საქართველოს გზა არ გადაკვ-ეთო! - კვირის პალიტრა

საქართველოს გზა არ გადაკვ-ეთო!

ცუდად დაწყებული მსოფლიო ჩემპიონატი საბოლოოდ ისტორიული გამოდგა ქართული ძიუდოსთვის: ბუდაპეშტის ტატამზე ჯერ ეთერ ლიპარტელიანის ტრიუმფი ვნახეთ (ეთო გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მოგება შეძლო!), ტურნირის ბოლო დღეს კი საქართველოს ნაკრებმა იფრინა შერეულ გუნდურ პირველობაზე და იაპონელთა შვიდწლიანი ჰეგემონია დაასრულა! დიახ, 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც გუნდური პირველობა შერეული წესით (ვაჟები და ქალები) იმართება, შვიდივე ტურნირი (2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კოვიდპანდემიის მიზეზით გაუქმდა) იაპონიის ნაკრებმა მოიგო, საქართველოს ნაკრების მაქსიმალური შედეგი კი მესამე ადგილი იყო. წლევანდელი ჩემპიონატის შერეულ გუნდურ პირველობაზე როლები შეიცვალა - ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენლებს ნახევარფინალში ვაჯობეთ და ჩემპიონები გავხდით, იაპონიამ კი ბრინჯაოს მედალი გერმანიის ნაკრებთან გაინაწილა. თუმცა მივყვეთ თანამიმდევრობით:

ვაჟები ოქროს გარეშე

ეთოს წარმატებაა და გუნდურ ტრიუმფზე, ცხადია, ცალკე ვიტყვი, ვაჟი ძიუდოისტებისგან კი ინდივიდუალურ ტურნირში მეტს ველოდით. მსოფლიო ჩემპიონატიდან ორი ვერცხლისა და ბრინჯაოს წაღება ბევრი სხვა ქვეყნისთვის იქნებ საოცნებოც იყოს, საქართველოს ნაკრებს კი, რომლის წევრებიც ყველგან და ყოველთვის მხოლოდ პირველობისთვის იბრძვიან, კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურის გარეშე დარჩენა წარმატებად ვერ ჩავუთვალეთ, მით უმეტეს, 2017 წლის ტურნირის შემდეგ, წელს პირველად მოხდა, რომ ოქროს მედლის მოგება ერთმა ქართველმა ძიუდოისტმაც ვერ მოახერხა. ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ გუნდებს შორის შერეული პირველობების ათვლა სწორედ 2017 წლიდან დაიწყო და... მსოფლიოს ის ჩემპიონატიც, წლევანდლის მსგავსად, ბუდაპეშტის ლასლო პაპის სახელობის დარბაზში გაიმართა, ქართველი ვაჟები კი მაშინაც უმედლოდ დარჩნენ. რვა წლის წინანდელი ტურნირის პერიპეტიები ნამდვილად არ მახსოვს, 2025-ის ინდივიდუალურ ჩათვლაზე კი ბევრს აღარაფერს ვიტყვი: დიდი ალბათობით, ჩვენი ვაჟების ერთგვარი "ჩავარდნის" მთავარი მიზეზი ევროპის ჩემპიონატის (პოდგორიცა, 23-27 აპრილი) დასრულებიდან გასული მოკლე პერიოდია. მეორე მხრივ, მონტენეგროში ჩვენი მეტოქეების უმეტესობამაც ხომ იჭიდავა?! ასეა თუ ისე, ახლა ზეიმის დროა, ბუდაპეშტის ტურნირისთვის მზადებისას, "ლასლო პაპის" ტატამზე დაშვებული შეცდომები კი მოგვიანებით გაირჩევა...

ტურნირი პირველივე დღიდან უიღბლოდ დავიწყეთ: ამ შემთხვევაში მსაჯის შეცდომა მართლაც აშკარა იყო - მსოფლიოს და ევროპის (მოქმედ) ჩემპიონ გიორგი სარდალაშვილს (60) მეორე წრეშივე წააგებინეს მასპინძელ მარტონ ანდრაშთან. ჩვენი ვაჟებისთვის წარუმატებლად გაგრძელდა მომდევნო დღეებიც: ვაჟა მარგველაშვილმა (66) და ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73) მხოლოდ თითო ორთაბრძოლის მოგება შეძლეს და უმედლოდ დარჩნენ. მათზე მეტი, ორ შეხვედრაში გამარჯვება მოახერხა ზაურ დვალაშვილმა (81), თუმცა მესამე წრეში ისიც დამარცხდა... მოლოდინისამებრ, გაცილებით შორს წავიდა და ზედიზედ მეხუთედ(!) იჭიდავა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა (81), მაგრამ, სამწუხაროდ, გადამწყვეტ მატჩში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის დროშით მოჭიდავე რუს ტიმურ არბუზოვთან წააგო (დამატებით დროში) და ზედიზედ მეოთხე ოქროს ვერ შესწვდა.

ტატო და თუში

81-ის მსგავსად, ორი მონაწილე გვყავდა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც, თანაც, "მონაწილეებსაც" ხომ გააჩნია? ორგზის ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა ბექაური და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლუკა მაისურაძე! ჰოდა, ასეთი ფალავნებისგან მხოლოდ ერთი ბრინჯაო ცოტაა, აბა, რა არის?! ბექაურს მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჯერაც არ მოუგია და გვეგონა, ბუდაპეშტში განსაკუთრებულად მოინდომებდა, თუმცა... ინდივიდუალურ ჩათვლაში ლაშამ მხოლოდ ერთი ორთაბრძოლის მოგება შეძლო, მერვედფინალში კი სენსაციურად წააგო იტალიელ კენი კომი ბედელთან, რომელსაც კარიერაში ერთი ტიტულიც არასდროს მოუგია... ნახევარფინალამდე ძლიერ მეტოქეებს აჯობა მაისურაძემ, ფინალისკენ მიმავალ გზაზე კი იაპონელ სანშირო მურაოს გადაეყარა და წლევანდელი ტურნირის მომავალ ჩემპიონთან ზედიზედ მეოთხე პირადი დაპირისპირება წააგო. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ლუკამ ბექაურის დამმარცხებელ ბედელს აჯობა და ქართულ დელეგაციას მესამე მედალი მოუტანა. უმედლოდ ჩავამთავრეთ 100 კილოგრამი წონითი კატეგორიაც: ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ილია სულამანიძემ პირველი ორთაბრძოლა კი მოიგო, მაგრამ მესამე წრეში ვერაფერი მოუხერხა ესპანეთის ნაკრების ქართველ ლიდერს, მსოფლიოს ორგზის ტრიუმფატორ ნიკოლოზ შერაზადიშვილს. სხვათა შორის, 18 ივნისი ილიას დაბადების დღე იყო, თუმცა იუბილარი "საჩუქრის" გარეშე დარჩა...

ფინალამდე დამაჯერებლად მივიდა გურამ თუშიშვილი (+100). ქართველმა მძიმეწონოსანმა ნახევარფინალში სამაგიერო გადაუხადა კორეელ მინჯიონ კიმს (მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონატის ფინალში გურამმა სწორედ კიმთან წააგო) და გადამწყვეტ შეხვედრასაც იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ფინალის დასრულებამდე ნახევარი წუთით ადრე ვაზარიზე დაეცა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი დასაწუნი არ არის, მაგრამ ზედიზედ მეორე ოქროს ხელიდან გაშვება ნამდვილად დასანანია, მით უმეტეს, ტედი რინერის არყოფნაში. სხვათა შორის, მძიმეწონოსანთა კვარცხლბეკზე მდგომ მოჭიდავეებს მედლები სწორედ სახელგანთქმულმა (ოლიმპიადის ოთხგზის, მსოფლიო ჩემპიონატის თორმეტგზის და ევროპის პირველობის ხუთგზის გამარჯვებულია!) ფრანგმა გადასცა, გურამმა კი რინერს ხელი არ ჩამოართვა და ამით "დიდი ტედის" შარშანდელი უღირსი საქციელი გააპროტესტა. შეგახსენებთ, პარიზის ოლიმპიადაზე თუშიშვილი-რინერის შეხვედრა სკანდალითა და ქართველის დისკვალიფიკაციით დასრულდა: ბეჭებზე დაგდების შემდეგ, ფრანგმა გურამს ყელში ხელი წაუჭირა, მერე კი ზედ დაადგა და ენა გამოუყო... იხუმრა თუ გულში ჩარჩენილი ბოღმა ამოუშვა, ვერ გეტყვით, ფაქტი კი ისაა, რომ თუშიშვილმა პასუხი მოსთხოვა, რინერის გამოდებულ ფეხს კი ფეხის მიკვრითვე უპასუხა და... შედეგად, ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებიდან მოხსნეს, რეპეჟაშში მონაწილეობა და გუნდურ შეჯიბრებაში ჭიდაობა აუკრძალეს, მოგვიანებით კი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს.

2-1750623254. ლაშა ბექაურმა კორეელიც და იაპონელიც დააიპონა!.jpg

მშობლიური მთებიდან ოქროს მწვერვალამდე

გუნდური პირველობის დაწყებამდე "ბუდაპეშტი-2025"-ის მთავარი გმირი ეთერ ლიპარტელიანი (57) იყო. ეთომ ბოლო წლების პროგრესი ლოგიკურ შედეგამდე მიიყვანა და გახდა პირველი ქართველი ქალი, ვინც ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მოახერხა! ლიპარტელიანმა ინდივიდუალური ტურნირის ხუთივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო და საქართველოს ნაკრებს ნანატრი (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთადერთი) ოქრო მოუტანა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ არათუ მედალი (მით უმეტეს, ჩემპიონობა), ქალი ძიუდოისტებისგან დიდ ტურნირებში ერთი-ორი წრის გავლაც კი დიდი ამბავი იყო ჩვენთვის. თანდათანობით წარმატებების რაოდენობამ იმატა (სხვათა შორის, სწორედ ეთერ ლიპარტელიანი იყო პირველი ქალი ქართულ ძიუდოში, ვინც საერთაშორისო ტურნირზე მედლის მოპოვება შეძლო), გოგონებმა გამოცდილება დააგროვეს და... წლევანდელ გუნდურ ტრიუმფში განსაკუთრებული წვლილიც მიუძღვით!

და მაინც, ნურავინ გვიწყენს, თუ სხვებზე მეტს ლიპარტელიანზე ვილაპარაკებთ: მსოფლიო პირველობის მოგებით მან არა მხოლოდ ახალი ფურცელი ჩაწერა ქართული სპორტის ისტორიაში, ეს საოცრად დამაჯერებლადაც გააკეთა - ბუდაპეშტში გამართული ცხრა ორთაბრძოლიდან რვა იპონით მოიგო! ტექნიკა და ბრძოლისუნარიანობა ეთოს არასდროს აკლდა, მაგრამ "ლასლო პაპის" დარბაზში იმდენად თავდაჯერებული და აქტიური იყო, წინააღმდეგობა ვერც ერთმა მეტოქემ ვერ გაუწია.

ეთო არასდროს წყვეტს წინსვლასო, აღტაცებას ვერ მალავდა Iპპონ.ტვ-ის კომენტატორი. მართლაც, ქართველი გოგონა ცხრავე ორთაბრძოლაში მეტოქეებზე აქტიური, თავდაჯერებული იყო და საქართველოსთვის ისტორიული ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა.

არ წყვეტს და არც უნდა შეწყვიტოს. წინ ხომ მორიგი მიზანია -- ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობა!

3-1750623253. საქართველოს შერეული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!.jpg

გუნდი

რამდენ ქვეყანას ჩამოთვლით, გუნდურ შერეულ ტურნირში მსოფლიო ჩემპიონი რომ გამხდარა? ვერც ერთს - იაპონიის გარდა. ჰოდა, ამიერიდან საქართველოც მიამატეთ! ქვეყანა, რომელსაც უკვე შეუძლია წარმატებული ქალი ძიუდოისტებითაც მოიწონოს თავი.

გასულ პარასკევს საქართველოს შერეული ნაკრები გუნდი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პირველად გავიდა ფინალში და გადამწყვეტი დუელიც დამაჯერებლად მოიგო. დამაჯერებელი ჭიდაობითა და ანგარიშით 4:1...

ჩინელების ძლევის შემდეგ ქართველებმა იტალია გაანადგურეს (4:0), ნახევარფინალში კი იაპონია - შერეული გუნდური პირველობების უცვლელი გამარჯვებული, ზედიზედ შვიდგზის ჩემპიონი ნაკრები. თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს ეთომ, თუშიმ, ნაკრებს სპეციალურად გუნდური ტურნირისთვის დამატებულმა მიშა ბახბახაშვილმა... საქართველო 3:2 იგებს, ლაშა ბექაური კი, შეხვედრის დასრულებამდე წუთით ადრე, ვაზარითა და იუკოთი ჩამორჩება ორი დღის წინ მსოფლიო ჩემპიონატის მომგებ სანშირო მურაოს. თუმცა ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ბექაური ის კაცია, ვერც ლომის ბოკვერი რომ ვერ აშინებს და ვერც მურაო. თანამედროვე ძიუდოს გამორჩეული ვარსკვლავია. გადამწყვეტ მომენტში ახლაც გამოფხიზლდა და საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისკენ წაიყვანა.

მოიგო და დაადუმა ყველა, ვინც წინა დღეებში უსახელო იტალიელთან "ჩავარდნისთვის" აკრიტიკებდა.

"ლამბორგინით" დადის, "პორშეთი" თუ ლომის ბოკვრით, ტატამზე სულ სხვა ლაშაა ხოლმე. "სხვა" იყო ახლაც, გუნდური ტურნირის ოთხივე შეხვედრაში, და კორეასთან ფინალურ მატჩშიც გადამწყვეტი ორთაბრძოლა მოიგო. ფორმაში მყოფ ლაშა ბექაურს ხომ ვერც კიმი აშინებს და ვერც მურაო. ჯონგჰუნ კიმიც სანშიროს გზას გაუყენა, მერე კი...

მერე ზეიმის დრო დადგა და ჭიდაობის შემდეგ ქართულმა დელეგაციამ ცეკვის მასტერკლასიც ჩაუტარა ბუდაპეშტის "ლასლო პაპის" დარბაზში შეკრებილ მეტოქეებსა და მაყურებელს.

გილოცავთ! ეთერ ლიპარტელიანმა და საქართველოს შერეულმა ნაკრებმა ქართული ძიუდოს ისტორია შეცვალეს.