გოგი ჭიჭინაძე იაპონური ორკესტრის მთავარ დირიჟორად მიიწვიეს - კვირის პალიტრა

გოგი ჭიჭინაძე იაპონური ორკესტრის მთავარ დირიჟორად მიიწვიეს

ქართველ დირიჟორს გოგი ჭიჭინაძეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უზარმაზარი წარმატებები აქვს - იგი მიწვეულია საგასტროლოდ ჰოლანდიაში, პოლონეთში, ჩინეთში, იაპონიაში... იაპონიის ყველაზე "ძვირადღირებულ ქალაქად" აღიარებულ ოკინავაში ახალი ორკესტრი იქმნება, სადაც გოგი ჭიჭინაძეს მთავარი დირიჟორის თნანამდებობა შესთავაზეს. მიუხედავად ამ წარმატებებისა, ქართველ ხელოვანს ძალიან დიდი ტკივილი აწუხებს, რაც სამშობლოში მიმდინარე პროცესებით არის განპირობებული...

- ბატონო გოგი, ერთ-ერთი ქართულ სატელევიზიო არხის მეშვეობით, ქართველ მაყურებელს საშუალება მიეცა თქვენი მოსაზრება მოესმინა. აშკარად ჩანს, რომ ძალიან განიცდით იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება...

- ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქართული საზოგადების პოზიციით... ვფიქრობ, მეტი მოგვეთხოვება. გულს მტკენს ტოტალური კონფორმიზმი, რაც ხალხში მძვინვარებს. ხალხში ვერ ვხედავ იმის სურვილს, რომ არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ვლანძღავთ არსებულს და და ველოდებით რომ ვიღაც ახალი მესია მოვა, რომელიც ყველაფერს გაგვიკეთებს. შეიძლება ლიდერი იყოს უფრო ადეკვატური, მაგრამ თუ ხალხი არ გადაიქცევა საზოგადოებად, დემოკრატიზმის განცდით, ჩვენს ამ დემოკრატიას არავინ გვაჩუქებს...

ყოველდღე ირღვევა ადამიანის უფლებები და უნდა შეგვეძლოს ადამიანები დავიცვათ. ტელევიზორთან გამოვხატავთ ემოციებს, ვიტირებთ, ვინერვიულებთ და ამით მთავრდება ყველაფერი. ადამიანის უფლება რომ დაირღვევა მაშინ უნდა გამოვიდეთ და, წივილ-კივილის ნაცვლად, შევქმნათ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია. ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. საზოგადოებრივი ორგანიზაცია, როცა მასში ხუთი, თუ ათი ათასი ადამიანი გაწევრდება, უკვე დიდი ძალაა. გაუბედურებული ქალბატონი - სანდრო გირგვლიანის დედა გამოდიოდა, ტიროდა და უფრო მეტად ალბათ უსამართლობის განცდამ მოკლა, ვიდრე საკუთარი შვილის ტრაგედიამ - საზოგადოება ორგანიზებულად გვერდით არ დაუდგა...

ცალკეული ემოციური გამოსვლები არაფერს ნიშნავს. როდესაც თითო-ოროლა ადამიანი გამოხატავს პროტესტს და აქედან ერთ-ერთს სამსახურიდან მოხსნიან ან ციხეში ჩააყუდებენ, სხვებიც შინდებიან, მაგრამ როდესაც ორგანიზაციაში რამდენიმე ათასი ადამიანია, დაშინებას ვერ გაუბედავენ.  ჩვენთან, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ პროტესტი თუ ვინმემ გამოხატა, იბარებენ "შესაბამის სტრუქტურაში" და დუმილის სანაცვლოდ ჰპირდებიან, რომ არ შეეხებიან მის მაღაზიას თუ სხვა მცირე შემოსავლის წყაროს. ეს პირდაპირ ხდება და აღარავინ მალავს  ქვეყანაში რომ ტერორია. ძალიან ბევრი უკან იხევს და ესეც გასაგებია - ყველას გმირობას ვერ მოვთხოვთ, მაგრამ ეს არ არის გმირობა,  გამოხატულებაა თუ როგორ იღებ მონაწილეობას შენი ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში.

ჩვენთან საზოგადოება მრევლის პოზიციაშია, რაც ძალიან ცუდია. მრევლი ძალიან კარგია ეკლესიაში, მაგრამ ერი რომ მრევლის პოზიციაზეა, ძალიან ცუდია. ამიტომაც გვეჩვენება რომ მოვა ვიღაც და გადაგვარჩენს, ან ეკლესიაში წავალთ, ვილოცებთ და ასე ყველაფერი მოგვარდება...

ამოვიდა ყელში სამარშუტო ტაქსებიდან პირჯვარის გადაწერა წამდაუწუმ. ეს არის ქართული, კეკლუცური და მეტიჩრული მიდგომა საქმისადმი. ჩვენ რომ ვუშვებთ შეცდომებს, ამით ვაძლიერებთ არსებულ ხელისუფლებას. ხელისუფლება ჩვენ სამსახურში უნდა იყოს და ყველა თნაბრად უნდა დაისაჯოს.

ხელისუფლებაში მოკალათებულ ხროვაზე ლაპარაკი აღარც არის, აქ ის არის მთავარი, ჩვენ რას ვაკეთებთ. გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი და არიქა გვიშველის?! არაჩვეულებრივი ფაქტია მისი დიდი ქველმოქმედება, მაგრამ ადამიანი რაც არ უნდა კარგი იყოს, ყოველთვის არის იმის საშიშროება, რომ მის გვერდით უამრავი უღირსი იქნება. მეტსაც ვიტყვი - არიან კიდევაც, რაც პოლიტიკისთვის დამახასიათებელია.

ძალიან დრამატული სიტუაციაა დღეს საქართველოში, თუმცა კარგია, რომ გამოჩნდა მეორე ძალა. დღემდე ერთი ძალა იყო და მათ აქვთ დემოკრატიაზე პრეტენზიები, რაც სასაცილოა. ჩვენი ქვეყანა იმდენად არასტაბილურია მხოლოდ ორი ძალა არ კმარა და ჯერ ადრეა, რომ ამერიკას შევედაროთ.

- თქვენ წარმატებული ხელოვანი ხართ. საქართველო მსოფლიოში თავისი კულტურით იყო ცნობილი და ამ მხრივ როგორი ვითარებაა?

- სავალალო მდგომარეობაა! მთავრობა გვიბეჭდავს საქართველოს სხვადასხვა კუთხე-კუნჭულის, თუ ხუროთმოძღვრული ძეგლების ამსახველ ულამაზეს ბუკლეტებს. ამ ალბომების ბეჭდვა ახლა კი არ უნდა ხდებოდეს, არამედ მას შემდეგ, როდესაც მყარი, სისტემური საფუძველია თუნდაც იგივე კულტურაში ჩადებული. მე გადაღებული მაქვს აღმაშენებლის განახლებული გამზირის ფოტოები. ამას ხალხი ვერ ხედავს, რადგან შეღებილია, მაგრამ "გიფსო-კარდონით" არის ფასადები მიწებებული, რომელიც შეგიძლია "პეჩენიასავით" მოტეხო...

საფუძვლიანად არაფერი კეთდება. დახურეს მუსიკალური სკოლები და მათი არასწორი ნაბიჯების შედეგად, კონსერვატორიაში ჩაბარება ფაქტობრივად აღარავის უნდა. ამ ფონზე მილიონებს იხდი, რაღაც უგემოვნო მიუზიკლებს დგამ და გადაბერებული, სამოციანი წლების ვარსკვლავებს იწვევ. თან მაიძულებ, რომ მადლობა გადაგიხადო. უბედურება ისაა, რომ დემაგოგს ვერაფერს აუხსნი, რადგან ვერ გრძნობს რა არის მთავარი.

- ინტელიგენციაზეც ნაწყენი ჩანდით...

- ინტელიგენციაზე, როგორც ცალკეულ კლასზე საუბარი, მგონი, გვიანია. დღეს ძალიან ჭრელი საზოგადოებაა. ნომინალურად რომ ავიღოთ საზოგადოების რაღაც ნაწილი და დავარქვათ ინტელიგენცია, შიგნით აზრობრივად, იდეალების, პრინციპების და  კულტურული დონის მხრივ უზარმაზარი განსხვავებაა. ჩვენ პატივს ვცემთ იმისთვის, რაც მათ გააკეთეს წარსულში, მაგრამ ზოგიერთი მათგანის აზროვნება ჩემთვის სრულიად მიუღებელია...

აუარებელი ფობიები და მიდგომა, რომ მხოლოდ ეკლესია გადაგვარჩენს (თუმცა, ვინც ამას ამბობს, უმეტესობა არაეკლესიურია), არ არის სურვილი თუნდაც სასამართლო სისტემის გამოსწორებისა. რომ ყვირიან ტრადიციული ქვეყანა ვართ და გვღუპავენო, - ასე არ არის. შენ თუ სამართლიანობის მხარეს იქნები, არავითარი ტრადიცია არ დაგენგრევა. თანამედროვე სამართალში ყველაფერი გადასარევად არის გაწერილი... ტრადიციებში შედის თუ როგორ უნდა იყოს დაცული სხვადასხვა სარწმუნეოება, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და ასე შემდეგ... ასე რომ, ჩვენთან ინტელიგენცია აღარ არის, რაც ჩემთვის პირადად ტრაგედიას არც წარმოადგენს. უბრალოდ, საფიქრალია, რა იქნება მის ნაცვლად. სამართლინობის განცდა ვისაც აქვს და ვინც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ტოლერანტულობის განცდით, ის არის ჩემთვის დღეს ინტელიგენტი. ცხადია, ტოლერანტობა არაპატრიოტიზმს არ გულისხმობს.

- ამბობენ, რომ მთელ მსოფლიოში კლასიკური მუსიკა კრიზისს განიცდის და საქართველოშიც ამით ამართლებენ ჩავარდნებს.

- ყოველთვის იყო მთელ მსოფლიოში პრობლემა აკადემიურ ხელოვნებაში.  აკადემიური ხელოვნების გვერდით იყო უბრალო, მარტივი მუსიკა, რომელსაც მეტი მსმენელი ჰყავდა. ტრაგედია ეს კი არა არის, არამედ ის, შენ როგორ დააყენებ საკითხს.

- თქვენ პირად შემოქმედებით გეგმებზეც გვითხარით.

- სექტემბრიდან იწყება საგასტროლო ტურნე - ჰოლანდია, პოლონეთი, ლიტვა, ჩინეთი, იაპონია... იაპონიაში ძალიან მაღალი დონის ორკესტრი იქმნება და მივიღე შემოთავაზება, გავხდე ამ ორკესტრის მთავარი დირიჟორი (სხვათა შორის ამ ინფორმაციას პირველად თქვენ გიმხელთ), ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და უსაფრთხო ქალაქში - ოკინავაში. ორკესტრი ფაქტობრივად უკვე შექმნილია და ნოემბერში მე და ჩემი აგენტი მივდივართ.

ანა რობაქიძე (სპეციალურად საიტისთვის)