პრეზიდენტ" გაგლოევის ვენდეტა და კრიმინალი ე.წ. შს მინისტრად - რატომ დაერია მთავარი სეპარატისტი საკუთარ გარემოცვას?! - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტ" გაგლოევის ვენდეტა და კრიმინალი ე.წ. შს მინისტრად - რატომ დაერია მთავარი სეპარატისტი საკუთარ გარემოცვას?!

ოკუპირებულ ცხინვალში დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა მასშტაბური საკადრო წმენდა დაიწყო. ერთმანეთის მიყოლებით თანამდებობიდან გაათავისუფლა ე.წ. ჯანდაცვის მინისტრი, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ე.წ. ოსური კა-გე-ბეს ხელმძღვანელი და ე.წ. შს მინისტრი თავისი სამი მოადგილიანად, ახალ შს მინისტრად კი დანიშნა მისი კლანის წევრი ერისლავ მამიევი, რომელიც მანამდე კა-გე-ბეში კრიმინალური განყოფილების უფროსი იყო და წლებია საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდულ საქმეშია ჩართული. ოსი მიმომხილველები ამ საკადრო ცვლილებებში ყველაზე სკანდალურად მოსკოვის ფავორიტი კა-გე-ბეს შეფის გაშვებასა და შს მინისტრად კონტრაბანდისტი მამიევის დანიშვნას მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ ეს არის გაგლოევის ვენდეტა და წითელი ხაზების გადაკვეთა კრემლთან, რის გამოც გაგლოევს პასუხს აუცილებლად მოსთხოვენ.

ადგილობრივი ტელეგრამარხების ცნობით, ყველაფერი დაიწყო 9 მაისს, როდესაც "პრეზიდენტი" ალან გაგლოევი მოსკოვში იმყოფებოდა და ოსური ე.წ. კა-გე-ბეს უფროსმა ოლეგ შირანმა სამსახურიდან ერთი თვით გაუშვა პირველი მოადგილე ალექსანდრ ტუაევი, რომელიც გაგლოევის კლანის უახლოესი წევრია. პარალელურად ტუაევის საქმიანობის შესწავლა დაიწყო და მას სხვა უკანონო საქმიანობასთან ერთად ბრალად დასდეს "საქართველოსთან საწვავის კონტრაბანდა". მაშინ ითქვა, რომ შირანი ამ ნაბიჯს თავისი ინიციატივით არ გადადგამდა, ეს კრემლის ახალი კურატორის, სერგეი კირიენკოს დავალებით მოხდა და ქმედება მაშინვე შეფასდა როგორც გაგლოევისთვის სილის გაწვნა და გაფრთხილება მოსკოვიდან. როგორც ტელეგრამარხები წერენ, გაგლოევი ცხინვალში დაბრუნებისთანავე შეეცადა "საქმის მოგვარებას", მივარდა კა-გე-ბეში, რომ ტუაევის წინააღმდეგ არსებული დოკუმენტები მისთვის გადაეცათ, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო. შირანი კი მოსკოვში გაემგზავრა კირიენკოსთვის ანგარიშის ჩასაბარებლად. დაიწერა, რომ ერთი თვის შემდეგ გაგლოევს შეეძლო ტუაევი თანამდებობაზე დაებრუნებინა, მაგრამ მოსკოვიდან ნებართვა ვერ მიიღო და ამ ნაბიჯის გადადგმა ვერ გაბედა. თუმცა გაბედა სხვა გზით დაეცვა თავისი იმიჯი - ზუსტად ერთი თვის გასვლის შემდეგ, 9 ივნისს, დაიწყო დიდი საკადრო ცვლილებები: კონტრაბანდის მფარველი ტუაევის გათავისუფლების შემდეგ კონტრაბანდის მეორე მფარველი მამიევი მოიყვანა უფრო მაღალ თანამდებობაზე - "შს მინისტრად" და ამით აჩვენა, რომ მის კლანს ვერავინ დაასუსტებს. გარდა ამისა, თანამდებობიდან მოხსნა თავად კა-გე-ბეს ხელმძღვანელი ოლეგ შირანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, კა-გე-ბეს შეფის დანიშვნა-მოხსნა მოსკოვის უნებართვოდ არ ხდება და გაგლოევის ეს ნაბიჯი წითელი ხაზი და ერთგვარი დემარშია, გაგლოევი თავისი კრიმინალური კლანის გადასარჩენად მოსკოვს დაუპირისპირდა და ამას არ შეარჩენენ.

ამ საკადრო ცვლილებებში ყველაზე მოსალოდნელი ე.წ. ჯანდაცვის მინისტრის თომას ჯირკაევის გათავისუფლება იყო. წარმატებული რუსი ქირურგი არასწორ ადგილას მოხვდა და თანამდებობის მიუხედავად, გაგლოევი მას თანამშრომლების დანიშვნა-მოხსნის უფლებასაც არ აძლევდა, რის გამო ჯირკაევი უკვე თვეებია ითხოვდა გაშვებას. გარდა ამისა, "ჯანდაცვის სამინისტროს" ირგვლივ პრობლემები და სკანდალი არ წყდებოდა. გასულ წელს ცხინვალში მოსკოვიდან ჩამოსულმა რევიზორებმა დიდი დარღვევები აღმოაჩინეს ე.წ. ჯანდაცვის სისტემაში. ამ სკანდალს თან დაერთო გაფუჭებული ტომოგრაფის აპარატის თემაც. როგორც ოსური მედია წერდა, ტომოგრაფის გამო "პრეზიდენტსა" და "მინისტრს" შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც მომხსენებლები აღნიშნავენ, ჯირკაევის გადაყენება გაგლოევმა განზრახ გადადო, რათა მოსკოვის აუდიტის შემდეგ "სამინისტროში" ყველა დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ერთიანად დაეკისრებინა და ახლა "ხელის შეწმენდის" დროც დადგა. შემცვლელად ჯერ არავინ დანიშნულა.

ასევე დაგაინტერესებთ: ახალი ათონის შემოსავლების ხელში ჩასაგდებად აფხაზ მღვდლებს შორის დიდი დაპირისპირება დაიწყო

რუსული ეფ-ეს-ბე „თაღლით“ აფხაზ მრავალშვილიან დედებს დაერია

კრიმინალური ცხინვალი - ე.წ. პრეზიდენტის ძმის დაჯგუფება, მუქარა მახრჩობელა გველებით და ტრაგიკომიკური "მილიცია"

როგორ დასცინიან რუსები აფხაზებს - „გსურთ ნახოთ საბჭოთა კავშირი? ეწვიეთ აფხაზეთს, კარგი ბუნება და ველური ადგილობრივები“

გაუგებრად შეფასდა გაგლოევის მრჩევლის, ვიაჩესლავ გობოზოვის გაშვებაც. ადგილობრივი მიმომხილველები წერენ, რომ ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევი იყო, რადგან გაგლოევის გარემოცვაში ის იყო ერთადერთი პროფესიონალი პოლიტიკოსი, მაშინ როდესაც ადმინისტრაცია სავსეა ისეთი თანამშრომლებით, რომლებსაც თავიანთი თანამდებობის დასახელების გრამატიკული შეცდომების გარეშე დაწერაც არ შეუძლიათ. თუმცა ყველაზე აქტიურად მაინც კა-გე-ბეს შეფის ოლეგ შირანისა და ე.წ. შს მინისტრობის ალან გუჩმაზოვის გადაყენებაზე საუბრობენ. შირანის შემცვლელად ჯერ არავინ დანიშნულა. "ექსმინისტრ" გუჩმაზოვზე კი წერენ, რომ ხელს აფარებდა გაგლოევის კრიმინალი ძმის, ალიკის დაჯგუფების ქმედებებსაც და გადაყენებას თავად გუჩმაზოვიც არ ელოდა. თუმცა მიმომხილველების თქმით, გაგლოევს ბევრად ახლობელი კადრის დანიშვნა დასჭირდა და ამიტომ ძალოვანი სტრუქტურა კლანის წევრ ერისლავ მამიევს ჩააბარა.

რა კრიმინალური წარსული აქვს ცხინვალის რეჟიმის ახალდანიშნულ "შს მინისტრს"

ცხინვალის მკვიდრი: - გაგლოევმა დაიწყო ახალი პირების დანიშვნა ილუზიის შესაქმნელად, რომ ვითომ მუშაობს და რაღაცების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა ეს ყველაფერი ბლეფია, რადგან ამ დანიშვნებით გაგლოევი თავისი კლანის უფრო გაძლიერებას ცდილობს, რათა 2027 წლის "საპრეზიდენტო არჩევნების" დროს გვერდით ჰყავდეს სანდო ხალხი, რომელიც ექსტრემალურ სიტუაციაში ყველაფერზე წავა. სწორედ ასეთი კადრია "შს მინისტრად" დანიშნული ერისლავ მამიევი. ის გაგლოევის ძმაკაცია, ერთად უკეთებიათ კონტრაბანდული ბიზნესები. მამიევი 2006 წლამდე ე.წ. კრიმინალურ მილიციაში ოპერმუშაკად მუშაობდა და მას სამსახური დანაშაულთან კავშირის გამო დაატოვებინეს. დაიწერა კიდეც, რომ სოფელ თამარაშენში ქართველ კრიმინალებთან შეხვედრა ჰქონდა კონტრაბანდის საქმეზე, სადაც შელაპარაკება მოუვიდა. იქვე კა-გე-ბეს საგუშაგო იყო და მათ იხსნეს მამიევი ქართველებისგან. ამის გამო გაუშვეს სამსახურიდან. თუმცა შემდეგ მალევე მიიღო ალან გაგლოევმა კა-გე-ბეში. გაგლოევი მაშინ კა-გე-ბეს ხელმძღვანელი იყო და იქიდან იწყება გაგლოევსა და ალექსანდე ტუაევთან მეგობრობაც. ცხინვალში ყველამ იცის, რომ ეს გუნდი სძალავდა ფულს ბიზნესმენებს, ძირითადად, რუს კონტრაქტორებს, რომლებიც ცხინვალში ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში იყვნენ ჩართული. შემდეგ მამიევი ახალგორში გაუშვეს, სადაც კონტრაბანდით შოულობდა ფულს. ასევე ფულს სძალავდა საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. საავადმყოფოს მთავარ ექიმს, განათლების გამგესა და სხვა ხელმძღვანელებს ეუბნებოდა, ფული უნდა გადამიხადოთ და მე დაგკრიშავთო. კა-გე-ბეს თანამშრომელი იყო და ჰქონდა ინფორმაცია, ვინ იპარავდა ფულს. კომუნალური სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელს 1,5 მილიონი რუბლი შეაწერა, რომ საქმე სასამართლოში არ გადასულიყო. კომუნალურის მთავარი ხელმძღვანელის დაშანტაჟებაც დაიწყო, მაგრამ უარი მიიღო და საქმე შეუკერა. სასამართლომ ის კაცი გაამართლა და ახლა 1 მილიონი იქით უნდა გადაუხადონ, როგორც უკანონოდ მოხსნილს.

"გაპრეზიდენტების" შემდეგ გაგლოევმა მეორე ძმაკაციც დააწინაურა - ტუაევი კა-გე-ბეს შეფის პირველ მოადგილედ დანიშნა, თუმცა ის 9 მაისს გაუშვეს ქართულ მხარესთან საწვავის კონტრაბანდის ბრალდებით. ტუაევი ჯერ ისევ გადაყენებულია, გაგლოევი ვერ ბედავს მის მოადგილედ დაბრუნებას, ამიტომაც სასწრაფოდ გააძლიერა ე.წ. შს სამინისტრო მეორე ძმაკაცის "მინისტრად" დანიშვნით.

"მაღალჩინოსნები" აშკარად არიან ჩართული კონტრაბანდულ საქმიანობებში?

ოსეთში სწორედ სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდით კეთდება დიდი ფული და სწორედ ამ საქმიანობის გასაკონტროლებლად უნდა ყველას თანამდებობა. ყველამ იცის, რომ გაგლოევის ახლო გარემოცვა კონტრაბანდით შოულობს ფულს, კა-გე-ბეს შეფის ყოფილი მოადგილე ტუაევიც და ახალდანიშნული შს მინისტრიც. წლების წინ ალან ალბოროვს, რომელიც მაშინ "პარლამენტის თავმჯდომარე" იყო, რუსებმა მანქანაში აღმოუჩინეს კონტრაბანდული სიგარეტები და იარაღი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა, დღეს კი ალბოროვი გაგლოევის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია. სამაგიეროდ, გასულ წელს ვლადიკავკაზში დაიჭირეს რუსეთის დანიშნული "თავდაცვის მინისტრის", გენერალ მარატ პავლოვის მძღოლი, რომელსაც "მინისტრის" სამსახურებრივ მანქანაში კონტრაბანდული სიგარეტი აღმოუჩინეს. ამის გამო გაგლოევმა გაათავისუფლა "მინისტრი". ამ ამბავს ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგან გენერალი პავლოვი რუსეთის თავდაცვის ექსმინისტრ სერგეი შოიგუს კადრი იყო, თუმცა მაშინ გაგლოევს ეს თვითნებობა შერჩა

წაიკითხე ვრცლად