მედლის მოლოდინში - კვირის პალიტრა

მედლის მოლოდინში

ლონდონის ოლიმპიური თამაშების გუშინდელი დღე საქართველოს სპორტული დელეგაციისთვის წარმატებული გამოდგა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. სიმართლე რომ ითქვას, ჩეჩენმა ჯამალ ოთარსულთანოვმა გამარჯვებას მსაჯების დახმარებით მიაღწია.

 

დღეს ოლიმპიურ ტურნირში კიდევ სამი ქართველი ფალავანი ჩაებმება: დავით მარსაგიშვილს, დავით მოძმანაშვილსა და მალხაზ ზარქუას წილისყრამ გაუმართლა და საწყის სტადიაზე იოლ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან.

იმედი ვიქონიოთ, რომ საღამოს კიდევ რამდენიმე ოლიმპიურ ჯილდოს ვიზეიმებთ.

ოლიმპიური თამაშები დასასრულს უახლოვდება, აშშ-ის სპორტული დელეგაცია ჩინეთს მნიშვნელოვნად უსწრებს. ოკეანისგაღმელთა აქტივში 94 მედალია, მაო ძე დუნის თანამემამულეებს კი „მხოლოდ“ 81 ოლიმპიური ჯილდო გააჩნიათ. ამ კუთხით საინტერესოა აზერბაიჯანისა და სომხეთის ოლიმპიური მონაგარი: დღეისთვის „აზერების“ აქტივში ორი ვერცხლისა და ხუთი ბრინჯაოს მედალია. სომხებს ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო აქვთ. სასიამოვნოა, რომ „კავკასიურ დაპირისპირებაში“ ქართველები იმარჯვებენ და ოქროს მედალი მხოლოდ ჩვენ მოვიპოვეთ.

ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში ერთმანეთს ბრაზილია და მექსიკა დაუპირისპირდებიან. გუშინ ცნობილი გახდა, რომ მექსიკის ეროვნული გუნდისა და „ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა ჯოვანი დოს სანტოსმა  ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და ფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

ეს მექსიკისთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ ჯოვანი მინდორზე რომც გამოსულიყო, ბრაზილიელი ნეიმარი წარმატებაში მაინც დარწმუნებულია: „მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე მიღწეული წარმატების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ბრაზილიას ნანატრ ოქროს მედალს მოვუტანთ. ოლიმპიური თამაშების მოგებას არაერთი თაობა ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ რთულ მისიას ჩვენი გუნდის წევრები შეასრულებენ.

სამხრეთ კორეასთან შეხვედრა იოლი არ გამოდგა. სამბურთიანმა სხვაობამ შეცდომაში არ შეგიყვანოთ. აზიელებმა დიდი წინააღმდეგობა გაგვიწიეს და მხოლოდ მაღალი კლასის დახმარებით ვიმარჯვეთ.

ფინალურ შეხვედრაში მექსიკას დავუპირისპირდებით. მეორე ნატვრაც ამისრულდა და „უემბლის“ სტადიონზე ვიასპარეზებ. მეტოქე უხერხულია, მაგრამ საბოლოო წარმატების დიდი იმედი მაქვს.“ - განაცხადა ნეიმარმა.

საკუთარი წარმატების სჯერა მისტერ ბობ ქროუსაც. ეს პიროვნება ორიგინალურ პროფესიას ფლობს. ის ლონდონის დამლაგებელთა პროფკავშირის ხელმძღვანელია. ამ დარგის სპეციალისტებმა ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა გამოაცხადეს და ლონდონის მეტროს სადგურებს აღარ ასუფთავებენ. ქალაქის მერია წამოყენებული პირობების შესრულებას კი დათანხმდა, მაგრამ მისტერ ბობი ბრძოლას მაინც აგრძელებს. დაბრუნდება სამშობლოში საქართველოს სპორტული დელეგაცია და ლონდონის მეტროპოლიტენის „სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე“ ამომწურავ ინფორმაციას მივიღებთ.

ალბათ არ გაგიგიათ ვიქტორ კონტეს სახელი. ეს პიროვნება პროფესიით ექიმია და წინა საუკუნის 90-იან წლებში სპორტსმენებს მაღალი შედეგების დაფიქსირებაში „ეხმარებოდა“.

გუშინ გამოცემამ The Times-მა ვიქტორ კონტესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. „მედიცინის სპეციალისტმა“ აღნიშნა რომ ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მოასპარეზე სპორტსმენების 60 პროცენტი დოპინგის მოქმედების ქვეშ იმყოფება.

მასალა გუშინ საღამოს გამოქვეყნდა და ჯერჯერობით უცნობია საერთაშორისო ოლიმპიური მოძრაობის თავკაცების პოზიცია ამ განცხადების ირეგვლივ.

გუშინ იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ლეგენდარული ბობ მარლი დაჩრდილა. სპორტსმენმა უსაინმა 200 მეტრზე სპრინტერული გარბენი მოიგო. ამ მიღწევით მან ახალი ოლიმპიური მიღწევა დაამყარა. ბოლო ორ ოლიმპიურ თამაშებზე, მძლეოსანთა ასპარეზობის მოკლე დისტანციაზე 100 და 200 მეტრზე სირბილში ერთი და იგივე სპორტსმენს არ გაუმარჯვია.

უსაინმა ფანტასტიკური დრო აჩვენა და ვეჭვობ, ეს შედეგი ოდესმე ვინმემ გაიმეოროს.

დღევანდელი წერილის დასასრულს კი სიტყვას ბატონ შოთა ხაბარელს გადავცემ, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა შავდათუაშვილის წარმატების მიზეზს ასე ხსნის:

„ლაშა შავდათუაშვილის შემთხვევა განსაკუთრებულია. ამ 20 წლის ბიჭმა გმირობა ჩაიდინა და დაგვარწმუნა, რომ მონდომების შემთხვევაში არანაირი ბარიერი არ არსებობს.

ცხადია, სათანადო წვრთნაც უნდა ჰქონდეს გავლილი. მისი გამარჯვება დიდწილად იმანაც განაპირობა, რომ ის არ იყო ცნობადი სახე და არც „გაშიფრული“ იყო. მან ლიცენზია ბოლო ტურნირზე გაინაღდა, თორემ მანამდე მისი წასვლა არც იყო გადაწყვეტილი.

ამიტომ მეტოქეთა ყურადღების ცენტრში არ აღმოჩნდა და არც ფავორიტებში განიხილებოდა. დარწმუნებული ვარ, მას გიორგი ვაზაგაშვილი აუცილებლად მიუთითებდა, რომ არავითარი ტაქტიკური ჭიდაობა, უნდა ყოფილიყო აგრესიული.

ასეც იჭიდავა. მეტოქეებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და კარგადაც გაართვა თავი ამოცანას.

მისი წარმატების მეორე და მთავარ მიზეზად ის მიმაჩნია, რომ მას არ გაუვლია წვრთნის ის არასწორი კურსი, რომლითაც ამ ორი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ სხვები, რადგან ახალი გადმოსულია ამ გუნდში. ამიტომაც გადაურჩა იმ წაგებას, რაც სხვებს დაემართათ. აი, ამიტომ იჭიდავა მან კარგად სხვებისგან განსხვავებით.“

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)