გია ხუხაშვილის სკანდალური განცხადება: "ძალიან მსხვილ მაღალჩინოსანს დაიჭერენ!" - ოპოზიციის ციხის პოლიტიკა და უნდა დაბრუნდეს თუ არა გახარია საქართველოში?!
„გახარია, არ ჩამოხვიდე საქართველოში!“ - ასეთი მიმართვით ეხმაურება ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი, ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებით ოპოზიციონერი ლიდერები გიორგი ვაშაძე, ბადრი ჯაფარიძე, ზურაბ ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკური ფიგურა, ოპოზიციური სპექტრიდან, ერთსა და იმავე სამართლებრივ მუხლით ისჯება. ახალარჩეული გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აცხადებს, რომ „კანონის წინაშე ყველა თანაბარია“ და პროკურატურის გადაწყვეტილებები დამოუკიდებელია. თუმცა ოპოზიცია ამას აღიქვამს პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნად და პროცესს „ოლიგარქიულ რეჟიმს“ უკავშირებს. ამ ამბებზე გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
- აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ავტორიტარული რეჟიმის აშენება. ჩვენ ხომ ვიცით, რას ნიშნავს ავტორიტარული რეჟიმი? ივანიშვილს სურს, რომ ქვეყანაში განსხვავებული აზრი საერთოდ არ არსებობდეს არც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და არც სოციალურ-ეკონომიკურში. ბუნებრივია, ასეთ სისტემაში პოლიტიკური კონკურენცია გამორიცხულია. აქ მოქმედებენ მხოლოდ დომინანტური პარტია და მისი სატელიტები. შესაბამისად, ვინც ამ თამაშის წესებს არ ეთანხმება, უნდა გააძევონ პოლიტიკური სივრციდან. სწორედ ამ პროცესში ვართ დღეს. აქ არ ხდება არაფერი განსაკუთრებული - ზუსტად იგივე ხდებოდა პოსტსაბჭოთა იმ ქვეყნებში, რომლებმაც რუსული თამაშის წესები აღიარეს და დაუფარავად მისდევენ. ნელ-ნელა ჩვენც ამ თარგზე „ვიჭრებით“. ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაცას აიძულებენ, რომ ქვეყნიდან წავიდეს, ვიღაცას კი მოისყიდიან. ასე მუშაობს ავტორიტარული სისტემა.
- ქვეყნიდან უკვე გასულია გიორგი გახარია. როგორ ფიქრობთ, დაბრუნდება?
- მე არ ვურჩევდი დაბრუნებას. ამ ეტაპზე ქვეყანაში დაბრუნება ნიშნავს იმ თამაშის წესების მიღებას, რასაც ივანიშვილი სთავაზობს. უკვე ხომ გასაგებია, რა არის დაგეგმილი მის მიმართ? შესაბამისად, არ იქნება სწორი, რომ გახარიამ თავადვე შეუწყოს ხელი ამ გეგმის განხორციელებას.
ის უნდა დაბრუნდეს მაშინ, როცა ექნება რეალური პოტენციალი იმისთვის, რომ ხელისუფლებას პრობლემები შეუქმნას.
- ხელისუფლებისათვის უკვე არის თუ არა პრობლემა ის ფაქტი, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერი ციხეშია?
- არა, ავტორიტარული რეჟიმისთვის ეს საერთოდ არ არის პრობლემა. უფრო მეტიც, პირიქით - ამგვარ რეჟიმებს ამით კიდეც უმტკიცდებათ ძალაუფლება. პირდაპირ გეტყვით, არ მიმაჩნია სწორად, რომ ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარი ფეხით მივიდნენ ციხეში. თუ მაინც მიდიხარ ციხეში, მაშინ უნდა შეეცადო, რომ ხელისუფლებას რეალური ფასი გადაახდევინო. პიროვნულად და ადამიანურად შეიძლება ეს დასაფასებელია, მაგრამ ეშაფოტზე საკუთარი ფეხით ასვლა არ ასხივებს ძალას და არც პოლიტიკურადაა სწორი.
- რა შესაძლებლობა ჰქონდათ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომ „ ქართული ოცნება“ ეიძულებინათ, პოლიტიკური ფასი გადაეხადა?
- მთავარი იყო, რომ ბრძოლა ეჩვენებინათ. ახლაც სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. საზოგადოებას უნდა დაანახო, რომ არ ნებდები არსებულ მოცემულობას და არ აღიარებ, შემოთავაზებული თამაშის უსამართლო წესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქმნება განცდა, რომ სისტემას ზვარაკად ეწირები. ოპოზიციას კი ახლა საზოგადოების ისეთი მხარდაჭერა არ აქვს, რომ მისი ზვარაკად შეწირვის გამო ხალხმა იხუვლოს და ქუჩაში გამოვიდეს. ოპოზიციის პოლიტიკოსების მიერ ციხის კარებთან დაყენებული რიგი აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია.
- ივანიშვილის პოლიტიკური ოპონენტი არ იყო, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე რომეო მიქატაძე, მაგრამ ის ახლა ციხეშია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- მერე რა? ესეც კანონზომიერებაა. ურჩხულს გარედან რომ აღარ მიეწოდება საკვები, რაღაც მომენტში საკუთარი სხეულის ჭამას იწყებს. ამას პოლიტიკური ლოგიკაც აქვს - ხელისუფლებას საკუთარ ამომრჩეველთან სალაპარაკო აღარაფერი დარჩა. ამიტომ იწყება ვითომდაც ანტიკორუფციული კამპანია, რომელიც რეალურად გათვლილია შიდა გადანაწილებაზე. მიქაუტაძის საქმე ფინანსურადაც ძალიან საინტერესოა - რეჟიმი საკუთარ ქვეშევრდომებს ხარკს სთხოვს.
- სუს-ის ხელმძღვანელმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა რომეო მიქატაძი მიერ ჩადენილი ასეთი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა. მან ასევე დასძინა, ამ საკითხთან დაკავშირებით სუს-ი მუშაობს და მალე ყველა საკითხს ნათელს მოჰფენენ. ხომ არ ფიქრობთ, რომ მალე შესაძლოა ლილუაშვილიც დაიჭირონ?
- ჩემი აზრით, კი, შესაძლოა, ლილუაშვილიც დაიჭირონ და არა მარტო ის... თუმცა, ლილუაშვილს ჯერ ფულის მოტანას სთხოვენ. ოხანაშვილის ამ განცხადებაშ მუქარის შემსცველ მესიჯებს ნათლად ვკითხულობ. პირდაპირ ასე მესმის - მოიტანე ფული, თორემ შენზეც შეიკერება საქმე. ჩემს გამოცდილებას რომ დავეყრდნო, ნაკლებად მგონია, რამე მეშლებოდეს.
- ე.ი. „ქართული ოცნების“ შიგნით ვიღაცეებმა დიდი ფული შეჭამეს და ბიძინა ივანიშვილი გაბრაზებულია?
- აქ ერთ ან ორ ადამიანზე არ არის საუბარი, სისტემამ „შეჭამა“ დიდი ფული და ახლა ის თავის თავს ჭამს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)