პენტაგონის მიერ დაწუნებული ახალი ამერიკული ტანკების ხელში ჩაგდება უკრაინელ გენერლებს სურთ... - კვირის პალიტრა

პენტაგონის მიერ დაწუნებული ახალი ამერიკული ტანკების ხელში ჩაგდება უკრაინელ გენერლებს სურთ...

ნიდერლანდებში, ჰააგაში გამართულ ნატოს მორიგ სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი უკრაინელ კოლეგას ზელენსკის შეხვდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მომხდარი ისტორიული დაძაბული დიალოგისგან განსხვავებით,მათ ამჯერად მშვიდობიანად იმუსაიფეს...

ტრამპმა შეაქო კიდევაც ზელენსკი, თუმცა საჯაროდ მაინც არ შეჰპირებია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განაახლებს,მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკიმ მას ღიად განუცხადა-არ გთხოვთ ჩუქებას, ვიყიდით, პირველ რიგში კი „პეტრიოტის“ სისტემებს რაკეტებთან ერთად, რათა მოვიგერიოთ პუტინის „ისკანდერებიაო“...

მაგრამ, გარდა „პეტრიოტებისა“, უკრაინელმა სამხედროებმა თვალი დაადგეს უახლეს ამერიკულ ტანკებს M10 Booker-ებს, რომელთა სერიული დამზადება ამერიკულმა კომპანიამ General Dynamics Land Systems-მა დიდი ხანია არაა რაც დაიწყო.

2-4-1750879361.png
ახალი მსუბუქი ტანკი M10 Booker -ი და ძირითადი საბრძოლო ტანკი M1A2 SEPV3 Abrams-ი-ერთი შეხედვით ისინი გაბარიტებით დიდად არც კი განსხვავდებიან...

ეს ცოტა გასაკვირად მოჩანს, რადგან თითქმის ნახევარსაუკუნოვანი „აბრამსების“ გადაცემაზე ვაშინგტონმა კიევი ორ წელზე მეტი აწვალა და რატომ დაუთმობს ახალ ტანკებს,რომლებიც მხოლოდ 80 ერთეული ჰყავს?

შეიძლება იმიტომაც, რომ პრეზიდენტ ტრამპის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტი მათ თავიდან მოშორებას ცდილობს...

ყოველ შემთხვევაში პენტაგონს ამ ახალი, „აბრამსთან“ შედარებით მსუბუქი ტანკის ხილვა არაფრისდიდებით არ სურს აშშ-ის სახმელეთო ჯარების შეიარაღებაში და ცდილობს ის საზღვაო ქვეითთა კორპუსს შეასაღოს, ამერიკელი საზღვაო ქვეითები კი ხელებს ასავსებენ-მსუბუქი ტანკი ეძახეთ, მაგრამ ის 42 ტონას იწონის და საბრძოლო მოქმედების ზონამდე როგორ მივიტანოთ, ამისთვის მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები დაგვჭირდებაო...

ყოველივე ამის შემხედვარე უკრაინელმა გენერლებმა მაშინვე „ხელი გამოყვეს“-თუკი პენტაგონმა არ იცის რა უყოს ახალ „ბუკერებს“, ჩვენ ვიყიდით და უკრაინის ფრონტზე „ბრედლებთან“ დუეტში მშვენივრად გამოვიყენებთო...

ახალ ამერიკულ მსუბუქ ტანკთან M10 Booker-ეთან დაკავშირებით ა.წ.-ის თებერვალში ამ ბლოგში უკვე ვწერდით, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰქონდა ის დაწუნებული სულ რამდენიმე დღით ადრე დანიშნულ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეტს...

„...პენტაგონმა მიიღო გადაწყვეტილება დაიწყოს ახალი M10 Booker -ის ტიპის ტანკის სრულმასშტაბიანი სერიული წარმოება, მაგრამ ნიშნავს ეს თუ არა, რომ ლეგენდარული „აბრამსების“ მზე საბოლოოდ ჩაესვენა და მას „ბუკერები“ მასიურად ჩაანაცვლებენ?

„აბრამსების“(რომელთა სერიული წარმოება დიდი ხანია შეწყვეტილია, დამზადებულია არანაკლებ 10 288 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის „აბრამსი“) სრული ჩანაცვლება „ბუკერებით“ (ახალ ტანკს სახელი „ბუკერი“ ეწოდა ერაყში 2003 წელს დაღუპული ამერიკელი სერჟანტის ბუკერისა და 1943 წელს ტუნისში დაღუპული რიგითი ბუკერის საპატივცემულოდ) არ მოხდება, რადგან ისინი სხვადასხვა წონით კატეგორიაში „გამოდიან“.

„აბრამსმა“ თავი მარტო ბრძოლებში როდი გაითქვა, მან სხვა, ერთგვარი ანტირეკორდიც დაამყარა „გასუქების“ მხრივ-თუკი პირველი M1 Abrams-ები 54,4 ტონას იწონიდნენ, მისი ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის M1A2SEP v.3-ის მასა 66,8 ტონამდე გაიზარდა.

„აბრამსს“ მართალია ძალიან ძლიერი, 1 500 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის ტურბორეაქტიული ძრავა უყენია, მაგრამ მისთვისაც გართულდა დამატებით12 ტონით დამძიმებული ტანკის კორპუსის ძველებურად „ჯირითის“ უზრუნველყოფა.

გარდა ამისა, ლოკალურმა ომებმა პენტაგონი კიდევ ერთი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა-67 ტონიანი „აბრამსების“ ჰაერით ოპერატიულად გადასროლა გაჭირდა, რადგან ძირითად ამერიკულ მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს Boeing C-17 Globemaster III -ს მხოლოდ ერთი ასეთი „გასუქებული“ „აბრამსის“ წაღება თუ შეეძლო.

საჭირო გახდა ახალი, შედარებით მსუბუქი ტანკის შექმნა,რომლის საჰაერო გადასროლა უფრო მოხერხებული გახდებოდა და ამასთან ის შესძლებდა ქვეითების უშუალო საცეცხლე მხარდაჭერას ანუ ის უნდა გამხდარიყო ერთგვარი შუალედი მძიმე „აბრამსსა“ და მსუბუქ ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლს“ შორის.

ამერიკულმა კომპანიამ General Dynamics Land Systems-მა პენტაგონის დაკვეთით 2015 წლიდან დაიწყო ახალი მსუბუქი ტანკის შექმნა Mobile Protected Firepower (MPF) პროექტის სახით და უკვე ხუთი წლის შემდეგ შეუდგა M10 Booker -ის საცდელ ექსპლუატაციას აშშ-ის ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთის, 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის შემადგენლობაში.

3-2-1750879421.jpg
31 ამერიკული „აბრამსიდან“ 22-ის დაკარგვა კარგი შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა უკრაინელი გენერლები ახალი „ბუკერების“ „ბრედლებთან“ ერთად მობილურ ჯავშანსატანკო ჯგუფებში უფრო ჭკვიანად გამოყენებას გეგმავენ...

„ბუკერი“ შექმნილია ევროპულ (ავსტრიული და ესპანური ფირმების მიერ დამზადებული) მუხლუხებიან შასიზე ASCOD 2-ზე, „აბრამსის“ თანამედროვე მოდიფიკაციის M1A2SEP v.3-ის კოშკურის დამონტაჟების გზით.

ანუ ჩანაფიქრი გახლდათ, რომ ახალი მუხლუხებიანი შასის გამოყენებით შეამცირებდნენ მასას, მაგრამ ძველი კოშკურის დატოვებით „ბუკერს“ „აბრამსის“ საცეცხლე შესაძლებლობები უცვლელი დარჩებოდა...

თუმცა, სურვილი არ ნიშნავს ასრულებას-ამერიკელ ინჟინრებს თავიდან იმედი ჰქონდათ, რომ „ბუკერს“ 32 ტონის ფარგლებში „ჩატევდნენ“ ანუ „აბრამსზე“ ორჯერ მსუბუქი გამოუვიდოდათ, მაგრამ „წონა“, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, „გაექცათ“-„ბუკერის“ მასა ჯერ 38 ტ-მდე, ბოლოს კი 42 ტონამდე გაიზარდა, თანაც კონსტრუქტორები იძულებულნი გახდნენ კოშკურაში 120 მმ-იანი სატანკო ქვემეხის ნაცვლად, ისევ 105 მმ-იანი „დაებრუნებინათ“, როგორც ეს სულ პირველ „აბრამსებზე“ იყო.

2035 წლამდე პენტაგონი შეიარაღებაში 504 ერთეული სერიული წარმოების M10 Booker -ის ტიპის ტანკის მიღებას აპირებდა, რაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 17 მლრდ დოლარამდე დაუჯდებოდათ, ამ ტანკების 30 წლიანი ექსპლუატაციის ჩათვლით.

მკითხველისთვის,იმედია საინტერესო იქნება ჩვენი ეს მოსაზრება:

რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე კარგად გამოიკვეთა, რომ უკრაინელი მებრძოლები ბევრად უფრო ეფექტიანად იყენებენ ამერიკული მხარის მიერ მიწოდებულ „ბრედლის“ ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს, ვიდრე „აბრამსის“ ძირითად საბრძოლო ტანკებს. შეიძლება ეს იმითაც იყოს განპირობებული, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა თავის დროზე მხოლოდ 31 ერთეული „აბრამსი“ გაიმეტა უკრაინის არმიისთვის და ისიც M1A1 SA , არცთუ ახალი მოდიფიკაციის,რომლებსაც ასევე მოხსნილი ჰქონდათ გაღარიბებული ურანის შემცველი ჯავშნის კონსტრუქცია კოშკურებიდან.

31 „აბრამსიდან“ ორწლიანი ბრძოლების შემდეგ 22 ერთეული ამერიკული ტანკი განადგურებული, დაზიანებული და მიტოვებულია, რამდენიმე კი რუსმა ოკუპანტებმა ალაფად აიღეს და რუსეთის ქალაქებშიც კი გამოფინეს.

„აბრამსების“ წარუმატებელი საბრძოლო ნათლობა უკრაინის ფრონტზე იმითაც იყო განპირობებული, რომ ამერიკელმა და უკრაინელმა სამხედროებმა წინასწარ არ მოამზადეს ეს ტანკები რუსული კამიკაძე-დრონების შეტევებისგან დასაცავად ანუ ისინი დამატებით არ აღჭურვეს დინამიკური დაცვის ელემენტებითა და რკინის ცხაურებით, რომლებიც ტანკის კოშკურას ზემოდან შეტევებისგან დაიცავდა.

საქმე ის არის, რომ პირველი „ცივი ომისთვის“ შექმნილი „აბრამსი“ ერთი მნიშვნელოვანი ტექნიკური ნიუანსით სჯობდა საბჭოთა Т-64, Т-72 და Т-80-ებს.

საბჭოთა ტანკებში ჭურვებისა და მუხტების მარაგი უშუალოდ ტანკის კოშკურაში ინახებოდა, რაც აფეთქების შემთხვევაში იწვევდა მათ დეტონაციასა და ათ ტონაზე მძიმე კოშკურა ათეულობით მეტრზე გაიტყორცნებოდა, რის დროსაც ტანკის ეკიპაჟის გადარჩენა თეორიულადაც კი შეუძლებელი გახლდათ.

4-1750879442.jpg
M10 Booker -ის გამოჩენა იმაზე მეტყველებს, რომ ტანკების ერა ჯერ კიდევ არ დამთავრებულა, რადგან ბრძოლის ველზე ისინი კვლავ რჩებიან ყველა ძლიერ მობილურ და კარგად დაცულ საცეცხლე საშუალებად...

„აბრამსებში“ კი ჭურვები ტანკის კოშკურის უკან სპეციალურ შეჯავშნულ ნიშაში იყო განთავსებული და მათი დეტონაციის შემთხვევაშიც არ ზარალდებოდა ეკიპაჟი, რადგან ჭურვების დეტონაციისას ამ შეჯავშნული ნიშის ზედა პანელების გარღვევა ხდებოდა და აფეთქების ტალღა გარეთ გაიტყორცნებოდა.

თუმცა ეს დიდი პლუსი, „აბრამსებს“ უკრაინის ფრონტზე დიდ მინუსში გადაეზარდათ, რადგან რუსული კამიკაძე-დრონები ზემოდან სწორედ ამ შეჯავშნული ნიშების პანელებს „ურტყამდნენ“, რითაც ახდენდნენ ჭურვების მარაგის დეტონაციას-ეკიპაჟი კი ცოცხალი რჩებოდა, მაგრამ დაზიანებული 61 ტონიანი („აბრამსის“ M1A1 SA მოდიფიკაცია დაახლოებით ამდენს იწონის) ტანკის უკან გამოთრევა უკრაინელ სამხედროებს აღარ შეეძლოთ, ნეიტრალურ ტერიტორიაზე დარჩენილ დაზიანებულ „აბრამსებზე“ კი რუსული არტილერია იწყებდა „ვარჯიშს“...

ამ ომში უკრაინულმა მხარემ ასევე დაკარგა (განადგურებულის, დაზიანებულისა და მიტოვებულის სახით) 177 ერთეული ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2A2 Bradley ODS-SA.

იმის გათვალისწინებით,რომ ამერიკელებმა უკრაინის არმიას საერთო ჯამში 300-ზე მეტი „ბრედლი“ მიაწოდეს, მათი საბრძოლო დანაკარგი მნიშვნელოვნად მოჩანს-დაკარგულია ყოველი მეორე მანქანა, თუმცა ეს უფრო იმაზე მიუთითებს,რომ „ბრედლებს“ უკრაინელი ქვეითები ძალზე ინტენსიურად იყენებენ ფრონტის ხაზზე.

ახალი ამერიკული ტანკის M10 Booker -ის მთავარი საბრძოლო დანიშნულებაც, ისეთ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, როგორსაც რუსეთ-უკრაინის ომი წარმოადგენს,უნდა გახდეს ქვეითების ძლიერი საცეცხლე მხარდაჭერა შეტევით ოპერაციებში ანუ უნდა იყოს „ბრედლივით“ სწრაფი და შეეძლოს „აბრამსივით“ ძლიერი ცეცხლის გახსნა...

რვა ათეულამდე ამერიკული „ბუკერის“ უკრაინის არმიისთვის, მართლაც გადაცემის შემთხვევაშიც კი,ეს ამინდს უკრაინის ფრონტზე ბევრად ვერაფრით შეცვლის,თუმცა „ბუკერებისა“ და „ბრედლების“ საბრძოლო დუეტებით უკრაინულ მობილურ ჯავშანსატანკო ჯგუფებს სწრაფი კონტრშეტევების განხორციელების კარგი შესაძლებლობა მიეცემათ...