„ერთადერთი, რაც გვახსენებდა დედამიწაზე რომ ვიყავით, გზაზე მოსიარულე დათვები იყვნენ“
"50-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი. არის შემთხვევები, როცა ოჯახის წევრებთან ერთად ვგეგმავ მარშუტს, მაგრამ შემდეგ სპონტანურად ვიღებთ გადაწყვეტილებას და სხვაგან გადავუხვევთ ხოლმე", - ამბობს მუსიკოსი ხვიჩა მაღლაკელიძე.
- შარშან აგვისტოში დაუვიწყარი ტური გვქონდა. ეს მოგზაურობა თავგადასავლების ზღვაში თავით გადაშვება იყო. წელსაც ვაპირებთ. ისეთი ძველი მანქანა მყავს, საბურავები სცვივა, მაგრამ მაინც არ ვეშვები, რადგან დიდია, ტევადი, ისეთი, რომ ბავშვები დამალობანას თამაშობენ. მოგზაურობისას ყოველთვის გვაქვს გასაბერი ნავი ნიჩბით, ველოსიპედი, მაგიდა პატარა სკამებით და მაყალი. არასდროს გვავიწყდება კარავი, მინდორში გავშლით ხოლმე, დილით ჭიანჭველებისგან დაკბენილები, მაგრამ ბედნიერები ვიღვიძებთ.
შარშანდელ ტურს დავარქვით - "მოდი, თურქეთში გადავიდეთ". თურქეთში პირადობის მოწმობით გადასვლა შესაძლებელია, მაგრამ პასპორტები მაინც გავიყოლეთ, იქნებ დაგვჭირვებოდა. პირველ დღეს სამსუნამდე ჩავედით. საღამოს ვისადილეთ. მერე ჩემმა მეუღლემ მითხრა, არ მეძინება, საჭესთან მე დავჯდებიო. ადგილები გავცვალეთ, დამეძინა და თვალები რომ გავახილე, უკვე თენდებოდა, აღმოჩნდა, რომ სტამბოლში ვიყავით... ამ ქალაქში ზაფხულობით საოცარი საცობებია, მთელი დღე ლამის საცობში გავატარეთ, იქვე დავჯავშნეთ სასტუმრო ერთი ღამით. აღარ ვიცი, მერამდენედ, მაგრამ ქალაქი დავათვალიერეთ. საღამოს ვთქვით, მოდი, აბა, ვცადოთ, საბერძნეთში თუ გადავალთ? საზღვრამდე 200 კილომეტრი გვაშორებდა, იქ საათში 130 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობაა დაშვებული და მანძილი საათ-ნახევარში დავფარეთ. მივადექით საზღვარს და მებაჟემ მხოლოდ ერთი შეკითხვა დაგვისვა - რამდენი ხართ? ასე მარტივად გადავედით საბერძნეთში. ვფიქრობდი, ვაა, უკვე ევროპაში ვართ. იცი, ყველაზე მეტად რა მიხაროდა? ჩემს ბებერ მანქანას, რომელიც თავის დროზე ევროპიდანაა ჩამოყვანილი, სამშობლოს ნახვა რომ ეღირსა. მალევე პარომით ერთ პატარა კუნძულზე გადავედით, რომელსაც ყველა მხარეს სხვადასხვაგვარი სანაპირო ჰქონდა. ერთ მხარეს ყვითელი ქვიშა იყო, მეორე მხარეს - თეთრი, სანაპირო ზოგან ოკეანისას ჰგავდა, ზოგან ტალღები იყო. გარკვეული პერიოდი დავყოვნდით, ვისიამოვნეთ და შემდეგ ერთმანეთს კვლავ დავუსვით მარადიული შეკითხვა - ახლა რა ვქნათ, სად წავიდეთ? შევთანხმდით, რომ გზა გაგვეგრძელებინა და ასე მივადექით ალბანეთის საზღვარს. ალბანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ჩვენსავითაა ასოცირებული. იქ 2019 წელს ვიყავი და ახლა ბევრად განვითარებული დამხვდა, კარგი გზებით, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით. ამ ქვეყანაშიც უპრობლომოდ შევედით, გემრიელად და იაფად ვისადილეთ - ალბანეთი დაბალი ფასებით გამოირჩევა, კარგი საკურორტო ზონები და ლამაზი ტბებია. მონტენეგრო, ხორვატია, უპრობლემოდ მოვიარეთ, მანქანაში ყოველთვის მაქვს გიტარა, ახალ ქვეყანაში შესვლისას, იქაურ მელოდიას ვუკრავ. ავსტრიამდე გავედით, ამას საერთოდ ვერ ვიფიქრებდი, თან არ დაგავიწყდეს, რომ "ჯღანკი" მანქანით ვართ. გზადაგზა ვჩერდებოდით, ვშლიდით კარავს, ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, ვბანაობდით - ავსტრიისკენ მიმავალ გზაზე საოცარი პლაჟებია. ავსტრიაში რომ შევედით, ჰალშტატში გავემგზავრეთ, ეს ავსტრიის ალპებია, სადაც ულამაზესი ფერადი ტბებია. იქ ვთქვი, მეტი აღარ გვინდა, უკან დავბრუნდეთ-მეთქი და სხვა გზით - რუმინეთი, ბულგარეთის გავლით წამოვედით. აი, რუმინეთში კი ამბავი შეგვემთხვა. იქ ულამაზესი უღელტეხილია, რომელსაც ტრანსფაგარაშანის გზატკეცილს ეძახიან, უდიდესი სერპანტინია, დაახლოებით 40-კილომეტრიანი გზით ადიხარ მაღლა და ასეთივე დახვეული გზით ჩამოდიხარ. გასაოცარი ხედებია, ზოგჯერ ისეთ სასწაულ სილამაზეს ვუყურებდით, ვჩერდებოდით, მარსის ხედები გეგონებოდა, მაგრამ ერთადერთი, რაც გვახსენებდა დედამიწაზე რომ ვიყავით, გზაზე მოსიარულე დათვები იყვნენ. სანამ დათვებს დავინახავდით, 4 ტელეფონი გვქონდა და ყველასთან მოვიდა შეტყობინება, უფრო სწორად, ტელეფონმა "კივილი ატეხა", რამდენიმე ენაზე გვწერდნენ, "ფრთხილად იყავით, გზაზე დათვებია, მანქანა არ გაუჩეროთ, მინები არ ჩამოსწიოთ, არ აჭამოთ!" იმ ზონაში ვინც ხვდება, ყველას მისდის ეს შეტყობინება. ჩვენ დათვებს "ბუბლიკები" დავუყარეთ, გაიხარეს, ცეკვა დაიწყეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი ამბავი. უღელტეხილიდან დაშვება დავიწყეთ და მანქანა გაგვიფუჭდა, საჭე გაიჭედა, მარცხენა მხარეს აღარ უხვევდა, დიდი ძალა იყო საჭირო რომ მოგეხვია. გზად ავტოგასამართი სადგური შეგვხვდა, მოვიკითხეთ, ახლოს ავტოსერვისი თუ იყო. რუმინეთი მეორადი მანქანების "დედაა". იქ ერთ სოფელში შეიძლება სამი ავტოსერვისის ცენტრი შეგხვდეს. ის ღამე მანქანაში, ავტოგასამართ სადგურთან გავათენეთ. რომ გათენდა, ერთ ცენტრს მივადექით, გვითხრეს, უნდა დაგველოდოთ, სანამ დედაქალაქიდან ნაწილს ჩამოიტანენო. სხვა ცენტრებშიც იგივე მითხრეს. ერთი კვირა რუმინეთში 4 ადამიანს ამ ნაწილის მოლოდინში უნდა გაგვეტარებინა, ეს არ გვინდოდა და გადავწყვიტეთ, სადამდეც ჩვენი მანქანა სიარულს შეძლებდა, გვევლო. ცოტა თანხა გვქონდა და მერე რაღაცას მოვახერხებდით. გადავთვალეთ, ბათუმამდე 2 000 კილომეტრია. რუმინეთიდან ბულგარეთში გადავედით, მერე თურქეთში და თავი უკვე სახლში მეგონა. ჩემს შვილს ვეხვეწებოდი, "გუგლში" ისეთი გზა მოძებნე, მარცხნივ მოსახვევი არ იყოს-მეთქი. ესეც თავისებური აზარტი და თაგადასავალი იყო. გზაში გართობას მაინც არ ვიკლებდით. ბათუმამდეც მივაღწიეთ და მანქანა როგორც კი ჩემი კორპუსის წინ გავაჩერე, საჭე მთლიანად მოტყდა. საბურავები აღარც მარცხენა და აღარც მარჯვენა მხარეს აღარ დაატრიალა. ხელვაჩაურში არის სახელოსნო, სადაც ავღანელები მუშაობენ, იქ რომ მივიყვანე, ერთმა მითხრა, ღმერთს როგორ ჰყვარებიხარ, სახლამდე რომ ჩამოგიყვანაო. ამ ტურის ფარგლებში 8 500 კილომეტრი გვქონდა გავლილი. ზუსტად 20 დღე ვიარეთ. დღეში 200-300 კილომეტრს გავდიოდით, ვჩერდებოდით, ხანდახან პირდაპირ 700 კილომეტრსაც ვფარავდით. ზოგიერთ ქვეყანაში ავტობანი ფასიანია, ყოველ 10 კილომეტრში 7-8 ევროს ვიხდიდით. ყველას ვურჩევ, ვისაც ექსტრიმი იზიდავს, ამ ფორმით იმოგზაურონ. 4 ადამიანს 20 დღე სხვაგან რომ გაგვეტარებინა, ეს თანხა 5 დღე არ გვეყოფოდა. საკვებშიც ბევრი არ დაგვიხარჯავს, რესტორნებში დანაყრებას თუ არ მოითხოვ და პიცის ფაეტონებით მორთმევას, ბევრი არ დაგეხარჯება. სადაც ღამის გასათევად ვჩერდებოდით, იქვე სუპერმარკეტში ვყიდულობდით პროდუქტს, კი იცი, სამზარეულოში ტრიალი როგორ მიყვარს და 12-13 ევროდ 4 კაცისთვის სამყოფ სადილს ვამზადებდი.
- უცხო ქვეყანაში ჩასვლისას, მათ ტრადიციულ კერძებს თუ აგემოვნებთ და ყველაზე განსხვავებული რა გაგისინჯავთ?
- პირველ რიგში სამზარეულო მაინტერესებს. ხორვატიაში ჩივაპჩი გავსინჯე და ყველაზე მეტად მომეწონა. პატარა ქაბაბისმაგვარია. გინდა რესტორანში მიირთმევ, გინდა გამზადებულს იყიდი და თავად შეწვავ, ვერ გააფუჭებ, ისეთი კარგია, განსხვავებულად შენელებული... გველის ხორცი თბილისში მაქვს გასინჯული, დაახლოებით ისეთია, ქათმის ხორცს რომ ხამსა თევზი დააყოლო... ყველაზე უცნაური იყო ზღვის ზღარბი. ზღარბს ეკლებიან ტყავს აშორებენ, იქვე გიჭრიან და უმად უნდა მიირთვა. ყვითელი ფერი აქვს და სპეციფიკური თევზის გემო, მომწარო... მაინტერესებდა გამესინჯა ფუაგრა და ერთხელ საფრანგეთში დავაგემოვნე, შემდეგ ეს კერძი აკრძალეს და ახლანდელი ფუაგრა ნამდვილი არ არის. ნამდვილს ბარბაროსული წესით ამზადებენ, ბატს ან იხვს ძალით კვებავენ, ღვიძლი რომ გაუდიდონ, დაუშალონ და შემდეგ იმ ღვიძლისგან კერძს ამზადებენ.
- ქვეყანა, რომელში დაბრუნების სურვილიც ყოველთვის გაქვთ?
- გერმანია, მაგრამ მხოლოდ დაბრუნების სურვილი მაქვს და არა დარჩენის. მოგზაურობაზე ხომ ვგიჟდები, მაგრამ ქვეყნიდან გავალ თუ არა, ერთი სული მაქვს, შინ როდის დავბრუნდები.
- საქართველოს კარგად იცნობთ?
- მხოლოდ თუშეთში არ ვარ ნამყოფი და საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია. დანარჩენი რეგიონები ასევე მანქანით გვაქვს მოვლილი... ცოტა ხნის წინ, გურიაში კონცერტი გვქონდა, ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ფრთხილად შევედი. მანქანაზე მინები ჩამოწეული მქონდა და მესმის, ერთი გურული ეუბნება მეორეს, - ბიჭო, აი, იი არაა? - რომელი? - აი, იი, იმასთან რომაა? ფანჯრიდან თავი გამოვყავი და დავუძახე - კი, კი, მე ვარ-მეთქი. - ეე, ხომ გითხარი, იია აიო. მთელი დღე ვიცინოდი.
- რომელ ქვეყანაში მოგზაურობაზე ოცნებობთ?
- ესპანეთში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ გიტარის ტური მინდა მოვაწყო, იქ პატარა ქალაქებსა და სოფლებშიც არის გიტარის სახელოსნოები, სადაც ნამდვილ ესპანურ გიტარებს ამზადებენ. მარტო გავიპარები, არა მგონია, ჩემი ოჯახის წევრები დაინტერესდნენ. მეორე ოცნებაც ესპანეთს უკავშირდება, მინდა მოვხვდე სახლში, სადაც მსოფლიოში ცნობილი გიტარისტი პაკო დე ლუსია დაიბადა. შეგიძლია მიხვიდე, შეეხო მის ნივთებს, მისი გიტარა ნახო. მაგრამ ისეთი ამბავია, 2 თვით ადრე უნდა ჩაეწერო, მე მისი ფანი ვარ!
თამუნა კვინიკაძე