"ვანო ჩვენგან 19 კილომეტრის მოშორებით იყო. დამიკავშირდა, მითხრა, რომ ცუდად იყო. დახმარება მთხოვა" - რას ამბობენ უკრაინაში გარდაცვლილ ვანო ნადირაძეზე ახლობლები - კვირის პალიტრა

"ვანო ჩვენგან 19 კილომეტრის მოშორებით იყო. დამიკავშირდა, მითხრა, რომ ცუდად იყო. დახმარება მთხოვა" - რას ამბობენ უკრაინაში გარდაცვლილ ვანო ნადირაძეზე ახლობლები

უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. იგი წლებია უკრაინელებთან ერთად იბრძვის წინა ხაზზე და უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართულ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ძალიან ხშირად გვაწვდიდა ჟურნალისტებს იქ არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას. როგორც მისი ერთ-ერთი თანამებრძოლის მიერ გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, მოულოდნელად ცუდად გახდა და სამწუხაროდ მისი დახმარება სასწრაფოს ბრიგადამ ვეღარ შეძლო.

"მეგობრებო ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, ჩვენი თანამებრძოლი და ახლო მეგობარი ვანო ნადირაძე დაიღუპა. ვანო ჩვენგან 19 კილომეტრის მოშორებით იყო. დამიკავშირდა, ლოკაცია ჩამიგდო და მითხრა, რომ ცუდად იყო. დახმარება მთხოვა. პირველი რაც გავაკეთე, დავურეკე სასწრაფოს, რომ ამ ლოკაციაზე მოსულიყო, ჩვენც წამოვედით, მაქსიმალური სისწრაფით ვიარე მეგობრებთან ერთად, მაგრამ რომ მოვედით ვანო გაირდაიცვალა სამწუხაროდ. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს, თანამებრძოლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, სიტყვები არ მყოფნის,"- ამბობს მისი თანამებრძოლი ვიდეომიმართვაში.

სოციალური ქსელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით.

"ბატონო ვანო, როგორ მინდოდა რომ შეგხვედროდით გათავისუფლებულ საქართველოში... ვფიცავ, რომ ვიდრე ცოცხლები ვართ,საქართველოს ვერავინ დაიპყრობს! ჩვენ თუ მოგვკლავენ, ჩვენი სისხლიდან მრავალი ათასი მებრძოლი აღმოცენდება! გვიპრდებით, რომ სამოთხიდან თქვენ მალე იხილავთ გაბრწყინებულ და წყვდიადისაგან გათავისუფლებულ საქართველოს"- წერს კიდევ ერთი ახლობელი.

ჩვენ დავუკავშირდით მის კიდევ ერთ თანამებრძოლს, ნადიმ ხმალაძეს.

"რა უნდა ვთქვა, გულის შეტევაა მიზეზი, გული არ აწუხებდა როგორც ვიცი. რა და როგორ მოხდა, არ ვიცი. უცებ გარდაცვლილა. ძალიან დიდი ქართველი დააკლდა ჩვენს ქვეყანას და უკრაინასაც, ასევე ჩვენს ბიჭებს უკრაინაში. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით. დიდება გმირებს",- გვითხრა ნადიმ ხმალაძემ.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

(სპეციალურად საიტისთვის)