"ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ოჯახი და "ქუჩის ბიჭები" მყავს, ბედნიერებაა, რომ საქართველოში დავიბადე, ქართველი ვარ და ღმერთმა მომცა ნიჭი - მიყვარდეს"
"ადამიანს ტვინი რისთვის აქვს, სანამ რამეს მოიმოქმედებს, ხომ უნდა დაფიქრდეს?! შეიძლება დაუშვა შეცდომა, მაგრამ იმ შეცდომამ რაღაც უნდა გასწავლოს, სხვაგვარად პიროვნულად ვერ გაიზრდები"
"ადამიანების მჯერა, ეს ჩემი ყველაზე დიდი სისუსტეა. მიკვირს, ერთმანეთის ნდობა რატომ დავკარგეთ? ეს სადამდე მიგვიყვანს?", - ამბობს მომღერალი ირაკლი ნოზაძე (პიკასო). რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რა შემთხვევაში შეუძლია პატიება, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ მიღწევად? - ამ ყველაფერს მისი დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- გმირი. სულ მქონდა სურვილი, ვიღაც გადამერჩინა, საგმირო საქმეები ჩამედინა. თან სიმღერა ისე მიყვარდა, მომღერლობის გარდა, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.
- ჩემზე ამბობენ...
- ნიჭიერი და ზარმაციაო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- იმავე გზას გავივლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება იყო...
- "ქუჩის ბიჭების" შეკრება.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- პარაშუტით გადმოხტომა, ძალიან მინდა, მაგრამ როცა დადგა მომენტი და ამის შესაძლებლობა მომეცა, ბოლო წუთებში უკან დავიხიე, მივხვდი, ახალი ემოციების მისაღებად მზად არ ვიყავი. არადა, ექსტრემალი ვარ, ზიპლაინით დაშვება, ჯომარდობა ძალიან მიყვარს. წლების წინ მანქანით სწრაფად სიარულიც მიყვარდა, მაგრამ გადავეჩვიე, ფრთხილი მძღოლი გავხდი.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ასეთი ოჯახი მყავს, ბედნიერებაა, რომ საქართველოში დავიბადე, ქართველი ვარ, "ქუჩის ბიჭები" მყავს და ღმერთმა მომცა ნიჭი - მიყვარდეს.
- მე, როგორც მამა...
- ვთვლი, რომ კარგი მამა ვარ, მაგრამ არ ვარ საუკეთესო, ჩემზე კარგი მამებიც არსებობენ და მინდა მათ მივბაძო. 4 შვილი მყავს, ყველა შვილის დაბადებას განსხვავებული შეგრძნება მოაქვს. შეუძლებლად მიმაჩნია, ამ სიხარულის სიტყვებით გადმოცემა. შენს ცხოვრებაში შემოდის ახალი ადამიანი, რომლის გულისთვისაც შეგიძლია სიცოცხლე ისე დათმო, წამითაც არ დაფიქრდე. ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ჩემი ოჯახი.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- უფრო და უფრო დიდ წარმატებას მივაღწიო და აუცილებლად ასე იქნება, არ მოვეშვები.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- სიყვარულის უნარი მაქვს, მომწონს ის, რომ კონფლიქტური არ ვარ, დაძაბულ სიტუაციას ყოველთვის ვერიდები. კონფლიქტური თინეიჯერობის წლებშიც არ ვყოფილვარ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ მიჩხუბია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ასეთი ბევრი მაქვს. სიგარეტზე ვარ დამოკიდებული და ძალიან არ მომწონს. საკუთარ თავს იმაშიც გამოვუტყდი, რომ სუნთქვას უფრო დავანებებ თავს, ვიდრე სიგარეტს და როგორ შეიძლება ეს მომწონდეს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- რომ შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ "შეუცდომელი არავინ არის", ამით თითქოს ჯერ არდაშვებულ შეცდომასაც კი გამართლებას ვუძებნით. ასეთი მიდგომა არ მომწონს, ადამიანს ტვინი რისთვის აქვს, სანამ რამეს მოიმოქმედებს, ხომ უნდა დაფიქრდეს?! შეიძლება დაუშვა შეცდომა, მაგრამ იმ შეცდომამ რაღაც უნდა გასწავლოს, სხვაგვარად პიროვნულად ვერ გაიზრდები. მინიმუმ ის მაინც უნდა ისწავლო, რომ იგივე აღარ გაიმეორო.
- პატიება შემიძლია თუ...
- ვიგრძნობ, რომ ადამიანი საკუთარ საქციელს გულწრფელად ნანობს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- თვალწინ მიდგას ჩემი ოჯახი და მეგობრები. ვერ წარმომიდგენია, როგორი ბაბუა ვიქნები, ალბათ ჩემს შვილიშვილებს თან გადავყვები.
- ვნანობ...
- უფრო მეტი რატომ არ გავაკეთე, ვიდრე აქამდე შევძელი, ამის საშუალებაც იყო და დროც, მეტი პასუხისმებლობა რომ მეგრძნო, უკეთესი იქნებოდა.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- სადმე დასასვენებლად ჩემს მეუღლესთან ერთად. შვილების გამო მარტო გასვლას ვეღარ ვახერხებთ და ამას ძალიან განვიცდი. სიყვარულს კვება სჭირდება.
- სიყვარული ეს არის...
- ის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გამოცადოს, ერთი ასად ზრდის ადამიანს, აკეთილშობილებს, ამდაბლებს, აბედნიერებს და თვალებს უციმციმებს.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- პატარა ვიყავი, მაგ დროს ოცნებებში დავქროდი, გოგოს ვინმე თუ აწყენინებდა, ამაზე რეაგირება მქონდა, მინდოდა, გმირობები ჩამედინა და იმ ადამიანს ისე შევყვარებოდი, როგორც მე მიყვარდა.
- ყოველთვის შეუძლიათ კარგ ხასიათზე დამაყენონ...
- ჩემმა შვილებმა: სიდონიამ, ნიაკომ, დანიელმა და ლუკამ. ბევრჯერ შინ საოცრად დაღლილი მივსულვარ, ყველაზე პატარა სიდონიას კი თავის ჭკუაზე ვუტრიალებივარ.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- მეუღლეს. რამდენადაც შეუძლია თავი თავდაჯერებულ მამაკაცად მაგრძნობინოს, ასევე ერთ წამში შეუძლია ადგილიდან მომწყვიტოს. ძალიან მძაფრი რეაქცია მაქვს უსამართლობაზე და სამწუხაროა, რომ ბოლო დროს ასეთ ფაქტებს ხშირად ვაწყდები.
- მეზარება...
- როცა ადამიანს მთელი გულით უნდა რაღაც გააკეთოს, მისთვის ხელის შემშლელი პირობა არ არსებობს და როცა ეს გულით არ უნდა, მილიონ მიზეზს ეძებს. სულ ვამბობ, დავჯდე კომპიუტერთან, რაღაც დავწერო, ჩემებურად ვიმუშაო, მაგრამ რამდენჯერ ბავშვი დაიძახებს - "მამა", იმდენი მიზეზია ჩემთვის საქმე გადავდო. საოჯახო საქმეები არ მეზარება, რაღაც თუ გაფუჭდება, მეხერხება შევაკეთო, გამოვცვალო.
- ვრისკავ...
- ხშირად, მაგრამ ადრე უფრო თამამი ვიყავი. გააზრებული მაქვს, თუ არ გარისკე, მიზნამდე ვერასდროს მიხვალ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ადამიანების მჯერა. ერთმანეთის ნდობა რატომ დავკარგეთ? ეს სადამდე მიგვიყვანს? ყველას ვენდობი და ხშირად მიამიტობა გამომდის. სამწუხაროდ, ხშირად აღმომიჩენია, თურმე ადამიანი რომ მელაპარაკებოდა და მისი სიტყვების მჯეროდა, ის სიტყვები ყალბი ყოფილა. მერე ამის გააზრებას დიდი ტკივილი ახლავს. დროთა განმავლობაში, თითქოს თავდაცვის მიზნით, ჩვევაში გადამივიდა, რომ დისტანცირებული ვიყო და ესეც არ მომწონს.
- ვამაყობ...
- ჩემი ოჯახით და "ქუჩის ბიჭებით".
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- ძალიან მიხარია, გულწრფელად გეტყვი.
- მეშინია...
- სიძულვილის.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- უყურადღებობას. შეიძლება რაღაც უნებლიეთ დამავიწყდეს, თორემ უყურადღებო არ ვარ.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- მიმნდობი და მიამიტი არ უნდა ვიყო.
- ვიტყუები, როცა...
- გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, ხანდახან მშველის.
- ტყუილის გამო, დიდ გაუგებრობაში თუ აღმოჩენილხარ?
- (იცინის) კი, ასეთი შემთხვევაც მქონია. ნათქვამი ტყუილი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს ავიწყდება. როგორ უნდა მოიტყუო ისე, რომ თავადაც სიმართლის დონეზე დაგამახსოვრდეს. ჩემს მახეში თავი თავად გამიყვია, ასეთი შემთხვევა მქონია.
- თავისუფლება არის...
- უანგარო სიყვარული, ზრუნვა ადამიანებზე, უფლის სიყვარული, რიდი, უფროსებისა და საკუთარი თავის პატივისცემაა თავისუფლება.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ვეცდებოდი, ბევრი სასარგებლო სერვისი შემექმნა, რომელიც მოსახლეობისთვის უფასო იქნებოდა. რას გავაკეთებდი ჩემთვის? აუცილებლად შევიძენდი კერძო სახლს დიდი ეზოთი, სადაც ჩემი შვილები ირბენდნენ, ითამაშებდნენ, მიწასთან და ბუნებასთან ექნებოდათ სიახლოვე.
- მენატრება...
- ბორჯომი. არის ხოლმე პერიოდები, როცა იქ ჩასვლას ვაგვიანებ, ვერ ვახერხებ და ამ დროს ყოველთვის თავს სიზმრებში მახსენებს.
- ბედისწერა...
- არსებობს თუ არა? შეიძლება... ამავე დროს ვფიქრობ, ადამიანის გონება თავისუფალია და საკუთარ მომავალს თავად განსაზღვრავს. ღმერთის წყალობას ყოველთვის, ყოველ წამს ვგრძნობ, უფლის მადლიერი ვარ, თავს ძალიან იღბლიან ადამიანად ვთვლი.
- ჩემი ცხოვრების მთავარი მიღწევა...
- ჩემი ოჯახია.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- საკუთარი თავის მობილიზება, სიტუაციის საფუძვლიანად გაანალიზებაა საჭირო. უფლის რწმენას, იმედს არასდროს ვკარგავ. მშველის მეუღლესა და მეგობრებთან საუბარი. სიკვდილის გარდა, გამოუვალი სიტუაცია თითქმის არ არსებობს. პრობლემაზე კონცენტრირებაა საჭირო და სწორ გზას აუცილებლად იპოვი.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- მშობლები ხშირად მეუბნებოდნენ, ტყუილი უსარგებლო რამ არის, ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, არ მოიტყუოს! ეს რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი.
- დაბოლოს გეტყვით...
- ერთმანეთი უფრო მეტად გვიყვარდეს, მეტად ვიზრუნოთ, მეტად გავუფრთხილდეთ! სხვისთვისაც ის მოვინდომოთ, რაც საკუთარი თავისთვის გვსურს, მერე თითოეული ჩვენგანის ცხოვრება გაცილებით უკეთესი იქნება!
თამუნა კვინიკაძე