პუტინის "თბილისური თამაში" ანუ ქართული უშიშროების დაცემა - ისტორიის გაკვეთილი, რომელიც ვერ ვისწავლეთ?! - კვირის პალიტრა

პუტინის "თბილისური თამაში" ანუ ქართული უშიშროების დაცემა - ისტორიის გაკვეთილი, რომელიც ვერ ვისწავლეთ?!

შაბათს 21 ივნისს, დღის მეორე ნახევარში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლფის თამაში მიატოვა და ვაშინგტონში გაფრინდა, იქ მას აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები ელოდნენ. ყველა კრიზისების მართვის „სიტუაციურ ოთახში“ (რომელიც თეთრი სახლის დასავლეთის ფრთის ქვედა სართულზე მდებარეობს) იყვნენ შეკრებილნი. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (NSC) ძირითადი და მიწვეული წევრები: დონალდ ტრამპი (თავმჯდომარე); ვიცე–პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი; სახელმწიფო მდივანი და მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მარკო რუბიო; თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი; ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი ჰაბარდი; ცსს დირექტორი ჯონ რეტკლიფი; გაერთიანებული შტაბების თავნჯდომარე გენერალი დან ქეინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სუზი უილსი და ასევე პრეზიდენტის რამდენიმე უახლოესი მრჩეველი. ამ სრულიად საიდუმლო შეხვედრის მიზანი იყო ირანის ატომურ ობიექტებზე აშშ–ის საჰაერო შეტევებისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.

suzi-uilsi-donald-trampi-dan-kieni-jei-di-vensi-da-marko-rubio-1750751741.jpg

მარცხნიდან მარჯვნივ: სუზი უილსი, დონალდ ტრამპი, დან ქიენი, ჯეი დი ვენსი და მარკო რუბიო

მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ამ შეხვედრამდე აშშ–ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წევრები დღეების მანძილზე განიხილავდნენ ირანის ატომურ ობიექტებზე აშშ–ის საჰაერო შეტევების შესაძლო რისკებსა და მოსალოდნელ შედეგებს.

ashsh-is-krizisebis-martvis-situaciuri-otaxis-ert-erti-nacili-1750751728.jpg

აშშ–ის კრიზისების მართვის „სიტუაციური ოთახის“ ერთ–ერთი ნაწილი

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს (შემდეგ ეუს) მიზანიც სწორედ ესაა: პრეზიდენტისთვის რჩევა/რეკომენდაციების მომზადება და უწყებათაშორისი პოლიტიკის კოორდინირება საგარეო, სამხედრო, სადაზვერვო და შინაგანი პოლიტიკის მიმართულებით. ეს მცირე შესავალი საჭირო იყო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ „ურწმუნო თომანი“: ეუს ნებისმიერი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი სტრუქტურაა!

2002 წლის 25 თებერვალს, ნუგზარ საჯაიას ბურუსით მოცული გარდაცვალების შემდეგ დასრულდა საქართველოს ეუს ტრიუმფის წლები და დაიწყო გაურკვევლობისა და ქაოსის ოცწლიანი პერიოდი. პრეზიდენტმა შევარდნაძემ 2002 წლის 14 მარტს ეუს მდივნად და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თანაშემწედ თედო ჯაფარიძე დანიშნა, რომელიც მანამდე (1994–2002 წლებში) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გახლდათ აშშ–სა და კანადაში (ასევე მექსიკაში). დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად უსაფრთხოების საკითხების ღრმა თეორიული ცოდნისა, თ. ჯაფარიძის ამ პოსტზე დანიშვნა უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო და საქართველოს „დასავლური კურსის“ შეუქცევადობის დადასტურებას ემსახურებოდა. თ. ჯაფარიძის დროს შეიცვალა მუშაობის სტილი და ძირითადი პრიორიტეტები. ახალმა ხელმძღვანელმა ვერ შეძლო ამ სტრუქტურისთვის ძველი ავტორიტეტის შენარჩუნება. დაიკარგა სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებების მუშაობის თუნდაც ფორმალური კოორდინაცია. ეუს აპარატი უკვე აღარ იყო ის ავტორიტეტული ორგანო, რომელსაც რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს წონა ჰქონდა. ე.წ. “ვარდების რევოლუციის” დროს დაადასტურდა, რომ ეუს აპარატი და პრეზიდენტი შევარდნაძე უკვე სხვადასხვა ორბიტაზე იმყოფებოდნენ.

2003 წლის ნოემბერში რუსეთის ინტერესებში იყო სრულმასშტაბიანი სახელწიფო გადატრიალების ორგანიზება და შევარდნაძის სრული განდევნა პოლიტიკური ველიდან. პოლიტიკურ ინტრიგებში გამოწრთობილი შევარდნაძის ნაცვლად საქართველოში ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი პუტინისთვის ნამდვილად დიდი საჩუქარი იქნებოდა: „კრემლს“ სჭირდებოდა "მართვადი თოჯინა", თანაც ისეთი ფსიქოტიპის ადამიანი, რომელიც დარწმუნებული იქნებოდა, რომ ყველა გადაწყვეტილებას თავად იღებს, სინამდვილეში კი მასზე ზემოქმედების ბერკეტები მოსკოვს ექნებოდა. ამერიკელებს შევარდნაძის და სტაბილურობის გადარჩენა სურდათ, თუმცა მოსკოვმა დაასწრო: მათ შეარჩიეს პოლიტიკოსი, ყველაზე რადიკალური მოთხოვნებით, ერთი შეხედვით, არაპროგნოზირებადი და გაუწონასწორებელი, თუმცა სხვადასხვა ფსიქოლოგიური ძაფებით (მისი სუსტი თვისებები უკვე შესწავლილი ჰქონდათ) მართვადი ფიგურა. ამის შემდეგ საქართველოს განვითარების გზა, სამწუხაროდ, კვლავ რადიკალურ–რევოლუციური და უმეტესად, ბოლომდე გაუაზრებელ-არასტაბილური გზით შეიცვალა.

putin-misha-1750751759.jpg

2004 წელი დაიწყო და გარეშე თვალისთვის ისე ჩანდა, თითქოს საქართველოში ყველაფერი ბრწყინვალედ მიდიოდა: ხანდახან ადამიანი თავს იტყუებს და სასურველს რეალობად თვლის. თუმცა ამასაც თავისი ახსნა აქვს: რაც არ უნდა დავუკარგოთ სააკაშვილის ხელისუფლებას, ეს პიარტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენება იყო საკუთარი გაკეთებული (თუ გაფუჭებული) საქმეების გაპიარება–გადაფარვისთვის. თანდათანობით ხელისუფლების შეცდომა–დანაშაულები, მიჩუმათება–გაყალბების მიუხედავად, უკვე სააშკაროზე გამოდიოდა, რაც პირველ რიგში „რევოლუციონერების“ საკადრო პოლიტიკის შედეგი იყო. 2004 წლის იანვარში პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სააკაშვილის გუნდის ნორჩი წევრები, რომელთაგან უმრავლესობას საჯარო სამსახურის მინიმალური გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე მხოლოდ პარტიული კუთვნილებისა და პირადი ერთგულების მიხედვით ინიშნებოდნენ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მ. სააკაშვილს მისი "ფანები" დავით აღმაშენებელს ადარებენ და გაიძახიან: "მიშამ ძველი სისტემა დაანგრია და ახალი საქართველო შექმნაო". თავად ვარ მოწმე (საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებში), თუ როგორ იწყებდა სააკაშვილი საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ნგრევას და სად მიგვიყვანა მისმა "აღმშენებლობამ".

ბევრი აუცილებელი და კარგი საქმის დაწყებასთან ერთად (ისიც უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო რვა წლის მანძილზე არც ერთი რეფორმა არ მივიდა ბოლომდე), უფრო მეტი უკანონობა მოხდა. მდგომარეობა იმის პროპორციულად რთულდებოდა, თუ მტერ-მოყვარის წაქეზებით რამდენად იჯერებდა სააკაშვილი თავის „მესიანურ როლს“ და შეუმცდარობას. რაც უნდა კეთილშობილური მიზანი ჰქონდეს კანონის დარღვევას, ის ახალ უკანონობას უდებს სათავეს. ჭეშმარიტებაა, რომ: „ძალაუფლება რყვნის. აბსოლუტური ძალაუფლება კი რყვნის აბსოლუტურად.“ სააკაშვილის ცხოვრება და პოლიტიკური საქმიანობა ამის თვალსაჩინო მაგალითია. თუმცა, თუ ზოგიერთს წლები სჭირდებათ „გასარყვნელად“, სააკაშვილი ერთ წელიწადში უკვე „მზად იყო“. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანიას საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ გახდა.

ცნობილია, რომ სააკაშვილის დამაბალანსებელი ძალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია იყო, რომელსაც შეეძლო ახალგაზრდა პრეზიდენტისთვის სიმართლე ეთქვა. „არმაგედონი“ –სააკაშვილი იმპულსური და ემოციური პიროვნება რომ იყო, ეს ყველამ იცოდა, თუმცა ამას ახალგაზრდული ასაკით ხსნიდნენ. რამდენად შეძლებდა ის ქვეყნის პრეზიდენტის ურთულესი ფუნქციების შესრულებას? რუსეთში უკვე მაშინ პროგნოზირებდნენ: "აშკარაა რომ მოდის ხელისუფლება, რომელიც უფრო დაძაბავს ურთიერთობას აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთან და აჭარასთან, რაც შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზრდებაო". ამიტომაც ხომ არ დაუჭირა ფარულად რუსეთმა მხარი სააკაშვილს?

2003 წლის 24 ნოემბერს კრემლში ვლადიმერ პუტინმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მოსკოვისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოში განვითარებული მოვლენები, ხელისუფლების შეცვლა საქართველოში არის ბუნებრივი შედეგი სისტემური შეცდომების სერიისა ქვეყნის ყოფილი ხელმძღვანელობის შიდა საგარეო და ეკონომიკურ პოლიტიკაშიო.

პუტინის სიტყვებით, რუსეთს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებასთან. მან მოუწოდა საქართველოს მომავალ, კანონიერად არჩეულ ხელმძღვანელობას, ყველაფერი გააკეთოს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის ტრადიციების აღსადგენად. რუსეთის პრეზიდენტი აშკარად კმაყოფილი ჩანდა: მას სააკაშვილის იმედი ჰქონდა. ალბათ, მაშინ მოსკოვში უკვე იწერებოდა ზურაბ ჟვანიას განეიტრალების, "აგვისტოს ომის" და კიდევ ბევრი, საქართველოს ინტერესების საზიანო სცენარები.

ოდითგან ასეა: რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოში სერიოზულ, ჭკუადამჯდარ პოლიტიკოსებს გასაქანი არ მიეცეს. რუსეთს ყოველთვის ის სურს, რომ საქართველოს ხელისუფლებში, ყველა დონეზე, ახალგაზრდა, მაქსიმალურად გამოუცდელი და ეგზალტირებული ხალხი მოღვაწეობდეს. მათი ფარული მართვა/მანიპულირება ხომ იოლია.

"ვარდების რევოლუციის" წინ რუსეთმა მოახერხა ქართველი ხალხის სამართლიანი საპროტესტო გამოსვლების თავის სასარგებლოდ წარმართვა და მისთვის სასურველი ახალგაზრდა, იმპულსური პოლიტიკოსის ჯერ ადგილობრივი მასშტაბის, შემდეგ კი - საერთაშორისო დონის "არმაგედონად" ჩამოყალიბება და შემდეგ უკრაინაში „ექსპორტი“. შედეგად მივიღეთ საკმაოდ პარადოქსული მოცემულობა: წლების მანძილზე სააკაშვილს "ვაშინგტონის კაცს" ეძახდნენ, რომელზეც რუსეთი, სხვადასხვა სახის მანიპულაციებით, მძლავრ გავლენას ინარჩუნებდა. ყველა დოკუმენტზე ღირებული იმ ისტორიული რეალობის შესწავლა და ანალიზია, რაც 2004-2012 წლებში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საგარეო და საშინაო გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ. ვის აძლევდა ხელს? ვინ რა მოიგო? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ნათელი გახდება, თუ ვინ იდგა რეალურად იმ მოვლენების უკან.

სააკაშვილის ხშირად გაუაზრებელი მოქმედებები დასავლეთშიც და საქართველოშიც "ვაშინგტონის დავალების შესრულებად" აღიქმებოდა. პუტინის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობდა (და ცდილობს), ეს ილუზია შეენარჩუნებინა და თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა. რუსეთის ხელისუფლება ყოველმხრივ ცდილობდა იმ აზრის დამკვიდრებას, რომ: "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა მკვეთრად გამოხატული პროდასავლური, პროამერიკული პოზიციის მქონე ადამიანი - მიხეილ სააკაშვილი". გასაკვირია, თუმცა ეს ვაშინგტონმაც დაიჯერა, სააკაშვილი ხომ სულ გაბადრული "დაფრინავდა ღრუბელ–ღრუბელ". მოსკოვში კი "მოსავალს იმკიდნენ", ისინი წაუგებელს თამაშობდნენ: სააკაშვილი ამერიკელების კაცია, რუსეთის დაუძინებელი მტერი და მისი დამსახურებაა საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების გაუარესება, მისი სამხედრო აგრესიის გამო იძულებულნი ვიყავით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი გვეღიარებინაო", - ფარისევლურად აცხადებდნენ და დღესაც აცხადებენ კრემლში. თან სააკაშვილის ხელით „დასავლეთის“ სრული კომპრომეტირება მოახერხეს.

vladimer-putini-gela-bezhuashvili-1750751684.jpg

ვლადიმერ პუტინი გელა ბეჟუაშვილს: „თქვენ ძალიან ჰგავხართ ბერიას“ („Вы очень похожи на Берию“) ბეჟუაშვილი: „მადლობა“ („Ну, спасибо“).

"ვაშინგტონის კაცი" სააკაშვილი კი ძალიან ხშირად არ ითვალისწინებდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების რეკომენდაციებსა და გაფრთხილებებს, შედეგი კი ყოველთვის კატასტროფული იყო. ვითომ ეს ყველაფერი შემთხვევითობაა? თბილისში ხელისუფლებაში მოსული "ცხელთავიანი" დილეტანტების (ხშირად რუსეთის აგენტების და "სასარგებლო იდიოტების") ანტირუსული ისტერია, ვითომდა, "საახალწლოდ ცხინვალში შესვლა", "ჟანგიანი რუსული ტანკების მარტივად განადგურება" და სხვა ამგვარი, საშიში და პოპულისტური განცხადებები, კრემლის გეგმებში ჯდებოდა. მოსკოვი სხვადასხვა გზით ახერხებდა ქართული ჯარის "მოჩვენებითი ძლიერების" ილუზიის ჩანერგვას საქართველოს ხელისუფალთა გონებაში, რათა ისინი სეპარატისტებთან სამხედრო პროვოკაციაში ჩაეთრია. ადეკვატურ ხელისუფლებას წინასწარ ექნებოდა გათვლილი რუსეთის პროვოკაციების შესაძლო ვარიანტები და სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებით მოამზადებდა საპასუხო მოქმედებების სიტუაციურ მოდელებს. რუსეთის პროვოკაციების შეფასებისას აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული პუტინის მმართველობის სტილი, მისი ფსიქოლოგიური პორტრეტი და პირადი დამოკიდებულება საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტთან. თუმცა მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები (რომლებიც სულ რაღაც ორი-სამი წლის მოსულები იყვნენ ქუჩიდან კომფორტულ კაბინეტებში, გამოირჩეოდნენ დიდი არაპროფესიონალიზმით და უფრო დიდი - ამბიციებით) სრულიად მოუმზადებელნი იყვნენ, როგორც განათლება/კვალიფიკაციით, ასევე - პიროვნული თვისებებით. მათთვის სამშობლოს სიყვარული საკუთარი "კომფორტის ზონიდან" იწყებოდა და მთავრდებოდა. მაგალითს კი მაშინდელი პრეზიდენტისგან იღებდნენ. განა რუსეთის პროვოკაციებისგან მუდმივად გაწამებულ პატარა ქვეყანას იმის ფუფუნება აქვს, რომ ეროვნული უსაფრთხოების უმთავრეს რგოლებში (ჯარი, უშიშროება და დიპლომატიური სამსახური) ხელმძღვანელ თანამდებობებზე არაპროფესიონალები ჰყავდეს?

კადრების სისტემატური ცვლა მ. სააკაშვილის პირად ხუშტურებზე იყო დამოკიდებული. მაგალითი უამრავია, თუმცა საუბრის თემიდან გამომდინარე, მხოლოდ ერთზე შევჩერდეთ. 2004-2010 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნები შვიდჯერ (!!!) შეიცვალნენ ამგვარი თანმიმდევრობით: ვანო მერაბიშვილი, 2004 წლის 26 იანვარი – 2004 წლის 6 ივნისი; გელა ბეჟუაშვილი, 2004 წლის 6 ივნისი – 2005 წლის 19 ოქტომბერი; ლევან ჭოლაძე, 2005 წლის 19 ოქტომბერი – 2005 წლის 23 დეკემბერი; კონსტანტინე კემულარია, 2005 წლის 23 დეკემბერი – 2007 წლის 19 ნოემბერი; ალექსანდრე ლომაია, 2007 წლის 19 ნოემბერი – 2008 წლის 5 დეკემბერი; ეკატერინე ტყეშელაშვილი, 2008 წლის 6 დეკემბერი – 2010 წლის 20 ნოემბერი; გიგა ბოკერია, 2010 წლის 20 ნოემბერი – 2013 წლის 21 ნოემბერი. ამ უმნიშვნელოვანესი სტრუქტური ხელმძღვანელების ასეთი სწრაფად ცვლა პრეზიდენტის არასერიოზულობაზე (რბილად, რომ ვთქვათ) მიუთითებს. ამ პირობებში ეუს მუშაობის რა ეფექტიანობაზე შეიძლება საუბარი? რა კრიტერიუმებით ნიშნავდა ან ათავისუფლებდა მაშინდელი პრეზიდენტი ეუს მდივნებს, ეს, ალბათ, მხოლოდ მან იცის.

2005 წელს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ პარლამენტს წარუდგინა “საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია”, რომელიც იმავე წელს იქნა დამტკიცებული. „კონცეფციაში“ ქვეყნის ეროვნული ინტერესები და მის წინაშე არსებული საფრთხეები და გამოწვევები საკმაოდ ამომწურავად იყო დაფიქსირებული. თუმცა მათი განეიტრალებისა და თავიდან აცილებისთვის არაფერი გაკეთებულა.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის არსებული ნაკლოვანებები 2008 წლის “აგვისტოს ომმა” ცხადად დაგვანახა. აღმოჩნდა, რომ მოსალოდნელი გარე საფრთხეების თავიდან აცილების რეალური მექანიზმი არ გვქონდა. “აგვისტოს ომის” დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შედეგად (რუსეთის მიერ ბათუმისა და ფოთის პორტების პარალიზება და სატრანსპორტო მაგისტრალების ბლოკირება) შეჩერდა ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები. შეფერხდა წარმოება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სამომხმარებლო ბაზარი 75-80% იმპორტზეა დამოკიდებული, პანიკა და ქაოსი მხოლოდ სამომხმარებლო ბაზარზე არსებული არასახელმწიფო რეზერვების გამოყენების შედეგად იყო აცილებული. უნდა ავღნიშნოთ ერთი საინტერესო ფაქტიც: საომარი მოქმედებებისას რუსეთის მიერ აფეთქებულ იქნა სარკინიგზო ხიდი, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს, რამაც სარკინიგზო მიმოსვლის პარალიზებულ გამოიწვია. მართალია ხიდი მალევე იქნა აღდგენილი, მაგრამ აღნიშნული ფაქტი აშკარად მიუთითებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არასაკმარის განვითარებაზე. ანალოგიური შეიძლება ითქვას ერთადერთ საავტომობილო მაგისტრალზეც, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებს. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მიერ საზღვაო პორტების, ცენტრალური ავტომაგისტრალისა და რკინიგზის ბლოკირება რამდენიმე დღით კიდევ, რომ გაგრძელებულიყო, საქართველოს აღმოსავლეთი ნაწილი სურსათის გარეშე, ხოლო დასავლეთ საქართველო საწვავისა და ბუნებრივი გაზის გარეშე დარჩებოდა. ეს კი პირველადი მოხმარების საგნების დეფიციტის მიზეზი და სამომხმარებლო ბაზრებზე სერიოზულ პანიკას გამოიწვევდა.

2011 წლის დასაწყისში საქართველოს უშიშროების საბჭომ პარლამენტში ახალი “საქართველოს უსაფრთხოების კონცეფციის” პროექტი წარადგინა, რომელიც შინაარსობრივად დიდად არ განსხვადებოდა წინა „კონცეფციისგან“. ახალ კონცეფციაში, ძველის მსგავსად, ყველაზე სუსტი წერტილი ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის საკითხებია. 2005 წლის კონცეფციაში ასახული, თუმცა შეუსრულებელი ინტერესები და მიზნები 2010 წლის კონცეფციაშიც იყო გამეორებული. ორივე „კონცეფცია“ მხოლოდ კეთილი სურვილების ჩამონათვლად დარჩა.

ექსტრემალურ სიტუაციაში ქვეყნის მართვის სრული უცოდინარობა პრეზიდენტმა მ. სააკაშვილმა მრავალჯერ დაამტკიცა, სწორედ მასზეა ნათქვამი: "შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო". იმ წლებში ეუს შეკრება ფორმალურ ხასიათს ატარებდა: აბა ‘შეუმცდარ“ პრეზიდენტს ვინ შეეკამათებოდა? სამაგიეროდ ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მთავარი იდეოლოგიურ შტაბად იქცა.

2011 და 2012 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ბიუჯეტი შესაბამისად 19,2 და 24,8 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო მომუშავეთა რაოდენობა ორმოცს აღემატებოდა. შედეგად მივიღეთ მინი- სამინისტრო, რომელიც კარგად ფინანსდებდა და პირადად სააკაშვილს ექვემდებარებოდა. არ გაინტერესებთ რაში იხარჯებოდა ეს მილიონები? ამ ფულით ფინანსდებოდა ის უცხოური ლობისტური კომპანიები, რომლებიც უცხოურ მასმედიაში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების (ანუ „ნაციონალების”) იმიჯისა და „ფასადების“ გალამაზებას ახდენდნენ. ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება პარტიული ინტერესებით იყო ჩანაცვლებული.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: ოცი წლის წინანდელი ამბების გახსენებაში რა ხეირია, დღეს განა იგივე პრობლემები არ გვაქვსო? ვფიქრობ, რომ 2004–2012 წლების მოვლენებმა ძალზე ნეგატიურად იმოქმედეს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ამ „მწარე მოსავალს“ დღესაც ვიმკით. უკონტროლო ძალაუფლება ყოველთვის ბოროტების სათავე ხდება. პატიება და მიტევება აუცილებელი დიდსულოვნებაა, თუმცა ვინც არ აღიარებს ჩადენილ შეცდომებს, ბოროტებასა და დანაშაულს, კვლავ გულში იმავეს ფიქრობს - მას, როგორ უნდა აპატიო და მიუტევო?

(მეორე ნაწილის დასასრული)