ამყვა ცეკვაში. მოვიდა საგნების ჩაბარების დრო. გამოცდების გამო, უარი ვთქვი გასტროლებზე. ზაფხულში დასი მიდიოდა მოსკოვსა და ლენინგრადში, თითო თვით. სპექტაკლში სხვა შეიყვანეს ჩემ მაგივრად. მოხდა ისე, რომ მარლენ ეგუტიას ინფარქტი მოუვიდა, მის როლზე ავთო მიქაძე გადმოიყვანეს ქოროდან, ხოლო ავთოს როლზე არავინ ჰყავდათ. შევიარე თეატრში და ფოიეში შემხვდა მსახიობი მერაბ თაბუკაშვილი, მისგან გავიგე, რომ ლენინგრადში გასტროლი ჩაიშალა, მოსკოვი კი დარჩა. ე.ი. გამოცდების ჩაბარებასაც მოვასწრებდი და მერე შემეძლო თეატრთან ერთად წასვლაც. მერაბი შევიდა გიგასთან და უთხრა: გოჩამ იცის ავთოს როლი და ეს შევიყვანოთო, ისიც დაეთანხმა. თუმცა, მალევე წავედით გასტროლზე და გამოცდები გვერდზე დამრჩა. რა თქმა უნდა, დავრჩი ინსტიტუტის გარეთ, ამის შემდეგ აღარც მიცდია ჩაბარება.

- კიდევ რომელ სპექტაკლებში და ვის გვერდით იდექით სცენაზე?
- პატარ-პატარა „როლებს“ ვასრულებდი. ყარაჩოღელი ვიყავი „იეთიმ გურჯში“, იეთიმი - ირაკლი უჩანეიშვილი... იშვიათი მსახიობი იყო. მახსოვს, პირველი თბილისობა იმართებოდა და სწორედ ამ სპექტაკლიდან სცენა გავითამაშეთ მტკვარზე, სადაც ორ შეერთებულ ტივზე ვისხედით ირაკლი, გივი ციცქიშვილი, გურამ ფირცხალავა და ჩვენ - ყარაჩოღელები. ვმღეროდით დუდუკისა და ზურნის თანხლებით და ტივზე გაშლილი პურ-მარილით ჩაგვატარეს მტკვარზე.
„კვაჭი კვაჭანტირაძეში“ მქონდა პატარა ეპიზოდი, კოტე მახარაძეზე რა გითხრათ? სხვა თაობა იყო, მსგავსი უნიჭიერესი ხალხი აღარ იბადება. სოფიკო ჭიაურელმა დადგა „გვირილა“ და ვერიკო ათამაშა. მისთვის სპეციალური სკამი გააკეთეს ბორბლებზე, რომ სცენაზე თავი უსაფრთხოდ ეგრძნო. მე შემყავდა ხოლმე ვერიკო კულისებში და გამომყავდა. ერთხელ, ვერიკოსგან საყვედური მივიღე, პირდაპირ სცენაზე გადავიარე, არ ვიცოდი, თუ რეპეტიცია მიდიოდა. იმდენი ბოდიში ვიხადე... შუქი შევამჩნიე და მოკლეზე მინდოდა გზა გადამეჭრა.

- სხვა მსახიობებს როგორ გაიხსენებთ?
- გოგი გელოვანი იყო შესანიშნავი, უდიდესი პიროვნება, გადასარევად მღეროდა. ზოგჯერ რჩევას მაძლევდა და მეტყოდა, ეს ხმა ასე უნდა იმღეროო. სუფრასთან არაერთხელ გვიმღერია, მაგრამ ყველასთან ერთად არ მიდიოდა საქეიფოდ. ჩვენ როცა ვეპატიჟებოდით, გვკითხავდა ხოლმე: „სასტავი“ - ვინ არიან? ჩამოვუთვლიდით და თუ ვინმე არ მოეწონებოდა, საათზე დაიხედავდა: უი, ახლა ვერაზე უნდა ვიყოო! არ ამბობდა, ვის გამო არ მოდიოდა.
მე როცა მივედი თეატრში, სესილია თაყაიშვილი აღარ თამაშობდა სპექტაკლებში, თუმცა მოდიოდა ხოლმე და გიგას ესაუბრებოდა. პირველად რომ დავინახე სესილია, გავგიჟდი. თეატრში შემოვიდა და მეც იქვე ვიდექი, მომმართა - გიგასთან შემიყვანე და დამელოდეო. 15 წუთის შემდეგ გამოვიდა, ფოიეში გამიყვანეო. იქ იდგა დივანი, სავარძლები. სესილია დაჯდა და აქ იყავიო, მითხრა. გახსნა ჩანთა, ამოიღო ჩვეულებრივი შპრიცი სითხით სავსე და ბარძაყში ჩაირტყა. რა გავიფიქრე, იცით? ნუთუ, სესილია ნარკომანია-მეთქი? პატარა ბიჭი ვიყავი, რა ვიცოდი მაშინ ინსულინი, დიაბეტი... მერე ამიხსნეს.
თენგიზ არჩვაძე ჩემი უფროსი მეგობარი იყო, მის სულს ვენაცვალე. ბოლოს, როცა ავადმყოფობდა, დაუძლურებული თენგიზის ნახვა არ შემეძლო და მასთან სახლში აღარ მივსულვარ. ყოველდღე ან მე ვურეკავდი, ან ის მირეკავდა: ე, ბიჭო, ამოდიო, სულ ამას მეუბნებოდა. მიზეზს ხომ ვერ ვეტყოდი? ერთ დღესაც თენგიზი მირეკავს: რახან შენ არ მოდიხარ, მოგაკითხავს მანქანა და ჩემთან ამოგიყვანსო. საგონებელში ჩავვარდი, მაინც ვერ წავედი... ეს არის ჩემი უდიდესი გულისტკივილი. სამი დღის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა, ნათიამ დამირეკა - მამა გარდაიცვალაო...

- დაცვის სამსახურში რატომ გადახვედით?
- მაშინ თეატრის დირექტორი იყო გაიოზ კანდელაკი, სამხატვრო ხელმძღვანელი - ოთარ მეღვინეთუხუცესი. ჩემამდე ვინც იყო დაცვაში, იმას ლამის ყველაფერი გაუზიდია და სამსახურიდან გაუშვეს. ყველა მიცნობდა, ხედავდნენ, როგორ მიყვარდა თეატრი, მენდობოდნენ და შემომთავაზეს ის ადგილი, რაღა უცხო ვინმე მოვიყვანოთო. ოთარი ძალიან მკაცრი კაცი იყო, პირში მთქმელი, ვერ იტანდა უნიჭო მსახიობებს და ამას პირდაპირ ეუბნებოდა.
- სპექტაკლს კულისებიდან უყურებთ ხოლმე თუ დარბაზიდან?
- არ შეიძლება მე რომ დარბაზში ვიჯდე (გარკვეული წესები არსებობს), ჩუმად ავდივარ ხოლმე აივანზე, კუთხეში ვდგები და იქიდან ვუყურებ. აი, „პრაგონს“ თუ დავესწრები.
ძველი სპექტაკლები ზეპირად ვიცოდი თავისი დიალოგებით და მონოლოგებით. ახლანდელ დადგმებზე ამას ვერ ვიტყვი.

- დღეს რა მდგომარეობაა მსახიობების თაყვანისმცემლების კუთხით. თუ ყოფილა ისეთი აბეზარი ადამიანი, რა დროსაც თქვენი ჩარევა გამხდარა საჭირო?
- თაყვანისმცემლები ყოველთვის იყვნენ და არიან, ცუდი არაფერი მომხდარა. წელს სეზონი დავხურეთ თემურ ჩხეიძის სპექტაკლით - „იდუმალი ვარიაციები“, სადაც თამაშობს გია ბურჯანაძე. წარმოდგენის შემდეგ დახვდნენ გიას, სხვათა შორის, ახალგაზრდები და სურათები გადაიღეს მასთან ერთად. ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო.
- თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
- ჩემი მეუღლე არის მაია კვიტაიშვილი. მისი მამა იყო 1957 წლიდან ამ თეატრის მსახიობი ვაჟა (სულთან) კვიტაიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტი. ორი წლის წინ გარდაიცვალა 93 წლის ასაკში. მის სახელს - სულთანს საინტერესო ისტორია უკავშირდება. სულთანის მამა შუხუთის სკოლის დირექტორი იყო. ბოლშევიკურმა პარტიამ დაავალა აჭარაში, შუახევის რაიონში, ქართული ენა ესწავლებინა აჭარლებისთვის.

წავიდნენ სულთანის მშობლები სოფელ ნენიაში, სადაც ცხოვრობდა ადგილობრივი შეძლებული აჭარელი კაცის (მაშინ "კულაკებს" ეძახდნენ) ეუბახ ქამადაძის ოჯახში. გავიდა ცოტა დრო და ერთ დილას თავისი საქონელი, 40 ძროხა ყელგამოჭრილი დახვდა იმ კაცს. მიახვედრეს - სახლში ბოლშევიკი შემოუშვი და ღირსი ხარო. ერთი თვის მერე კი სახლ-კარი გადაუწვეს. დარჩა სასიმინდის ამარა და ორმა ოჯახმა იქ დაიწყო ცხოვრება. ორივეს ცოლი ახალმოყვანილი ჰყავდა. მალე ქამადაძეს ვაჟი შეეძინა, დაარქვა ალი-სულთანი. ერთი თვის შემდეგ ჩემი სიმამრი დაიბადა. მამამისს უთხრა ეუბახმა: ბატონო ნიკო, ჩვენი ძმობის სიყვარულში ჩემი შვილის სახელს ორად გავყოფ, ჩემსას ალი ერქმევა და შენ სულთანი დაარქვიო.

ჩემი მეუღლე და შვილებიც (გიორგი და მარიამი) თეატრში მუშაობენ, მაია კადრების განყოფილების უფროსი და შესყიდვების მენეჯერია. ბაბუის სამსახიობო გზა ჩემს შვილებს არ გაუგრძელებიათ, შვილიშვილები ჯერ პატარები მყავს, გოგო 12 და ბიჭი - 3,5 წლისაა. მერე ვნახოთ. თავს ბედნიერ კაცად ვთვლი, რომ მარჯანიშვილის თეატრში მოვხვდი.
- როცა ისვენებთ, ალბათ მაშინაც თეატრზე ფიქრობთ?
- საერთოდ არ ვყოფილვარ შვებულებაში, მე აქ ვისვენებ. წლების წინ შემოღობილი არ იყო თეატრის ეზო. აქვე ახლოს პატარა მრგვალი შადრევანი იდგა, იქ ისხდნენ ხოლმე ძველი პლეადის დიდებული არტისტები და მეც მათთან ერთად. ის თეატრი აღარ არის...
ნანული ზოტიკიშვილი