"ევროკავშირი უვიზო რეჟიმს არ შეგვიწყვეტს, რადგან..."
13 ივნისიდან მოყოლებული, როდესაც ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნიდა, მთელი მსოფლიო ელოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა შეერთებული შტატები - ამერიკის ჩარევის საკითხი ოპერაციის დაწყებისთანავე დადგა დღის წესრიგში. მთავარი არგუმენტი კი ის იყო, რომ ისრაელს არა აქვს იმის საშუალება, რომ გაენადგურებინა ღრმად მიწის ქვეშ განთავსებული ბირთვული რეაქტორები. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის რეჟიმი უპირობოდ უნდა დანებდესო, ისე ჩანდა, რომ ირანზე თავდასხმა მხოლოდ საათების საკითხი იყო. თუმცა ორიოდე დღის წინ გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ტრამპი გადაწყვეტილებას მიიღებდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ 22 ივნისს, გამთენიისას, აშშ-ის პრეზიდენტმა "შესანიშნავი სამხედრო წარმატების" შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ ისრაელთან ერთობლივი ძალისხმევით აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რათა ირანის ბირთვული პროგრამა გაენადგურებინათ მას შემდეგ, რაც დიპლომატიური მცდელობებით ვერ შეძლეს თეირანის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. "ჩვენ დავასრულეთ ძალიან წარმატებული თავდასხმა ირანში, სამ ბირთვულ ობიექტზე. ყველა თვითმფრინავი ახლა ირანის საჰაერო სივრცის გარეთაა. ყველა თვითმფრინავი უსაფრთხოდ ბრუნდება სახლში. ვულოცავ ჩვენს დიდებულ ამერიკელ მებრძოლებს. მსოფლიოში არ არსებობს სხვა არმია, რომელიც ამის გაკეთებას შეძლებდა. ახლა მშვიდობის დროა!" - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
სწორედ ამ საკითხზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელთან, ანალიტიკოს გიორგი მელაშვილთან:
- 22 ივნისს აშშ-ის ირანის ბირთვულ ობიექტებზე შეტევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის სრული დომინირება და მათი შეიარაღების ეფექტიანობა ისეთი რთული ობიექტების წინააღმდეგაც კი, როგორიც, მაგალითად, ფორდოს ბირთვული ობიექტია. ის განლაგებული იყო ძალიან ღრმად მიწის ქვეშ და მისი განადგურება ჩვეულებრივი იარაღით შეუძლებელი გახლდათY. საჭირო გახდა სტრატეგიული ბომბდამშენებისა და სპეციალურად შექმნილი ბუნკერსაწინააღმდეგო საავიაციო ბომბების გამოყენება. ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ აშშ-ის მოკავშირეობა ბევრად სჯობს ნებისმიერ სხვა გზას - ფსევდოსუვერენიტეტს, რუსეთთან დაახლოებას და ა.შ. ხომ ვხედავთ, რომ რუსეთმა ვერანაირად ვერ დაუჭირა მხარი მის სტრატეგიულ მოკავშირე ირანს, მეტიც, ნათლად დავინახეთ, რომ რუსული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები სრულიად გამოუსადეგარი აღმოჩნდა როგორც ისრაელის, ისე აშშ-ის ავიაშეტევების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ირანმა მოახერხა ამ ფსევდოსუვერენული, დასავლური წყობიდან სრულად გამოსული სახელმწიფოს საკმაოდ ძლიერი პროექტირება წარსულში, ამ ყველაფერმა ვერ უშველა მას, როდესაც ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტეს მისი ბირთვული პროგრამის შეჩერება. ირანის ბირთვული პროგრამა დღეს სრულად განადგურებულია! მისი ყველა ბირთვული ობიექტი, რომელზეც ხდებოდა, სავარაუდოდ, ურანის გამდიდრება, განადგურებულია და ირანის ბირთვული პროგრამა შეიარაღების შექმნის თვალსაზრისით, უკანდახეულია, სულ ცოტა, ათწლეულებით, რაც რეჟიმისთვის გიგანტური დარტყმაა.
ცხადია, ისრაელი ამ ოპერაციას ამზადებდა წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ირანის ხელისუფლება და უსაფრთხოების სტრუქტურები უშვებდნენ, რომ ისრაელის შეღწევა ირანის ტერიტორიაზე შესაძლებელი იყო, თუმცა ისრაელის სადაზვერვო სამსახურის მოქმედების მასშტაბებმა და როლმა ბოლო კვირის მოვლენებში ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დივერსიულ აქტებს დაემატა სამხედრო მოქმედებები - აქ უნდა გაიმიჯნოს დაზვერვის მოქმედება და სამხედროების ჩართულობა, ეს არის ორი განსხვავებული ასპექტი ისრაელ-ირანის დაპირისპირებაში. დივერსიული ოპერაციების ნაწილი აშკარად ჰგავს იმ ოპერაციას, რაც ჩატარდა ცოტა ხნის წინ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, სახელწოდებით "პაუტინა", როდესაც უკრაინის დაზვერვამ რუსეთის ტერიტორიიდანვე მოახერხა ამ ქვეყნის სტრატეგიული ბომბდამშენების განადგურება. ზუსტად ასევე, ისრაელის ჯგუფებმა შეძლეს ირანის სამხედრო შესაძლებლობების მკვეთრი შემცირება ამ ქვეყნის ტერიტორიიდანვე, ამას მოჰყვა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და არმიის სარდლების ლიკვიდაცია, ქვეყნის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის სრული განადგურება. შემდგომ უკვე დაიწყო ისრაელის ავიაციის დარტყმები კონკრეტულ ლოკაციებზე, რაც ისევ გრძელდება. ამასობაში პროცესში ჩაერთო აშშ-ის ავიაციაც.
რაც შეეხება ისრაელის ოპერაციის მთავარ მიზანს, მას შემდეგ, რაც 2023 წლის ოქტომბერში მოხდა ის ცნობილი ტერაქტი, მაშინ ისრაელმა თავიდანვე განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ "ჰამასი", არამედ ირანიც. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ოპერაციის დაგეგმვა. პირველი ეტაპი იყო ირანის პროქსიდაჯგუფებების ლიკვიდაცია ისრაელის მახლობლად. გავიხსენოთ ომი "ჰამასთან", დარტყმები "ჰეზბოლაზე", ასევე ერაყსა და სირიაში არსებულ პროირანულ დაჯგუფებებზე და ა.შ. როგორც ჩანს, ეს იყო პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი იყო "მოსადის" მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ოპერაციები უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, მესამე ეტაპი კი არის პირდაპირი საავიაციო დარტყმები, რასაც ამ დროისთვისაც ვაკვირდებით.
ჩემი აზრით, პროცესების განვითარების ორი შესაძლო სცენარია. პირველი - ან მოხდება აიათოლების გარშემო ირანის მოსახლეობის მობილიზება და რეჟიმი შეეცდება ძალაუფლება შეინარჩუნოს. მეორე ვარიანტია, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტდება და აქედან გამომდინარე სხვა ძალები მოახერხებენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და აიათოლების რეჟიმის დასრულებას.
ირანში რუსეთისგან განსხვავებით მეტი ძალაუფლების ცენტრია, მათ შორის ეთნიკური, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია, რაც კი ირანში არსებობს, რეჟიმის გაგრძელებაა და აღიარებენ დიქტატორს. აიათოლების რეჟიმმა მოახერხა საკუთარი მმართველობის განმავლობაში, შეექმნა სისტემა რეალური ოპოზიციის გარეშე. ამის პარალელურად ირანის გარეთ არსებობს უზარმაზარი დიასპორა, მათ შორის პოლიტიკური ჯგუფები თუ შაჰის შთამომავალი, რომლებიც აქტიურად იბრძვიან ამ რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ეს მომენტი რეჟიმისთვის იქნება გარდამტეხი, მათი მრავალწლიანი ფსონი ბირთვული შეიარაღების შექმნაზე, ჩაფლავებულია! ირანის რეჟიმის პოზიციაც შეიძლება იყოს ორგვარი, ერთია კაპიტულაციის გამოცხადება, ურანის გამდიდრებაზე უარის თქმა და როგორმე ძალაუფლების შენარჩუნება. მეორე შემთხვევაში, შესაძლოა სცადონ მეტ ესკალაციაზე წასვლა, თუმცა გაუგებარია, რა სამხედრო რესურსი დარჩა ირანს წინააღმდეგობის გასაწევად.
- რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ დაპირისპირებას ჩვენს ქვეყანაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ მონაწილეობს ამ კონფლიქტში და არც საერთო საზღვარი გვაქვს ირანთან...
- მიმდინარე პროცესებს აუცილებლად ექნება გავლენა კავკასიაზე. უპირველესად ეს შეეხება სომხეთს, რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობდა, რომ აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლენა დაებალანსებინა ირანის მეშვეობით. თუ ირანში ვითარება უფრო მეტად აირევა, სომხეთის ეს გათვლა აღარ გამოდგება. ერთ-ერთი მიზეზი რატომაც ჩავიდა გასულ კვირას ფაშინიანი ანკარაში და შეხვდა ერდოღანს, ესეც იყო.
მეორე, რაც უშუალოდ ჩვენ შეგვეხება, არის "3+3" ფორმატის მოსალოდნელი ჩაფლავება. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა ირანი, თუ ის გამოეთიშება ამ ფორმატს, ფორმატი დაკარგავს ყოველგვარ მნიშვნელობას, ეს კი საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ფორმატის გამოგონების მიზანი თავიდანვე იყო კავკასიიდან დასავლეთის განდევნა. თუ ეს ფორმატი ჩამოიშლება, ეს საქართველოს გრძელვადიან განვითარებას მხოლოდ წაადგება. რაც შეეხება ენერგეტიკულ თუ სხვა მიმართულების გავლენებს, ირიბად ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე, თუმცა ჯერ რაიმე მნიშვნელოვან რისკებზე ვერ ვილაპარაკებთ... დასკვნისთვის ვიტყვი, რომ საქართველო მადლობელი უნდა იყოს ისრაელის, რომლის მოქმედებების შედეგადაც "3+3" ფორმატმა ამ ეტაპზე სრულად დაკარგა აქტუალურობა. შესაბამისად, საქართველოსთვის ეს საფრთხე აქტუალური აღარ არის.
- საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მინდა ვისაუბროთ. ვხედავთ, როგორ ხვდებიან პოლიტიკური ლიდერები ციხეში იმის გამო, რომ არ მივიდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე, აჯარიმებენ ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს - სოციალურ ქსელებში დაწერილი პოსტების გამო. კიდევ უფრო მეტი ჩვენი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებული კანონების საფუძველზე. თუმცა ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ მიჰყავს.
- რაც შეეხება "ქართული ოცნების" პოლიტიკას, ბოლო წლების განმავლობაში არის მუდმივი ცდები, რომ საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესები დაუქვემდებარონ ვიწროპარტიულ ინტერესებსა და საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს, რაც მაინცდამაინც კარგად არ გამოსდით, რადგან ქვეყანაში წინააღმდეგობა რეპრესიების მიუხედავად, არ წყდება.
რაც შეეხება ევროინტეგრაციას, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება, მიღებული კანონები, რეპრესიები, ევროკავშირთან კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს. ამ ყველაფერს მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მშვენივრად იციან, მიუხედავად მათი მასშტაბური ანტიდასავლური პროპაგანდისა, ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც დასავლურ კურსს უჭერს მხარს.
წულუკიანის კომისიაზე კი შემდეგს ვიტყვი - მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს კომისია შეიქმნა არსებული კანონმდებლობის დარღვევით. საქმე ის არის, რომ კანონის თანახმად, საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიაში აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი ოპოზიცია. დღეს საქართველოს პარლამენტი ერთპარტიულია, ხელოვნურად შექმნილი ვითომ ოპოზიციური ფრაქციები, რა თქმა უნდა, ფიქციაა და მათი განხილვა რეალურ ოპოზიციად სასაცილოა. შესაბამისად, ყოველი სასჯელი თუ ჯარიმა, რასაც ეს კომისია სასამართლოს მეშვეობით უსჯის სხვადასხვა პირს, არის არალეგიტიმური და არა კანონიერი...
იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარია ქვეყანაში, საპროტესტო მუხტი არ გამქრალა - ქართველი საზოგადოება არათუ არ შეეგუა ასეთი ტიპის მმართველობას, არამედ აქტიურ წინააღმდეგობასაც უწევს. სანამ მას შესწევს ძალა გაუწიოს წინააღმდეგობა ასეთ ავტორიტეტულ რეპრესიებს, მანამდე "ქართული ოცნება" მიზანს ვერ მიაღწევს, რაც არ უნდა გააძლიეროს რეპრესიები.
ავტორიტარიზმთან ბრძოლა შედგება სამი საბაზისო კომპონენტისგან: პირველი არის ხალხი, მეორე - პოლიტიკური ბრძოლა, ხოლო მესამე - საგარეო წნეხი. დღევანდელ ვითარებაში არის ხალხის წინააღმდეგობა, ასევე საგარეო წნეხი, მაგრამ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემა პოლიტიკურ პროცესში, რადგან პარტიები ვერ ახერხებენ სათანადო კონსოლიდაციას და საერთო სტრატეგიით "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირებას. შეგვიძლია პარალელი გავავლოთ თურქეთთან, სადაც ოპოზიციას ასევე უჭირს საერთო სტრატეგიის დასახვა. საერთო სტრატეგიაში არ იგულისხმება ყველა პარტიის გაერთიანება და ერთიანი სიით წასვლა არჩევნებზე, ყველას შეუძლია თავის სეგმენტზე მუშაობა, მაგრამ აუცილებელია ეს ხდებოდეს საერთო სტრატეგიის ფარგლებში. ნაკლებად მნიშვნელოვანია, მიიღებენ თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ერთიანად და ეს უნდა იყოს საერთო სტრატეგიის ნაწილი. თუ არ არსებობს საერთო სტრატეგია, ავტორიტარიზმის დამარცხება ძალიან რთულია.
- ევროპარლამენტმა 19 ივნისს ხმათა უმრავლესობით მიიღო "ქართული ოცნების" მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი მორიგი რეზოლუცია "ბათუმელების" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების მოთხოვნით. დოკუმენტში ჩამოთვლილია "ქართული ოცნების" მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და ცვლილებები, რომლებსაც "დრაკონულ კანონმდებლობას" უწოდებენ. "ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გაანადგურა ქვეყანაში დარჩენილი დამოუკიდებელი მედიასაშუალებები; საზოგადოებრივი ინფორმაციის სივრცე სრულად დომინირებულია პროსამთავრობო მედიის მიერ, რომელიც ავრცელებს რუსული სტილის პროპაგანდას და ანტიევროპულ დეზინფორმაციას", - ნათქვამია რეზოლუციაში. ევროპარლამენტი ასევე ითხოვს "ყველა პოლიტიკური პატიმრის" გათავისუფლებას. მიუხედავად უმწვავესი შეფასებებისა, საქართველოს რეალობაზე ეს ნაკლებად ახდენს გავლენას. რა შეიძლება იყოს წნეხის გასაზრდელად შემდგომი ნაბიჯი, ელით, მაგალითად, უვიზო რეჟიმის შეჩერებას?
- ევროკავშირში გადაწყვეტილებას სამი სტრუქტურა იღებს: პირველი არის ევროპარლამენტი, მეორე - ევროსაბჭო, მესამე - ევროპული კომისია. ევროპარლამენტის დონეზე "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებით პოზიცია ცხადია. ყველა ძირითადი პოლიტიკური ჯგუფი კრიტიკულად აფასებს ამ პარტიას და მხარს უჭერს მისი წევრებისთვის სანქციების დაწესებას. საქართველოსთან კავშირში ინდივიდუალური სანქციების დაწესების თვალსაზრისით მთავარი პრობლემაა ვიქტორ ორბანი, რომელიც ევროპული საბჭოს დონეზე, სადაც არიან ევროკავშირის სახელმწიფოების პირველი პირები, ბლოკავს ინდივიდუალური სანქციების პაკეტს. თუმცა ბოლო პერიოდში თვითონ ორბანის ელექტორალური მდგომარეობა ძალიან მოირყა. პეტერ მადიარის ოპოზიციურმა პარტია TISZA-მ უკვე გაასწრო ორბანის პარტიას რეიტინგით. ამასთანავე,
გავიხსენოთ გერმანიის კანცლერ მერცის განცხადება, იმ შემთხვევაში, თუ ორბანი იქნება ერთადერთი პირი, რომელიც დაბლოკავს ევროკავშირის გადაწყვეტილებებს, განვიხილავთ მისთვის ვეტოს უფლების შეჩერებასო. აქედან გამომდინარე, უნგრეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, შესაძლებელია მიიღონ კიდეც ინდივიდუალური სანქციების პაკეტი.
რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, ეს საკითხი უფრო მარტივად წყდება. ამას არ სჭირდება კონსენსუსი ქვეყნებს შორის, ხმათა უმრავლესობით მიიღება, თუმცა, ვფიქრობ, ევროკავშირი ჯერ ამაზე არ წავა, მაგრამ თუ ეს გადაწყვეტილება მაინც იქნება მიღებული, ამაზე პასუხისმგებელი სრულად იქნება "ქართული ოცნება", რომელმაც ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯებით განაპირობა ამ საკითხის წამოჭრა ევროპულ დღის წესრიგში.