პროექტი, რომელმაც თაობები დააკავშირა - 26 ივნისს მომავალში გაგზავნილი წერილები კიდევ ერთხელ დაილუქება
26 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში დაილუქება საგანგებოდ დამზადებული სკივრი, რომელშიც მომავალში გაგზავნილი წერილები იქნება მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ სახალხო პროექტი „გზავნილი მომავალში“ 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო დაეწერა წერილი, რომელსაც ადრესატი, გზავნილის ავტორის სურვილისამებრ მიიღებდა და მიიღებს 1, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ. წერილები განთავსდა სპეციალურ სკივრებში და ინახება ეროვნულ არქივში. სკივრი გაიხსნა 2002, 2005, 2010 წლებში და ასევე წელს - 2025 წლის 10 მარტს.
2025 წლის წერილების გახსნას უზარმაზარი აჟიოტაჟი მოჰყვა. პირადად რედაქციაში მოსვლით, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო ზარების საშუალებით ათასობით მოქალაქის თხოვნა მივიღეთ პროექტის კიდევ ერთხელ განხორციელების შესახებ. უმეტესობა ახალგაზრდაა, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
2025 „პალიტრა ჰოლდინგის“ ოცდამეათე საიუბილეო წელია, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ თარიღის პომპეზურად აღნიშვნა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, ამიტომ რედაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მიეცა მსურველებისთვის შესაძლებლობა, დაეწერათ წერილი მომავალში, შეექმნათ ისტორია.
გაზეთ “კვირის პალიტრის“ 21 აპრილის, 28 აპრილის, 5 მაისისა და 12 მაისის ნომრებში მოქალაქეებს დახვდათ კონვერტის ბლანკი. ჩვენს მკითხველს ჰქონდა შესაძლებლობა, ძვირფასი ადამიანებისთვის, შთამომავლებისთვის და თუნდაც ქვეყნისთვის მიეწერათ წერილი. ადრესატი გზავნილს, ავტორის სურვილისამებრ, მიიღებს 10 ან 25 წლის შემდეგ (2035 ან 2050 წელს).