"პრესტიჟის სარაკეტო შურისძიება"- ირანმა კატარი წინასწარ გააფრთხილა, რომ ამერიკული ავიაბაზისკენ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდა... - კვირის პალიტრა

"პრესტიჟის სარაკეტო შურისძიება"- ირანმა კატარი წინასწარ გააფრთხილა, რომ ამერიკული ავიაბაზისკენ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდა...

23 ივნისის საღამოს ირანმა ბალისტიკური რაკეტები გაუშვა კატარში მდებარე ალ-უდედის საჰაერო ბაზისკენ, სადაც ამერიკული ავიაცია ბაზირებს-ეს საპასუხო ნაბიჯი თეირანმა მას შემდეგ გადადგა, რაც გუშინ, 22 ივნისს ამერიკულმა სტრატეგიულმა „მოჩვენებებმა“ მსოფლიოში უძლიერესი 14 ბუნკერსაწინააღმდეგო მართვადი ბომბი ჩააგდეს ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე...

ირანის დღევანდელი მოქმედება ერთგვარ „პრესტიჟის სარაკეტო შურისძიებად“ შეიძლება შეფასდეს, რადგან კატარში ამერიკულ ბაზაზე საპასუხო დარტყმისთვის ასევე 14 ერთეული ბალისტიკური რაკეტა იქნა გამოყენებული და ამასთან თეირანმა რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილა დოჰა, რომ ამ კონკრეტული საჰაერო ბაზისკენ აპირებდა რაკეტების გაშვებას...

გასაგებია, რომ ირანს არანაირად არ სურს კატართან საქმის გაფუჭება, მაგრამ არც ამერიკული დაბომბვის უპასუხოდ დატოვება სურდა-ეს ყველაფერი ძალიან წააგავს 2020 წლის 8 იანვრის მოვლენებს, როდესაც ირანმა სარაკეტო შეტევები მიიტანა მეზობელ ერაყში განთავსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე, მას შემდეგ, რაც ხუთი დღით ადრე ამერიკული უპილოტოდან გაშვებული რაკეტით ბაღდადის აეროპორტში მოკლული იქნა ცნობილი ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი...

მაშინაც და ახლაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახლდათ, სწორედ რომლის ბრძანებითაც ხუთი წლის წინ ლიკვიდირებული იქნა ირანელი გენერალი, ისევე როგორც მისსავე ბრძანებით გუშინ ამერიკამ პირველად განახორციელა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა...

წინასწარი მონაცემების თანახმად, ირანული რაკეტების თავდასხმა კატარის ალ-უდედის საჰაერო ბაზაზე წარმატებით იქნა მოგერიებული, რაც არცაა გასაკვირი, რადგან ყველამ იცოდა,რომ ირანი სწორედ მისი მიმართულებით განახორციელებდა საჰაერო იერიშს...

katari-1750707259.jpg
კატარში მდებარე ალ-უდედის საჰაერო ბაზის ორი თანამგზავრული ფოტო:მარცხენა ფოტოზე მოჩანს აეროდრომზე განთავსებული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები, მარჯვენა ფოტოზე კი ეს აეროდრომი მოცარიელებულია, რადგან ირანული ბალისტიკური რაკეტების შეტევას ამერიკელი გენერლები ელოდნენ...

ახლა მთავარი ის არის, პრეზიდენტი ტრამპი „პასუხის პასუხს“ ხომ არ მოინდომებს და გააგრძელებს ამერიკული ავიაციით ირანის ბირთვული და სამხედრო ობიექტების დაბომბვას.

გასაგებია, რომ ისრაელის ხელისუფლებას ეს ძალიან სურს, მაგრამ რამდენად აწყობს ეს ყველაფერი თავად აშშ-ს?

მოსალოდნელია, რომ თეთრი სახლი თავს შეიკავებს ირანის შემდგომი დაბომბვისგან და შესაბამისად აღარც თეირანი ეცდება ახლო აღმოსავლეთში ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ რაკეტების გაშვებას...თუმცა უარესი ვარიანტიც შეიძლება გათამაშდეს...

ისე კი ერთგვარი პარადოქსია, მაგრამ ტრამპმა ირანის გუშინდელი ბირთვული დაბომბვით, თეირანს ერთი კარგი საქმე გაუკეთა და რაკეტები „გაუსაღა“-საქმე ის არის, რომ ირანი შორსმფრენი, 1 500-2 000 კმ რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების დეფიციტს განიცდის, რომლებიც ისრაელის ქალაქებს სწვდებიან ირანის აღმოსავლეთ ნაწილიდანაც კი, სამაგიეროდ ხელი შერჩა ბევრად მეტი, ახლო მოქმედების-300-დან 700 კმ-მდე მფრენი ბალისტიკური რაკეტები, მაგრამ მათ ვერანაირად ვერ მიაღწევს ათას კმ-ზე მეტად დაშორებულ ისრაელამდე, შესაბამისად ახლო მანძილის ეს რაკეტები აითოლას ძალიან გამოადგა (და გამოადგება) „პრესტიჟის სარაკეტო დარტყმის“ განსახორციელებლად იმ მეზობელ ქვეყნებში, სადაც მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზები ირანის ტერიტორიიდან 500 კმ-ზე ახლოს მდებარეობენ...