ნატო-რუსეთის ომის წინასწარმეტყველება?! - რა წერია მაკრონისა და მერცის ერთობლივ სტატიაში: "ევროპა უნდა შეიარაღდეს!"
ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ ტაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „მსოფლიოში არასტაბილურობა სუფევს, ამიტომ ევროპა უნდა შეიარაღდეს“, რომლის ავტორები არიან ფრიდრიხ მერცი (გერმანიის კანცლერი) და ემანუელ მაკრონი (საფრანგეთის პრეზიდენტი).
გთავაზობთ სტატიის შინაარსს:
„ჰააგაში, ნატოს სამიტის ფონზე, მსოფლიოში ქაოსური მოვლენები სუფევს: ბობოქრობენ ომები, ჩვეული ქცევის წესები და ნორმები ინგრევა, ხოლო დიდი ხნით განმტკიცებული რწმენა ეჭვის ქვეშ დგება. ამ ეპოქალური გამოცდის ჟამს გერმანია და საფრანგეთი - თავიანთ ევროპელ და ატლანტის ოკეანის გაღმა ნაპირზე მყოფ მეგობრებთან და მოკავშირეებთან ერთად, ერთიანი და მტკიცე ფრონტით გამოდიან, რათა დაიცვან ჩვენი საერთო ღირებულობები, ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება და უსაფრთხოება“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
ავტორთა აზრით, „ევროპაში არასტაბილურობის ძირითად წყაროს რუსეთი და მისი იმპერიალისტური ომები წარმოადგენენ: „2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს; შემდეგ - 2014 წელს მოახდინა ყირიმისა და დონბასის ოკუპაცია; 2022 წელს კი კრემლის ჯარები უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ვლადიმერ პუტინის მიზანია, ძირი გამოუთხაროს ევროპულ უსაფრთხოებას, მეზობლებს თავს მოახვიოს უკანონო მეურვეობა, ისინი შიგნიდან გატეხოს და თავის ორბიტაზე გადაიყვანოს, საერთაშორისო მართლწესრიგს საფუძველი შეურყიოს.
ეს, ყველაფერი, რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს წარმოადგენს. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფერს შევურიგდეთ, ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა უნდა დავიცვათ“.
„თუ კრემლის ამჟამინდელი პოლიტიკის ტრაექტორია არ შეიცვლება, რუსეთი საფრანგეთისა და გერმანიის ურყევი და მტკიცე პოზიციის წინაშე აღმოჩნდება. ამჟამად სასწორზე დევს ევროპული სტაბილურობის ბედი, ათწლეულების განმავლობაში.
ნატოს სამიტზე საფრანგეთი და გერმანია დაადასტურებენ თავიანთ მხარდაჭერას იმ ძალისხმევისადმი, რასაც აშშ მიმართავს კონფლიქტების შესაწყვეტად და მტკიცე მშვიდობის მისაღწევად. საფრანგეთი და გერმანია მხარს დაუჭერენ უკრაინის სუვერენიტეტს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და გააძლიერებენ რუსეთზე ზეწოლას, მათ შორის - სანქციების მეშვეობით“, - აღნიშნავენ სტატიის ავტორები, - „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინა კონფლიქტიდან გამოსვლის შემდეგ აყვავებული, ძლიერი და უსაფრთხო ქვეყანა გახდეს“.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, ამ მხრივ უკვე ბევრი რამ არის გაკეთებული - ევროკავშირი უკრაინას 130 მილიარდი ევროთი დაეხმარა. გარდა ამისა, ევროკავშირმა დაგმო კრემლის აგრესიული პოლიტიკა, რისთვისაც რუსეთს მკაცრი სანქციები აქვს დაწესებული. „მაგრამ ეს კიდევ ცოტაა. ამიტომ ჩვენ, დიდ ბრიტანეთთან ერთად, ხელს შევუწყობთ უკრაინის არმიის გაძლიერებას, გავაახლებთ უკრაინის თავდაცვით მრეწველობას იმ მიზნით, რომ სამომავლოდ მან რუსეთის სავარაუდო აგრესიის წარმატებით მოგერიება შეძლოს.
„რა თქმა უნდა, ჩვენი გეგმები მხოლოდ უკრაინას არ ეხება. როგორც ჩანს, ახლო მომავალში კონფლიქტურ გარემოში ცხოვრება მოგვიწევს - იმ მსოფლიოში, სადაც ჩვენი მოკავშირეების წინაშე ახალი დილემები და პრიორიტეტები დადგება. რუსეთის გარდა, ჩვენ, ალბათ, კიდევ ბევრი გამოწვევის მოწმენი გავხდებით. ამისათვის ახლავე უნდა ვიზრუნოთ“, - აღნიშნავენ ავტორები და იქვე მიუთითებენ: "აუცილებელია ნატოს გაძლიერება - თავდაცვის სფეროს ალიანსის წევრების საერთო ბიუჯეტის 3,5% უნდა მოხმარდეს, 2%-ის ნაცვლად. დამატებითი ხარჯები აუცილებელია. მათი მეშვეობით ჩვენ იმ ბზარს ამოვავსებთ, რომელიც ნატოს სამხედრო პოტენციალს გაუჩნდა, რევანშისტული რუსეთის პირისპირ“, - ხაზს უსვამენ ავტორები.
„ალიანსის უსაფრთხოების ქვაკუთხედად ბირთვული შეკავება რჩება: საფრანგეთს აქვს თავისი დამოუკიდებელი სტრატეგიული ბირთვული ძალები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ნატოს საერთო უსაფრთხოების დაცვაში. გერმანიას უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ნატოს ბირთვული იარაღის ერთობლივ გამოყენებაში. გარდა ამისა, ერთობლივად ვიმუშავებთ შესყიდვების სისტემის რეფორმირებაში, რომელიც გამოიხატება უნიფიკაციაში, გამარტივებასა და გაზრდაში“, - ნათქვამია სტატიაში.
პუბლიკაციის დასასრულს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირთან, რათა უკეთ იქნას გამოყენებული ევროპის ტექნოლოგიური უპირატესობა [რუსეთის წინააღმდეგ]. „ჩვენ ვადასტურებთ სამოკავშირეო ერთიანობას, სოლიდარობას და ერთგულებას ჩვენი კონტინენტის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“.
მოამზადა სიმონ კილაძემ