მყინვარწვერზე დაყუდებული უდიდესი ბერის ცხოვრება... - კვირის პალიტრა

მყინვარწვერზე დაყუდებული უდიდესი ბერის ცხოვრება...

შემოდგომის ერთ ნისლიან დღეს მყინვარწვერზე ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო მთის ფერდობზე ვერ ჯდებოდა. ერთ ბერს, მყინვარწვერზე თავისი ქოხის ასაშენებლად, ვერტმფრენით მასალა აჰქონდა. მამაო, ვერ ვჯდებით, ძალიან საშიშია, არაფერი მოჩანს, ღელავდა პილოტი. მამაომ ის დაამშვიდა და სთხოვა, კიდევ ერთი წრე შემოეხაზა. პილოტმა წრე შემოხაზა თუ არა, მთის წვერზე ათამაშებულმა მზის სხივებმა არემარე ისე გააჩახჩახა, ვეტმფრენი ფერდობზე ბუმბულივით დაეშვა და სიმაღლეც დააფიქსირა - ზღვის დონიდან 3850 მეტრი. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან სპეციალისტების აზრით, ადამიანის ასეთ სიმაღლეზე ხანგრძლივი ცხოვრება შეუძლებელია - სიმაღლეზე, სადაც ჟანგბადი 40%-ით ნაკლებია, სადაც მუდმივად ყინავს, წვიმა და ქარია, სადაც არც წყალია და არც საკვები... იმ დროისთვის 70 წლის ბერი, ღვთის განგებულებით, მთელი ზამთარი მყინვარწვერზე იყო დაყუდებული, რათა ერისა და ბერისთვის გულმხრულვალედ ელოცა. მამა იოანე - ხალხის ნუგეში, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის უპირობო მორჩილი, უბრალო,­ მართალი ადამიანი, ჩვენი დროის დიდი მამაა.

2007 წლიდან ქვემო მლეთაში და 2008 წლის აგვისტოდან ზემოთ, ლომისაზე, პატრიარქის ლოცა-კურთხევით დამკვიდრდა­ სქიმარქიმანდრიტი ბერი იოანე (სერაპიონ ჯიშკარიანი), თავის სულიერ შვილებთან ერთად. 20-25 გრადუს ყინვაში კარვებში დაბინავებული მამები სასწაულით უძლებდნენ გაუსაძლის პირობებს... თავის დროზე მამებმა­ იქ კელიები ააშენს, რათა ნამქერი არ შესუ­ლიყო ეკლესიაში, რომელიც მთლიანად თოვლით ივსებოდა. დღეს ეს კელიები და დამატებითი შენობა-ნაგებობა­ იმ მხარესაა მოქცეული, სადაც რუსები პატრულირებენ. ადრე რამდენიმე მათგანი მამა იოანეს­ კიდეც მოუნათლავს და ხშირადაც აზიარებდა.

f2dbbe19-2266-42ba-8457-0d7a8cbdc0bf-1750625617.jpg

ბერმონაზონი გიორგი: - ჩვენმა უწმინდესმა აკურთხა ჩვენი მოძღვარი მამა იოანე და უთხრა: შენ გენდობი, ეს საქმე­ შენ ჩაიბარეო. მამა იოანემ­ იტვირთა­ ეს მძიმე ჯვარი, ამოვიდა­, ჩაიბარა აქაურობა და მაშინ გვითხრა - თუ კაცები ხართ, თუ ქართველები ხართ, ქრისტიანები­ ხართ, თქვენთან მოსული უკანა გზაზე ნაწყენი არ გაუშვათო. მეც ვასრულებ ამ პირობას! მამა იოანე იყო ერთ-ერთი სანდო და უძლიერესი ადამიანი პატრიარქის არმიაში... მახსოვს, როცა თავის საცხოვრებელში ჩაიკეტა, საერთოდ არ გვესაუბრებოდა. რამდენჯერმე რაღაც დაწერა დაფაზე და კართან დაგვიტოვა, პასუხიც დაფაზე დამიწერეთო.

ერთხელ მამა იოანესთან რაღაც გამა­ტა­ნეს. მაშIინ­ არ ვიცოდი ეს წესი, ავედი და კარგა ხანს ველოდი. მერე მაინც გამოვიდა, გამომართვა და გაიცინა... მაშინ მდუმარებაში იყო და საერთოდ არ ლაპარაკობდა...­ მამა იოანე ჩემი მოძღვარია, მაგრამ ის იდუმალებაა. არ არის ეს იოლად ამოსახსნელი­ ამბავი, მაგრამ როგორც მამა გაბრიელი იყო და არის იდუმალება, ასეა მამა იოანეც.

19d46345-c390-44d1-9285-c02cd4ba8ed5-1750625617.jpg

დედა სერაფიმა, სულიერი შვილი: - 2006 წელი იყო. 19 წლის წინ 19 წლის ვიყავი. გადავწყვიტე, სულიერ გზას შევდგომოდი და მასწავლებელს ვეძებდი. პირველივე მონასტერი, სადაც მოვხვდი, ბოლნისში იყო, სადაც მამა სერაპიონი (მამა იოანე)­ ასწავლი­და, ქადაგებდა. ტაძარში რომ შევე­დი, მამაოს უკვე დაწყებული ჰქონდა ლოცვა. იქ ლოცვის დროს ხალხის კურნებაც ხდებოდა და მეც შევუერთდი. გარშემო ყველა გარინდულიყო და ცოტა გამიკვირდა. მერე ვიგრძენი, სადაც მოვხვდი... ლოცვის შემდეგ მამაო გავიდა კელიაში დასასვენებლად. ცოტა ხანში მითხრეს, გეძახისო.“შენ ხომ ინგლისური იცი, რაღაც მაჩუქეს და იქნებ მითარგმნოო. ცოტა გამიკვირდა, საიდან იცის, ინგლისური რომ ვიცი-მეთქი? ვუთარგმნე და შემდეგ მორი­დებით ვუთხარი: თქვენთან საუბარი როდის­ შეიძლება-მეთქი? ახლავეო! და გავანდე ჩემი გულის ნადები... გამომცდელი თვალით შემომხედა და ჩამოთვალა ყველა ის ასპექტი, რაც უნდა მომკლებოდა. ბოლოს მითხრა,­ გინდა ახლა ეგ შენო? მე თავს ვუქნევდი... ეს ყველაფერი არ გექნება,­ მაგრამ ამის სანაცვლოდ იცი რა გექნებაო? გაჩერდა, თვალებში ჩამხედა და მეუბნება - ამის სანაცვლოდ ნეტარება შემოდისო და იმწუთას ზუსტად განმაცდევინა ის მდგომარეობა... ამის მერე დავიწყე სიარული ბოლნისში. ამასობაში უნივერსიტეტი­ დავამთავრე და წავედი მონასტერში. ასე გრძელდებოდა სამწელიწად-ნახევარი და საბოლოოდ, 25 წლის ასაკში, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის დაბადების დღეს, თვითონვე აღმკვეცა ლომისას წვერზე, დიდ ტაძარში­. ეს უდიდესი სიხარული იყო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ლომისას წვერზე მონაზონი აღკვეცეს. სახელიც თავად დამარქვა - სერაფიმა.

23fb3f0d-34cc-436a-a023-a0aeceacab66-1750625617.jpg

მამა იოანე ისეთი უნიკალური ადამიანი­ იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა მამაშვილობას სცდებოდა... როცა მყინვარზე გავაცილეთ, გავყევით­ მე და მამა სერა­ფიმე. გზაში­ ისეთი შეგრ­ძ­ნება­ მქონდა, თითქოს ბოლოჯერ ვხედავდი და როცა უკან დაბრუნდა, მართლაც უკვე სულ სხვა ადამიანი იყო. 6 თვე გაატარა მყინვარწვერზე, რაც წარმოუდგენელია. მახსოვს, შუა გზაზე შევხვდით, ჩამოსვლაში მივეხმარეთ და მაშIინვე­ ვიგრძენი, ცნობიერების სხვა დონეზე რომ იყო ასული. მივხვდი, იქ რაღაც მოხდა, რასაც მალავდა­ და ამ უბრალოებაში ფუთავდა...

თემურ ხმალაძე, მამა იოანეს ჯგუფელი, უახლოესი მეგობარი: - სტუდე­ნტობას ისეთი­ წესიერი იყო, ხანდახან ვბრაზდებოდი და ვეჩხუბებოდი, ამას რატომ მოუთმინე, იმას რატომ აპატიე-მეთქი. ერისკაცობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა - ძეგლთა დაცვაშიც იყო, მასწავლებლობდა კიდეც. იოგითაც გახლდათ დაინტერესებული,­ ასევე ბუდიზმით, ინდუიზმით და ა.შ. მახსოვს, ერთ დღესაც მოვიდა და გვეუბნება,„ეს ყველაფერი არაფერია, მივდივარ ეკლესი­აში, ქრისტიანული, ბერული ცხოვრება­ უნდა დავიწყოო... მერე წავიდა მამა გაბრიელთან და მასთან­ შეხვედრიდან ძალიან მალე ეკლესიურ­ ცხოვრებას შეუდგა. თავიდან მორჩილი იყო ღვთაების მამათა მონასტერში, მერე ბოლნისში, მერე წუღრუღაშენში და სწორედ იქ დაიწყო ხალხის განკურნება... შემდეგ წავიდა მთაში - ფასანაურში. ამასობაში ნელ-ნელა კრებდა სულიერ შვილებს და ლომისის საძმოც შეიკრა. ლომისაში გაატარა მოღვაწეობის უდიდესი პერიოდი. ხშირად განმარტოვდებოდა მთის წვერზე, სადაც თავისი პატარა­ კელია ჰქონდა... ის თავიდანვე სწორი კაცი იყო, ეკლესიაში კი ღმერთს უფრო მეტად დაუახლოვდა... ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს ფიზიკოს მეგობარს მამა იოანეს გაცნობა უნდოდა და მთხოვა, მასთან მიმეყვანა. ეს კაცი არ იყო ღვთისა და ეკლესიის მეხოტბე, ფიზიკისა და ფორმულების იქით არაფერი აინტერესებდა. წავიყვანე მამაოსთან, მაშინ ის წუღრუღაშენში იყო. რომ მივედით, თავისთვის იდგა ჩაფიქრებული. დაგვინახა თუ არა, შეგვიპატიჟა. მერე გვითხრა, ცოტა ხნით უნდა გავიდე, მალე დავბრუნდები, თქვენ აქ დამელოდეთო. ჩვენ წინ დიდი ტყე იყო და ვხედავთ, მამაო ჩავიდა და ჯერ ტყის პირას გაჩერდა, მერე შიგნით შევიდა.­ არაფერი ვიცით, რა ხდება.­ ცოტა ხანში ვხედავთ­, პატარა გოგონასთან­ ერთად გამოდის. ბავშვი ამოიყვანა და ცოტა ხანს დაელაპარაკა, ჩვენ არ გვესმოდა, რას ეუბნებოდა. ახლოს რომ მოვიდნენ,­ გოგონამ გვთხოვა, ვინმეს ტელეფონი ხომ არ გაქვთ, მშობლებთან მინდა დავრეკოო... თურმე ამ გოგონას დემენცია ჰქონდა, თვეზე მეტხანს დაკარგული იყო და მშობლები ყველგან ეძებდნენ... მე ხომ ჩემი დამემართა და ეს ჩემი ფიზიკოსი მეგობარი სულ გადაირია. მივტრიალი და ვეკითხები - აბა, ამას როგორ ახსნი­-მეთქი? სასწაულიაო, ძლივს ამოღერღა.

ადამიანის გარდაცვალება­ ახლობლებისთვის ხომ ძალიან დიდი ტკივილია? ის ჩემი უახლოესი მეგობარი იყო, თუმცა ტკივილის განცდა არ მაქვს. წავიდა ღმერთთან, მაგრამ ის ახლა უფრო ახლოსაა ჩვენთან!

68fd006b-f2fa-4fa3-aabe-db48b3beff86-1750625616.jpg

მამა იოანე­ ყველაფერს აკეთებდა იმისთ­ვის, ჩვენ არ გვეგრძნო, რომ ის ჩვეულებ­რივი ადამიანი არ იყო. ცდილობდა მისი სიდია­დე უბრალოებითა და თავმდაბლობით დაემალა. ამიტომაც გვიყვარს ასე ძალიან...

ნინო ქანთარია, მრევლი: - ერთ დღეს მეგობრებმა მამა იოანე­სთან წამიყვა­ნეს და მას მერე სულ დავდივარ. ერთხელ მლეთაში­ ავედით­. მამა იოანე ძალიან გაბრაზებული შემხვდა და ხმამაღლა­ დაიწყო­ საკუთარი ცოდვების მოყოლა. ბევრნი ვიყავით, მაგრამ ისეთ რამეს ამბობდა, ვხვდებოდი, მე მგულისხმობდა,­ ჩემს ცოდვებზე ლაპარაკობდა. ეს ჩემი ცხოვრების ისეთი­ დეტალები იყო, მხოლოდ მე რომ ვიცოდი და უფლის გარდა სხვას ვერავის ეცოდინებოდა. როცა მოყოლას მორჩა, თბილი და ნათელი თვალებით შემომხედა, გაბრაზება აღარ ეტყობოდა...­ ამის მერე გავიდა ცოტა დრო. ჩემს მამაოს აღსარება ჩავაბარე და შემდგომ, როცა მამა იოანესთან ისევ წავედით, დარცხვენილი მოშორებით დავდექი. გულში ვფიქრო­ბდი, ნეტავ თუ ხვდება, რომ სინანულსა და აღსარებაში ვიყავი, ამას თუ ხედავს-მეთქი? უეცრად მოტრიალდა, ჩემკენ წამოვიდა და ორივე ხელი გაშალა - მოდი, მოდი ჩემთანო­, ამით მანიშნა, რომ ყველაფერი იცოდა...

174e731a-94b8-4d19-b9a5-6caa5abbbdf2-1750625616.jpg

შაკო ასათიანი: - 1999 წელი იყო. მე­ და ჩემმა მეგობრებმა ეკლესიაში სიარული დავიწყეთ. ერთი მეგობარი ორთაჭა­ლაში ცხოვრობდა, იქ პატარა ტაძარი იყო და წინამძღვარმა გადაწყვიტა მრევლი­ ქვათახევში წაეყვანა. ჩვენც იმ ჯგუფში მოვხვდით.­.. თბილისიდან ჩასულმა მამაომ­ დაიწყო ლო­ცვა და მამა იოანე­ (იმ დროს მამა სერაპიონი) ისე ემსახურებო­და, სტიქაროსანი გეგონებოდა. რამდენიმე წუთში ისე შეგვაყვარა თავი თავისი თავ­მდაბლობით, ვთხოვეთ, კიდევ ერთხელ ამოვალთო. რასაკვირველია, დაგვთანხმდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენთან ეზოში ერთი კაცი მოვიდა, ქვათა­ხევში ერთი მაგარი ბერიაო და დაიწყო მოყოლა. მაშინვე მივხვდით, მამა იოანეზე საუბრობდა... მეორედ 26 მაისს, მის დაბადების დღეზე ჩავედით და კარგი წითელი ღვინოც წავუღეთ. გვეგონა, ბევრი ხალხი იქნებოდა, მაგრამ არავინ დაგვხვდა. მამაო მარტო იყო. შევედით ოთახში, ძალიან გაუხარდა­ და მოჰყვა დიდხნიან ქადაგებას. ერთი ფრაგმენტი დღემდე მახსოვს: ოთახში დასვრილ შუშებს­ პატარაზე რომ გაწმინდ, შუქი შემოვა, ოთახ­საც გაგინათებს და იმასაც დაინა­ხავ, გარეთ რა ხდებაო... მართლაც, მამა იოანესთან დაახლოებამ ბევრი რამ დაგვანახა. გვასწავლა ლოცვა, რომელსაც საოცარი ძალა აქვს.

მზეონა იბერიელი, მრევლი: +- ჩემთვის­ მართლა მამა იყო. მამა იოანეს გვერდით სულიერად ვივსებოდი. ვიცი, უამრავ შეპყრობილსაც შველოდა. ერთხელ ასეთი ამბავი მოხდა: ბოლნისში ყოფნისას ერთ ოჯახში წაიყვანეს. შვილი სულიერად­ ძალიან ავად იყო. როცა მამა იოანე სახლში შევიდა, მაგიდას მიუჯდა, მოიხმო ოჯახის წევრებიც და დაიწყო ლოცვების­ კითხვა. ამ დროს შემოიყვანეს ბავშვიც, რომელიც 3 წლამდე ძალიან მხიარული ბავშვი ყოფილა - იცინოდა, საუბრობდა, მაგრამ ერთ საღამოს დადუმდა და ასე გრძელდებოდა 13 წლამდე. როდესაც მამაომ ლოცვების წაკითხვა დაიწყო, ეს ბავშვი უცებ აკისკისდა, მამაოს ჩაეხუტა და ისე გამხიარულდა, ყველა გადაირია. ეს ისეთი სასწაული იყო, მაშინვე მთელ ბოლნისს მოედო...

მამა სპირიდონი, სულიერი შვილი: - როდესაც კლინიკებში მიდიოდა ხალხის დასახმარებლად, მეც თან მივყავდი­ ხოლმე. ავადმყოფთან რომ შედიოდა, ჯერ დიაგნოზს გაიგებდა და იმის მიხედვით იწყებდა ლოცვას. შევსწრებივარ საშინელი ავტოავარიის შედეგად ისე დაშავებულ ადამიანს, შეხედვაც კი გაგიჭირდებოდა. ექიმებს გადარჩენის არანაირი იმედი არ ჰქონდათ და ასეთი ადამიანი ფეხზე დააყენა მამაომ.

უმეტესობა ბოლნისიდან გადმოჰყვა მამოს, ზოგი სოხუმიდან შემოუერთდა. მე უკვე მლეთაში გადავწყვიტე ბერად შედგომა, მერე ბავშვებთან­ ერთად მლეთიდან გადავედი ივერთუბანში­. თავიდან გამიჭირდა იქაურობის დატო­ვება, მაგრამ ერთ დღეს თავად მამაომ მითხრა, შენი ადგილი ბავშვებთან ყოფილაო და იმ დღის შემდეგ ჩემში იმხელა ძალა შემოვიდა­, დღემდე აქ ვარ და ვემსახურები ამ ანგელოზებს. ივერთუბანში ერთი მოკრძალებული სახლი დგას, რომელსაც ბერები და მონაზვნები პატარა სამოთხეს ვეძახით. ამ სახლში მცხოვრებ ღმერთისგან მობარებულ პატარებს დედა ბარბარე პატრონობს მონაზვნებსა და მორჩილებთან ერთად.

558a0e81-f0cd-43fe-8b50-ea78c7e8c107-1750625616.jpg

დედა ბარბარე, სულიერი შვილი: - ვმადლობ უფალს, შემდეგ კი ჩემს მოძღვარ მამა იოანეს, რომ გულნატკენი დედა, რომელსაც პირველი შვილი გარდამეცვალა,­ ღმერთმა ამდენი შვილით დამასაჩუქრა. "კიდევაც დაიზრდებიან" - ასე ჰქვია ჩვენს მონასტერს, რომელმაც არსებობა 2006 წელს დაიწყო. დაიწყო ერთი ფეხმძიმე გოგონათი,­ რომელიც მშობლებსა და მეგობრებს ფეხმძიმობის გამო დაემალა და თავი ლომისას მონასტერს შეაფარა. პირველად ეს გოგო რომ მოვიყვანეთ, თავის მოკვლას ფიქრობდა­. ერთ კვირაში უნდა გათხოვი­ლიყო და ფეხმძიმედ აღმოჩნდა, ბიჭმა კი ცოლობაზე უარი უთხრა - მრცხვენია, ფეხმძიმე როგორ წაგიყვანო, რას მეტყვიანო... მაშინ ამ გოგოს ვუთხარი, მამას, რომელსაც შვილის გამოჩენის რცხვენია და შეუძ­ლია მასზე უარი თქვას, იმისთვის­ თავს როგორ იკლავ-მეთქი? საბოლოოდ, გოგონა ვამშობიარეთ... იმ ბიჭმა სასტიკი უარი თქვა ბავშვზე, ეს გოგონა­ კი მშობლებს შეურიგდა და ბავშვთან­ ერთად წაი­ყვა­ნეს. მერე მთხოვნელიც გამოუჩნდა და დღეს მშვენიერი ოჯახი აქვს... ჩვენს მონასტერში ასეთი რამდენი რამ მომხდარა. ჩემი მოძღვრის კურთხევით, მონდომებითა­ და სიყვარულით, ჩვენთან მოსულს უკან არ ვუშვებთ. არიან ისეთი ბავშვებიც, რომელსაც მშობლები ჰყავთ, მაგრამ ძალიან უჭირთ. პერიოდულად მოდიან და ნახულობენ შვილებს.

როცა მამა იოანემ ქრისტესთან ერთად ეს საქმე მომანდო, მაშინვე ვიცოდი, ეს ჩემი ჯვარი იქნებოდა. ახლა, მამა იოანეს­ ამ ქვეყნიდან გასვლის შემდეგ, მინდა კიდევ უფრო ღირსეულად ვატარო ეს ჯვარი და ეს ანგელოზები სწორ გზაზე დავაყენო. როცა მეც ამ ქვეყნიდან გავალ და მამაოს შევხვდები, მინდა პირნათელი წარვსდგე მისი და უფლის წინაშე.

თამუნა ელანიძე (მრევლი) - 2012 წელი იყო. ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა და ფაქტობრივად, დღითი დღე ვკვდებოდი... დიაგნოზს ვერ მიდგენდნენ. მეგობარმა მამა სერაპიონზე­ მითხრა, ხალხს კურნა­ვს და ეგ თუ გიშველისო. მიუხედავად­ იმისა, რომ გადაადგილება მიჭირდა, მეორე დილასვე მლეთას გავეშურეთ. იმ დღეს მამაო არ მინახავს, განდეგილობაში იყო წვერზე აღდგომამდე. გული დამწყდა, მაგრამ ვიფიქრე, ალბათ, ჯერ არ ვიყავი მზად მასთან შესახვედრად-მეთქი. თბილისში დარუნების შემდეგ მისი ქადაგებების ყურება დავიწყე და ასე მეგონა მასზე ახლობელი აღარავინ მყავდა დედამიწაზე. არ დამავიწყდება ის დღე, როცა პირველად ვნახე, ეს იყო შეხვედრა დიდი ხნის უნახავი მამა-შვილის... როცა მის გვერდით ვიყავი, სიხარულით ისე მებერებოდა გული, მეშინოდა არ გამხეთქოდა. მან მე სიცოცხლე მაჩუქა, თავიდან დავიბადე. მამა იოანე ქრისტესი იყო, ყველა უყვარდა, ყველა ედარდებოდა. ძალიან რომ მომენატრებოდა, სიზმარში მოდიოდა ხოლმე. მისი განდეგილი ცხოვრებიდან გამომდინარე, ქრონიკული მონატრება მქონდა და ერთხელ ვუთხარი კიდეც - მამაო, სულ მენატრები, არასოდეს მყოფნის თქვენთან ყოფნა-მეთქი...“არა უშავს, მერე იქ სულ ერთად ვიქნებითო. ღმერთმა ინებოს, რომ იმიერში კიდევ ერთხელ ჩამახუტოს ჩემს მამიკოს...

ლარისა ხოსიშვილი, მრევლი: - დაახლოებით 22 წლის წინ ჯანმრთელობის­ პრობლემები მქონდა. ორჯერ­ გადამიღეს­ ექოსკოპია, გამიკეთეს ანალიზები და ოპერაცია­ გარდაუვალი იყო. იმ დროს დედა მონასტერში იყო და მაშინვე მამა სერა­­­პიონს უამბო ჩემი ამბავი. მამაომ დამი­ძახა და მითხრა,„მოდი, მე და შენ ვილო­ცოთო. დამსვა­ პატარა მაგიდასთან, ხელები­ მაგიდაზე დამაწყობინა და თავისი ხელები ჩემს ხელებს დაადო. ასე ვლოცულობდი გულში ჩუმად და მამაოც გულის­ ლოცვას აღავლენდა. რამდენიმე ხანში ვიგრძენი, თავში სითბო ჩამეღვარა. მამაო დროდადრო მეკითხებოდა, რა ხდება? მეც ვპასუხობდი,­ რასაც ვგრძნობდი. თვალები დახუჭული მქონდა და რომ გავახილე, დავინახე მამაოს­ ხელები. ერთი სულ თეთრი ჰქონდა, მეორე უფრო მუქი. ჟრუანტელმა დამიარა, ქუსლებიდან მთელ ტანში­ თითქოს ცხელი­ ნაკადი წამოვიდა... იმ ღამეს მონასტერში დავრჩი. დილით მამაომ უთხრა დედა ბარბარეს, თბილისში მივდივართ, ლარისა ექიმთან უნდა წავიყვანოთო. ექიმმა ექოსკოპია გადამიღო და გაოცდა. გვითხრა, რომ ძალიან ჯანმრთელი ვარ და საოპერაციო არაფერი მჭირდა...

ნინო ლარცულიანი (მრევლი) - ერთი ისტორია მახსენდება, მამა იოანეს სულიერი შვილის და მეგობრის, არქიტექტორ დიანა რეხვიაშვილის მონათხრობი:­ სულიერად ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, თითქოს მთლიანად დანგრეული ვიყავი, გადავწყვიტე მლეთაში ავსულიყავი და მომელოცა. უკვე გაგებული მქონდა მამა იოანეს შესახებ. ტაძართან რომ მივედით, წირვა დასრულებული იყო. შიგნით მხოლოდ მამა იოანე და რამდენიმე ბერი ჩანდა, ზამთარი იყო და იმ დღეს ძალიან ციოდა, ისე ძლიერად ამიტანა სიცივემ, ვკანკალებდი, სულ გაყინული ვიყავი. მამა იოანე თითქოს დანახვისთანავე მიმიხვდა რა გასაჭირშიც ვიყავი, დამიძახა, გვერდით დამისვა და ზურგზე ხელი დამადო. იმწამსვე მოულოდნელად თბილი მდინარე ჩაიღვარა ჩემს სხეულში. მყისიერად გავთბი! ამ ენერგიამ რამდენიმე წამში დენივით დამიარა თავიდან ფეხებამდე და გაუსაძლისად დამცხა, ისე, რომ მოვიხსენი კაშნე და ქურთუკიც კი გავიხადე, მაგრამ მიხვდი ეს სიცხე სხეულის შიგნიდან მოდიოდა. რამდენიმე წუთში ისიც აღმოვაჩინე, რომ კარგად ვარ. აღარაფერი მახსოვდა, რის გამო მოვედი, რა მაწუხებდა, რა მტანჯავდა, რამ გამომაქცია რუსთავიდან მლეთაში. ვგრძნობდი, ძალიან კარგად ვიყავი. ვიღიმოდი, გული სიხარულით მქონდა სავსე! მამაომ ჩამიხუტა და გამომიშვა. ეკლესიიდან რომ გამოვედი, მერეღა გავიაზრე, რა მოხდა... ასეთი უამრავი ისტორიის მომსწრე თავადაც ვარ.

ერთხელ მამა იოანეს ვკითხე, - მამაო, მთის წვერზე რომ ეყუდები, ლოცვაში რომ ხარ, აი სულ რომ თბება, მერე ცრემლი მოდის, თითქოს რომ გწვავს ცეცხლი შიგნიდან, მერე... მერე რაღა ხდება, სულ ბოლოს? თვალებში მზე ჩაუდგა, მრავლისმთქმელად გაიღიმა და მითხრა: ბოლოს ყველაფერი ირინდება, ყველა ხმა და ჩქამი წყდება და მხოლოდ დიდი მუსიკაა, როგორც მიწასა და ცას შორის აღმართული ცეცხლოვანი სვეტი!“

ერეკლე შონია, მკლევარი: - ძალიან დიდი მამაა ჩვენი მამა იოანე. მან მსოფლი­ოში დაგროვილი ცოდნა შეაჯერა და მისი ცნობიერება გადავიდა იმ ეტაპზე, რომელიც დიდ მამებსა და დიდ პიროვნებებს­ ახასიათებს. მამა იოანემ შეგნებულად აირჩია განდეგილი სამონასტრო ცხოვრება. მას მიწიერი მსახურებისას გაეხსნა სხვადასხვა ნიჭი, უნარი, მათ შორის ადამიანების განკურებისა და გზაზე დაყენების. ასე განვლო მთელი ცხოვრება და როცა ჩათვალა, რომ თავისი მისია შეასრულა, მონასტერი დატოვა და წავიდა ივერთუბანში ანგელოზებთან, ანუ ბავშვებთან და სიყვარულით გაჟღენთილი წავიდა ზეცისკენ...

როცა მე ლომისაში სიარული დავიწყე, ძალიან მინდოდა წინამძღვრის გაცნობა, რომელსაც ცოცხალ მამა გაბრიელს უწოდებდნენ. ერთ ზაფხულს დედათა მონასტერში ვარ, მეორე სართულზე ვალაგებ სახლს. ამ დროს გაიღო ჭიშკარი და ეზოში­ ვიღაც შემოვიდა. როგორ აღმოვჩნდი მეორე სართულიდან ეზოში, არ მახსოვს და სანამ რაიმეს მეტყოდა, ძახილით შევეგებე - იცით, როგორ მინდოდა თქვენი ნახვა-მეთქი? გამიღიმა, ხელით სკამისკენ მიმანიშნა და სანამ ჩემზე საუბარს დავიწყებდი, თვითონ 5 წუთში ამიხსნა, რატომ მქონდა ამდენი განსაცდელი... მერე ეტყობა ძალიან გაოცებული რომ ვუყურებდი, თვითონვე მითხრა: მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც ქრისტე ღმერთით, მამა გაბრიელით, და უწმინდესის წყალობით არსებობსო. მე დღეს მადლობას ვუხდი მას. მამა იოანე ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მამა იყო. მისი ღვაწლი ჯერ კიდევ დაუფასებელია. ვრცელდებოდა არაერთი ჭორი, როგორც ყველა დიდ მამაზე, მაგრამ სულ მალე ძალიან ბევრ რამეს შეიტყობთ მამა იოანეზე და გაოცდებით, რომ ჩვენ გვერდით უჩუმრად ცხოვრობდა ასეთი სულიერი მოღვაწე.

რუსუდან შაიშმელაშვილი