"ახლა ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს შესაგროვებელი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მისმა ორგანიზმმა ნორმალურად გააგრძელოს ფუნქციონირება" - 14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება - კვირის პალიტრა

"ახლა ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს შესაგროვებელი. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მისმა ორგანიზმმა ნორმალურად გააგრძელოს ფუნქციონირება" - 14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ბავშვი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში წევს და სამი კვირის წინ სასწრაფოდ, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა ჩაუტარდა. დონორი გიორგის მამა იყო, ამ ოპერაციისთვის 90 000 დოლარი იყო საჭირო, ნაწილი გადახდილია, ახლა ოჯახს 35 0000 დოლარი აქვს მოსაგროვებელი. ამაში მათ ხალხის გვერდში დგომა სჭირდება.

გიორგი 7 წლის იყო, იშვიათი და მძიმედ მიმდინარე დიაგნოზი, ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება რომჯ დაუდგინდა. რომლის დროს, ადამიანის ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ინფექციებს, რაც მის ჯანმრთელობას მუდმივად საფრთხეს უქმნის. ბოლო დროს, დაავადება გამწვავდა, ჯერ თბილისში იწვა საავადმყოფოში, შემდეგ სასწრაფოდ მისი თურქეთში გადაყვანა გახდა საჭირო და თურქეთში მკურნალობის რთულ გზას გადიოდა. გიორგის ორგანიზმმა ეს ინფექცია დაძლია და მას შემდეგ ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილება მიიღეს ექიმებმა. ღეროვანი უჯრედების გადანერგვა უკვე მოხდა. ოჯახი უზომოდ მადლიერია იმ ადამიანების, ვინც თანადგომა გამოხატა და ახლა, კვლავ მათი გვერდში დგომის იმედი აქვთ.

ამ საყვარელ ბიჭს ახლა 35 0000 დოლარი სჭირდება.

გიორგის დედა, ელენე შავთვალაძე:

- ბავშვთან ერთად თურქეთში ვარ, მას ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება დაუდგინდა. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს. ბოლო თვეებია, სულ საავადმყოფოში ვართ, ჯერ თბილისში იყო ჰოსპიტალიზებული, 4 დრენაჟით იწვა, შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაურთულდა მდგომარეობა, ფილტვის სოკოვანი ინფექციით და მოგვიწია სასწრაფოდ თურქეთში წამოსვლა. ორი თვეა აქ ვმკურნალობდით, სოკოვანი ინფექციის ალაგებას დასჭირდა ეს დრო. ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, რომ მისმა ორგანიზმმა ნორმალურად გააგრძელოს ფუნქციონირება და ნორმალურად იცხოვროს. ეს ერთადერთი გზა იყო გადარჩენის და ნორმალური ცხოვრების გაგრძელების. ორთვიანი მკურნალობა თურქეთში 60 000 დოლარი დაჯდა, ამ თანხის ნაწილი, 15000 დოლარი სახელმწიფომ დაგვაფინანსა, დანარჩენი თანხა ხალხის დახმარებით მოგროვდა, ასე შევაკოწიწეთ ეს ფული და ვუმკურნალეთ ჩემს გიორგის.

მერე ბავშვს ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. ეს ოპერაცია 90 000 დოლარი დაჯდა, ახლა დაგვრჩა გადასახდელი 35 0000 დოლარი და ისევ გვიწევს საზოგადოებისთვის იმის თხოვნა, რომ გვერდში დაგვიდგნენ, დაგვეხმარონ ჩემი შვილის საბოლოოდ გამოჯანმრთელებაში. არ გვინდოდა ხალხის შეწუხება, ამიტომ ყველა გზა ვცადეთ, მაგრამ სხვა საშუალება არ არის, ისევ ხალხს უნდა მივმართოთ.

- თბილისის მერიას აქვს პროგრამა, რომელიც აფინანსებს ტრანსპლანტაციას, არ დაგეხმარნენ?

- ამ პროგრამის იმედად ვიყავით, თბილისის მერიას რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უარი გვითხრეს იმ მოტივით, რომ გიორგის დიაგნოზი არ არის იმ პროგრამის ჩამონათვალში, რომელიც აქვს თბილისის მერიას და რომელი პროგრამაც აფინანსებს ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაციას. ჩვენი დიაგნოზი ამ სიაში, სამწუხაროდ, არ არის და ამის გამო, მოგვიწია ჩვენით სახსრების მოძიება. არადა, ბოლო წუთამდე გვქონდა იმედი, რომ მერია დაგვაფინანსებდა. მერე მივმართეთ ჯანდაცვას, სხვადასხვა ფონდს.

რეფერალმა 20 000 დოლარით დაგვაფინანსა, თბილისის მერიამ 9 000 დოლარი მოგვცა და ასე მოგროვდა 29 000 დოლარი, ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო ჩვენთვის, თანხა არ გვქონდა სრულად, მაგრამ დრო არ ითმენდა და გიორგის სამი კვირის წინ ჩაუტარდა ტრანსპლანტაცია.

ახლა ყველაფერი დროზე და მის ორგანიზმზეა დამოკიდებული. ეს ოპერაცია ჯდება 90 000 დოლარი, მაგრამ რადგან ვერ მოვხდით სახელმწიფო პროგრამაში, ამიტომ ნაწილობრივ დაგვაფინანსეს და გაგვიხდა ჩვენით მოსაძიებელი თანხები. დაახლოებით ნახევარზე ცოტა მეტი შევაგროვეთ სახელმწიფო ჯანდაცვიდან და ხალხის დახმარებით, რომ როგორმე დაწყებულიყო ეს პროცედურა. დანარჩენი თანხა გვაქვს ახლა მოსაძიებელი, რომ როგორმე დავფაროთ დავალიანება.

კლინიკის დავალიანება გვაქვს.

თურქეთში ჩატარდა ტრანსპლანტაცია და ბავშვმა გადაიარა რთული პერიოდი, ახლა მის ორგანიზმზეა დამოკიდებული ყველაფერი. როგორც აღვნიშნე, ნაწილობრივ შევაკოწიწეთ თანხა, დიდი მხარდაჭერა გვქონდა, ნაწილი სახელმწიფომ, ნაწილი ხალხმა და შევაგროვეთ. ახლა ურესურსოდ ვართ დარჩენილები.

დღემდე მიკვირს, როგორ შეგროვდა ამდენი ფული. იმედი გვაქვს, რომ ბოლომდე მივალთ. ისევ ვრჩებით თურქეთში, სამი თვე გიორგის აქ უწევს ყოფნა, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს. ვიქირავეთ ბინაც, რომ კლინიკიდან იქ გადავიყვანოთ.

ამ ეტაპზე, გიორგი კარგად რომ არის, ამას რომ ვუყურებ, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, დარჩენილ თანხას ითხოვს კლინიკა და ისევ საზოგადოების იმედად ვრჩებით.

მადლობა მათ გვერდში დგომისთვის და დახმარებისთვის.

გიორგი ძალიან ყოჩაღად არის. პრაქტიკულად, სამი თვეა, კლინიკაში ცხოვრობს. იმედიანად არის და აქეთ გვაწყნარებს ყველას. გვეუბნება, ყველაფერი კარგად იქნებაო. მთავარი ეტაპი გადავლახეთ, კიდევ არ მჯერა, რომ აქამდე მოვედით.

სამი თვის შემდეგ, პერიოდულად, 3 თვეში ერთხელ დასჭირდება კონსულტაცია. წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მოგვიწევს კონსულტაციაზე ჩამოსვლა. რაც მთავარია, ექიმები ძალიან კმაყოფილები არიან. ეს ექიმი ღმერთის საჩუქარია. ასეთი ნატანჯ და ამდენ წვალება გამოვლილ ბავშვს სულ აიმედებდა, აუცილებლად გამოჯანმრთელდებიო. რა ეტაპებიც დაგეგმა, ზუსტად ისე წარიმართა ყველაფერი. არც ერთი წუთით არ შეცვლილა გეგმა, ისე მოხდა ყველაფერი. 14 წელია, ექიმებში დავდივარ და ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოვხვდი იქ, სადაც არიან პროფესიონალები.

წლინახევრის იყო გიორგი, პირველად ინფექცია რომ დაუდგინდა, მას შემდეგ ბავშვი სულ წვალობს, სულ ინფექციები ემართება. ხშირად იყო ავადობა, ხან ორგანოების დაჩირქება ხდებოდა ამ დროს. მისი ორგანიზმი ვერ ებრძვის, განსაკუთრებით სტაფილოკოკური ინფექცია ემართებოდა ხშირად და ორჯერ ღვიძლის აბსცესით იყო ბავშვი ჰოსპიტალში, დრენაჟები ჰქონდა ჩადგმული.

7 წლის ასაკამდე დიაგნოზი ვერ დაისვა და შემდეგ გვითხრეს ეს დიაგნოზი, ეს არის გენეტიკური პათოლოგია. მას შემდეგ გიორგი იბრძვის. ასე მოვედით 14 წლამდე, ახლა 14 წლის ასაკში გაურთულდა ისევ და ყველაზე რთულია, როცა ემართება ეს სოკო, ამას ვერ მკურნალობენ საქართველოში. ძალიან რთულად ჰქონდა მოდებული, სხვა გამოსავალი არ იყო და ამიტომ წამოვედით თურქეთში, დაექვემდებარა მკურნალობას და რომ გაუმჯობესდა სიტუაცია მერე დაიგეგმა ტრანსპლანტაცია. გიორგი ძალიან ძლიერი ბიჭია, ვერ შეატყობ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ცდილობს აქეთ გაგამხნევოს. ახლა მივალთ ფინიშამდე. მთავარია წარმატებით გაგრძელდეს ეს პროცესი და იმედს გვაძლევენ, რომ სრულად გამოჯანმრთელდება ბავშვი და ყველაფერი კარგად იქნება.

- დონორი მამა იყო, ის როგორ გრძნობს თავს?

- დონორი იყო გიორგის მამა, ნოდარი. ექიმს ერჩივნა, რომ სისხლით ნათესავი ყოფილიყო დონორი და ყველაფერმა ჩაიარა ძალიან კარგად. მისი ორგანიზმიდან მოხდა ამ უჯრედების აღება და გიორგის ორგანიზმში გადანერგვა. მამაც კარგად არის, კლინიკიდან გაეწერა, მაგრამ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. კვირის ბოლოს გვექნება საბოლოო დასკვნა. ყველაფერი კარგად იქნება, ამის გვჯერა და იმედი გვაქვს რომ ხალხი ისევ დაგვიდგება გვერდით და საბოლოდ, გამოვალთ ამ პრობლემებიდან.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა და აწი დაგვეხმარება.

როგორმე უნდა შევაგროვოთ ეს თანხა, ამის იმედი მაქვს. ბათუმი აფინანსებს ყველანაირ ტრანსპლანტაციას, ბათუმში რომ ყოფილიყო ბავშვი ჩაწერილი, არ დაგვჭირდებოდა ხალხის შეწუხება. ჩვენ თბილისში ვართ ჩაწერილები. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მაგალითის მერე, რაღაცას მაინც შეცვლიან და ყველა ბავშვს დააფინანსებენ, ვისაც ტრანსპლანტაცია დასჭირდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ეს.

35 000 დოლარის მობილიზება რაღაცნაირად ხალხის გვერდში დგომით უნდა შევძლოთ, ბოლომდე რომ მივიდეს პროცესი. კი მიჭირს თხოვნა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს, ისევ ახლობლების, უცხო ადამიანების დახმარების იმედი გვაქვს, რომ როგორმე შევძლოთ ამ თანხის მოძიება.

გიორგის სჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ყველას გვჯერა ამის და ვაგრძელებთ ბრძოლას. ახლა გაღებული თითოეული ლარი უმნიშვნელოვანესია 14 წლის გიორგისთვის.

ჩვენ აქვე ვუთითებთ გიორგის დეიდის საბანკო ანგარიშის ნომრებს და საქველმოქმედო ზარის ნომრებს. გიორგი აგრძელებს ბრძოლას და გვჯერა, რომ ხალხის გვერდში დგომით მალე სრულად გამოჯანმრთელდება და როგორც ბევრ სხვა შემთხვევაში მომხდარა, ამ კარგი ბიჭის ოჯახსაც ექნება ხალხის გვერდში დგომა.

საქველმოქმედო ზარი 0901000929 (სელფის და მაგთის ნომრებიდან)

საბანკო ანგარიშები: მიმღები გვანცა შავთვალაძე, გიორგის დეიდა:

საქართველოს ბანკი GE14BG0000000525255073

თიბისი ბანკი GE87TB7907245063600013

paypal.me/GShavtvaladze