"პანკისის ომალოში ახმეტის მილიციამ და უშიშროებამ დიდი ცოდო-ბრალი დაატრიალეს" - ქართველებისა და ჩეჩენ-ქისტების მეგობრობისა და ბრძოლის შესაშური მაგალითები
ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა თავგანწირვით ცდილობდნენ ქართველები და ჩეჩნები უცხოტომელი რუსების უღლისგან თავის დაღწევას, როგორ ეხმარებოდნენ, ეხიდებოდნენ ერთმანეთს, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა კავკასიაში გენეტიკურად ყველაზე მონათესავე და ჰეგემონი ერების ერთმანეთზე გადაკიდების პოლიტიკა აწარმოა, ისტორიული ძმობისა და მეგობრობის დარღვევა მაინც ვერ შეძლო. მოღალატეები ყოველთვის ყველა ერშია და სამწუხაროდ, არც ქართველებსა და ჩეჩნებს მოგვკლებია ასეთი "ბედნიერება", თუმცა კავკასიელების საღად მოაზროვნე ნაწილს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ ერთმანეთის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა მძიმე ისტორიული ქარტეხილების გადალახვა. მკვლევარ მექა ხანგოშვილის თქმის არ იყოს, სწორედ ამ რეალობისა და გენეტიკური ნათესაობის წყალობით საქართველო და ჩეჩნეთი XX საუკუნის მიწურულსა და XXI საუკუნის დამდეგს კიდევ ერთხელ გახდნენ ერთმანეთისათვის სულისა და სხეულის ნავსაყუდელი. "უდიდესი ლეგენდები, რომლებიც თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ თვალწინ იბრძოდნენ და შეეწირნენ კავკასიის ერთიანობასა და დამოუკიდებლობას, არა მხოლოდ სიმამაცისა და გასაოცარი ბრძოლის უნარით იქცნენ ისტორიის კუთვნილებად, არამედ მათ გვასწავლეს, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორ უნდა შევეხიდოთ ერთმანეთს, როგორ უნდა გავხდეთ ერთმანეთის ჭირისა და ლხინის მოზიარენი. შეიხ მანსურის, პატარა კახისა და შამილის მიერ თავისუფლებისათვის აღმართული ხმალი და დროშა ძირს არ დახარეს ბაისანგურ ბენოელმა და ქაქუცა ჩოლოყაშვილმა, თორღვა ძაგანმა და თაიმი ბიბოლათმა, XX საუკუნის მიწურულს კი მერაბმა, ჯოჰარმა, ჰამზათმა და ზვიადმა კიდევ ერთხელ შემოსძახეს კავკასიელებსა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ბრძოლის შესაშური მაგალითები აჩვენეს შთამომავლებს", - ამბობს მექა ხანგოშვილი და ქართველებისა და ჩეჩენ-ქისტების მტკიცე კავშირების დამადასტურებელ არაერთ საინტერესო დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობილ ამბებს გვაწვდის.
მადლიანი საგზალი მართალი ტუსაღებისათვის
1944 წელს ჩეჩნებისა და ინგუშების შუა აზიაში დეპორტაციის შემდეგ საქართველოში მცხოვრები ქისტები მუცოდან და ხონედან დიდ-პატარად დააპატიმრეს და ხელფეხშეკრული ჯერ ხევსურეთში გადაიყვანეს, შემდეგ კი დუშეთში გაამწესეს. ზოგი დაჰკითხეს, ზოგი გაასამართლეს, მათ შორის ფასქოშათ დაადეის, სოაიფა სუხიას ძეს, ჰალიმა ჰაქიმას ძეს და სალამბექ თაჩოს ძე ბორჩაშვილებს ყოველგვარი განაჩენის გარეშე სამ-სამი წელი მიუსაჯეს. შემდეგ ჰალიმა და სოაიფა გააციმბირეს სამ-სამი წლით.
დუშეთში ჩამოყვანამდე 56 ბორკილდადებული მამაკაცი შატილში, ბეწიკურის გომურში ჰყავდათ დამწყვდეული, სულ ნაბრძანები იყო, თუ რომელიმე გაქცევას დააპირებდა, უნდა დაეხვრიტათ. ხევსურები ძალიან თანაუგრძნობდნენ მოძმე ქისტებს. ერთ ღამეს ხახმატელ გიგიას დედამ და ცოლმა 56 პური გამოაცხვეს საგანგებოდ ტუსაღი ქისტებისთვის და 56 ფალერბო (ერბოქუმელი) გაამზადეს. თითოეულს ხელში მისცეს და ვინ იცის, სადამდე გაჰყვათ პურისა და ფალერბოს მადლი და ძალა უსამართლოდ გუმერსის ციხეში დამწყვდეულებს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით პოეტ ალექსი ჭინჭარაულის დედამ, მზექალამ, (ჩორეხმა) ლექსიც გამოთქვა: "ნეტავი გამაღებინა ბეწიკურთ ბოსლის კარია, / ვაჟკაცებ გამოვიდოდეს თითო-ოროლა სალადა, / მიბრუნ-მაბრუნავს მოსეი, ალვის ხესავით ტანადა, / გვერდს დასდგომია შამილა ბუღა ბუბუნებს ხარიო, / ბისანამ ბიჯითას მამამ, მთას შემოავლო თვალიო, / სამუდმოდ გამოგესალმე, ჰუროვ გეწერას ჯვარიო".
სამი დღე-ღამე დაჰყვეს მითხოელებმა ბეწიკურთ გომურში. მუცოში დღესაც (უფრო სწორად, ხონისჭალაში) არის ნანგრევები ციხისა, რომელსაც ფასკოშათ დაადეის მიაკუთვნებენ.

ქისტი აბრაგი და სიკვდილის მკვლელი ხევსური
1949 წლის ზამთარი იდგა. იმ დროისთვის ცნობილი აბრაგის, იბი ალხასტოვის ჯგუფმა გამოზამთრება პანკისის ტყეში, ომალოს თავში მდებარე მუწუსხევში გადაწყვიტა, რადგან იქაური ქისტები ეიმედებოდათ. აბრაგების ჯგუფი ხუთი წევრისაგან შედგებოდა: თავად იბი, მუსა ხუნარიკოვი, კუშტან ნასიპოვი, იბრაგიმ ალფიევი და ადამ ძევგაევი. აბრაგებს გამოსაზამთრებელი ბუნაგი მომზადებული და საზამთრო პროდუქტიც მომარაგებული ჰქონდათ. იბი ალხასტოვი ძმად გაეფიცა ომალოელ ბაჩი ჩოფანაშვილსა და ლადო ფარეულიძეს. ბაჩის სტუმრების (მით უმეტეს, წინაპართა სამშობლოდან უსამართლოდ დევნილების) დაცვა, როგორც ყველა ჭეშმარიტ ქისტს, თავის პირდაპირ მოვალეობად მიაჩნდა და ღირსეულად ემსახურებოდა კიდეც ამ საპატიო ტრადიციას. მეუღლეც შესაფერისი ჰყავდა - ოლა ალხანაშვილი, მამაცი და ერთგული ქალი, არაფრით ჩამოუვარდებოდა ქისტ მამაკაცებს. ბაჩი ჩოფანაშვილი აბრაგების უსაფრთხოების მიზნით ხშირად ოლას გზავნიდა მოსაკითხით იბის ჯგუფს თავშესაფარში. იმ წელს ზამთარი ნაადრევად დადგა. როგორც პანკისში ამ ამბის მომსწრენი ჰყვებიან, ოლა ცივ ზამთარში, თოვლზე კვალი რომ არ დაეტოვებინა, მუწუსხევში მომავალ მდინარეს მიუყვებოდა თავაღმა და ისე მიჰქონდა საჭირო ნივთები და ინფორმაცია აბრაგებისათვის. სამწუხაროდ, ერთმა აგენტმა შეამჩნია იბის თავშესაფარი და და მაშინვე გაეშურა ახმეტისაკენ. ბაჩიმ და ლადომ დროულად გაიგეს "საქმის გასკდომის შესახებ" და გაქუსლეს მუწუსხევისკენ, მათ ფეხდაფეხ მიჰყვნენ მილიციელები. აბრაგებმა აიღეს იარაღი და დატოვეს იქაურობა. სასწრაფოდ გადალახეს ნაქერალას ქედი, დაეშვნენ ხორაჯოს ხევში, წყალ-წყალ გაჰყვნენ მდინარეს და ალაზანს აუყვნენ ხადორამდე. მდევარი მიხვდა, რომ იბის ჯგუფი ხელიდან დაუსხლტა, მაგრამ იფიქრეს, შორს არ იქნებიან წასულებიო, და კვალში ჩაუდგნენ.
აბრაგები, ქისტების შემდეგ, ყველაზე მეტად ხევსურებს ენდობოდნენ. ვარაუდობდნენ, ჯერ ხევსურებსა და მუცოში მცხოვრებ ბორჩაშვილებს შეაფარებდნენ თავს, შემდეგ კი ქისტეთში გადავიდოდნენ.
როცა მდევარმა ქოჩადალას მიაღწია, აბრაგები ლამაზურის მთის მწვერვალზე იყვნენ და დურბინდში ძლივს ჩანდნენ. მიხვდნენ, ვერ დაეწეოდნენ, თუმცა ისიც გაიაზრეს, რომ აბრაგებს გეზი ხევსურეთისკენ ჰქონდათ აღებული. ბირკიანის შტაბიდან, ახმეტიდან დუშეთში რადიოკავშირით გადასცეს, რომ იბის ჯგუფი მათკენ მოდიოდა და მთელი დუშეთი ფეხზე დადგა. სასწრაფოდ დაუკავშირდნენ ბარისახოსა და შატილის ანტიაბრაგულ შტაბებს. დაიწყო გამალებული მზადება აბრაგების ლიკვიდაციისათვის, მობილიზებული იქნა ხევსური, მოხევე და სხვა მთიელთა "პარტიზანული" ჯგუფები, უშიშროებისა და შინაგანი სახალხო კომისარიატის მებრძოლები გაიგზავნა ხევსურეთში.
პანკისის ომალოში კი ახმეტის მილიციამ და უშიშროებამ დიდი ცოდო-ბრალი დაატრიალეს. დააპატიმრეს ბაჩი ჩოფანაშვილი და ლადო ფარეულიძე, ცეცხლი წაუკიდეს აბრაგთა სადგომს, ომალოს მოსახლეობა გამოყარეს სახლებიდან და შანტაჟისა და დაშინებით ცდილობდნენ მიეღოთ ინფორმაცია, თუ ვინ მფარველობდა აბრაგებს, მაგრამ ვერც ერთ ომალოელს ხმა ვერ ამოაღებინეს. ბოლოს ბაჩი ჩოფანაშვილის ოჯახს მიადგნენ - ოლა ალხანაშვილს სახლის მეორე სართულზე, აკვანში ჩვილი ჰყავდა. მილიციონერმა ბავშვი აკვნიდან ამოიყვანა და დედის თვალწინ ფანჯრიდან გადაგდებით დაემუქრა, მაგრამ ოლამ წარბიც არ შეიხარა... პანკისელების მეხსიერებაში დღევანდელივით ცოცხლობს მამაცი და ამაყი ქალის, ოლა ალხანაშვილის საოცარი ტრაგიზმითა და ვაჟკაცობით აღსავსე ისტორია.
აბრაგებისათვის ის ზამთარი უკანასკნელი აღმოჩნდა, როგორც კი ხევსურეთს მიაღწიეს, მშიერ-მწყურვალნი და გაყინულ-გათოშილნი მიადგნენ ყველაზე სანდო მასპინძლის, შაბურა ზვიადაურის თბილ კერას. შაბურამ ორი ღამე უმასპინძლა ანდაქში თავის სტუმრებს და შემდეგ იმის შიშით, რომ მათი ყოფნა არავის შეემჩნია, რადგან მთელი დუშეთის ძალოვანები ფეხზე იდგნენ, სტუმრებს საზაფხულო ქოხი - ბოსელი შესთავაზა თავშესაფრად... სამწუხაროდ, აბრაგების კვალს მიაგნეს, ღამით მოაქციეს ალყაში და ჩახოცეს, მეორე დღეს კი შაბურა ზვიადაურმა, როგორც კი აბრაგების დახოცვის ამბავი გაიგო, ვინმეს რომ არ ეფიქრა, მისი ღალატი იყო, თავი მოიკლა. ქისტები ზვიადაურის შესახებ ასეთ რამეს ამბობენ. "მიუხედავად იმისა, რომ არავითარი გამართლება არა აქვს სიცოცხლის ხელყოფას, მით უმეტეს, საკუთრისას, მაინც ეს სიკვდილი უთვალავ სიცოცხლეზე მაღლა დგას, თუნდაც თავისი უმკაცრესი განაჩენით. ეს არის სიკვდილი, რომელმაც ყველა მკვლელი და მოღალატე მოკლა და სამუდამოდ ჩამორეცხა სირცხვილის ლაქა ყველა მდაბიო ქმედებას ". დღემდე, როდესაც ქისტები გმირების სადღეგრძელოს სვამენ, "სიკვდილის მკვლელ" შაბურა ზვიადაურსაც არ ივიწყებენ.
კვლავაც მიმღერე ფშავლის ასულო...
ჯოყოლელი არსენა, თიჩიი, ჩიღ და შიო ველად იყვნენ გავარდნილი, მაგრამ ერთხელაც მილიციელებმა აგენტების დასმენის საფუძველზე მათი დაჭერა შეძლეს, ხელები შეუკრეს, ცხენებს უკან მიაბეს და ისე გადაჰყავდათ თიანეთის გზაზე, სადაც მათი დახვრეტა იგეგმებოდა.
ფშავლის ქალი თიანეთის მიდამოებში ცხვრებს მწყემსავდა. მისმა ფხიზელმა თვალმა დილიდან შენიშნა, სადღაც შორს თიანეთის მთის ზოლის ყველაზე მაღალ ადგილას, შეიარაღებული ხალხი და მაშინვე მიხვდა, მილიციელები ჩასაფრებისთვის ემზადებოდნენ. სადღაც შუადღისკენ კი ქვემოდან მომავალი მგზავრები შენიშნა, რომლებსაც ქისტი ტყვეები მოჰყავდათ.
იმხანად სამართლიანობის აღდგენის მიზნით ტყეში გავარდნილ და ქაქუცას თანარაზმელ ქისტებზე, მათ მამაცობასა და უღალატობაზე ლეგენდები დადიოდა (სხვათა შორის, თიანელი ქალების ქისტებში გათხოვების შემთხვევებიც იყო იმ დროს) და მთიელი ქალები დიდი სიმპათიით იყვნენ განწყობილნი ქისტი ვაჟკაცების მიმართ და, ალბათ, არც ქისტი ვაჟები იქნებოდნენ გულგრილნი. ამას ის ფაქტიც მოწმობს, რომ ფშავლის ქალები ჩეჩნურად მღეროდნენ.
ქალი უშიშრად, წინდის ქსოვითა და ღიღინით მიუახლოვდა და ტყვეების გასაგონად ჩეჩნურად წაიმღერა:
"შენი გზა მოკლეა, გზის თავში სიბნელეა, / თუ ცხენი სწრაფი გყავს, მხედარიც კარგი ხარ, / მშვიდობა შენია, სიკვდილიც შორს წავა, / შავი ღამეც თეთრი გექნება, მამაცო ჩეჩენო ბიჭო!"
ჩიღა მიხვდა, რა უბედურებაც ელოდებოდათ, ფშავლის ქალს თვალებით მადლობა გადაუხადა და მეგობრებს უთხრა, თუ ახლა რამეს არ ვიღონებთ, უეჭველი სიკვდილი გველოდებაო. მცველები დაახლოებით ათი კაცი იყვნენ, თან შეიარაღებული. მთავარი, იყო, როგორმე ხელები გაეთავისუფლებინათ, დანარჩენს მოაგვარებდნენ. ჩიღამ მეგობრულად მიმართა მცველს, რომელიც შედარებით გულჩვილი ჩანდა, თქვენთან, ქართველებში თუ იციან სიკვდილისწინა თხოვნის შესრულება; ვიცით, რომ სიკვდილი ჩვენთვის გარდაუვალია და თუ ამ ერთ თხოვნას შემისრულებ, ჩემი ცოდვა საიქიოს არ გაგყვება... სამაგიეროდ, გაჩვენებ, როგორ შემიძლია ხის კენწეროში მოკალათებული ქორის ან ყვავის კენჭით ჩამოგდებაო. მცველი ყოყმანობდა, მაგრამ ის ხომ ქართველი იყო... გადაწყვიტა სიკვდილის წინ ერთი სურვილი შეესრულებინა ქისტი "ყაჩაღისთვის", რაც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როგორც კი ხელები გაითავისუფლა, ჩიღამ ერთი მცველის კარაბინი ხელში ჩაიგდო, დანარჩენებს იარაღი აჰყარა, მეგობრები გაათავისუფლა, შემდეგ კი აწ უკვე ყოფილმა ტყვეებმა ყველა მცველს ხელ-ფეხი შეუკრეს, მათ ცხენებზე ამხედრდნენ, მათი იარაღიც აიღეს და პანკისისკენ გაქუსლეს.
როგორც ამ ამბის მომსწრენი ჰყვებოდნენ, ველად გავარდნილებს სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდათ მეგობრობა თავიანთ გადამრჩენელ ფშავლის ქალის ოჯახთან.
ხათუნა ბახტურიძე