„ხელისუფლებას ვერ მოუგებ, თუ მოსახლეობის 80% არ იქნება შენს მხარეს და ხელისუფლება შიგნიდან არ დაინგრევა“
ბოლო პერიოდში სულ უფრო მწვავდება ქვეყანაში პროცესები, დაწყებული სასამართლოებით, დაკავება-დაჯარიმებებით დამთავრებული. სადამდე შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი და რა ფორმები შეიძლება მიიღოს, ამ საკითხებზე პოლიტიკის ანალიტიკოსებს, დავით ზურაბიშვილსა და ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.
დავით ზურაბიშვილი: - ძალიან ხელოვნურია ის ანალოგი, რომ რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ მივდივართ. აქ ყველაფერს რუსულს ეძახიან და ამ თვალით თუ შევხედავთ, კი, რუსეთში სულ ცუდი ხდება, მაგრამ რუსეთი ცოტა სხვა ტიპის სახელმწიფოა... ჩვენთან ნამდვილად მიდის საქმე დიქტატურისა და ავტორიტარიზმის კონსოლიდაციისკენ, უკვე ძალიან ღრმად შეტოპა ხელისუფლებამ, მაგრამ მე ძალიან მეეჭვება ჩვენთან სტაბილური დიქტატურა დამყარდეს. ეს წარმოუდგენელი მგონია რამდენიმე მიზეზის გამო. ერთია თვითონ საზოგადოება. არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა, რომ ქართველი ხალხი დემოკრატიასა და ტოლერანტობაზეა გადამკვდარი, მაგრამ განსაკუთრებით ახალი თაობისა და პრინციპში, საშუალო თაობის დიდი ნაწილისთვისაც, იმასთან, რასაც ამკვიდრებს "ქართული ოცნება", შეგუება შეუძლებელია. შეუძლებელია მოერგო ინტელექტისგან სრულიად დაცლილ შეთქმულების თეორიებს. წარმოუდგენელია დაიჯერო, რომ რაღაც დიფ სთეითი გვებრძვის და რომ არ მოგვერიოს, მაინცდამაინც "ქოცები" უნდა იყვნენ ხელისუფლებაში.
- მაგრამ "ოცნების" მხარდამჭერთა დიდ კატეგორიას ამის სჯერა...
- მათ მხარდამჭერებშიც არიან ადამიანები, ვინც რაღაც კონფორმიზმზე მიდიან, მაგრამ "ოცნება" უკვე ისეთ დონეზეა, ვერ მოერგება ეს ხალხი, აღარ იქნება მათთვის მისაღები. მეორე მხრივ, რაც ავტორიტარიზმისა და დიქტატურისთვის დამახასიათებელია, ყველაფერი კეთდება - აშთობენ არასამთავრობო სექტორს, დამოუკიდებელ მედიას, პოლიტიკურ ოპოზიციას. ხელისუფლება ცდილობს ისინი განდევნოს პოლიტიკური ცხოვრებიდან, ქვეყანაში არ არსებობდეს არც ოპოზიცია, არც დამოუკიდებელი მედია, არც არასამთავრობო სექტორი. თუ ვინმეზე იტყვი "მონას", ან გაჯარიმებენ, ან გიჭერენ - მეტი დიქტატურა რაღა უნდა იყოს?! ასე საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა. მაშინ გაცილებით სტაბილური სისტემა იყო, ფუნქციები დანაწილებული, იცოდი, რა შეიძლებოდა და რა არა. ეს მოქალაქეების დიდ ნაწილს გაცნობიერებული ჰქონდა იმ საყოველთაო სიყალბის და კორუფციის ფონზე. ასეთი სისტემა შეუძლებელია პატარა სახელმწიფოში ააშენო.
რა შორსაც არ უნდა წავიდეს რუსული მიმართულებით ხელისუფლება, არა მგონია, რომ ჩვენ რუკაზე ფერი დავკარგოთ, გავხდეთ რუსეთის ფედერაციის ნაწილი, როგორც მაგალითად, დონბასი. კი, მარიონეტობა გვემუქრება, თუმცა ამის შემაკავებელი საერთაშორისო კონიუნქტურაა.
ეს რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის, ევროპისა და ამერიკისთვისაც, ოღონდ ახლა უფრო მეტად ირან-ისრაელის კონფლიქტის და არა იმდენად ევროპის კონტექსტში. ჩვენ ევროპად არ აღგვიქვამენ. ტრამპის ადმინისტრაცია ნაკლებად გვიყურებს როგორც ევროპას, უფრო ახლო აღმოსავლეთად განგვიხილავენ, მაგრამ ეს ახლო აღმოსავლეთი მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ აქ რომ ყველაფერი რუსეთს აჩუქონ, გამორიცხულია, მაგრამ მაქვს არცთუ მთლად ოპტიმისტური განწყობა, რომ რაღაცები ხელისუფლებასა და ხალხს შორის შეჯახებით დამთავრდება. ეჭვი მაქვს, შეიძლება უფრო სასტიკი შეტაკებები მოხდეს, ვიდრე აქამდე იყო, იმიტომ, რომ ხელისუფლების ქმედებები ნორმალურ ლოგიკაში არ ჯდება.
- რა შეიძლება გახდეს ამ შეჯახების კატალიზატორი?
- კობახიძის პრემიერობამდე ხელისუფლება ორთქლის გამოშვებაზე მეტ-ნაკლებად არ ამბობდა უარს, რომ ხალხის აღშფოთებული ტალღა ჩაექრო. რაც კობახიძე გახდა პრემიერი, "ოცნება" აბსოლუტურად გადასულია "ნაცმოძრაობის" ტალღაზე, არაფერს თმობს და ყოველ წინააღმდეგობას მეტი რეპრესიული ზომით პასუხობს, იგონებს რაღაც კანონებს, მექანიზმებს, როგორმე გაგვაჩეროს, ჩაგვაგდებინოს ენა. მთლად არ გამოსდის, მაგრამ არ ჩერდება...
- რა შეიძლება ამას მოჰყვეს.
- მოჰყვება ის, რაც მოჰყვა "ნაცების" დროს. "ნაცებს" ასეთი პოლიტიკა რომ არ ჰქონოდათ, არაფერში დათმობა და არც ერთი ნაბიჯი უკან და ყველაფერზე რეპრესიით პასუხი, 2007 წლის ნოემბრის აფეთქება არ მოხდებოდა.
როცა ხედავ უკმაყოფილების ზრდას და გამოსავალს არ აძლევ, ის გროვდება და მერე ე.წ. მოთმინების ფიალის ეფექტი დგება - როცა აივსება მოთმინების ფიალა, მერე ფეთქდება. ამის საბაბი შეიძლება ისეთი რაღაც გახდეს, რაზეც ახლა არავინ ფიქრობს.
ამის გამო შეიძლება ქუჩაში ორასი ათასი კაცი გამოვარდეს. დღეს რუსთაველი ყოველდღე რომ იკეტება, ამის წინააღმდეგ ხელისუფლება არაფერს აკეთებს. იქ ახლა იმდენი ხალხი იკრიბება, გზის გადაკეტვას რომ სჭირდება. ხელისუფლება ერიდება ფიზიკურად შეხებას იმიტომ, რომ ერთი-ორჯერ ასეთი რამ რომ მოხდა, უცბად მოაწყდა ათჯერ მეტი ხალხი - ანუ არ უნდათ დიდი აფეთქების გამოწვევა, მაგრამ, ამ სასამართლო პროცესებით, დაპატიმრებებით, დაჯარიმებებით აუცილებლად აავსებენ მოთმინების ფიალას.
ადრეც ვამბობდი, რომ თვითმმართველობის არჩევნები მათთვის მნიშვნელოვანი ნიშნულია. იმედი აქვთ, რომ არჩევნების მერე აღდგება მათი იმიჯი და ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაციის აღდგენა ისე ესმით, რომ მწვანე გზას მიიღებენ, რაც უნდათ, ის აკეთონ. ეს კი ვერ მოხდება, მაგრამ ის, რომ მათ არასოდეს არავინ დაელაპარაკება, ასეთი რამ არ იქნება. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს თვითმმართველობის არჩევნები როგორ ჩატარდება და რას იზამენ ოპოზიციური ძალები. თუმცა ხელისუფლება თუ ამ აგრესიულ პოლიტიკას გააგრძელებს, იმი მიუხედავად, ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა, სულ რომ დახოცოს ოპოზიციამ ერთმანეთი, ასეთი რეპრესიული მიდგომით, როდესაც უკმაყოფილება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, აფეთქება გარდაუვალია.
- "ოცნებას" თუ უნდა ამ არჩევნებში არ დაფიქსირდეს გაყალბება, მაშინ ისიც უნდა უნდოდეს, რომ ვიღაცამ ეს დააფიქსიროს და ამ დროს ეუთო/ოდირის მოწვევაზე უარის თქმა რას ნიშნავს?
- საერთოდ, თვითმმართველობის არჩევნებზე ეუთო/ოდირს ნაკლებად იწვევენ, არც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს მოუწვევიათ. რაც მთავარია, ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ შეუძლია არჩევნებზე დაკვირვება. შეუძლია, უბრალოდ, არ იწვევენ. სხვა რაღაცაა, როდესაც შენ იწვევ, და სხვა, როდესაც თვითონ გამოთქვამს სურვილს და შენ ეუბნები უარს. ესენი ამბობენ, ჩვენ არ მოვიწვევთო. ამიტომ ეს საკითხი, ჩემი აზრით, ზედმეტად გაიბერა და ბოიკოტის მომხრეებმაც ჩათვალეს, რომ ეს მათთვის კიდევ ერთი არგუმენტია.
- ბოლო დროს ხაზარაძე-გახარიას მიმართ განსაკუთრებით აგრესიულია ხელისუფლება.
- ხელისუფლებისთვის უკეთესია, თუ დომინაცია იქნება "ნაცური" ეგიდით, თუმცა "ნაცური" დომინაცია ამ შემთხვევაში კონკრეტულად "ნაცმოძრაობითაც" არ გამოიხატება, გამოიხატება ქმედებებით და იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც აქვთ. "ნაცური" პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც ბევრი უერთდება, და არა მხოლოდ "ნაცმოძრაობიდან" წამოსული პარტიები, ის არის, რომ ივანიშვილი 2012 წლიდან რუსული პროექტია და უნდა გავაგდოთ რევოლუციით. პრინციპში, "ლელოც" ამ ხაზზე იდგა, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი რომ გამოთქვა, ხელისუფლებას ეს მაინცდამაინც არ ესიამოვნა. არც ის, რომ გახარია აპირებს მონაწილეობას. მათ არ უნდათ არჩევნებში ბრძოლა, მათ თვითმმართველობის არჩევნებში ტრიუმფი უნდათ. იციან, რომ თბილისში ცუდად აქვთ საქმე. ის ლეგენდა, რომ ხელისუფლება რასაც უნდა, იმას დაიწერს, რაც ბოიკოტის მომხრეების მთავარი არგუმენტია, ჩვენი საარჩევნო სისტემის უცოდინარობაა. თუ ქართულ საარჩევნო სისტემას იცნობ, შეუძლებელია ასეთი აზრი გაგიჩნდეს, იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ საარჩევნო სისტემაში ეს არ გამოჩნდეს. ჯერ უბნის ოქმი უნდა აიღო, რომლის ასლი ყველას მიაქვს, მერე საოლქოში შეჯამდება და მიდის ცესკოში, რომელიც საბოლოოდ აჯამებს, და შენ თუ ეს ოქმები გაქვს და მერე ხელისუფლებამ დაიწერა ის, რაც უნდა, მის გაყალბებას დოკუმენტურად დაასაბუთებ. თუ ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ლეგიტიმაცია, მაშინ ცხადია, გაყალბება არ აწყობს. თუ პირდაპირ დაიწერა, რა შედეგიც უნდა, ოპოზიცია იყვირებს და გაყალბებული არჩევნების გამო მას ლეგიტიმაცია არ მიეცემა. ამიტომ ეს არგუმენტი ძალიან არასერიოზულია. მეორე მხრივ, თუ მოწადინებული არიან, რომ თბილისში იყოს არაპარტიული კანდიდატი, ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეიტინგები 66X25-ზეა. ასეთი დაბალი რეიტინგი ხელისუფლებას არასდროს ჰქონია, ოპოზიციის ჯამური რეიტინგი ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, სააკაშვილის დროსაც კი. "ოცნება" კი მიმართავს მანიპულაციასაც და გაყალბებასაც, მაგრამ
თუ ოპოზიციას ძლიერი კანდიდატი ეყოლება, არაპარტიული და საზოგადოებისთვის მისაღები, თუ ოპოზიციისა და ოპოზიციური ამომრჩევლის დიდი ნაწილი ჩაერთვება, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ძალიან რთულად ექნებათ საქმე, და ამისთვის აშკარად მზად არ არის.
ამიტომაც, ხაზარაძესა და გახარიაზე ზეწოლა ტყუილად არ გაძლიერებულა. ამას სწორედაც არჩევნებში მათ სავარაუდო მონაწილეობას ვუკავშირებ.
- მოცემული რეალობის გათვალისწინებით, "ოცნებისთვის" თბილისის წართმევა რამდენად არის შესაძლებელი?
- ბოიკოტის მომხრეები ძალიან აგრესიულად ლაპარაკობენ, თითქოს არჩევნებში მონაწილეობით რაღაც აპოკალიფსური ხდება. დავუშვათ, გავიმარჯვეთ და გვყავს ოპოზიციონერი მერი, ეს ნიშნავს, რომ ვეღარ გაიძახი, არიქა, ლაშქარი შევკრიბოთო. შენ უკვე გიწევს კონკრეტული მაგალითით დაარწმუნო თბილისის ამომრჩეველი და მერე ეს სხვებისთვისაც მაგალითი გახდება, რომ აჩვენო თბილისის უკეთესი მართვა. თბილისის უკეთეს მართვას თუ აჩვენებ, უფრო რეალური გახდება მთელი ქვეყნის საზოგადოებისგან რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა. მაგრამ, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობისთვის ეს ხალხი მზად არ არის, მათ მხოლოდ ის უნდათ, რომ დაუმტვრიონ თავ-ყბა ხელისუფლებას და დასხდნენ ისევ ხელისუფლებაში. მუშაობას ეს ხალხი მიჩვეული არ არის, წარმატება კი ნიშნავს იმას, რომ სამუშაო გექნება. ზოგჯერ შეიძლება თანამშრომლობამაც მოგიწიოს. აბა, სხვანაირად როგორ? ბიუჯეტია დასამტკიცებელი და ეს დაპირისპირებას არ გულისხმობს. ოპოზიციონერი მერი და საკრებულოში ოპოზიცია ნიშნავს, რომ მუშაობა შეუძლებელი იქნება, თუ რაღაცებზე შეთანხმება არ მოხდა. ამას გულისხმობს ოპოზიციის გამარჯვება და ამისთვის, მგონი არავინ არ არის მზად.
ოპოზიციის გამარჯვება შეცვლიდა პოლიტიკურ კლიმატს. ოპოზიციამ ეს იცის, მაგრამ რაღაც ნაწილი იმიტომ ეწინააღმდეგება, რომ არ სურს რადიკალური დაპირისპირების რეჟიმიდან გამოსვლა.
ფაქტია, ხელისუფლებას ვერ მოუგებ, თუ მოსახლეობის 80% არ იქნება შენს მხარეს და ხელისუფლება შიგნიდან არ დაინგრევა. ამ კონდიციამდე ეს ხალხი ჯერ არ არის მისული. თუ ხელისუფლებას რეპრესიებით უნდა პროტესტის ჩახშობა, ეს ყველა ვარიანტში რევოლუციას გამოიწვევს. შენ იმ რადიკალური დაპირისპირების რეჟიმს არ უნდა ებღაუჭებოდე, რომელიც დღეს არანაირ ხელშესახებ წარმატებას არ გაძლევს, და არათუ არ გაძლევს, პირიქით, ხელისუფლებას სიცოცხლეს უხანგრძლივებს.
„ბევრი ოპოზიციონერი, რომლებიც ბოიკოტზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში ასე არ ფიქრობენ“
ირაკლი მელაშვილი: - დღეს რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, პოლიტიკური კრიზისია. ამის ნიშანია, რომ პარლამენტში მხოლოდ ერთი პარტიაა წარმოდგენილი, ოპოზიცია არ შედის პარლამენტში და არ აღიარებს არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს. პოლიტიკური კრიზისია ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მოთხოვნებით ყოველდღე ასიათასობით კაცი იკრიბება, პოლიტიკური კრიზისია იმიტომ, რომ სახელმწიფო დასავლეთისგან, ფაქტობრივად, პოლიტიკურად იზოლირებულია და საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს დასავლეთთან დიალოგის გაბმას და პარტნიორული ურთიერთობის გაგრძელებას, თუ არ ჩავთვლით აშშ-დან და ევროპიდან ორბანისა და საშუალო თუ დაბალი დონის ჩინოვნიკების ვიზიტს. არ არის არანაირი დიალოგი, კავშირი ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ოპოზიციას შორის. არადა, თვითმმართველობის არჩევნები მოდის და ისიც კი არ არის გარკვეული, ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას თუ არა. ეს ყველაფერი პოლიტიკური კრიზისის უტყუარი ნიშნებია და ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის პრობლემა. ეს ხელისუფლების პრობლემაც არის, იმიტომ, რომ გვესმის მუდმივი გაფრთხილებები, რომ მზადდება რაღაც სანქციები, გვესმის განცხადებები, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლების, ასევე ევროპის დიდი ქვეყნების პირველი პირების, გერმანია იქნება თუ საფრანგეთი. რომ არაფერი ვთქვათ ოფიციალურ ვაშინგტონზე, სადაც "ოცნების" მთავრობას არ განიხილავენ როგორც პარტნიორებს, მიაჩნიათ, რომ "ქართულმა ოცნებამ" უღალატა დემოკრატიის გზას და ამ ქვეყნის ევროპულ არჩევანს. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც მოხდა - ნატოს ბოლო შეკრებაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოს შესახებ, რაც დაახლოებით 25 წელია, არ მომხდარა.
- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ეს და რამ შეიძლება გადაჭრას ეს პრობლემა?
- ბევრი რამ დამოკიდებულია პოლიტიკურ ძალებზე, თუ რამდენად მოვა ჭკუაზე ხელისუფლება. მე ამის დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ მცირე იმედი მაქვს, რომ ჭკუაზე მოვა ოპოზიცია. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა ოპოზიცია ქვეყანაშიც და მის საზღვრებსგარეთაც დაანახოს საზოგადოებას, ადგილობრივსაც და საერთაშორისოსაც, რომ ქვეყანაში, "ქართული ოცნების" გარდა, არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შეუძლიათ პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვა, აქვთ პასუხისმგებლობა და ძალა, რომ ხელისუფლება შეცვალონ და ქვეყანა დააბრუნონ ევროპული განვითარების გზაზე. თუ ეს არ მოხდა, იმედი იმისა, რომ ხელისუფლება თავისთავად ჩამოიშლება - და ვისმენ კიდეც ასეთ რაღაცებს - რომ ვერ გაუძლებენ, გაიქცევიან და ოპოზიციას გადაულოცავენ არჩევნების ჩატარებას და ა.შ., არა მაქვს. თუ არაფერი შეიცვალა, შეიძლება ასეთი ვითარება 2028 წლამდეც გაგრძელდეს და 2032 წლამდეც. რა უშლის ხელს? რაც ახლა ხდება, აწყობს ხელისუფლებას. კი ბატონო, არის აქციები, რაც მათ დისკომფორტს უქმნის, ვინაიდან დამატებით მიზეზებს აძლევს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაამკაცროს "ოცნების" მთავრობის წევრებთან ურთიერთობის პოლიტიკა, ოღონდ რეალისტები უნდა ვიყოთ, ახლა რაც ხდება, "ოცნებისთვის" არ წარმოადგენს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. მათ არ აღელვებთ, რას ფიქრობს მათზე ხალხი, რეიტინგი აქვთ თუ არა, ძალაუფლებას ინარჩუნებენ და მეტ-ნაკლებად ყველაფერი კარგად არის. ყველაზე მომგებიანი ხელისუფლებისთვის ის არის, რომ ოპოზიცია მასთან ბრძოლით კი არ არის დაკავებული, არამედ ერთმანეთს ებრძვის და ვერ შეთანხმებულა ვერც ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. მდგომარეობა რომ შეიცვალოს, ოპოზიციამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას, დააყენოს მკაფიო, ყველასთვის გასაგები და ადვილად ასახსნელი პოლიტიკური მოთხოვნები, სამოქმედო გეგმა უნდა გქონდეს. ოპოზიციას წარმოდგენა არა აქვს, ხელისუფლება როგორ დაათმობინოს ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილს ერთადერთი, რამაც შეიძლება პოლიტიკა შეაცვლევინოს, არის საფრთხე, რომ იმას, რასაც აკეთებს, თუ არ შეცვლის, მისთვის უარესი იქნება. ის კი ჯერ ვერ ხედავს ამას.
მსოფლიოს ახლა არ სცალია საქართველოსთვის, საქართველოს შიდა პოლიტიკა მეათეხარისხოვანი პრობლემაა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის, იმიტომ, რომ არის ირან-ისრაელის კონფლიქტი, უკრაინის ომი და კიდევ უამრავი სხვა პრობლემა ახლო აღმოსავლეთში, სხვა რეგიონებშიც. ივანიშვილი კი სარგებლობს იმით, რომ ახლა არა ვართ ყურადღების ცენტრში და ცდილობს რეპრესიებით, ხალხის დაშინებით არ დაუშვას ისეთი კონფიგურაციის შექმნა ოპოზიციაში, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მის ძალაუფლებას. ახლა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს ოპოზიციის ერთიანი ფრონტით გასვლა თბილისის არჩევნებზე, და ის, რომ მან შეიძლება თბილისის მერის პოსტი წააგოს. ბოლო გამოკითხვამ ხომ აჩვენა, რომ თბილისში "ოცნების" რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა - 25%-ია, ხოლო ოპოზიციის - ჯამში 66%, ანუ სხვაობა 41%-ია. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც თბილისის მერი არჩევითი და ყველაზე მაღალი სახელმწიფო ლეგიტიმაციის ფიგურაა სახელმწიფო მართვის სისტემაში, ივანიშვილს ეშინია ოპოზიციის გაერთიანების, რომ არჩევნები არ წააგოს. ფაქტობრივად, როგორც კი გაირკვა გამოკითხვის შედეგები (ცხადია, თვითონაც ატარებენ გამოკითხვებს და კარგად იციან, რომ თბილისში მათი რეიტინგი დაბალია), რომ ოპოზიციაში სერიოზულად დაიწყო დისკუსია, მიიღონ თუ არა მონაწილეობა არჩევნებში, მაშინვე გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, რაც დამატებით არგუმენტებს აძლევს იმ ძალებს, რომლებიც გაიძახიან, არჩევნებს ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთო. ხელისუფლება, რომელმაც დაიწყო დაჭერები, აამუშავა რეპრესიული მანქანა არასამთავრობო სექტორის, მედიის წინააღმდეგ, იმ დროს, როდესაც მიმდინარეობს მსჯელობა გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციამ არჩევნებში მიიღოს თუ არა მონაწილეობა, ბოიკოტის მომხრეთა პოზიციას რომ აძლიერებს, ამას თუ ვინმე ვერ ხვდება, ან ძალიან მიამიტები არიან, ან არ ესმით, რა ხდება ქვეყანაში.
ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში მიზანმიმართულად მუშაობს ისეთი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, რაც დაეხმარება ძალაუფლების შენარჩუნებაში. ივანიშვილის ტაქტიკა ყოველთვის მომართულია იმაზე, რომ ახლა რაც მწვავე საკითხია, ის მოაგვაროს, რათა ძალაუფლება არ დაკარგოს. ახლა თვითმმართველობის არჩევნებია? მაშინ ეს საკითხი უნდა გადაჭრას. მერე დაიწყებს ფიქრს სხვა თემებზე. ახლა კი აქვს გადასაჭრელი ის, რომ მიიღოს ზუსტად ის კონფიგურაცია ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც მას სჭირდება, მას კი სჭირდება დაშლილი ოპოზიცია, ნაწილი ბოიკოტით და ნაწილი - არჩევნებზე წასული. ამ შემთხვევაში მას იმედი აქვს, რომ ადვილად დაამარცხებს ოპოზიციას.
ივანიშვილის შეხედულება ასეთია - რაც უფრო მეტ რეპრესიას ჩაატარებს, მით უფრო მეტად გაძლიერდება საზოგადოებაში განწყობა, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არა აქვს. მთავარი მხოლოდ მონაწილეობა ხომ არ არის, მთავარი საზოგადოების ხმებია. ასეთ ვითარებაში კი მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მკაფიო პოზიცია დაიკავონ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ივანიშვილი არ შეაჩერებს რეპრესიებს, სანამ ის ფიქრობს, რომ ამით აიძულებს ოპოზიციას არჩევნებზე უარის თქმას. რეპრესიები შეიძლება გაჩერდეს მას შემდეგ, რაც ივანიშვილი დაინახავს, რომ ამით მიზანს ვერ აღწევს.
- ივანიშვილი რეპრესიებს არ აჩერებს, ბოიკოტის მომხრე ოპოზიცია ვერა და ვერ მიხვდა, რომ ერთიანი მონაწილეობა რაღაც გამოსავალია. ამ სიტუაციაში სადამდე მივალთ?
- თუ ერთიანობა არ იქნება, არჩევნებში ოპოზიცია დამარცხდება და დაიწყება ძალიან ბევრი პოლიტიკური ძალის სერიოზული მარგინალიზება. მერე, ალბათ, ახალი პოლიტიკური კონფიგურაციები უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც უფრო სიცოცხლისუნარიანი იქნება, ვიდრე ის, რაც ახლა არის. თუ ამ პირობებში, როდესაც, ფაქტობრივად, პოლიტიკური სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, ოპოზიცია ვერ ახერხებს შეთანხმებას, ერთიანი ფრონტის შექმნას, მიიღებენ იმას, რომ ოპოზიცია დაკარგავს საზოგადოების მხარდაჭერას.
- მათი მარგინალიზებაც მოხდება, ვინც მონაწილეობას მიიღებს?
- გააჩნია, ისინი, ვინც აპირებს მონაწილეობას, რამდენად შეძლებენ კოორდინირებულად გასვლას. გააჩნია, რას და როგორ გააკეთებენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრად ჯობს, ოპოზიცია ერთიანად წავიდეს არჩევნებზე. ოთხივე პარტია შეთანხმდეს მერობის კანდიდატზე, მიიღონ მონაწილეობა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია, დიდი ალბათობით, გაიმარჯვებს. მაგრამ, მაგალითად, თუ მხოლოდ ორი წავიდა, რაც დღეს იკვეთება, ცხადია, გამარჯვების უფრო მცირე შანსი აქვთ. თუმცა ამ ორის ჯამური რეიტინგიც მეტია "ქართული ოცნების" რეიტინგზე, თუმცა მაინც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადმინისტრაციული რესურსი და გაყალბებები გადაფაროს. დიდი ძალისხმევა დასჭირდება, დიდი ორგანიზაციული და ფულადი რესურსი იმას, რომ ოპოზიცია წინ აღუდგეს ამ ხელისუფლების გაყალბების ცდებს. მთავარია, საზოგადოების დარწმუნება, რომ მოვიდნენ არჩევნებზე. როცა ნაწილი მონაწილეობს, ხოლო ნაწილი - არა, ეს საზოგადოების ფრუსტრაციას იწვევს. საზოგადოებას არ ექნება რწმენა, რომ მოგება შესაძლებელია. ასეთ პირობებში გამარჯვება ძალიან ძნელია.
- ხაზარაძის ბოლო შეთავაზება, ალბათ, ყველაზე სწორი იყო და ოპოზიციის ნაწილს ასეთი უარყოფითი რეაქცია რატომ ჰქონდა? ეს ხდება იმიტომ, რომ საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ არ უნდათ წასვლა თუ მართლა ბოიკოტი ჰგონიათ გამოსავალი?
- ოპოზიციის დიდი ნაწილი საკუთარი მცდარი მესიჯების ტყვეა. ვიცი, რომ ბევრი ოპოზიციონერი, რომლებიც დღეს ბოიკოტზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში ასე არ ფიქრობს. მათ ძალიან კარგად იციან, თუ რა პლუსები აქვს არჩევნებში მონაწილეობას, რომ მონაწილეობაზე უარი შეცდომაა, მაგრამ იმ გარემოს ტყვეები არიან, რომელიც მთელ ამ პერიოდში შექმნეს, როდესაც მუდმივად გაიძახოდნენ, ბოიკოტი, ბოიკოტიო. ან ყველამ ერთად უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილება და საზოგადოებას უთხრან ეს ყველაფერი, ან უნდა გაჯიუტდნენ, დარჩნენ იქ, სადაც არიან, და თქვან, ჩვენ სიტყვა არ გავტეხეთ, პრინციპებს არ ვუღალატეთო. ჩემი აზრით, ეს მარცხის ფორმულაა და თუ გაიგებს ოპოზიცია, ძალიან კარგი იქნება.
ახლა რეალურად "ლელო" და გახარიას პარტია ჩანს ის ფუნდამენტი, რომელმაც რაღაც უნდა გააკეთოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ დაიწყონ პროცესი, მიაღწიონ შეთანხმებას და აჩვენონ საზოგადოებასაც და სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც მაგალითი იმისა, რომ შეთანხმება შესაძლებელია. ეს პოლიტიკურ პროცესს უთუოდ წაადგება. დღეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს, გარდა ოპოზიციის მიერ ერთმანეთის ლანძღვა-გინებისა. ხელისუფლება ცალკეა, იღებს რეპრესიულ კანონებს, ატარებს რეპრესიებს და ქვეყანაში მეტი არაფერი ხდება.
ოპოზიციამ რაღაცით იმედი უნდა გაუჩინოს ხალხს და ეს შეიძლება იყოს ოპოზიციური პარტიების შეთანხმება. ამან შეიძლება გააჩინოს იმედი, რომ ცვლილებები არჩევნების გზით შესაძლებელია. თუ ეს პროცესი დაგვიანდა, თუ ეს გადაიდო, კიდევ უფრო უარეს ფრუსტრაციას წარმოშობს. ხალხი დაინახავს, რომ ვინც არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას, ისინიც კი არ არიან მზად შეთანხმების მისაღწევად.
- მხოლოდ გახარია და "ლელოს" აქვთ იმის რესურსი, რეგიონებს სულ რომ თავი დაანებონ და მხოლოდ თბილისზე გააკეთონ კონცენტრირება, შეთანხმება და თბილისის მოგება შეძლონ? ან ვინ წარმოგიდგენიათ ასეთ კანდიდატად?
- თუ პროცესი დაიწყო და სწორად წარმართეს, მათ ბევრი შეუერთდება. საინტერესო იყო ამ კვლევის შედეგები - "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლის 43% მომხრეა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ვინც ბოიკოტს ემხრობა, ხომ ყველაზე რადიკალური ფრთაა? თუ სწორად გამოიყენეს ქუჩაც, სხვა ელემენტებიც, სწორი მესიჯები ექნებათ, შესაძლოა ამანაც მოიტანოს შედეგი. ცხადია, ეს ბევრად რთულია, ვიდრე 4 პარტიის ერთად გასვლა არჩევნებში და კიდევ სხვა პარტიების დამატება, ფედერალისტები იქნებიან თუ სხვები, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეს შეუძლებელი არ არის. ამ ორის მიერ პროცესის დაწყებამ შესაძლოა უფრო ფართო კოალიცია წარმოშვას. კონკრეტულ კანდიდატებზე კი ახლა ლაპარაკს აზრი არა აქვს. ყველაზე კარგი კანდიდატი იქნება ის, ვისზეც შეთანხმება იქნება შესაძლებელი.
რუსა მაჩაიძე