"დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვი ე.წ. მკურნალობამ დამიღუპა. საგანგებოდ-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი, მაგრამ..."
ყველას თუ არა, უამრავ ჩვენგანს, ალბათ, სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია მდგომარეობა, როდესაც ფიქრობს, რომ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა და აღარაფერი გამოვა, მაგრამ თუ ირწმუნებ, რომ წამოდგომას შეძლებ და ყველაფერი გამოვა, ასეც იქნება. მარიამ თურმანიძე ერთი მათგანია, ვისაც ასე სჯეროდა და გამოუვიდა: ძალიან დიდი ტკივილით შებარბაცებული ახალგაზრდა ქალი ისე დადგა ფეხზე, დასახმარებლად არავისთვის დაუძახია. კი... ასე იყო და მინდა მოვყვე ძალაზე, რომელიც ყველა ჩვენგანშია და უნდა აღმოაჩინო, ოღონდაც ამისთვის "ცოტა მარიამი" უნდა იყო...
- მარიამ, როდესაც შენი ბიოგრაფია მოვისმინე, გავიფიქრე, ალბათ, ძალიან ძლიერი უნდა იყო, რომ "გადაუარო" ისეთ ტკივილს, როგორიც შენ გქონდა და წახვიდე ბედის საძებნელად სადღაც გადაკარგულში - ასე დავარქვათ.
- კი, იმ მომენტში, ჩემთვის იტალია ნამდვილად "სადღაც გადაკარგული" იყო როდესაც შინ ორი მცირეწლოვანი შვილი დავტოვე და უცხო ქვეყანაში მოხუცის მოსავლელად წავედი. ამ განცდას იმდენად ბევრი ემიგრანტი იცნობს, იქნებ აღარც ღირს ამ ტკივილზე ლაპარაკი. თუმცა მე წასვლის მიზეზად კიდევ სხვა ტვირთი მქონდა, რომლისგანაც როგორმე თავი უნდა დამეღწია. ყველაფერი კი ისე დაიწყო, მოულოდნელად მეხი რომ დაატყდება ადამიანს და თუ გადარჩა, ვერ აცნობიერებს, რატომ მაინცდამაინც მას მოუვიდა. ასე მომივიდა მეც, როდესაც ჩემს პირველ შვილს, ავთოს 11 თვის ასაკში თითქოს ჩვეულებრივი ვირუსი შეეყარა. როდესაც გვეგონა, რომ ვირუსი მთავრდებოდა, ბავშვს მუხლი შეუსივდა და კლინიკაში გადავიყვანეთ. დღესაც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბავშვი ე.წ. მკურნალობამ დამიღუპა. საგანგებოდ-მეთქი, ამას როგორ ვიტყვი, მაგრამ გულგრილობითა და უპასუხისმგებლობით, კი. პალატიდან ცოტა ხნით გასული ვიყავი, როდესაც ბავშვი დედაჩემისთვის გამოურთმევიათ და ვენაში გადასხმა გაუკეთებიათ. რომ დავბრუნდი, ბავშვს ვენიდან სისხლი ისე შადრევანივით ამოსდიოდა და ვერაფრით აჩერებდნენ. არ ვიცი, რა მოხდა, რა გაუკეთეს, რადგან ჩემს შვილს აცრებიც ჰქონდა ჩატარებული და თითიც გაუკაწრავს, მაგრამ სისხლს შედედება არასოდეს გასჭირვებია. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, შეაჩერეს, მაგრამ იმ წუთიდანვე დაიწყო ჯოჯოხეთი - ჯერ კუჭ-ნაწლავი აერია, მერე სხვა პრობლემებიც გაჩნდა, თვეების შემდეგ კი ექიმებმა მითხრეს, ბავშვს ჰემოფილია (სისხლის შეუდედებლობა) სჭირსო; ცოტა ხანში რთული ფორმის აუტიზმიც დაუდგინეს, რამაც, ცხადია, სულ გამანადგურა. აუტისტ ბავშვებს აქვთ თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება და საკმაოდ რთული აღმოჩნდა მისთვის იმაში დარწმუნება, რომ გაკაწვრითაც კი არაფერი არ უნდა გაეკაწრა. ამას დაემატა ჩემი ყოფილი ქმრის ოჯახიდან წასვლა, როდესაც მეორე შვილზე, ანაზე ფეხმძიმედ ვიყავი.
დავრჩი მშობლების ამარა, რომელთაც, სამწუხაროდ, თავადაც ჰქონდათ პრობლემები, ისევე როგორც იმხანად ბევრ ჩვენს მოქალაქეს... მოკლედ, ბავშვები დედას დავუტოვე. უფროსი 8 წლის იყო, უმცროსი - 5-ის.
სამი წლის განმავლობაში იტალიაში თავაუღებლად ვუვლიდი ლოგინად ჩავარდნილ მოხუც ქალს. ერთადერთ, უქმე დღესაც კი დამლაგებლად ვმუშაობდი, შვილებისთვის რომ სახლი მეყიდა. ვუყიდე კიდეც პატარა სახლი ხაშურში.
მთელი ენერგია გავიღე მოხუცის მოვლაში. ოთხჯერ ჩავარდა კომაში და ოთხჯერვე რომ გამოვიდა, მეუბნებოდა, შენ ჩემი ერთადერთი შვილი ხარო. თავად შვილები არ ჰყავდა და ჩემი შვილად აყვანის პროცედურაც კი წამოიწყო, მაგრამ ვერ მოასწრო, გარდაიცვალა. მე კი ვთქვი, მორჩა, აქ აღარ გავჩერდები-მეთქი და წამოვედი. თუმცა, რაც გააკეთა მოხუცი ქალის დისშვილმა, არასოდეს დამავიწყდება. ჯერ 5.000 დოლარი მომცა, სახლისთვის დაგჭირდებაო, მერე ოქროულობა და საქართველოში წამომყვა, ამ ძვირფასეულობით მარტო ვერ გაგიშვებო.
ჩემი შვილები თბილისში მეტრო "ავლაბართან" დამხვდნენ.A ალბათ, მთელმა მეტრომ დაიმახსოვრა ჩვენი შეხვედრა. იმ წუთიდანვე დავიწყე ფიქრი რა უნდა მექნა, რომ ემიგრაციაში აღარ წავსულიყავი და მოვიფიქრე: დანაზოგით ავტომანქანა და საკერავი დანადგარები ვიყიდე და კერვას შევუდექი. ღამეების განმავლობაში თავი არ ამიღია, დღეებიც იმაზე ფიქრში გამიტარებია, კლიენტს რა როგორ გავუკეთო-მეთქი. ჩემი ტვინი საათობით ამუშავებს იმ ფერების განლაგებას, ქსოვილებს რაც მოუხდება.
თავდაუზოგავად ვმუშაობდი და თან სულ ვიმეორებდი, რასაც აკეთებ, აუცილებლად გულით უნდა გააკეთო-მეთქი.
გამოხდა ხანი და ჩემი საწარმო გავმართე, ოჯახიც ფეხზე დავაყენე. ახლა გურჯაანში მაქვს იგივე გასაკეთებელი.
- გურჯაანში რა გინდათ?
- ჩემს ცხოვრებაში სიყვარული მოვიდა, გავთხოვდი და მესამე შვილი შემეძინა.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით.
- ხშირად ურეკავდა მეგობარს, რომელსაც მხოლოდ ერთი ციფრი აქვს ჩემი ნომრისგან განსხვავებული. ჩემთან რომ მოხვდა, ვისაუბრეთ. ალბათ, ასე უნდა ყოფილიყო. უკარგესი მეუღლე მყავს, მუდამ მხარში მიდგას.
გურჯაანში კიდევ უფრო გავაფართოვე საწარმო. ზოგჯერ ღამეც ვმუშაობ, მაგრამ ბედნიერი ვარ, როცა ვიხსენებ, სად ვიყავი, რამდენად მოშორებული ჩემს ოჯახს, ახლა კი მყარად ვდგავარ ფეხზე.