"ირანი შესაძლოა, წავიდეს ესკალაციაზე, გადაკეტოს ჰორმუზის სრუტე, დაარტყას საუდის არაბეთს... " - ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელელ სამხედრო ანალიტიკოს სერგეი აუსლენდერთან: რას იზამს ტრამპი?!
ირან-ისრაელის კონფლიქტის თაობაზე ექსკლუზიური ინტერვიუ ისრაელელ სამხედრო ჟურნალისტთან, ანალიტიკოს სერგეი აუსლენდერთან 22 ივნისამდე, ანუ აშშ-ის მიერ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე შეტევის მიტანამდე ჩავწერეთ. კითხვაზე, რას ფიქრობს მიმდინარე პროცესებში აშშ-ის შესაძლო მონაწილეობაზე, ასე გვიპასუხა: "ტრამპს თავისი შეხედულებები აქვს, ის საერთოდ ძალიან რთულად პროგნოზირებადი ადამიანია. ჩემი აზრით, აშშ-ის მონაწილეობის შანსი საკმაოდ მაღალია. როგორც ვიცით, თეთრ სახლში ირანულ ობიექტებზე დარტყმის გადაწყვეტილება მიღებულია, მხოლოდ ტრამპის ბრძანებაა საჭირო. მას შეუძლია შევიდეს ისტორიაში არა როგორც მშვიდობისმყოფელი, რაც, ჩემი აზრით, არ გამოსდის, არამედ როგორც ადამიანი, აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარა ბირთვული ირანის პრობლემა. ამიტომ დაველოდოთ, უახლოეს მომავალში ყველაფერი გამოჩნდება. ჩემი აზრით, მთელი ეს ლაპარაკი ორ კვირასა და დიპლომატიაზე შესაძლოა ორმაგი თამაშის ნაწილი აღმოჩნდეს". ინტერვიუს ჩაწერიდან დაახლოებით 8 საათში აუსლენდერის პროგნოზი გამართლდა, ტრამპმა მართლაც გასცა ირანული ობიექტების დაბომბვის ბრძანება და 22 ივნისს, გამთენიას, აშშ-მა ირანში სამ ბირთვულ ობიექტს შეუტია. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის ბომბდამშენებმა ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს ისრაელთან ერთად. მისივე თქმით, ამ შეტევის მიზანი ირანის ურანის გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება და ბირთვული საფრთხის განეიტრალება იყო. ჩვენ რესპონდენტს ამ შეტევის შემდეგაც შევეხმიანეთ.

- ბატონო სერგეი, უპირველესად, გმადლობთ, რომ ასეთ დროს კიდევ ერთხელ მოიცალეთ ჩვენი ინტერვიუსთვის. როგორც ივარაუდეთ, ტრამპმა არ მოიცადა ორი კვირა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანა. გთხოვთ შეაფასოთ ტრამპის ეს გადაწყვეტილება, დაბომბვების მასშტაბი...
- ტრამპის გადაწყვეტილება უკვე ცალსახად ჩანდა, ასე რომ, ამის გამოცნობა არ იყო რთული... მეტიც, დღეს უკვე ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ეს გადაწყვეტილება თავიდანვე იყო მიღებული. ირანის რეჟიმთან არანაირი მოლაპარაკების გამართვას არ ჰქონდა აზრი. ყველაფერი, რასაც ამერიკელები ამბობდნენ ამ ორკვირიან პერიოდზე, მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე, თვალის ახვევის ცდა იყო, ერთგვარი საბურველი იმისთვის, რაც იგეგმებოდა რეალურად.
დაბომბვის მასშტაბი ჯერ ცნობილი არ არის, ვიცით, რომ დაიბომბა ბირთვული ობიექტები ფორდოში, ნათანზისა და ისპაანში. ჯერ ნგრევის მასშტაბი უცნობია. ცხადია, ირანელები შეეცდებიან მოსახლეობის მოტყუებას და მაქსიმალურად მცირედ წარმოადგენენ ზარალს.
რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, არის რამდენიმე ვარიანტი:
პირველი - ირანელები მიხვდებიან, რომ დღეს რეალურად რეჟიმის გადარჩენა დგას დღის წესრიგში და წავლენ კომპრომისზე... რაღა დაგიმალოთ და, ეს ნაკლებად მოსალოდნელი მგონია, რადგან ირანში ფანატიკური რეჟიმია, რომელსაც მართავს ადამიანი მსოფლიოს სრულად მისიონერული ხედვით. ის აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას.
მეორე ვარიანტით ისინი შეეცდებიან დემონსტრაციული პასუხი გასცენ აშშ-ს, მაგალითად, დაარტყამენ რომელიმე ამერიკულ ბაზას და იტყვიან, რომ იქ ყველაფერი დაანგრიეს და შური იძიეს... მესამე ვარიანტია, რომ წავიდნენ სრულ ესკალაციაზე, გადაკეტონ ჰორმუზის სრუტე, დაარტყან საუდის არაბეთს... ამ შემთხვევაში აშშ-ს მოუწევს პროცესებში სრული პროგრამით ჩართვა.
- განუმარტეთ ქართველ მკითხველს, რა არის ისრაელის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზანი ირანის საკითხში? საუბარია მხოლოდ ბირთვული პროგრამის შეკავებაზე თუ რეჟიმის შეცვლასა და ირანის რეგიონული გავლენის შემცირებაზეც? მაგალითად, ზოგიერთი ექსპერტის თქმით, რეჟიმის შეცვლის გარეშეც, ადრე თუ გვიან, ირანი ისევ დაუბრუნდება ბირთვულ პროგრამას და საფრთხე კვლავ იჩენს თავს...
- ჩვენთვის მთავარია ირანი არ გვემუქრებოდეს ისრაელის სახელმწიფოს მოსპობით. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანას თავის დოქტრინალურ დოკუმენტებში ჩაწერილი აქვს ისრაელის სახელმწიფოს განადგურება. თუ ამასთან ერთად ირანს ექნება ბირთვული იარაღი, ეს ნიშნავს, რომ ექნება ინსტრუმენტი ამ დოქტრინის ხორციის შესასხმელად. ამიტომაც ისრაელს აქვს პროგრამა-მინიმუმი, რომ ირანის ბირთვული პროგრამა რაც შეიძლება უკან დახიოს, სულ ცოტა, ათწლეულებით მაინც, ასევე რაც შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს მისი ბალისტიკური რაკეტების არსენალზე, რათა მათ არ ჰქონდეთ შესაძლებლობა გვბომბონ შორიდან.
მოკლედ, შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი პროგრამა-მინიმუმია მაქსიმალურად შევამციროთ ირანის სამხედრო შესაძლებლობები, მათ შორის ბირთვული იარაღის შექმნის ინსტრუმენტები. რაც შეეხება პროგრამა-მაქსიმუმს, პრობლემის იდეალური გადაჭრა იქნებოდა რეჟიმის შეცვლა შედარებით უფრო ლიბერალური და მშვიდობიანი რეჟიმით. გასაგებია, რომ ისრაელისთვის ურთულესია ამის გაკეთება, ნებისმიერ გარე ჩარევას რეჟიმის შესაცვლელად ირანელი ხალხი უთუოდ აღიქვამს როგორც საგარეო ჩარევას, რამაც შესძლოა უმძიმესი შედეგები მოიტანოს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ირანს არა ჰყავს, ასე ვთქვათ, კონტრელიტა, რომელიც შეცვლიდა ამჟამინდელ რეჟიმს. ვგულისხმობ იმას, რომ ირანში არ არის ოპოზიცია, რომელიც ნორმალური სისტემებისთვის არის დამახასიათებელი. ირანული ოპოზიცია მითია, ისევე, როგორც რუსული...
- აშშ-ის შეტევამდე ჟენევაში დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი შეხვდნენ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაქჩის..
- ირანთან დიპლომატიით საქმის მოგვარების ცდა დროის დაკარგვა იყო, ეს შეხვედრაც ამის მაგალითი გახლდათ, არაფრის მომცემი გამოდგა. ისინი არ აპირებდნენ უკან დახევას ერთი პუნქტითაც კი. მათი რიტორიკა დაახლოებით ასეთი იყო, მოდი, ჩვენ დედას დავიფიცებთ, რომ აღარ გავამდიდრებთ ურანს სამხედრო მიზნებისთვის და არ შევქმნით ბირთვულ ბომბს, რომ გვაქვს აიათოლა ხამენეის ფეთვა - რელიგიური დოგმა, რაც ამის გაკეთებას გვიკრძალავსო, და მსგავსი სისულელეები... დღეს არა, ხვალ ეგ სულიერი ლიდერი ახალ ფეთვას დაწერს, იტყვის, კი, შეიძლება შექმნაო... ასე ვერ იმუშავებდა, ჩვენ სხვა გარანტიები გვჭირდებოდა... თუ მიაქციეთ ყურადღება, ევროპელებმა სთხოვეს ისრაელს გაეშვა არაქჩის თვითმფრინავი ჟენევამდე, ეს მაშინ, როდესაც ირანის სამთავრობო მედია გაჰყვირის, რომ თურმე ყველაზე გაიმარჯვეს უკვე. არადა, ევროპელებმა სთხოვეს ისრაელს გაეშვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ირანიდან, სადაც ისრაელი სრულად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს.
- იმის მიხედვით, თუ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენად ინტენსიურად ბომბავდა ირანი ისრაელს - ვგულისხმობ ყოველდღიურ სარაკეტო დაბომბვებს - შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ირანის არსენალი თანდათანობით მცირდება? რა მდგომარეობაშია ისრაელის მარაგები? მაგალითად, გავრცელდა ცნობები, რომ ისრაელს უმთავრდება რაკეტები, რომლებიც მასირებული შეტევების მოგერიებას ემსახურება. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?
- რაც შეეხება ირანის არსენალს, ნამდვილად აშკარაა, რომ მათი დაბომბვების მასშტაბი შემცირდა, პირველ დღეებში დღეში სამჯერ 50 რაკეტას უშვებდნენ ჩვენკენ, ახლა დღეში ათსაც ძლივს უშვებენ. ხდება ხოლმე, ჩვენი საჰაერო დაცვის სისტემა ვერ ახერხებს რაკეტის ჩამოგდებას, ოღონდ ძალიან იშვიათად, რაც მოსალოდნელიც იყო. სამწუხაროდ, არის მსხვერპლიც, მაგრამ დიდწილად ჩვენი საჰაერო სისტემა ახერხებს ირანული შეტევების მოგერიებას. მათ უკვე ისროლეს რუსული "არეშნიკის" მსგავსი რაკეტა, რომლის ჩამოგდებაც ისრაელის თავდაცვის სისტემამ შეძლო. ისინი ტერორისტებივით იქცევიან, რაკეტებს მჭიდროდ დასახლებული ტერიტორიებისკენ ისვრიან.
რაც შეეხება ინფორმაციას ისრაელის საჰაერო სისტემის რაკეტების დეფიციტის თაობაზე, ჩვენ გვქონდა ასეთი გათვლა ომამდე, რომ ისინი დღეში, სულ ცოტა, 100 რაკეტას გვესროდნენ პირველი ორი კვირის განმავლობაში. ბუნებრივია, ამის მოსაგერიებლად არათუ საჭირო რაკეტები იყო რეზერვში, არამედ შექმნილი იყო დამატებით მარაგებიც. არადა, მტრის გაშვებული რაკეტები ათჯერ მცირეა წინასწარ ნავარაუდევზე. ამიტომ გაუგებარია, რა დეფიციტი უნდა გვქონდეს, მით უფრო, რომ ამ რაკეტების შესაქმნელი ქარხნები 24/7 მუშაობენ. ასევე მივიღეთ ამერიკული რაკეტები... ასე რომ, დეფიციტი არ არსებობს...
- უკვე კვირაზე მეტია მსოფლიო ყურადღებით აკვირდება ირან-ისრაელის ომს. რეგიონის მეზობელი ქვეყნების რეაქცია ან ძალიან სუსტია, ან საერთოდ არ გამოხატულა. რას გვეტყვით არაბული სამყაროს რეაქციაზე?
- არაბული სამყაროს რეაქცია სრულიად მოსალოდნელი იყო. ისინი ინტერესით აკვირდებიან მოვლენებს და ხელს იფშვნეტენ, ვისი გვეშინოდა ამდენ ხანს, ეს არის დიადი ირანიო?
აღმოჩნდა, რომ ამ "ძლევამოსილ" ირანს პატარა ისრაელი რამდენიმე დღეში გაუსწორდა... გააკეთეს რაღაც განცხადებები, გაგზავნეს რაღაც ნოტები და ამით ამოიწურა მათი რეაქცია. დარწმუნებული ვარ, კულუარულად კმაყოფილიც არიან იმით, რაც ხდება, შესაძლოა ისრაელის მადლიერიც კი.
თურქები ცოტა მეტს ლაპარაკობენ, ფაშისტური რესპუბლიკაო, ისრაელზე განაცხადა ერდოღანმა, მაგრამ ამ რიტორიკაზე ყურადღებას არ ვამახვილებთ. მას სურს იყოს ახალი ირანი ახლო აღმოსავლეთში, ახალი ჰეგემონი, მაგრამ ვიდრე ისრაელი არსებობს ახლო აღმოსავლეთში, ვერც ერთი ჰეგემონი თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს.
ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ პარტნიორობა, სწორედ ამ გზით წავიდნენ არაბული სამყაროს მონარქიები - საამიროები, საუდის არაბეთი... ყველა ჩვენთან ნორმალურ დამოკიდებულებაშია, შესაბამისად, ყველას ყველაფერი ნორმალურად აქვს. ვინც ჩვენ დაგვიპირისპირდება, დიდხანს იტირებს...
რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი, ამის თქმა არ შემიძლია, ყოველ შემთხვევაში, ამ ყველაფრიდან ირანი ძალიან, ძალიან დასუსტებული გამოვა... ჩემი შეფასებით, ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ახლა ქმნის შეკავების ახალ მექანიზმებს, რაც უახლოეს მომავალში წარმატებით იმუშავებს.…