შავი დღე რუსებისთვის: უკრაინული "მოჩვენებების" ტრიუმფი რუსულ "ტრიუმფებზე" - როგორ გაიმეორა უკრაინამ ისრაელის საჰაერო შეტევების ტაქტიკა - კვირის პალიტრა

შავი დღე რუსებისთვის: უკრაინული "მოჩვენებების" ტრიუმფი რუსულ "ტრიუმფებზე" - როგორ გაიმეორა უკრაინამ ისრაელის საჰაერო შეტევების ტაქტიკა

უკრაინული „მოჩვენებების ტრიუმფი რუსულ „ტრიუმფებზე“ ანუ როგორ გაიმეორა ისრაელის ირანზე საჰაერო შეტევების ტაქტიკა ანექსირებულ ყირიმში...

ტრიუმფი დიდი წარმატების მიღწევას და მისი ზეიმით აღნიშვნას ნიშნავს და შემთხვევით არ იყო, როდესაც სწორედ ასე უწოდეს 2007 წელს შეიარაღებაში მიღებულ თანამედროვე რუსულ საზენიტ-სარაკეტო სისტემას С-400 «Триумф»-ს, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა საერთაშორისო პიარკამპანიის ნაწილი გახლდათ (კრემლს „ფავორიტების“ ექსპორტი თავიდანვე ჰქონდა გადაწყვეტილი), მაგრამ ახალი С-400-სი მართლაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობებით წინამორბედებს C-300ПМУ-2 "Фаворит"-ს...

და მით უმეტეს შთამბეჭდავია, თუ რა უყვეს უკრაინული სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფის „მოჩვენებების“ კამიკაძე-დრონებმა ანექსირებულ ყირიმში განთავსებულ რუსულ „ტრიუმფებს“, რითაც ფაქტობრივად გაიმეორეს ისრაელ-ირანის 12 დღიანი ომის სცენარი, როდესაც ისრაელის მეხუთე თაობის F-35I "Adir"-ებმა პირველსავე საჰაერო დარტყმების შედეგად მწყობრიდან გამოიყვანეს ირანის საჰაერო თავდაცვის უმეტესი რადიოლოკატორები და საზენიტო-სარაკეტო დანადგარები (მათ შორის ის რუსული C-300-ებიც, რომლის დიდ იმედზეც იყვნენ თეირანში), რის შემდეგაც ომის დანარჩენი დღეები ისრაელის საბრძოლო ავიაცია ირანის დასავლეთ ნაწილის თავზე ცაში დაუსჯელად „დანავარდობდა“ და ირანულ მობილურ სარაკეტო დანადგარებზე ნადირობდა...

უკრაინის მხარეს, რა თქმა უნდა, არ ჰყავს მეხუთე თაობის ამერიკული დამრტყმელი თვითმფრინავები (ეს კი არა, ტრამპის ადმინისტრაციამ მომავალ 2026 საფინანსო წელს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამა შეიძლება საერთოდ გააუქმოს), თუმცა როდესაც არის დიდი სურვილი და მონდომება, მიზნის მიღწევა მაინც შეიძლება...

...და უკრაინელმა სამხედროებმა არათუ გაიმეორეს ისრაელის წარმატეული საჰაერო რეიდი, არამედ რაღაცით გადაფარეს კიდეც, როდესაც ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს ერთმანეთის მიყოლებით С-400 «Триумф»-ის საზენიტ-სარაკეტო სისტემის...5(ხუთი) კომპონენტი აუფეთქეს!

1-qir-1751009785.png
უკრაინელი „მოჩვენებების“ კამიკაძე-დრონი ყირიმში ღამით С-400 «Триумф»-ის მართვის მრავალფუნქციურ რადიოლოკაციურ სადგურს 92Н6Е-სას ხვდება და თბოვიზორულ გამოსახულებაზე კარგად მოჩანს, თუ როგორ თავქუდმოგლეჯილი გარბის ორი რუსი ოკუპანტი...

С-400 «Триумф»-ის საბაზო სისტემის შემადგენლობაში შედის ექვსამდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი 12-მდე მობილური სატრანსპორტო-გამშვები დანადგარით (თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტის კონტეინერია დამონტაჟებული); საბრძოლო მართვის პუნქტი; სხვადასხვა დანიშნულების ორი მობილური რადიოლოკაციური სადგური; დამხმარე ტექნიკა.

უკრაინელემა „მოჩვენებებმა“ მოახერხეს რუსული С-400 «Триумф»-ის სისტემის ორი, მართვის მრავალფუნქციური რადიოლოკაციური სადგურის 92Н6Е-სა და ორიც, 91Н6Е-ს ტიპის აღმოჩენის, მიყოლისა და დამიზნების რადიოლოკატორის, ასევე ერთი სატრანპორტო-გამშვები მობილური სარაკეტო დანადგარის აფეთქება, რაც დაფიქსირებულია კამკაძე-დრონების თბოვიზორული კამერით გადაღებული ბოლო წამების ვიდეოკადრებით, როდესაც ისინი ზუსტად ეჯახებიან ამ ძალზე ძვირადღირებულ რუსულ საბრძოლო ტექნიკას...

2-qir-1751009785.png
უკრაინული „მოჩვენების“ სამიზნეში რუსული „ტრიუმფის“ კიდევ ერთი ძვირადღირებული, 91Н6Е-ს ტიპის აღმოჩენის, მიყოლისა და დამიზნების რადიოლოკატორიც აღმოჩნდა...

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ რუსული „ტრიუმფის“ უპირველესი დანიშნულება სწორედ საჰაერო თავდასხმის დროულად აღმოჩენა და საჰაერო სამიზნეების განადგურებაა, მაგრამ ამ „ტრიუმფმა“ არათუ რუსი ოკუპანტების სტრატეგიული ობიექტი ვერ დაიცვა ანექსირებულ ყირიმში, არამედ ვერ აიცილა თავის თავზეც უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმები...

3-qir-1751009784.png
ორიოდე წამიც და უკრაინული კამიკაძე-დრონი ღამისეულ ყირიმში რუსული С-400 «Триумф»-ის სატრანპორტო-გამშვებ მობილურ სარაკეტო დანადგარს „ესტუმრება“...

რადიოლოკატორები ნებისმიერი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის „თვალებსა და ყურებს“ წარმოადგენენ და მათ გარეშე მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეების დროული აღმოჩენა და მათზე საზენიტო რაკეტების „დაგეშვა“ შეუძლებელი ხდება...

ინფორმაციისთვის - საერთაშორისო მონიტორინგის ჯგუფის Oryx-ის მონაცემებით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, 2025 წლის 27 ივნისამდე რუსულმა მხარემ დაკარგა 336 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის С-400 «Триумф»-ის არანაკლებ 15 ერთეული სატრანპორტო-გამშვები დანადგარი და ამავე სისტემისთვის განკუთვნილი 10 სხვადსხვა დანიშნულების რადიოლოკაციური სადგური.

ვიდეო- უკრაინული „მოჩვენებების“ რუსულ „ტრიუმფზე“ ღამისუელი საჰაერო შეტევების შთამბეჭდავი თბოვიზორული კადრები...