პუტინმა დრო იხელთა: შავი დღეები კიევისთვის - გაუძლებენ თუ არა უკრაინელები რუსების მასირებულ შეტევებს?!
მეათე დღეა, ისრაელი ბომბავს ირანს, მას მხარი უკვე აშშ-მაც დაუჭირა და ამ ათი დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის ომი მეორე პლანზე მოექცა, რაც შედის კიდევაც კრემლის ინტერესებში, რომელმაც გააძლიერა უკრაინულ ქალაქებზე და მათ შორის - დედაქალაქ კიევზე კამიკაძე-დრონებით, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით შეტევები.
გასაგებია, თუ რატომ მოექცა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში სწორედ ირანი, რადგან არსებობს „ბირთვული ინციდენტების“ დიდი საფრთხე, რაც ირანის მეზობელ ქვეყნებსაც შეიძლება შეეხოს, ხოლო რუსეთ-უკრაინის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი ერთგვარად „მოსაწყენი“ გახდა საერთაშორისო საზოგადოებისთვის...

მაგრამ ის, რაც ზოგისთვის „მოსაწყენია“, უკრაინის მოსახლეობისთვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ყოველღამე მორიგი საჰაერო შეტევების მოლოდინში ირინდება მილიონობით უკრაინელი...
500 ერთეული კამიკაძე-დრონითა და რაკეტებით შეტევა უკრაინის ქალაქებზე უკვე ერთგვარ კანონზომიერებად იქცა, რომელთა მოგერიება უფრო და უფრო უჭირთ უკრაინელ მეზენიტეებს, რადგან ილევა ანტირაკეტების მარაგი რუსული აერობალისტიკური „ისკანდერების“ „ჩამოსახსნელად“, ხოლო ირანულ-რუსული „შაჰიდ/გერანები“ 3 კმ-ის სიმაღლიდან გადადიან პიკირებაზე, რის გამოც უკრაინული მობილური საზენიტო ჯგუფების მიერ გახსნილი ცეცხლი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ვეღარ სწვდება მათ, ფრენის გაზრდილ სიმაღლემდე...
გარდა ამისა, ისრაელის მიერ ირანის ობიექტების ინტენსიური საჰაერო დაბომბვების, ასევე, ისრაელისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტების მოგერიების გამო, უფრო და უფრო დეფიცუტური ხდება „ჰაერი-ხმელეთის“ და „ხმელეთი-ჰაერის“ კლასის ისედაც ძალზე ძვირად ღირებული ამერიკული მართვადი რაკეტები, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ მიღებას უკრაინის არმიისთვის, რადგან ტრამპის ამერიკა შეიარაღებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ისრაელს დაეხმარება და არა - უკრაინას...

ამის ნათელი მაგალითი გახლდათ გასული წლის მოვლენებიც, როდესაც ისრაელი აქტიურად ბომბავდა „ჰამასს“ - ღაზას სექტორში და „ჰეზბოლას“ - სამხრეთ ლიბანში და 155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების ის მარაგი, რაც ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის უნდა გაეგზავნა, გადაეცა ისრაელის „ცახალს“...
გარდა საჰაერო შეტევების გააქტიურებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ შეტევებს, როგორც უკრაინის აღმოსავლეთში, რათა შეაღწიონ დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე, ისე - ჩრდილოეთში, ქალაქ სუმის მიმართულებითაც...
როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიმართულია ირანისკენ, კრემლს საუკეთესო საშუალება ეძლევა, გააძლიეროს შეტევები მეზობელ უკრაინაზე და ამასთან, დიდი მოგებაც ნახოს, რადგან ირანის დაბომბვა (და თუკი მართლაც ჩაიკეტა ორმუზის სრუტეც) ზრდის ნედლი ნავთობის მსოლიო ფასებს, რაც კრემლს საშუალებას აძლევს, თავისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებით, უფრო მეტი ნავთობი და ბევრად უფრო ძვირად გაყიდოს და მიღებული მოგებით მეტად შეუტიოს უკრაინას...