დაფნის მოშენება მომგებიანი საქმეა
დაფნა ოდითგანვე კეთილშობილ მცენარედ ითვლებოდა. დაფნის გვირგვინი და ტოტი დიდებისა და გამარჯვების სიმბოლოა. კოლხური დაფნა კეთილშობილი დაფნის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც კოლხეთის დაბლობის ბინადარია. აშენებენ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში. მცენარე მეტად ფასეულია, რადგან მისი მდიდარი არომატების ნაზავი განსაკუთრებულ გემოსა და სურნელს ანიჭებს ტრადიციულ კერძებს, ამიტომაც გამოიყენება კულინარიაში დაფნის ნედლი და გამხმარი ფოთოლი. ბოლო წლებში დაფნის ფოთლის მზარდი საექსპორტო პოტენციალი გამოჩნდა და მისი წარმოება თანდათან იზრდება.
ლაშა ორმოცაძეს ვანში მცირე საოჯახო მეურნეობა აქვს - დაახლოებით 7 წელიწადია დაფნას აწარმოებს. ახლა ის საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებს და იმასაც გვეტყვის, რატომ გადაწყვიტა ამ კულტურის გაშენება.
ლაშა ორმოცაძე:
- საერთოდ, ხეხილის ბაღებში ხეხილის ნერგებს შორის დაშორება 4X4 მეტრზეა, რათა მცენარე კარგად გაიზარდოს,
დაფნა კი მეტრი-მეტრზე მანძილებით ირგვება. ნაკლებ ფართობს იკავებს, მეტი ნერგი ეტევა და საბოლოოდ დიდი რაოდენობაც მოდის.
- საერთოდ, საიდან იწყება დაფნა?
- თესლიდან. მისი ნაყოფი (მარცვლები) შემოდგომით იკრიფება და კონტეინერებში ითესება. მათგან დაახლოებით 60% ამოდის (პლუს-მინუს 10%). მას ისე უნდა მოუარო, როგორც საზოგადოდ სჭირდება დაფნის ნერგს. სიცხეს ვერ იტანს, მორწყვა ზომიერად უნდა. კონტეინერებში დათესილ მცენარეს ღია ცის ქვეშ ვათავსებ, ოღონდ საჩრდილობელი ბადით მაქვს გადახურული. ჩვენთან ზაფხულში ტემპერატურა 40-42°ჩ-მდე ადის. ზამთარში, მაქსიმუმ, შეიძლება -2°ჩ გრადუსი იყოს.
- დაფნის ბაღი ეზოს ტერიტორიაზე გაქვთ გაშენებული?
- დიახ. 2000 ძირი ეზოში არსებულ მიწის ფართობზე (2000 მეტრზე) მაქვს დარგული... მაქვს ასევე ფაბრიკა და სეზონის განმავლობაში 4-5 ქალს ვამუშავებ. ამჟამად მუშაობა შეჩერებულია, რადგან სეზონი არ არის. ვიბარებთ ნედლ დაფნას, ტოტებიანად მოჭრილს. აქ თითქმის ყველა ოჯახს შემოსდის 200-300 კგ დაფნის ფოთოლი, ზოგს ტონაც. ჩაბარების შემდეგ ვამუშავებ და ექსპორტზე ვუშვებ. ამ პროდუქტის დამამზადებელიც ვარ და ნერგების გამოყვანაზეც ვმუშაობ.
- დაფნის ნერგების მომხმარებლები ვინ არიან, სად ყიდით?
- დიდი რაოდენობით მიაქვთ ჩოხატაურში, ქობულეთიდანაც დაურეკავთ, მიაქვთ ზესტაფონში, თერჯოლაში... ჩვენ ირგვლივ რაც რაიონებია, ყველა სოფელშია მოთხოვნა.
- კონტეინერში ჩარგული დაფნის თესლი რამდენ ხანში იზრდება?
- გაზაფხულზე უნდა დაითესოს. მე უკვე დათესილი მაქვს და ამოსულიცაა. შემოდგომაზე ნერგი ღია გრუნტშია დასარგავი. პლასტმასის 400-გრამიან ჭიქებში ვთესავ, ასე იზრდება ერთი წლის განმავლობაში და გადასატანად მზადაა.
ნებისმიერ მსურველს ვუწევ კონსულტაციას. 90-95%-იანი შედეგები გვაქვს. შეიძლება ითქვას, ჩემს რეკომენდაციებს ყველა ითვალისწინებს.
დაფნა არც ისე რთული კულტურაა, რომ ადამიანს არ დაემორჩილოს და შრომა არ დაუფასოს. უბრალოდ, სრულყოფილი სახე რომ მიიღოს, 3-4 წელიწადი სჭირდება.
ამ პერიოდში პატარა შრომას მოითხოვს, მათ შორის, გასუფთავებას, რათა კარგად მოვიდეს. თუ გვალვიანი წელიწადი იქნა, წვეთოვანი სისტემა იდეალურია. მეტისმეტი მორწყვა არ სჭირდება, ზომიერი მორწყვით მოსავალსაც გაზრდით და მცენარესაც არაფერი გაუჭირდება.
- მორწყვის ინტენსივობა როგორია?
- მაისამდე არ უნდა, თუ ივნისში ორჯერ მაინც გაწვიმდა, შეიძლება წყლის მიცემა არც დასჭირდეს. ძირითადად, ივლის-აგვისტოში, მაქსიმუმ, 3-4-ჯერ თუ მოირწყვება.
- ბოლო დროს ბევრმა გააშენა დაფნის ნერგები, რიგ ადგილებში თხილი მოჭრეს და სანაცვლოდ დაფნა დარგეს. როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი?
- დაფნას არანაირი წამალი არ სჭირდება. ფაროსანა ვერ აფუჭებს და მასზე მოთხოვნას ესეც ზრდის. შრომაც არ სჭირდება იმდენი, რამდენიც თუნდაც თხილს და ამიტომ იწყებენ დაფნის წარმოებას. ყიდიან ნერგებსაც, ფოთოლსაც და თესლსაც. ეს კულტურა, ძირითადად, სამეგრელოსა და ჩვენკენაა გავრცელებული. ვყიდი ასევე დაფნის თესლსაც.

- როგორც გავიგე, 1 კილოგრამი თესლი 23-25 ლარი ღირს. ასეთი ფასი აქვს?
- სავარაუდოდ, 1 კილოგრამ თესლში 800 მარცვალია. ამას, ძირითადად, ისინი მოითხოვენ, ვისაც სანერგე მეურნეობები აქვთ. მისი მოპოვება ცოტა რთულია. ყოფილა შემთხვევა, რომ სანერგე მეურნეობებიდან 500 კილოგრამიც კი მოუთხოვიათ. ძალიან ბევრი მენერგეა თვითდასაქმებული და ვინც ეს საქმე იცის, მისდევს კიდეც და თესლსაც ისინი ყიდულობენ.
- დაფნა, მართალია, კეთილშობილი მცენარეა, უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ ადრე სადღაც ამოვიკითხე, რომ მისი ნაყოფი ანუ ის თესლი, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, რაღაც დოზით, შხამის შემცველია, თუ ადამიანი მას შემთხვევით ან ინტერესის გამო გაკვნეტს, შესაძლოა მოიწამლოს... რას გვეტყვით?
- ცრუ ინფორმაციაა. პირიქით, მისგან ზეთს ხდიან, რომელიც მედიცინაში გამოიყენება. თურქეთში ბევრს აქვს სახდელი აპარატი ზეთის საწარმოებლად.
- მცენარეს გასხვლა როდის სჭირდება, ან სჭირდება თუ არა?
- 2-წლიანი დაფნა შემოდგომით უნდა მოიჭრას. მიწიდან 5 სანტიმეტრზე და მერე მიდის ზევით და ზევით, კარგად იბუჩქება. ორი წლის მერე - მომდევნო 5 სანტიმეტრზე და კიდევ ინტენსიურად იზრდება. შემდეგ 5-5 სანტიმეტრობით, ყოველ წელს ვაგრძელებთ და ასეთი სახით ადვილად ვზრდით. შეიძლება ერთი ბუჩქი 15-20 კილომდეც ავიყვანოთ. ამ მიდგომით სიმაღლეში 2 მეტრამდე იზრდება. გადანაჭერზე ერთი ღერი კი არა, სამი და მეტიც შეიძლება ამოვიდეს. გადაჭრილ ნაწილს კი დაფნის ფოთლის სახით ვყიდით.

- გაფართოებას თუ აპირებთ?
- მესამე წელია, რაც ჩვენთან კონტეინერები დაინერგა და 5 000 ძირით დავიწყე, შარშან 7 000 მქონდა და წლეულს - 15 000. რაოდენობა თანდათან გავზარდე. იმ 2 000 ძირს კი, რაც მაქვს დარგული ჩემს ნაკვეთში, პლანტაციად ვამუშავებ.
- ფაბრიკაში ქალბატონებს სეზონურად კი ასაქმებთ, მაგრამ ქილებში თესლის ჩარგვასა და ფოთლის დაკრეფას თქვენ აუდიხართ?
- ამაზეც ქალბატონებს ვასაქმებ. მათ შორისაა დედაჩემიც... სოფელში კარგად გაკეთებული საქმე ყველას მოეწონება. თუ რამეს აკეთებ, ის უნდა გიყვარდეს და კარგად, ხარისხიანადაც გამოგივა. ფინანსები კი იმისთვის გჭირდება, რომ გაფართოვდე. კი, ამ ყველაფერში ფინანსური ინტერესიც არის, მაგრამ რაც უფრო კარგად გააკეთებ და ხარისხიანად, მით უფრო დაფასებულია შენი შრომა. სიყვარულით და ხარისხიანად გაკეთებული საქმე ჩემთვის მნიშვნელოვანია.
თავიდან თხილი, ფეიხოა, ვენახი გავაშენე, სხვა ინტერესებიც მაქვს. მცენარეს 3-4 წელი სჭირდება, რომ სრულყოფილი გახდეს, გინდაც ტყემალი იყოს. მთავარია, ბუნებას არ შევეწინააღმდეგოთ, - რა ცოდნაც წინაპრებისგან გვაქვს გადმოცემული, იმას მივყვეთ. საქართველოს ყველა კუთხეს აქვს რაღაც საუკეთესო კულტურა, რაც კარგად მოდის. ჩვენთან დაფნა მოდის და ყველაზე ხარისხიანი. რაოდენობით ყველაზე მეტი - ზუგდიდში და ხობის რაიონში. ისე, მთელ საქართველოში ხარობს, გორის რაიონის გარდა. იქ ცოტა ზედმეტი ყინვა იცის და ამიტომ.
- როგორი ნიადაგი სჭირდება?
- უხვი ნალექი არ სჭირდება. ეს მნიშვნელოვანია და როცა დაფნის გაშენებას ფიქრობ, იქ ჭარბად ნესტიანი ნიადაგი უნდა გამოირიცხოს. ნიადაგი ზემოდან სუფთად უნდა იყოს, რათა ბალახი არ ამოვიდეს, ამისთვის შესაძლებელია სპეციალური პარკი ანუ სარეველების საწინააღმდეგოდ მულჩი დაუფინო.
- ერთი ნერგი რა ღირს?
- 1,5 ლარი, რომელიც 4 წლის შემდეგ 7-8 კგ-ს მოისხამს. რაც კარგად მოუვლი, უკეთესი შედეგი იქნება. 1 კგ ტოტიანი დაფნაც 1,5 ლარი ღირს. გამოდის, 1 კგ დაფნის ფასი უდრის 1 ნერგის ფასს. ასე რომ, მეორე წელს ფერმერი კიდევ პლუსში იქნება. მისი ერთადერთი წამალი გადამწვარი ნაკელია, თუ ამას ზომიერად მიაწვდით, იდეალური იქნება...
- ადამიანი თუკი დაინტერესებულია და მოვლა უნდა, თავიდან რა რაოდენობა უნდა დარგოს?
- 10-20 ძირი. თუ გამოცდილება არ აქვს და მცენარეს კარგად არ იცნობს, ერთბაშად ბევრს ნუ იყიდის. აჯობებს, ჯერ დაფნის შესახებ დააგროვოს ინფორმაცია, ისიც გაიგოს, მასზე არის თუ არა მოთხოვნა და ასე ნელ-ნელა დაიწყოს, ძალები მოსინჯოს. მეორე წელს მიხვდება, განაგრძოს შემდგომ ეს ყველაფერი, თუ არა. ნებისმიერ შემთხვევაში ცდა აჯობებს.