რასპუტინიდან პუტინამდე
უკრაინულმა სპეცოპერაციამ "ობობას ქსელი" სერიოზულად დაზაფრა რუსი საზოგადოება. მათში გარკვეული ფსიქოლოგიური გარდატეხა მოხდა. კერძოდ, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ პროპაგანდის მანქანა გაჰყვიროდა და რუსებსაც (ამ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს) გულწრფელად სჯეროდათ, რომ მათ ჰყავდათ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი არმია, მათი სპეცსამსახურები სუპერპროფესიონალები იყვნენ, პუტინი კი დიდი გეოპოლიტიკური სტრატეგი. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი იმდენჯერ იყო გაზვიადებული, რამდენადაც ეს შეეძლო პროპაგანდას. პროპაგანდა კი სერიოზულად მუშაობდა და ახალ-ახალ სიმაღლეებს იპყრობდა.
კრეისერ "მოსკვადან" რუსულ აეროდრომებამდე
"კიევს სამ დღეში ავიღებთ", - ასეთი განწყობა სუფევდა რუსულ ტელეეკრანებზე (შესაბამისად, იმ ადამიანებში, რომლებიც ტელეეკრანებთან იყვნენ მიჯაჭვული, ასეთი კი რუსეთში უმრავლესობაა, რადგან პუტინი ქვეყანას ტელევიზორით მართავს) უკრაინასთან ომის დაწყების წინ. ომიდან რამდენიმე დღეში უკვე პირველი იმედგაცრუება ეწვიათ. დიახ, კიევი იყო მთავარი სამიზნე და ჰოსტომელის აეროპორტში რუსებმა დიდი დესანტი გადასხეს. თუმცა უკრაინელებმა მართლაც დიდი გმირობა გამოიჩინეს და დესანტი აეროპორტშივე გაანადგურეს. მოკლედ, კიევი ვერ აიღეს. თუმცა პროპაგანდამ ყურადღების გადატანის მექანიზმები აამუშავა. სამარცხვინოდ განადგურებულ "ჰოსტომელის" დესანტს დოკუმენტური ფილმები და სიმღერები მიუძღვნეს. რა თქმა უნდა, არავინ სვამდა კითხვას, რა ასეთი გმირობა ჩაიდინა ამ დესანტმა და სად არის ამ გმირობის შედეგი.
შემდეგ იყო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვა. ყველანაირი მტკიცებულება არსებობს, რომ ხომალდი უკრაინულმა რაკეტა "ნეპტუნმა" დააწვინა შავი ზღვის ფსკერზე. თუმცა რუსეთის პროპაგანდა დღემდე ამტკიცებს, რომ "მოსკვა" გაუფრთხილებლობით ჩაიძირა - თურმე ვიღაც მეზღვაური აკრძალულ ადგილას სიგარეტს ეწეოდა. დღემდე რუსეთის მოსახლეობამ ზუსტად არ იცის, თუ რამდენი მეზღვაური ემსხვერპლა გემის აფეთქებას. ეკიპაჟის გადარჩენილ წევრებს და დაღუპულების ახლობლებს, სავარაუდოდ, ხმის ამოღება აუკრძალეს.
2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში უკრაინელებმა მძლავრი კონტრშეტევით რუსები ხარკოვის ოლქიდან გაყარეს და პროპაგანდამ ამას ასეთი ფორმულირება მოუძებნა - უკეთეს პოზიციებზე გადაჯგუფება. ამ მხრივ სტალინური პროპაგანდა უფრო გულწრფელი იყო, როდესაც 1941 წელს, საბჭოთა არმიის დიდი კატასტროფისას, მოსახლეობას ეუბნებოდა, რომ ჯარებმა დატოვეს ესა და ეს ქალაქი. ვინც კითხვებს დასვამდა, მოღალატედ აცხადებდნენ. დღემდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ ავრცელებს ოფიციალურად მონაცემებს (თუნდაც შელამაზებულს), თუ რამდენი კაცი დაკარგა უკრაინის ფრონტზე.
2024 წელს უკრაინელების კურსკში შეჭრა რუსულმა პროპაგანდამ ჯერ არ შეიმჩნია, შემდეგ ამას აგრესია და ვერაგული თავდასხმა დაარქვა. თითქოს მანამდე, ორი წლის განმავლობაში, რუსეთი ბარბაროსულად არ ბომბავდა უკრაინის ქალაქებს და არ ხოცავდა მშვიდობიან მოსახლეობას.
აი, უკრაინელთა ოპერაციას "ობობას ქსელი" პროპაგანდამ ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა, გარდა ბღავილისა და დამნაშავეების ძიებისა. რა თქმა უნდა, მაღალჩინოსნებს ვერაფერი გაუბედეს და თურმე ყველაფერში დამნაშავე ყარაულები ყოფილან. ამ პერიოდში ფედერალურ არხებზე რამდენჯერმე გაიჟღერა ვერსიამ, რომ თურმე რუსეთის ომში დამარცხება შესაძლებელი ყოფილა. თუმცა პროპაგანდა სასწრაფოდ გადაეწყო - კონცენტრაცია გააკეთეს შურისძიების აქტზე და იმაზე ოცნებაზე, თუ რა სასტიკი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შურისძიება. შურისძიება მართლაც სასტიკია. დიდი მსხვერპლია უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაში და ამას საკუთარ მაყურებელს ზარ-ზეიმით აწვდის პროპაგანდა (რა თქმა უნდა, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლს უმალავენ).
თუმცა გარკვეული გარდატეხა უკვე მოხდა. კერძოდ, რუსი ზეტბლოგერები აღარ არიან ისე თავდაჯერებული, როგორც თუნდაც რამდენიმე თვის წინ. ზოგიერთმა დაიწყო მწარე სიმართლის თქმაც - კერძოდ, რომ რუსეთის არმიას მცირე წინსვლა დიდ დანაკარგებად უჯდება. ამ ყველაფერს უყურებს რუსეთის მოსახლეობა და დარწმუნებული იყავით, ისინიც სვამენ კითხვებს.
მკითხავები და ექსტრასენსები
რუსულმა პროპაგანდამ ერთი "ტრადიცია" დაამკვიდრა - როგორც კი პროპაგანდას გაუჭირდება, პოლიტიკურ ტოკშოუებში ექსპერტებთან ერთად იწვევენ ათასი ჯურის მკითხავსა და ექსტრასენსს. სტუდიაში ხან კარტს შლიან და ხან ნოსტრადამუსის, მესინგისა და ვანგას წინასწარმეტყველებების "გამოცნობას" ცდილობენ. თემა ერთია - გაიმარჯვებს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომში.
რუსეთის ფედერალური არხების ტოკშოუებში განსაკუთრებით პოპულარული ვანგაა. სავარაუდოდ, იმიტომ, რომ ბულგარელი ნათელმხილველი პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე პოპულარულია. რაც უთქვამს ან არ უთქვამს ვანგას, ყველაფერი მიაწერეს და "დაამტკიცეს" - ნათელმხილველი რუსეთის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდაო. თუმცა გარკვეული ხარვეზები მოსდით. 2022 წელს ვანგას "ათქმევინეს", რომ რუსეთი ომს 2023 წელს მოიგებდა, 2023 წელს ვანგამ რუსეთის გამარჯვება 2024 წელს "გამოიცნო" და ა.შ. შემდეგ სპეციალურად გააკეთეს გადაცემათა ციკლი "ვანგას გზავნილები", რომელთაგან ყოველი მეორე ზელენსკის ან მის ოჯახს ეძღვნება.
რუსეთში ახალი პროფესიაც გაჩნდა - "სამხედრო ექსტრასენსები". მათგან ყველაზე ოდიოზურია გენერალ-ლეიტენანტი ალექსეი სავინი. ის ამტკიცებს, რომ ექსტრასენსად კა-გე-ბეში მუშაობდა. მისი თქმით, პუტინი ზეგარდმო ძალებმა გამოუგზავნეს რუსეთს.
როგორც კი რომელიმე პოლიტიკურ ტოკშოუში ექსტრასენსები გამოჩნდებიან ხოლმე, მაშინვე მაღლა იწევს ამ გადაცემის რეიტინგი. ეტყობა, აინტერესებთ ეს რუსებს. საინტერესოა, ამ გადაცემებს უყურებს თუ არა თავად პუტინი?
რისი ეშინია კრემლის ბინადარს?!
კერძოდ, სერიოზული გამოცემები წერენ, რომ თავად კრემლის ბინადარიც შამანიზმით არის გატაცებული. ამაზე წერენ "თაიმსი", "შპიგელი", რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტი მიხაილ ზიგარი, კრემლის ყოფილი სპიჩრაითერი აბას გალიამოვი.
შამანიზმი ეფუძნება რწმენას, რომ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთაც სულების სამყაროსთან შეუძლია კონტაქტი. განსაკუთრებით ამის სჯერათ ციმბირსა და მონგოლეთში. ტუვა და მონგოლეთი ყველაზე ძლიერ შამანთა სამშობლოდ ითვლება. წერენ, რომ პუტინი შამანებს რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სერგეი შოიგუმ გააცნო, რომელიც სწორედ ტუველია.
ზიგარი წერდა, რომ ომის დაწყების წინ პუტინმა კონსულტაციები გაიარა შამანებთან და მათ გამარჯვება უწინასწარმეტყველეს. ზიგარი წერდა იმასაც, რომ მოსკოვის გარკვეულ წრეებში ვრცელდება ხმა, რომ კრემლის ბინადარმა შამანებს ბირთვული იარაღის გამოყენებაზეც სთხოვა "ნებართვა". რა პასუხი მიიღო, უცნობია, თუმცა ზიგარი იმასაც აღნიშნავს, რომ მისი წყაროები ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით პუტინისა და შამანების კონსულტაციებს არ ადასტურებენ. სამაგიეროდ, პოლიტიკური ანალიტიკოსი და კრემლის ყოფილი სპიჩრაითერი აბას გალიამოვი აცხადებს, რომ მისი წყაროები ადასტურებენ პუტინისა და შამანების შეხვედრას. "პუტინს სურდა მისთვის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ გზა დაელოცათ. გარდა ამისა, მას რეინკარნაციისა და სამუდამო ცხოვრების საკითხებიც აინტერესებდა. პუტინი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი დარჩა", - წერდა გალიამოვი.
არც ზიგარი და არც გალიამოვი არ აკონკრეტებენ იმ შამანების ვინაობას, რომელთაც პუტინი შეხვდა. თუმცა ცნობილია, რომ კარა-ოოლ დოპჩუნ-ოოლმა, რომელიც რუსეთის მთავარ შამანად არის აღიარებული, "მთვარეს, მზეს და ვარსკვლავებს" სთხოვა, რომ დაეცვა კრემლის ჯარები უკრაინაში. ამასთან, გალიამოვის თქმით, პუტინისა და შამანების შეხვედრას ორგანიზება გაუკეთა კრემლის ბინადრის უახლოესი გარემოცვის წევრმა მიხაილ კოვალჩუკმა, რომელმაც მეცნიერებს დაავალა, რომ სიბერის საწინააღმდეგო წამალი შექმნან. კოვალჩუკი ხელწამოსაკრავი ვინმე არ არის - ის კურჩატოვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი ფიგურაა.
2019 წელს ერთი ამბავი მოხდა, რომელიც შეიძლება ბევრს ახსოვს. შამანმა ალექსანდრ გაბიშევმა განაცხადა, რომ იაკუტსკიდან კრემლამდე (8000 კილომეტრი) ფეხით მისვლას აპირებდა, რათა დემონი პუტინი განედევნა. უსაფრთხოების თანამშრომლებმა ის მაშინ დააკავეს, როდესაც 3200 კილომეტრი უკვე გავლილი ჰქონდა. მას შემდეგ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშია და შეიარაღებული დაცვა ყარაულობს. არადა, ექიმების მტკიცებით, შამანი საფრთხეს არ წარმოადგენს არც საკუთარი თავისთვის და არც გარშემო მყოფებისათვის. "ზოგიერთს სჯერა, რომ თუ შამანს დიდი ხნის განმავლობაში თავის სამშობლოში არ გაუშვებ, ის უნარს კარგავს... ჩანს, დაკავებულ შამანს იმიტომ არ უშვებენ, რომ ხელისუფლებას რაღაც რიტუალების ეშინია", - აცხადებდა რუსი უფლებადამცველი ალექსანდრ პრიანიშნიკოვი.
პუტინის ცრურწმენებს უკავშირებენ კიდევ ერთ ფაქტს. ერთ-ერთი ასეთი ცრურწმენის მიხედვით, თუ ხშირად იტყვი შენი მტერის სახელს, ის დაგამარცხებს. ჰოდა, 10 წლის განმავლობაში პუტინი რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის ასე მოიხსენიებდა: "მოქალაქე", "ეს ადამიანი" და ა.შ. მხოლოდ ნავალნის სიკვდილის შემდეგ დაიწყო პუტინმა რუსი ოპოზიციონერის გვარის დასახელება. "პუტინს ნავალნისი მენტალურად ეშინოდა, რაც ირაციონალური იყო. არასოდეს დაასახელო მისი სახელი - ეს რაღაც წარმართული რწმენის ნაწილი იყო", - ამბობდა ნავალნის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ლეონიდ ვოლკოვი.
სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პუტინი ციმბირული ირმების სისხლში ბანაობდა, რაც თურმე აახალგაზრდავებს და მამაკაცურ პოტენციას ამაღლებს. ეს თურმე მისთვის შოიგუს ურჩევია (თუმცა თავად შოიგუ მაინცდამაინც ახალგაზრდულად არ გამოიყურება, პუტინი კი უფრო ბოტოქსს "აწვება").
რა სიმართლეა და რა ტყუილი ზემოხსენებულ ამბებში, ვერ გეტყვით. თუმცა ქვეყანაში, სადაც რასპუტინი იყო, პუტინისა და შამანის ძმაკაცობის ამბავიც არ არის გასაკვირი. ისე, 2010 წლის მონაცემებით, რუსეთში მკითხავი და მჩხიბავი უფრო მეტი იყო, ვიდრე ექიმი.
გიორგი კვიტაშვილი