ტრამპი ნატაშას წინააღმდეგ ანუ რამდენად დააზარალა ირანის ბირთვული ობიექტები ამერიკულმა დაბომბვამ - კვირის პალიტრა

ტრამპი ნატაშას წინააღმდეგ ანუ რამდენად დააზარალა ირანის ბირთვული ობიექტები ამერიკულმა დაბომბვამ

„გააგდეთ ნატაშა!“- აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილი ამერიკული ტელეკომპანია CNN - სგან მისი კორესპონდენტის ნატაშა ბერტრანის გაგდებას ითხოვს ანუ ამერიკული დემოკრატიის, წესით პირველი დამცველი, მოითხოვს თავისუფალი სიტყვისთვის ჟურნალისტის დასჯას!

ასე რამ გააცოფა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, რომ უკვე თავის ჟურნალისტებსაც კი დაერია?

FOX News-ის ფანი, დონალდ ტრამპი, რომ დიდი ხანია შემომწყრალია CNN-სა თუ New York Times-ზე, არახალი ამბავია, მაგრამ რასაც ის ახლა მოითხოვს, უკვე ყოველგვარ საზღვრებს ცდება...

თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის ბინადარი მწყობრიდან იმან გამოიყვანა, რომ CNN-ის ჟურნალისტმა ნატაშა ბერტნარმა პენტაგონიდან გამოჟონილი ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწერა, რომ 22 ივნისს ამერიკული სტრატეგიული „მოჩვენებების“ მიერ ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე ჩამოგდებულმა 13,6 ტონიანმა ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებმა მხოლოდ ნაწილობრივ დააზიანეს ირანელების ეს მიწისქვეშა ობიექტები და ირანს რამდენიმე თვის შემდეგ ისევ შეეძლება თავისი ბირთვული პროგრამის გაგრძელებაო...

ეს მაშინ, როდესაც თავად აშშ-ების პრეზიდენტმა ტრამპმა ამ ირანული ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებაზე მსოფლიოს მაშინ „ახარა“, როდესაც ამერიკული „მოჩვენებები“ ჯერ კიდევ უკან, ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე ბრუნდებოდნენ...

გამოდის, რომ რიგმა ამერიკელმა ჟურნალისტებმა და მათ შორის ნატაშა ბერტნარმა ეჭვი შეიტანეს აშშ-ის ამბიციური, ხშირად გაუწონასწორებელი და არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის ისტორიულ „პიარ-გასროლაში“ - ნახეთ რა მაგარი ვარ მე - დონალდ ტრამპი, რომელმაც ერთი დაბომბვით ისრაელ-ირანის ომი შევაჩერე, ისევე როგორც ეს ამერიკამ 80 წლის წინ იაპონიის ჰიროსიმასა და ნაგასაკის ატომური დაბომბვების დროს შეძლო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებაო!

ასევე დაგაინტერესებთ: პენტაგონის მიერ დაწუნებული ახალი ამერიკული ტანკების ხელში ჩაგდება უკრაინელ გენერლებს სურთ...

სამშვიდობო გეგმის კრახი?! - დაიწყო თუ არა ახალი ესკალაცია ისრაელსა და ირანს შორის

"პრესტიჟის სარაკეტო შურისძიება"- ირანმა კატარი წინასწარ გააფრთხილა, რომ ამერიკული ავიაბაზისკენ ბალისტიკურ რაკეტებს უშვებდა...

პუტინმა დრო იხელთა: შავი დღეები კიევისთვის - გაუძლებენ თუ არა უკრაინელები რუსების მასირებულ შეტევებს?!

რას მიაღწევს პრეზიდენტი ტრამპი ამერიკული მასმედიის გადაკიდებით, ნელ-ნელა უფრო გამოიკვეთება, მაგრამ არ შემიძლია არ გავავლო პარალელი აშშ-ის 45-ე და 47-ე პრეზიდენტის მასმედიასთან დამოკიდებულებასა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პრესასთან ურთიერთობების დიდ მსგავსებაზე...

სხვა კოლეგებზე არაფერს ვიტყვი, მაგრამ ზუსტად 20 წლის წინ, 2005 წლის 4 ივლისს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა „კვირის პალიტრაში“ გამოქვეყნებული სტატიების გამო „კვირის პალიტრის“ სამხედრო მიმომხილველი და „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ამჟამად კი ამ ბლოგის ავტორიც...„მარკოზაშვილად“ მოიხსენია, საქართველოს ღალატი დასწამა და მას შემდეგ დაიწყო,რაც დაიწყო...

სააკაშვილები და თვით ტრამპებიც კი, მიდიან,ჟურნალისტიკა კი რჩება! ჩვენი კოლეგიალური მხარდაჭერა შორეულ ამერიკაში CNN-ის კორესპონდენტს ნატაშა ბერტნარს!

P.S.ახლა რაც შეეხება ირანის ბირთვული ობიექტების ამერიკული დაბომბვის საბრძოლო ეფექტიანობის ანალიზს - ნებისმიერი საჰაერო ოპერაციის შემდეგ ხდება სადაზვერვო ქმედებების განხორციელება (საჰაერო,თანამგზავრული და აგენტურული) იმის შესაფასებლად, თუ რა ზიანი მიადგა სამიზნეს და ხომ არ არის საჭირო შეტევის გამეორება.

ირანის სამივე ბირთვული ობიექტი - ნათანში, ისპაჰანსა და ფორდოში სრულად რომ განადგურებულიყო, მაშინ სამივე ადგილას...მიწისქვეშა ბირთვული აფეთქებები უნდა მომხდარიყო ანუ ეს ამერიკული 13,6 ტონიანი მართვადი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბები GBU-57 Massive Ordnance Penetrator (MOP)-ები 2,7 ტონა ჰექსოგენით კი არა, არამედ 10 კილოტონა (10 ათასი ტონა) ტროტილის აფეთქების სიმძლავრის მქონე ბირთვული მუხტით უნდა ყოფილიყვნენ აღჭურვილნი, რაც ყველასთვის საბედნიეროდ, ა რ მოხდა...

იმის გამო, რომ ირანის ფორდოს ბირთვული ობიექტი ღრმადაა განთავსებული(80-90 მ-ის სიღრმეში) მთის ძირში ძალიან ძნელია ასე სწრაფად დაბომბვის შედეგეგბის შეფასება, რადგან სავარაუდოდ ჩამოშლილია ჩასასვლელი გვირაბების ნაწილი.

ამასთან, მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებისთვის საჭიროა,რომ ადგილზე იმუშავოს „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ ექსპერტებმა, რომლებიც ომამდე იმყოფებოდნენ ამ ბირთვულ ობიექტზე და ასე თუ ისე იცნობენ მას.

ირანის პარლამენტმა მიიღო დადგენილება,რომ ამ სააგენტოს ექსპერტები აღარ შეუშვას ირანში, შესაბამისად ზუსტ ინფორმაციას მხოლოდ ირანული მხარე თუ ფლობს, ხოლო ისრაელისა და აშშ-ის სადაზვერვო სტრუქტურები ყველა გზით ცდილობენ მოიპოვენ ის.

ირანელები აცხადებენ, რომ ამერიკული დაბომბვის წინ მათ ბირთვული ობიექტებიდან გაიტანეს გამდიდრებული ურან-235-ის დიდი ნაწილი („ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ განცხადებით ამ ომის წინ ირანს დაგროვებული ჰქონდა 60%-მდე გამდიდრებული 409 კგ ურან-235), ხოლო მიწისქვეშ მომუშავე ცენტრიფუგებიც უვნებელი გადარჩნენ...

თუკი ოფიციალური თეირანის ეს მტკიცება ახლოსაა სინამდვილესთან, ირანი მართლაც შეძლებს რამდენიმე თვეში ან ერთ წელიწადში თავისი ბირთვული პროგრამის ახალი ძალებით განახლებას და ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტი მონდომებიც შეიძლება ეცადოს ბირთვული იარაღის შექმნას...

რეალობა კი ეტყობა სადღაც შუაშია - ამერიკული მძლავრი ბუნკერსაწინააღმდეგო ბომბებით დარტყმების შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდა (შედარებით ნაკლებად ფორდოს ღრმამიწისქვეშა ობიექტი), მაგრამ ისინი ბოლომდე განადგურებულნი არ არიან, რაც შესაბამისი ხარჯებისა და სამუშაოების გაწევის შედეგად, გარკვეული ხნის გავლის შემდეგ ირანს საშუალებას მისცემს გააგრძელოს ურან-235-ის შემდეგი გამდიდრება ,თვით საიარაღო დონემდე, რადგან 60%-იანი გამდიდრებიდან 90%-ზე მეტ გამდიდრებამდე (ერთი ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად საჭიროა 90%-ზე მეტად გამდიდრებული 30-40 კგ-ი ურან-235 და რა თქმა უნდა, ძალიან რთული ელექტრონული მოწყობილობები ბირთვული რეაქციის ინიცირებისთვის) არც დიდი გზაა დარჩენილი...

ეს კი იმას მოასწავლებს,რომ ისრაელ-ირანის სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ჯერ არაფერი დამთავრებულა, ეს მხოლოდ „ანტრაქტია“...