"აფეთქებული" მსოფლიო, გეოპოლიტიკური დაუსჯელობის სინდრომი და ქართული "გამიშვი-გამატარე"
საქართველოს გარშემო ორი დიდი ომია - აქეთ რუსეთ-უკრაინა, იქით ირან-ისრაელი. წესით, ასეთ დროს ერიც და ბერიც ერთიანი უნდა იყოს, უნდა მიმდინარეობდეს დისკუსიები, თუ როგორ გაძლიერდეს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემა (ჯარით დაწყებული და სპეცსამსახურებით დამთავრებული), რა სცენარების განვითარებაა მოსალოდნელი, რისთვის ვართ მზად და რისთვის არა... თუმცა დაკავებული ვართ ურთიერთლანძღვა-გინებით, სუპერპოლარიზაციითA და კუდიანებზე ნადირობით. ძალიან არ მინდა 90-იან წლებთან პარალელის გავლება, მაგრამ მაშინაც ასე იყო - როდესაც გარშემო მსოფლიო იცვლებოდა და ახალდაბადებული ქართული სახელმწიფოს წინაშე უამრავი გამოწვევა იდგა, ჩვენ აქ, რუსთაველზე, ერთმანეთს ვხოცავდით. როგორც ჩანს, გერბზე "ძალა ერთობაშია" მხოლოდ სილამაზისთვის გვიწერია. თუ ვინმე ფიქრობს, ან "იქითა მხარეს" ან "აქეთა მხარეს", პოლიტიკური კრიზისი ქვეყანას არ ასუსტებს, ძალიან ცდება. ასუსტებს და პარალელურად, ასრულებს ნელი მოქმედების ნაღმის ფუნქციას, რომელიც როდის "აფეთქდება", არავინ იცის. ამის პარალელურად, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა ხდება მსოფლიოში.
ისრაელ-ირანის ომი როდის დასრულდება და რა შედეგით, არავინ იცის. ბირთვული კატასტროფა ისე ახლოსაა, როგორც არასოდეს: რუსეთ-უკრაინის ომი უფრო სასტიკი გახდა; მეზობელი თურქეთი, რუსეთთან ერთად, მხარს უჭერს ირანს და პარალელურად, თავად ებრძვის სირიაში სხვადასხვა დაჯგუფებას; ნატო და ევროპული ქვეყნები რუსეთთან ომისთვის ემზადებიან - მხოლოდ რიტორიკის დონეზე არა, უკვე საქმით; სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ დადებულა; ინდოეთი და პაკისტანი ერთმანეთთან საომარ მდგომარეობაში არიან; ჩინეთი ტაივანს "უღრენს"; იქით კორეის ნახევარკუნძულზე დაიძაბა სიტუაცია, რადგან კიმ ჩენ ინს მოუნდა პროვოკაციულად რაკეტების გაშვება...
მთავარი ის არის, რომ მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს - პლანეტა ლამის შუა საუკუნეების მოდელს დაუბრუნდა: ვისაც ძალა ერჩის, შეუძლია მეზობელს ტერიტორიის ნაგლეჯი წაართვას. სწორედ ეს ანუ გეოპოლიტიკური დაუსჯელობის სინდრომი არის იმის წინა პირობა, რომ მსოფლიოში ახალ-ახალი კონფლიქტები გაჩნდეს. ფაქტობრივად, ნახევარი ნაბიჯი გვაშორებს მესამე მსოფლიო ომამდე - თუმცა ბევრი საერთაშორისო ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს ომი უკვე დაწყებულია და ინტენსივობა თანდათან მოიმატებს. და ამ დროს ჩვენ რითიც ვართ დაკავებული, ზემოთ უკვე ვთქვით... ჩვენს ქვეყანას საფრთხე რომ დაემუქროს, ძალიან ცუდი სცენარებით განვითარდება მოვლენები, ყველაფერი უკან მოგვრჩება და მერე ვარჩიოთ მტყუან-მართალი და ვიცეთ თავში ხელები...
პოლიტიკური კრიზისის დაძლევა უკვე ეროვნული მნიშვნელობის ამოცანად იქცა. თუ ნება იქნება, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ამის თაობაზე 2 მაისს ვწერდით სტატიაში "გამოსავალი ანუ ორი გზა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად - პლებისციტი თუ ადგილობრივი არჩევნები?!". შეგახსენებთ ეპიზოდს ამ სტატიიდან:
"ვფიქრობთ, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური გზა 2025 წლის ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად, პლებისციტის ჩატარებაა.
პლებისციტი პრემიერ-მინისტრმა უნდა დანიშნოს. ასეთ შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში მოქალაქეებს პარტიების ჩამონათვალთან ერთად, დახვდებათ კითხვა (პირობითად): "გსურთ თუ არა, რომ უახლოეს 6 თვეში საქართველოში ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები?" დადებითი პასუხის შემთხვევაში, ხელისუფლებას მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუმცა ქულებს დაიწერს - კერძოდ, საკუთარი მოქალაქეებისა და დასავლეთის თვალში ის იქნება პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხალხს აზრი ჰკითხა და პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებიდან გამომდინარე, მიიღო გადაწყვეტილება.
თუ პლებისციტის შედეგების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ხალხს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ სურს, პოლიტიკური კრიზისი მაინც განიმუხტება. კერძოდ, ხელისუფლება დასავლეთიდან მიიღებს ლეგიტიმაციას, ოპოზიციას კი მოუწევს ბედთან შეგუება და მოემზადება მომავალი არჩევნებისთვის. საპროტესტო აქციებსაც მთავარი საფუძველი გამოეცლება.
ორივე შემთხვევაში, საქართველოში დაცხრება პოლიტიკური კრიზისი, ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს, რაც სახელმწიფოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აუცილებელია მხარეები პლებისციტის ჩატარების პირობებზე შეთანხმდნენ, რათა შედეგები გაყალბებისგან დაცული იყოს.
თუ "ქართული ოცნება" პლებისციტის სცენარს არ განიხილავს, მაშინ ინიციატივა ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აიღონ. ამისთვის საჭიროა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ერთიანი ფრონტით თუ ცალ-ცალკე (მაგრამ კოორდინირებულად) მათ შეუძლიათ ეს არჩევნები ერთგვარ არაოფიციალურ საყოველთაო რეფერენდუმად აქციონ და გასცენ პასუხი კითხვას - ვის უჭერს ხალხი მხარს?
თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე ოპოზიცია გავიდა, ამას ერთდროულად რამდენიმე შედეგი ექნება. პირველ რიგში, გამარჯვებულ ოპოზიციას, თავის მომხრეებთან ერთად და დასავლეთის მხარდაჭერით, უფრო გაუადვილდება დასუსტებული ხელისუფლების "დათანხმება" ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
თუნდაც ვერ დაითანხმოს... მაინც პოზიტიური იქნება, რომ ქვეყანაში დაგროვილი პროტესტი კონკრეტულ შედეგში აისახება. ნიჰილიზმი და უიმედობა უკან დაიხევს. ნათლად გამოჩნდება, რომ საზოგადოების განწყობას პარლამენტის შემადგენლობა არ შეესაბამება.
დასავლეთში დაინახავენ, რომ საქართველოში რეალური პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს და იქნებ გადავრჩეთ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და სხვა ისეთ პროცესებს, რაც ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციისკენ მიაქანებს.
რაც მთავარია, ასეთ შემთხვევაშიც ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება.
ასევე, გამოფხიზლდება ხელისუფლება, დაინახავს მოსახლეობის განწყობას და იგრძნობს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. შესაბამისად, პირველ ეტაპზე, ალბათ, ცოტათი მოთოკავს ძალოვნებს და შეეშვება "უცნაური" კანონების თავის ნებაზე ჭრა-კერვას. თუ ოპოზიციამ წააგო, ესეც პასუხი იქნება ზემოხსენებულ მთავარ კითხვაზე. ხელისუფლება დასავლეთისგან ლეგიტიმაციას მიიღებს, ოპოზიცია თავის შეცდომებზე იფიქრებს".
თქვენი მონა-მორჩილი დარწმუნებულია, რომ დღესაც ეს არის გამოსავალი, მაგრამ...
რა ხდება ოპოზიციაში?!
როდესაც ვსაუბრობთ პოლარიზაციაზე, მხოლოდ ხელისუფლება-ოპოზიციას არ ვგულისხმობთ. პოლარიზაციაა ოპოზიციაშიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობაზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ძალთა განლაგებას: "ლელოს" და გახარიას პარტიას არჩევნებში მონაწილეობა სურთ. "ნაცმოძრაობა", კოალიცია "ცვლილებებისთვის" და წვრილ-წვრილი პარტიები ("დროა", ზურა ჯაფარიძის "გირჩი" ბოიკოტს ემხრობიან). ჰოდა, მიმდინარეობს ხაზარაძისა და გახარიას დამუნათება.
თქვენი მონა-მორჩილის აზრით, ხაზარაძისა და გახარიას არგუმენტები აბსოლუტურად ლოგიკურია. გახარიას კონკრეტულ გეგმაზე არ უსაუბრია, თუმცა ხაზარაძემ ისაუბრა - დამოუკიდებელი (არაპარტიული) კანდიდატების შერჩევა, რომელსაც ოპოზიციური პარტიები მთელი თავიანთი ინფრასტრუქტურითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან. ხაზარაძემ ისიც თქვა, მზად არის იფიქროს ერთიან სიაზეც, ახალ ნომერზეც და ა.შ. გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათთვის მისაღებია ერთიანი ფრონტით გამოსვლა.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მხოლოდ გახარია და ხაზარაძე მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, დანარჩენები კი ბოიკოტის რეჟიმში დარჩებიან. ბოიკოტის მომხრეა სალომე ზურაბიშვილიც, რაც, სავარაუდოდ, დიდი პოლიტიკური შეცდომაა. თუმცა, თუ ხაზარაძემ და გახარიამ ძალისხმევა გააერთიანეს, აქვთ შანსი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დიდი ნაწილი მიიყვანონ საარჩევნო ყუთთან. მთავარია, ისინი დაარწმუნონ, რომ ამას აზრი აქვს. ასეთ შემთხვევაში, გახარია და ხაზარაძე შეძლებენ დამატებითი პოლიტიკური კაპიტალის დაგროვებას, ბოიკოტში დარჩენილები კი, სავარაუდოდ, დაადგებიან მარგინალიზაციის გზას.
ევროპარლამენტის რეზოლუცია
19 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით "მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე".
მზია ამაღლობელთან დაკავშირებით არაერთხელ დაგვიფიქსირებია ჩვენი პოზიცია - პატიმრობა უსამართლო და არაპროპორციული ზომაა. ასევე, არაერთხელ გვითქვამს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მედიის თავისუფლებას, რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული ჟურნალისტებსა და სხვა მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტები. ვთქვით ისიც, რომ მათე დევიძის განაჩენი უსამართლოა, ხოლო ოპოზიციის ლიდერების ციხეში გამოკეტვა კონტრპროდუქტიულია და უფრო ამძიმებს ქვეყანაში საერთო ვითარებას. თუმცა ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მოხსენიებულია, როგორც უკანონო პატიმარი (უკვე მერამდენედ). ვფიქრობთ, მზია ამაღლობელის, მათე დევიძისა და სააკაშვილის ერთ სიბრტყეში დაყენება ამაღლობელისა და დევიძის შეურაცხყოფაა. საქართველოში ფარულად შემოპარული სააკაშვილი უკანონო პატიმარია?! ბევრს არ მოსწონს "ქართული ოცნების" ხელისუფლება, მაგრამ ძალიან კარგად ახსოვთ, რას სჩადიოდა სააკაშვილის რეჟიმი და რა როლი ჰქონდა ყოფილ პრეზიდენტს იმ საქმეებში, რის გამოც ის გასამართლებულია - ერთი მეორეს ვერ გადაფარავს. როგორც ჩანს, ევროპარლამენტში ამის დანახვა არაფრით არ სურთ.
გიორგი კვიტაშვილი