როდესაც ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა, რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი
ამჯერად სამართლებრივ რჩევებს მოგცემთ იურისტი, საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, თსუ-ის სისხლის სამართლის მიმართულების დოქტორანტი გვანცა გურგენიძე.

მიწევს ჯარში წასვლა და არ მინდა, რადგან მყავს მოხუცი ბებია და მას ვუვლი. რა შემთხვევაში შეიძლება ჯარის გადავადება, კოლეჯში რომ ჩავაბარო, დამიცავს?
- წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საკითხი აქტუალური თემაა და დარეგულირებულია საქართველოს "თავდაცვის კოდექსით". დასახელებული კანონი ამომწურავად გაწერს გაწვევის გადავადების საკითხს და სხვა საფუძვლებს შორის კანონში აღნიშნულია, რომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა პირს გადაუვადდება, თუ იგი არის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული პროფესიული სტუდენტი, ხოლო გადავადება მოხდება შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე. თუმცა ამ ნორმის გამოყენებისას მხედველობაშია მისაღები, რომ გადავადება ამ საფუძვლით დასაშვებია მხოლოდ ერთხელ, თუ პირს ჯერ არ უსარგებლია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მსგავსი საფუძვლით. კერძოდ, თუ მანამდე სამხედრო სამსახურში გაწვევა გადავადებული არ ყოფილა სტუდენტის ან რეზიდენტის სტატუსის გამოყენებით.
გაქირავებული მაქვს კომერციული ფართი 2-წლიანი ხელშეკრულებით, აღმოჩნდა, რომ ჩემთან შეთანხმების გარეშე ჩემს ფართში მან სხვა შეუშვა, რადგან თვითონ ვერ ააწყო ბიზნესი. ეს ხალხი ახლა ორი თვეა ქირას არ იხდის, რა შეიძლება გავაკეთო?
- მსგავს სამართლებრივ ურთიერთობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იცნობს ქვექირავნობის სახით. დასახელებული გულისხმობს დამქირავებლის მიერ ნაქირავები ქონების მესამე პირზე გაქირავებას. მსგავს შემთხვევაში კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს გამქირავებლის თანხმობას ქვექირავნობაზე. დამქირავებელს არა აქვს უფლება, გაქირავებული ნივთი გამქირავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს. აღნიშნულიდან გამონაკლისი დასაშვებია საცხოვრებელი სადგომის ქვექირავნობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში მსჯელობის საგანია კომერციული ფართის ქირავნობა. შესაბამისად, ვინაიდან ქვექირავნობა არ განხორციელდა კანონის შესაბამისად, ბუნებრივია, გამქირავებელი არ არის ვალდებული დარჩეს ხელშეკრულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულება დადებულია 2 წლის ვადით. უფრო დეტალური ნაბიჯების დასაგეგმად, უმჯობესია იურისტთან კონსულტაცია, რათა მოხდეს ხელშეკრულების შეფასება და მისი შეწყვეტა.
ჩემი მეუღლე ეროვნებით არაბია, დროებითი ბინადრობის უფლების მოპოვებას ვცდილობთ, მაგრამ რამდენჯერაც შევიტანეთ განაცხადი, უარი მივიღეთ. ბავშვი მამის გვარზეა, ხელი მოწერილი გვაქვს საქართველოში. მის სახელზეა ბინაც. სულ ჰქონდა ქვეყანაში შემოსვლა-გასვლის პრობლემა, საათობით ველოდებოდით, როდის გაუშვებდნენ. ახლა ქვეყანაშიც არ შემოუშვეს. რა გამოსავალი არსებობს?
- მსგავს ვითარებაში გამოსავალია სასამართლოსათვის მიმართვა. უმჯობესია, აღნიშნული საქმის წარმოებისათვის მიმართოთ იურისტს. დამატებით ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე გაიცემა მუდმივი ცხოვრების ნებართვა და არა დროებითი ბინადრობის.
როგორ შეიძლება ქონების შეძენა აუქციონის გზით და რა რისკებს შეიცავს ასეთი ქონების შეძენა?
- არსებული აუქციონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ონლაინმისამართზე www.eauction.ge. რაც შეეხება დასახელებული გზით ქონების შეძენისას არსებულ რისკებს, უმჯობესია, კონკრეტული ქონების შემთხვევაში შეფასება მოხდეს ინდივიდუალურად. დიდი რისკი, რომლის თავიდან აცილებაც სურს მყიდველს, ეს არის აუქციონის ბათილობა. დასახელებულის მიზეზი უმეტესწილად შესაძლოა იყოს აუქციონის პროცედურული დარღვევებით ჩატარება. თუმცა, თუ აუქციონი იმართება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, მსგავსი ხარვეზის არსებობის შანსი მცირეა.
გარდა მსგავსი სამართლებრივი რისკებისა, აუცილებელია შეფასდეს პრაქტიკული რისკებიც, რამდენად მარტივი იქნება აუქციონის შედეგების აღსრულება. მაგალითად, თუ აუქციონზე შეიძენთ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ რაიმე ნივთს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ნივთზე საკუთრების მოპოვებაზე პრობლემა შეგექმნათ, მაგრამ სხვა სიტუაცია შეიძლება დადგეს, როდესაც აუქციონზე შეძენილია საცხოვრებელი ბინა. მსგავს შემთხვევებში შეიძლება პრობლემა შეიქმნას ძველი მესაკუთრის ბინიდან გაუსვლელობის გამო.
ვაპირებ ვუჩივლო დედამთილს, რომელიც მემუქრება და მაქვს მისი საუბრის ფარული ჩანაწერი, რომელიც მუქარის შემცველია. რამდენად აქვს ამ ჩანაწერს მტკიცებულების ძალა? აქვს გავლენები და მეუბნება, რომ მას ვერავინ დაიჭერს, რადგან მისი ძმისშვილი პროკურორია.
- თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს. თუმცა კანონი ასევე ადგენს, რომ ამ დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, რომელმაც ამ გზით მოპოვებული/შენახული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებს გადასცა და ჩადენილი/მოსალოდნელი სხვა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაცია ამ გზით მიაწოდა. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ დასახელებული ჩანაწერის საფუძველზე მიმართოთ სამართალდამცავ ორგანოებს, მათ კი შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, მტკიცებულების ფორმით უნდა დაურთონ სისხლის სამართლის საქმეს. იმ შემთხვევაში, თუ ეჭვი გაგიჩნდებათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის კონკრეტული თანამშომლების მიერ კანონის დარღვევის თაობაზე, შეგიძლიათ აცნობოთ შესაბამისი უწყების გენერალურ ინსპექციას.
როცა არასრულწლოვანია ბავშვი და ხდება სამკვიდროს გახსნა, შემდგომ რა პროცედურების გავლა მოგვიწევს?
- როდესაც არასრულწლოვანი არის მემკვიდრე და უნდა მიიღოს ქონება, ან ქონებიდან წილი, დასახელებული არ წარმოადგენს სამართლებრივ პრობლემას და სამკვიდროს გახსნისას მის საკუთრებაში დარეგისტრირდება შესაბამისი ქონება. თუმცა მხედველობაში უნდა იქონიოთ, რომ დასახელებული ქონების გასხვისება შეზღუდულია პირის სრულწლოვანებამდე. კერძოდ, თუ არასრულწლოვან პირს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, ავტოსატრანსპორტო საშუალება, ან 1000 ლარზე მეტი თანხის ღირებულების მოძრავი ნივთი, დასახელებულის გასხვისებისათვის აუცილებელი იქნება სასამართლოს ნებართვა.
რამდენ ხანში შეიძლება ნასამართლობის გაქარწყლება?
- ეს დაკავშირებულია პირისათვის დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე. კერძოდ, თუ პირს სასჯელის სახედ განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნისას (მაგალითად, ჯარიმა) სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდადებულ პირს, ნასამართლობა გაქარწყლდება ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის - სასჯელის მოხდიდან სამი წლის, მძიმე დანაშაულისათვის - ექვსი წლის, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის - რვა წლის შემდეგ.
მყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ყოფილი მეუღლის გვარზეა. მპირდებოდა, რომ ბინიდან წილს ბავშვზე გადააფორმებდა, მაგრამ ახლა უარზეა. შემიძლია თუ არა ჩემი შვილის წილი მოვითხოვო ბინიდან?
- უნდა იცოდეთ, რომ მემკვიდრეობის საკითხი აქტუალური ხდება პირის გარდაცვალების შემდეგ. ცოცხალი ადამიანის ქონება წარმოადგენს მისი აბსოლუტური განკარგვის სფეროს. წილი ქონებიდან, მაგალითად, როგორიცაა სავალდებულო წილი, პირებმა შეიძლება მოითხოვონ მხოლოდ მემკვიდრეობის გზით, პირის გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, თქვენს ყოფილ მეუღლეს აქვს უფლება თავის სიცოცხლეში თავისი ქონება განკარგოს სურვილისამებრ, მათ შორის აჩუქოს ახლო ნათესავს, ან სხვა პირს. თქვენს საერთო შვილს შეუძლია სამართლებრივი პრეტენზია დააფიქსიროს იმ ქონებაზე, რომელიც მამას საკუთრებაში ექნება გარდაცვალებისას. დამატებით გაცნობებთ, რომ გაქვთ უფლება სასამართლოს მიმართოთ თქვენი არასრულწლოვანი შვილისათვის მამის მხრიდან ალიმენტის დანიშვნის მოთხოვნით.
უკვე მერამდენედ შევიტანეთ განაცხადი მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაზე, რომელსაც ვფლობ 90-იანი წლებიდან, ყველაფერი წარვადგინეთ, რაც მომთხოვეს, მაგრამ კვლავ უარი მოვიდა. გამოსავალი რა არის?
- მიწის რეგისტრაცია წარმოადგენს საკმაოდ კომპლექსურ საკითხს, რომლისთვისაც აუცილებელია უფრო მეტი ინფორმაციის შეფასება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უარი პირის მოთხოვნაზე, განახორციელოს რაიმე ქმედება, შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. შესაბამისად, თუ თქვენთვის სასურველი შედეგის დადგომა ვერ ხდება ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით, მათი უარი შეგიძლიათ გაასაჩივროთ სასამართლოში.
გვყავს ორი შვილი, პატარა 7 თვისაა. ვცხოვრობთ ქირით. როგორც შევიტყვე, არსებობს სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა და რადგან მყავს წლამდე ბავშვი, შემიძლია ვისარგებლო და პროცენტის 4%-ს დამიფარავს სახელმწიფო. ღირს თუ არა გარისკვა და ბინის შეძენა? რას უნდა მივაქციო ყურადღება ბანკში, რომ არ აღმოვჩნდე რაიმე პრობლემის წინაშე? ხომ არ არის მოსალოდნელი, სახელმწიფომ უარი თქვას გადახდაზე, გვაქვს ცოტაოდენი დანაზოგი და ამ თანხით პირველადი შენატანის გაკეთებას შევძლებდით.
- ნებისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა, თუ არ შეიცავს სტანდარტულ და მრავალჯერადი გამოყენების პირობებს, საჭიროებს საკითხის დეტალურად გავლას. მოცემულ საკითხზე რამდენიმე კითხვაა დასმული, კერძოდ, კითხვაზე, თუ რამდენად ღირს გარისკვა და ბინის შეძენა. ეს არის უშუალოდ თქვენი ფინანსური შესაძლებლობების საკითხი და ცხადია, იურისტის რჩევა ალოგიკური იქნება, კითხვა ასევე შეიცავს ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, რაზეც იურისტის პასუხი ასევე ალოგიკური იქნება. რაც შეეხება საკითხს, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, რომ რაიმეში არ შეცდეს მსესხებელი, სამართლებრივი შეცდომის დაშვება თითქმის დაზღვეულია იმ საფუძვლით, რომ ნებისმიერი ბანკი მოქმედებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული სტანდარტებით. რაც შეეხება სესხის გაცემის საკითხს, უშუალოდ ბანკთან გასავლელი თემაა. ამ საკითხზე პასუხი ბანკის ნაცვლად ასევე ალოგიკური იქნება.
- ვცხოვრობ საქართველოში და მყავს არასრულწლოვანი შვილი. ყოფილი ქმარი უცხოეთის მოქალაქეა, გვქონდა ხელი მოწერილი, ბავშვი მის გვარზეა, მეუბნება, რომ მის ქვეყანაში მოიპოვა ბავშვის მეურვეობა და მემუქრება ბავშვის ქვეყნიდან წაყვანით. შეძლებს თუ არა ამას? როგორ დავიცვა ჩემი და ჩემი შვილის უფლებები?
- ბუნებრივია, რთულია პასუხის გაცემა, როდესაც უცნობია, რომელ ქვეყანასა და კანონმდებლობაზე ვმსჯელობთ. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნებისმიერ ქვეყანაში მსგავს მგრძნობიარე საკითხზე სასამართლოს ემსჯელა და გადაწყვეტილება მიეღო მეორე მშობლის და თავად ბავშვის პროცესში ჩართვის გარეშე. კიდევ უფრო ნაკლებსავარაუდოა, თქვენთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა და აღნიშნულის საფუძველი. მით უფრო მნიშნელოვანია, რომ თქვენც და თქვენი შვილიც ცხოვრობთ საქართველოში და სავარაუდოდ, ხართ საქართველოს მოქალაქეები. თუმცა თქვენს ყურადღებას გავამახვილებ ფაქტზე, რომ თუ თქვენს შვილს აქვს პასპორტი, მხოლოდ ერთი მშობლის თანხლებით შეუძლია საქართველოს საზღვრის დატოვება. ვინაიდან არსებობს ბავშვის ქვეყნიდან გაყვანის საფრთხე, გირჩევთ სიტუაციის დარეგულირებამდე არ გასცეთ თანხმობა პასპორტის აღებაზე. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს უკვე აქვს პასპორტი, მნიშვნელოვანია კონსულტაცია გაიაროთ იურისტთან, რომელიც საქმის უფრო მეტი დეტალის გაცნობის შემდეგ დაგეხმარებათ, რომ თავიდან აიცილოთ ბავშვის თქვენს უნებართვოდ ქვეყნიდან გაყვანა.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები