მესამე მსოფლიო ომი დაწყებულია, ოღონდ ჯერ ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე...
2025 წლის 13 ივნისიდან დაიწყო ის, რასაც საერთაშორისო ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ამ საუკუნის დამდეგიდან უფრთხოდნენ - ისრაელ-ირანის დიდი ომი. მართალია, ამის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ გასულ წელს გამოჩნდა, როდესაც ისრაელმა და ირანმა ორჯერ "გაცვალეს" სარაკეტო დარტყმები, მაგრამ ის, რაც ათიოდე დღის წინ დაიწყო, სულ სხვა მასშტაბისაა და ძალზე სახიფათოდ წააგავს... მესამე მსოფლიო ომის დაწყების სურათს.
ალბათ, წავიდა ის დრო, თუ როგორ იწყებოდა XX საუკუნეში პირველი და მეორე მსოფლიო ომები, XXI საუკუნეში ბევრი რამ სხვაგვარადაა და ჰიბრიდული ომების ფონზე დიდი ეჭვი იბადება - ჩვენი პლანეტა დედამიწა უკვე მართლაც მესამე მსოფლიო ომში ხომ არ არის?
თავად განსაჯეთ - ბირთვული შეიარაღების მქონე რუსეთი მეოთხე წელია მეზობელი უკრაინის ოკუპაციას აგრძელებს, ბირთვულმა ქვეყნებმა, პაკისტანმა და ინდოეთმა, ერთმანეთს დარტყმები მიაყენეს და დროებითი ზავი სულაც არ ნიშნავს მათი საჯილადო ქვის - ქაშმირის პრობლემის მოგვარებას და ახლა უკვე ბირთვული იარაღის ფარულად მფლობელი ისრაელი არამეზობელ ირანს ბომბავს, რათა ამ უკანასკნელმა მასავით მალულად არ შექმნას ბირთვული ქობინები.
Dდა ისრაელ-ირანის საჰაერო ორთაბრძოლების მეცხრე დღეს საქმეში უკვე აშშ-ც ერთვება უძლიერესი არაბირთვული შეიარაღებით - ისრაელის ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები ვერ მისწვდებიან მთის ქვეშ, 80-90 მ-ის სიღრმეში განთავსებულ ფორდოს ბირთვულ ობიექტს, სადაც ირანს "ურან-235"-ის საიარაღო დონემდე, 90%-ზე ზემოთ გამდიდრება შეუძლია. ეს მხოლოდ ამერიკულ "დედაბომბებს", 13,6 ტ-იან ბუნკერსაწინააღმდეგო მართვად საავიაციო ბომბებს, GBU-57-ებს თუ ძალუძთ, რომლებიც 60 მ-ზე ღრმად ეფლობიან მიწაში და მერე ფეთქდებიან. სწორედ ამიტომაც ისრაელ-ირანის საჰაერო ომში უკვე პენტაგონიც ერთვება თავისი "მოჩვენებებით" - სტრატეგიული ბომბდამშენ B-2 შპირიტ-ებით, რომლებიც განკუთვნილია სწორედ 13,6-ტონიანი "დედაბომბების" საბრძოლო გამოყენებისთვის - 22 ივნისის გამთენიისას ირანის სამივე ბირთვულ ობიექტს ფორდოში, ნატანზისა და ისპაანში ამერიკული ბუნკერსაწინააღმდეგო "დედაბომბები" ეცემა.
მართლაც გაანადგურდა თუ არა ირანული ბირთვული ობიექტები, განსაკუთრებით კი ყველაზე ღრმად განთავსებული ფორდოს ობიექტი, ჯერ ძნელად სათქმელია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალური კაბინეტიდან მთელ მსოფლიოს ამ დაბომბვის წარმატება აცნობა.…
თავად ირანელები ამტკიცებენ, რომ ფორდოს ობიექტიდან გამდიდრებული ურანის მარაგი მათ წინასწარ სხვა ადგილას გადამალეს, ხოლო ამერიკული "დედაბომბების" აფეთქებების მიუხედავად, მიწის ქვეშ მომუშავე ცენტრიფუგები, რომლებსაც ურანის გასამდიდრებლად იყენებენ, უვნებელია.
ახლა უკვე ირანელების საპასუხო ქმედებების დრო დგება - ისრაელის ქალაქებისკენ ყოველღამ უშვებენ ბალისტიკურ რაკეტებს, რომელთა სრული მოგერიება თვით ისრაელის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ საჰაერო თავდაცვის სისტემასაც კი არ ძალუძს.
ამერიკული მხარის ჩარევის შემდეგ ირანის საპასუხო დარტყმები მოსალოდნელია ერაყში, ბაჰრეინში, ქუვეითსა თუ საუდის არაბეთში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, რისი პრეცედენტიც უკვე არსებობს, როდესაც ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს ირანმა ბალისტიკური რაკეტებით შეუტია ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზას, ბაღდადის აეროპორტში ცნობილი ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციის (სწორედ პრეზიდენტ ტრამპის პირადი ბრძანებით) პასუხად.
გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ამერიკულმა მხარემ არაბული სახელმწიფოს პირით შეუთვალა ოფიციალურ თეირანს, რომ ამერიკული დაბომბვა მხოლოდ ერთჯერადი აქტი იყო და თეთრ სახლს არ სურს ირანში აიათოლების ხელისუფლების დამხობა, რისკენაც ისრაელი მიისწრაფვისო - დაუჯერებს თუ არა თეირანი ვაშინგტონის ამ დაპირებას, მალევე გამოჩნდება.…ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ, წესით, კმაყოფილი უნდა იყოს, რომ ბოლოს და ბოლოს, შეძლო პრეზიდენტ ტრამპის "ჩათრევა" ისრაელ-ირანის საჰაერო ომში, მაგრამ დაკმაყოფილდება კი ისრაელი მხოლოდ ამით? თუ ნეთანიაჰუს ხელისუფლებას ბევრად მეტი სურს? არა, რადგან ოფიციალურ თელ-ავივს სურს იხილოს აიათოლების რეჟიმის საბოლოო კრახი, რისთვისაც ირანის მოსახლეობის "აბუნტებასაც" კი ეცდება საჰაერო თავდასხმების პარალელურად.
თეთრ სახლში კი ცოტა აშინებთ ირანში აიათოლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეჟიმის ასე ჩამოშლა, რადგან ნახეს, რაც მოხდა ერაყში, ავღანეთსა თუ სირიაში - ამ ქვეყნების ხელისუფლებების დამხობის (მათ შორის ამერიკული სამხედრო ძალის გამოყენებით) შემდეგ განუკითხაობა გამეფდა.
რა შედეგები აქვს ისრაელს საჰაერო ომის დაწყებიდან მეათე დღეს:
პირველი - ისრაელმა მუდმივი საჰაერო დარტყმების შედეგად მოახერხა ირანის სამი ძირითადი ბირთვული ობიექტიდან ორის - ნატანზისა და ისპაანში - საფუძვლიანად დაზიანება, რაც ნიშნავს, რომ იქ ირანი ვეღარ შეძლებს "ურან-235"-ის საიარაღო დონემდე გამდიდრებას, რადგან მწყობრიდან გამოყვანილია მიწის ქვეშ განთავსებული რამდენიმე ათასი ცენტრიფუგა (მაგალითად, ნატანზიში 1 400-მდე), ოღონდ არა იმიტომ, რომ იქ ისრაელის ნასროლმა ბუნკერსაწინააღმდეგო რაკეტამ თუ ბომბმა ჩააღწია, არამედ დაბომბვის შედეგად ელექტროენერგიის მოულოდნელმა გათიშვამ უდიდესი სისწრაფით მბრუნავი ცენტრიფუგები (რომლებშიც "ურან-235"-ის "ურან-238"-იდან გამოცალკევების პროცესი მიმდინარეობს) მწყობრიდან გამოიყვანა.
მეორე - ისრაელის ავიაციამ ირანის ტერიტორიაზე მოქმედ "მოსადის" დივერსიულ ჯგუფებთან ერთად შეძლო ირანის საჰაერო თავდაცვის ერთიანი მართვის სისტემის მოშლა და რადიოლოკატორებისა და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების გარკვეული ნაწილის დაზიანება-განადგურება, რამაც ისრაელის დამრტყმელ თვითმფრინავებს საშუალება მისცა უშუალოდ ირანის საჰაერო სივრცეში იფრინონ და "ინადირონ" ირანული ბალისტიკური რაკეტების გამშვებ მობილურ დანადგარებზე.
მესამე - დღეისათვის ისრაელისთვის ირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხი ბევრად პრობლემატურია, ვიდრე ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება, რადგან ბირთვული ობიექტები არსად "გარბიან", ხოლო ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტები ისევ ეცემიან ისრაელის ქალაქებში, რაც ნეთანიაჰუს ხელისუფლებისთვის უდიდესი პოლიტიკური დარტყმაა, რადგან ის ისრაელის მოსახლეობას მოწინააღმდეგეების რაკეტებისგან დიდად ნაქები "რკინის გუმბათითა" თუ ანტისარაკეტო "ისრებით" სრულ დაცვას ჰპირდებოდა.
თუმცა ერთია "ჰეზბოლას" ან "ჰამასის" გამოშვებული ნახევრად კუსტარული პატარა რაკეტის გადაჭერა და მეორე - ირანიდან სტარტაღებული, კოსმოსში გასული და იქიდან ჰიპერბგერითი სიჩქარით პიკირებული აერობალისტიკური რაკეტის მოგერიება, როდესაც მისი საბრძოლო ქობინი ატმოსფეროში შემოსვლისას მანევრირებას იწყებს. ამიტომაც ირანის საჰაერო სივრცეში მოქმედი ისრაელის დამრტყმელი თვითმფრინავების მფრინავების მთავარ ამოცანას დღეს სწორედ ამ ირანული მობილური სარაკეტო დანადგარების დროული აღმოჩენა და დაზიანება-განადგურებაა.
მეოთხე - ისრაელის ხელისუფლება აღარ მალავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერების გარდა, მისი მიზანი იყო და არის... ირანის ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლაც ანუ აიათოლების რეჟიმის დამხობა და პირველ ეტაპზე ირანის შაჰის შთამომავლების დაბრუნება, რითაც ისრაელი საბოლოოდ მოაგვარებდა ირანსა და მის მხარდაჭერილ პროქსიძალებთან, "ჰამასთან", "ჰეზბოლასა" და იემენელ ჰუსიტებთან დაპირისპირებას.
მეხუთე - მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის ავიაციის მიერ ირანის მუდმივად დაბომბვის გამო ირანელებში პანიკა იზრდება და თეირანელები მასობრივად გარბიან დედაქალაქიდან, ნეთანიაჰუს მხოლოდ ავიაცია არ ეყოფა ირანის ხელისუფლების ჩამოსაგდებად, ამისთვის... სახმელეთო ჯარების ამოქმედება და მიწაზე კონტროლის დამყარებაა საჭირო, მაგრამ როგორც კი ისრაელელი ჯარისკაცები გამოჩნდებიან ირანის მიწაზე, ვითარება სულ სხვა ომში გადაიზრდება, რომელშიც გამარჯვების იმედი თელ-ავივს ნაკლებად უნდა ჰქონდეს, განსხვავებით, საჰაერო ბრძოლებისგან.
მეექვსე - ისრაელ-ირანის "სარაკეტო დუელი" დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან ირანს შემოელევა ბალისტიკური რაკეტების მარაგი და ისრაელის საავიაციო ბომბებისა და საზენიტო რაკეტების არსენალიც შეთხელდება. ასეთ დროს სცენაზე გამოვლენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც შეუძლიათ სამხედრო დახმარების გაწევა (რუსეთ-უკრაინის ოთხწლიან ომში რუსეთს კამიკაძე-დრონებით ირანი ამარაგებდა, ხოლო ბალისტიკური რაკეტებითა და ცოცხალი ძალით ახლა ჩრდილოეთი კორეა ეხმარება). თუმცა ძნელად წარმოსადგენია, რომ ამჟამად გაჭირვებულ თეირანს სამხედრო დახმარების ხელი მოსკოვმა გაუწოდოს, არც პეკინი გაუგზავნის რაკეტებს აიათოლებს, შეიძლება მხოლოდ კიმ ჩენ ინმა სცადოს რაიმე, მაგრამ ჩრდილოეთ კორეიდან ირანამდე შეიარაღების მიწოდება ტექნიკურადაც ურთულესი იქნება.
მოკლედ, ომის უკვე მეათე დღისთვის ასეთი სურათია - ირანის ბირთვულ პროგრამას ძლიერი დარტყმა მიადგა, თუმცა სრულად არ არის განადგურებული; ისრაელი თითქმის მთლიანად აკონტროლებს ირანის საჰაერო სივრცეს; ირანის ბალისტიკური რაკეტები შიგადაშიგ ისევ აღწევენ ისრაელის ქალაქებამდე და დიდ შიშს თესავენ მოსახლეობაში; ისრაელს სურს ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების ჩამოგდება და ამისთვის გააგრძელებს აქტიურ მოქმედებებს.
ამერიკული "დედაბომბებით" დაბომბვის შემდეგ, თუკი ირანი დაიწყებს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე სარაკეტო შეტევებს, მოსალოდნელია, რომ აშშ უფრო ღრმად "ჩაეფლობა" ისრაელ-ირანის ომში და საჰაერო დარტყმებს მიაყენებს ატომური ავიამზიდებიდან აფრენილი თვითმფრინავებითა და ატომური წყალქვეშა ნავებიდან სტარტაღებული "ტომაჰავკის" ფრთოსანი რაკეტებით ირანის არა მარტო ბირთვულ, არამედ სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტებსაც, რაც ამ ომის შემდგომი ესკალაციის მომასწავებელი გახდება და საქმე შეიძლება სახმელეთო ოპერაციამდეც მივიდეს, ეს კი ნამდვილად მესამე მსოფლიო ომის დაწყების საგანგაშო სიგნალი იქნება.
ირაკლი ალადაშვილი