სამურაბე, იგივე მაისის ვარდი ბრუნდება
ბუნებაში ყოველთვის ყველაფერი იცვლება, გადარჩენისა და დამკვიდრებისთვის იბრძვის. ასეა მცენარეულ სახეობებშიც, მათ შორის სოფლის მეურნეობის შემადგენელ ნაწილშიც. ზოგიერთი სახეობა ჩვენ თვალწინ იცვლება ახლით, ხოლო ძველი მთლიანად ქრება. თუმცა არსებობს მცენარეთა ჯიშები, რომელთაც შეუცვლელობა დაამტკიცეს და შესაძლოა უფრო პოპულარულიც კი გახდნენ. ასეთია სამურაბე, იგივე მაისის ვარდი, რომელიც მხოლოდ ერთხელ, მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ყვავილობს. ვიზუალურად მართლაც მშვენიერმა ახალმა ჯიშებმა სამურაბე მაისის ვარდი ერთხანს თითქოს განდევნა სივრციდან. თუმცა განსაცვიფრებელი სილამაზის მიუხედავად, ვარდის მრავალ ჯიშს სურნელება არ აღმოაჩნდა, თანაც სასარგებლო და იშვიათი ვარდის მურაბა მხოლოდ მაისის ვარდისგან მზადდება. ამ ორმა პირობამ: განუმეორებელმა სურნელმა და მურაბამ ვარდის ეს უძველესი ჯიში კვლავ დააბრუნა ბაღებში. როგორც სანერგეებში ამბობენ, დღეს უკვე მაისის ვარდის ჯიშს არაერთი მომხმარებელი ითხოვს. მისი გამრავლება ან დარგვა ყველაზე მეტად ადრეულ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე ამართლებს, როდესაც კალმით ან ნერგით მრავლდება და თითქმის ყოველთვის ხარობს. თუმცაღა სამურაბე ვარდის დაფესვიანება სხვა დროსაც შეიძლება, როგორც ფასანაურელმა მეურნემ, დათო კობაიძემ გვითხრა. ჯერჯერობით ის ერთ-ერთი იშვიათთაგანია, ვისაც სამურაბე ვარდი გამოჰყავს.
- ვისაც ბავშვობაში ერთხელ მაინც შეუგრძნია მაისის ვარდის სურნელი, ვერასოდეს დაივიწყებს. მათ შორის ვარ მეც, ამ სახეობის ვარდი გადაშენების გზაზე იყო, მაგრამ მოთხოვნა გაიზარდა სამურაბე ვარდზე და ნერგი სანერგეებშიც გაჩნდა.
- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს ისეთი სურნელოვანი ვარდი, როგორიც მაისის ანუ სამურაბე ვარდია. წარსულში მართლაც ყველა ეზოში იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა ბევრად ლამაზი ვარდები შემოვიდა და ხალხმა ისინი არჩია, თანაც ვარდის ახალი ჯიშები პრაქტიკულად მთელი წლის განმავლობაში ყვავილობს, მაისის ვარდი კი მხოლოდ თვე-ნახევარს. თუმცა მაისის ვარდს ორი ისეთი თვისება აქვს, რომ ხალხმა მოისაკლისა. ეს არის იშვიათი სურნელება და სარგებელი: მისი ფურცლებისგან მზადდება ძალიან სასარგებლო მურაბა და ჩაი, აგრეთვე კოსმეტიკის იშვიათი ნაწარმი. ამიტომ ღირს უცხოეთში ვარდის ზეთი ძალიან ძვირი. შემიძლია ფასიც გითხრათ - 1 ლიტრი მაღალი ხარისხის ვარდის ზეთის ღირებულება უცხოეთში შესაძლოა 1.000 ევრომდეც ავიდეს. სამწუხაროდ, ჩვენში ვარდის პარფიუმერიას არ ამზადებენ, თორემ დარწმუნებული ვარ, მაისის ვარდის პლანტაცია საქართველოში ბევრი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამჯერად მხოლოდ ვარდის ერთი პლანტაცია არსებობს, ახმეტაში, სოფელ არგოხში, სადაც მის პატრონ ქალს 1000 ძირი ვარდისფერი სამურაბე ვარდი აქვს და კარგადაც ყიდის მის ფურცლებს.
- ვარდისფერი სამურაბე ვარდის გარდა, არსებობს სხვა სახეობის სამურაბე ვარდი?
- მაისის ვარდის სულ სამი სახეობა არსებობს, აქედან ერთ-ერთი დანარჩენზე მუქი მოწითალო-მოვარდისფროა, ღეროზეც მხოლოდ 2-3 ვარდი გამოაქვს. ეს სახეობა ყველაზე სურნელოვანია. როგორც იტყვიან, კილომეტრზეც გრძნობ მის სურნელს. სამურაბედ სამივეს იყენებენ, მაგრამ ვარდისფერს მაინც ამჯობინებენ, რადგან ვარდისფერი ვარდის მურაბა ძალიან ეფექტურია შესახედადაც.

- გამრავლება, ალბათ, ადვილია.
- ეს ხომ შედარებით ველური ჯიშია, ამიტომ შესანიშნავად მრავლდება კალმებითაც და ნერგითაც. გამრავლების პერიოდისთვის გაზაფხული და შემოდგომა ჯობს. შემოდგომაზე დარგული კალმებიც მყარად იკეთებს ფესვს, თუმცა კალამს აუცილებლად უნდა დააფაროთ რაიმე, რათა ტემპერატურა შეინარჩუნოს, მაგალითად, გადაჭრილი პოლიეთილენის ბოთლი. მაისის ვარდის გამრავლება შეგიძლიათ ზაფხულში, წყლიან ჭიქაშიც მოსინჯოთ, სადაც შესაძლოა კალამმა ფესვიც კი გაიკეთოს. თუმცა გასამრავლებლად, როგორც ვთქვით, გაზაფხული ან შემოდგომა ჯობს. მინდა ხალხი დავარწმუნო, რომ სამურაბე ვარდის გამრავლებას ნამდვილად არ ინანებენ. უბრალოდ, ყველა სანერგეში არა აქვთ და ძებნაა საჭირო.
ახმეტის სოფელ არგოხში მდებარე ვარდის პლანტაციის პერსპექტივები საინტერესო აღმოჩნდა. მას მეურნე ნატალია მამაგულიშვილი უვლის. უნდა აღინიშნოს, რომ პლანტაციას ახლახან სტუმრობდნენ ჩეხეთისა და საფრანგეთის ელჩები საქართველოში.
ნატალია მამაგულიშვილი: - როდესაც არგოხში პატარა მიწა ვიყიდე, თავიდან სულაც არ მქონია მეურნეობის წამოწყების განზრახვა. უბრალოდ, მიწა მინდოდა მქონოდა. მასზე კი მეპატრონე ჩემამდე სწორედ ვარდების გაშენებას აპირებდა, ძირითადად, კულინარიისთვის. შემდეგ, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა და მიწა გაყიდა. ასე რომ, ამდენი ვარდი რომ ვნახე, ძალიან შემეცოდა, ვეღარ ავჭერი, მოვუარე და მერე გზაც დავინახე, როგორ გამომეყენებინა - არგოხელი ქალების კოოპერატივი შევქმენი. მათთან ერთად ვუვლიდი. ვარდის ფურცლების კლიენტებიც ნელ-ნელა გამომიჩნდა. ყოველ შემთხვევაში, რეალიზაციის გარეშე არ დამრჩენია, ზოგს მურაბის დასამზადებლად სჭირდებოდა, ზოგს კი ჩაის მიქსის. დღესაც ასეა და ჩემმა მეურნეობამ სახელი უფრო გაითქვა.
ვარდის ფურცელს უკვე საკუთარი ტექნოლოგიით ვახმობ და ხშირადაც ყიდულობენ: დიზაინში გამოსაყენებლად, მურაბაში და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არა კოსმეტიკისთვის, ჩვენ ხომ ეს წარმოება არა გვაქვს. არადა, ვარდის ზეთი უნიკალურია, ერთხელ დავამზადე და მოვიხიბლე. ამჟამად კრეფაში მოხალისეებიც მეხმარებიან, ძირითადად, უცხოელები და მათი მადლიერი ვარ. უფრო დიდი მიწა რომ მქონდეს, პლანტაციას გავზრდიდი, თუმცა ამისთვის მიწა არა მაქვს.
- იმედისმომცემია თქვენი საქმიანობა, ეგებ სხვამაც მოგბაძოთ და ჩვენში ვარდის დიდი პლანტაციები გაშენდეს.
- ამაზე ვოცნებობ და გამიხარდება, თუ ასე იქნება. სხვათა შორის, ერთხელ პოლონეთიდან მყავდა სტუმრები და როდესაც თავადაც დამპატიჟეს სტუმრად, გავოცდი იმავე ნაწარმის ხილვით, რასაც ვარდის ფურცლებით ვამზადებ - ეს არის ვარდის ჩაი. როცა ვკითხე, ალბათ, თქვენს ქვეყანაში გქონდათ ვარდის ჩაის დამზადების გამოცდილება-მეთქი, მითხრეს, არა, შენ იყავი შთაგონების წყარო, შენი მობაძვით დავამზადეთო. ჩვენში ვარდისგან უმეტესად მურაბას ამზადებენ, რადგან მისი სარგებლიანობა და გემო ყველამ იცის. მივესალმები კულინარიის ამ დარგსაც. ვარდის მურაბა მშვენიერი რამ არის იმ გემოთა შორის, რაც კი მურაბებს შორის შექმნილა. თუმცა ასევე სასარგებლოც არის. თუკი ამ საქმეს სხვებიც წამოიწყებენ, ეს საშუალებას მოგვცემს, მაისის ვარდი უფრო ფართოდ გამოვიყენოთ.