ტრამპი ზელენსკის ემალება?! - რა მოხდება ნატოს სამიტზე 25 ივნისს
იაპონური გაზეთი „სანკეი შიმბუნი“ (産経新聞//The Sankei Shimbun) ყურადღებას უთმობს ევროატლანტიკურ სივრცეში მიმდინარე მოვლენებს და აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ნატოს სამიტი: უკრაინაზე დისკუსია თავის სიმწვავეს და მნიშვნელობას კარგავს - ასე უნდა დონალდ ტრამპს“ (ავტორი - ესინარო კუროსე). „ალიანსის ევროპელ წევრებს დიდი სურვილი აქვთ, ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტის მონაწილე გახადონ, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს მკვეთრად ნეგატიური განწყობა აქვს - უკრაინის ლიდერი სამიტის ოფიციალურ ღონისძიებებზე არ გამოჩნდება: დონალდ ტრამპს არ სურს ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის გაფუჭება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
24-25 ივნისს ჰააგაში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტი გაიმართება. სავარაუდოდ, რიტორიკა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე საკითხზე, რომლის აქცენტირებასაც ალიანსის წევრი ქვეყნები უკვე მიეჩვივნენ - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ - მნიშვნელოვნად იქნება შერბილებული.
ნატოს ქვეყნების ლიდერები იძულებულნი არიან, გაითვალისწინონ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც მხარეთა (მოსკოვისა და კიევის) შერიგებას ცდილობს და გულწრფელად არ სურს რუსეთის პროვოცირება. მტკიცდება იმის შეგრძნება, რომ სამიტის შედეგების შესახებ მიღებულ ერთობლივ განცხადებაში არ იქნება შეტანილი დებულებები რუსეთის დაგმობაზე და უკრაინის მხარდაჭერაზე.
ბოლო წლებში უკრაინის პრეზიდენტს - ვოლოდიმირ ზელენსკის ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტებზე უკვე ზედიზედ მეოთხედ იწვევენ, მაგრამ თუ დღევანდლამდე ალიანსის ლიდერები მას პირდაპირ ხვდებოდნენ, თავისებური „ნატო-უკრაინის სამიტის“ ჩარჩოებში, ამჯერად გადაწყდა, რომ ამგვარი შეხვედრები აღარ ჩატარდეს. დაგეგმილია მხოლოდ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან სამუშაო ვახშმის გამართვა, მათი უკრაინელი კოლეგის მონაწილეობით.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების მთავარი შეხვედრა 25 ივნისს გაიმართება, ვოლოდიმირ ზელენსკის გარეშე: უკრაინის მეთაურთან ოფიციალურ შეხვედრას ისევ თავს აარიდებენ. მოსალოდნელია, რომ იგი დაესწრება მხოლოდ ნატოს ლიდერების ვახშამს, რომელსაც მასპინძელი - ნიდერლანდების მეფე სტუმრებისთვის აწყობს.
ნატოს მოქმედება ნაკარნახევია დონალდ ტრამპის სურვილების გათვალისწინებით: აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა არ ღირს, რადგან ამით რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, გაღიზიანდება, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს დაპირისპირებული მხარეების შერიგებაზე.
ვოლოდიმირ ზელენსკის იმედი ჰქონდა, ნიდერლანდებში დონალდ ტრამპს შეხვდებოდა და როგორმე პოზიტიურ გავლენას მოახდენდა აშშ-უკრაინის ურთიერთობაში ამჟამად შექმნილ ვითარებაზე, მაგრამ ამერიკის მეთაურმა მისი თხოვნა ყურად არ იღო, არც „დიდი შვიდიანის“ სამიტზე, რომელიც ამას წინათ კანადაში ჩატარდა და, როგორც ჩანს, არც ჰააგაში აქვს განზრახული, უკრაინის ლიდერს შეხვდეს.
გასული წლის ივლისში ვაშინგტონში გამართული ნატოს სამიტის შემაჯამებელ დეკლარაციაში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ სამიტის მონაწილე ქვეყნები უკრაინას გრძელვადიან სამხედრო დახმარებას გაუწევენ და მხარს დაუჭერენ მის გზას ნატოში სრული ინტეგრაციისაკენ, მაგრამ ახლანდელი სამიტის წევრების ერთობლივი განცხადების პროექტში მსგავსი დებულებები შეტანილი არ არის. დოკუმენტის პროექტი საკმაოდ მოკლე ტექსტს წარმოადგენს - ერთგვერდიანს, რადგან დონალდ ტრამპს გრძელი ფრაზებისა და დებულებების კითხვა არ უყვარს, ხოლო უკრაინის მოხსენიება მინიმუმამდე არის დაყვანილი.
სხვათა შორის, როგორც ამბობენ, „დიდი შვიდიანის“ სამიტის დროს, როცა დონალდ ტრამპი მასპინძელი ქვეყნის - კანადის მიერ მომზადებულ ერთობლივი დეკლარაციის ტექსტს გაეცნო, რომელშიც უკრაინისადმი მხარდაჭერა იყო გამოხატული, ხოლო რუსეთის მოქმედება დაგმობილი, მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა და მისი შეცვლა მოითხოვა. ამიტომ დოკუმენტის პუბლიკაცია დაგვიანდა.