რა გეგმა აქვს აიათოლას: The New York Times-ის სკანდალური სტატია - "როგორც ჩანს, ფორდოს საიდუმლო ობიექტი გადაურჩა ამერიკულ დაბომბვებს და..." - კვირის პალიტრა

რა გეგმა აქვს აიათოლას: The New York Times-ის სკანდალური სტატია - "როგორც ჩანს, ფორდოს საიდუმლო ობიექტი გადაურჩა ამერიკულ დაბომბვებს და..."

ამერიკული გაზეთის „ნიუ-იორკ თაიმსის“ (The New York Times) 27 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით „აიათოლას გეგმა აქვს“ (ავტორი - ვალი ნასრი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი), რომელშიც განხილულია ირანის მდგომარეობა - აქვს თუ არა მას შინაგანი ძალა და სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი, რომ აშშ-სთან და ისრაელთან ხანგრძლივ ომს გაუძლოს. „ეს ამჟამად გაურკვეველია და სწორედ ეს გაურკვევლობა არის აიათოლა ალი ჰამენეის გეგმის ნაწილი“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

ისრაელის მიერ ირანის ერთკვირიანი დაბომბვა, რასაც აშშ-ის მხრიდან ქვეყნის ბირთვული ობიექტების მიმართ მიყენებული დარტყმა მოჰყვა, ისლამური რესპუბლიკისთვის ახალ გარდამტეხ მომენტს წარმოადგენს. კონფლიქტში ვაშინგტონის ჩართვამ ირანს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გაუჩინა დაარსების მომენტიდან - 1979 წლიდან და უზენაესი ლიდერისათვის - აიათოლა ალი ჰამენეისათვის, რომელიც ხელისუფლებაში 36-წლიანი ყოფნით ირანის ანტიდასავლურ საგარეოპოლიტიკურ კურსს წარმართავს - ჭეშმარიტების მომენტს წარმოადგენს.

ახლა ქვეყნის ბირთვული პროგრამის პერსპექტივა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ისრაელთა დადებული მყიფე ზავის ბედი ალი ჰამენეის ხელშია და იგი სასიკვვდილო საფრთხის პირობებში კი უკან არ დაიხევს.

ირანის მმართველები ომებს შეჩვეულები არიან: ქვეყნის ბევრი მაღალი დონის ხელმძღვანელი - პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და საკვანძო თანამდებობების მქონე სამხედრო მოღვაწეები ირან-ერაყის 8-წლიანი ომის ვეტერანები არიან. ეს ომი, რომელიც გასული საუკუნის 1980-იან წლებში მიმდინარეობდა, ძალზე მძიმე იყო და ირანს მილიარდობით დოლარი დაუჯდა. ომმა ასობით ათასი ირანელის სიცოცხლე შეიწირა. აიათოლა ალი ჰამენეის მმართველობის დროს - იგი 1981-89 წლებში ქვეყნის პრეზიდენტი იყო, ხოლო 1989 წელს ირანის უზენაესი ხელმძღვანელი (რახბარი) გახდა - აღნიშნული ომის მკაცრი გამოცდილება საფუძველი გახდა რეჟიმის მსოფლმხედველობისა და მისი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკისათვის.

აიათოლა ალი ჰამენეის თვალსაზრისით, ირანი იძულებით არის ჩაბმული (ჩათრეული) იმ ბრძოლაში, რომელსაც ქვეყანა თავის გადასარჩენად აწარმოებს აშშ-სთან და მის მოკავშირეებთან, უპირველესად კი ისრაელთან. პოლიტიკა, რომელსაც იგი ათწლეულობით ატარებდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა - რეპრესიები ქვეყნის შიგნით, ბირთვული პოტენციალის განვითარება, მარიონეტული რადიკალური დაჯგუფებების მხარდაჭერა - „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ ჩათვლით - მთლიანად იყო მიმართული აშშ-სთან და ისრაელთან დაპირისპირებაში გამარჯვებისათვის. მისი უნდობლობა ვაშინგტონის მიმართ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2018 წელს უარი განაცხადა იმ ბირთვული გარიგების პირობების შესრულებაზე, რომელიც 2015 წელს ბარაკ ობამას ადმინისტრაციასა და ირანს შორის დაიდო.

ირანის ისლამური რესპუბლიკა კარგად აცნობიერებს თავისი შესაძლებლობების ზღვარს: მისი შეიარაღებული ძალები სრულიადაც ვერ შეედრებიან აშშ-ის არმიის სიმძლავრეს და მისი შეიარაღების არსენალს. გარდა ამისა, ირანის ეკონომიკა სერიოზულად არის შებოჭილი მკაცრი საერთაშორისო სანქციებით. ბოლო წლებში ირანელები რამდენჯერმე გამოვიდნენ საპროტესტო აქციებით რეჟიმის წინააღმდეგ, რომლის საგარეო პოლიტიკა დასავლეთთან მუდმივი დაპირისპირებისაკენ, საშინაო პოლიტიკა კი სხვაგვარად მოაზროვნეთა დათრგუნვა-რეპრესიებისკენ იყო მიმართული. ირანს კარგად ესმის აგრეთვე ის გარემოებაც, რომ აშშ-მა ასევე შეინარჩუნა თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო ბაზების ქსელი რეგიონში.

როგორც ჩანს, აიათოლა ალი ჰამენეი უკან არ დაიხევს და მით უმეტეს, კაპიტულაციას არ გამოაცხადებს. მართალია, ამჟამად იგი დათანხმდა ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი დარწმუნებულია - ირანმა, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების მიუხედავად, თავისი პოზიციები მაინც შეინარჩუნა.

გასულ წლებში იგი გარკვეულ დათმობებზე მიდიოდა, მაგრამ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. თეირანმა იმიტომ მოაწერა ხელი ბირთვულ შეთანხმებას 2015 წელს და იმიტომ მონაწილეობდა მოლაპარაკების ბოლო რაუნდში, რომ ალი ჰამენეი საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლის სრულ შეწყვეტას თუ არა, შესუსტებას მაინც იმედოვნებდა.

ირანის უზენაესი ხელმძღვანელი არ არის დაინტერესებული ისეთი კომპრომისებით, რომლებსაც ქვეყნის კურსის ძირფესვიანი, რადიკალური შეცვლა შეუძლიათ. აიათოლას იმის შიშიც აქვს, რომ თუ დასავლეთს დათმობებზე დათანახმდება, ამას ამერიკა ირანის სისუსტედ აღიქვამს. „ამერიკა ძაღლს ჰგავს, - უთხრა ალი ჰამენეიმ ერთ-ერთ თავის მრჩეველს ათი წლის წინათ, - თუ დაინახავს, რომ კომპრომისზე მიდიხარ და უკან იხევ, იმ წუთში გეცემა და დაგგლიჯავს, მაგრამ საკმარისია შენ თვითონ მივარდე და შეუტიო, ის კუდს ამოიძუებს და უკან დაიხევს“.

კომპრომისების ნაცვლად ირანის უზენაესი ლიდერი ცდილობს წონასწორობა და ბალანსი დაიცვას, რომელიც შეიძლება შევადაროთ მდგომარეობას „არც მშვიდობა და არც ომი“. მას არ სურს აშშ-სთან არც კონფრონტაცია და არც ურთიერთობის ნორმალიზება. რაც მას უნდა, არის ის, რომ ვაშინგტონმა თეირანის შეკავება შეწყვიტოს, თავი დაანებოს ირანის ეკონომიკაზე ზეწოლას და ქვეყანას უფლება მისცეს დიდი და ძლიერი რეგიონული სახელმწიფოს სტატუსი მიიღოს.

აიათოლა ალი ჰამენეი თვლის, რომ ირანი გარკვეული დროის განმავლობაში თავის მიზანს მაინც მიაღწევს. რახბარის აზრით, თუ თეირანი სიმტკიცეს გამოავლენს, მას შეუძლია ზეწოლას იმაზე მეტ ხანს გაუძლოს, ვიდრე აშშ-სა და ისრაელს ომის სურვილი ექნებათ. ათწლეულების განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი თავის სამხედრო სტრატეგიას ქმნიდა ირანელი ხალხის მოთმინებასა და გამძლეობაზე, რომელიც მოსახლეობამ ჯერ კიდევ ერაყთან ომის დროს, 8 წლის განმავლობაში აჩვენა. 1980 წელს სადამ ჰუსეინმა ტავის მეზობელს მოულოდნელად დაარტყა და ირანის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილის რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრის ოკუპირება განახორციელა. ორი წლის შემდეგ თეირანმა შეუძლებელი შეძლო - პარტიზანული წინააღმდეგობისა და „სამშობლოსთვის თავგანწირულ ჯარისკაცთა ტალღის“ ტაქტიკით ერაყის უკეთესად შეიარაღებულ არმიას უკან დაახევინა და მიტაცებული ტერიტორიები უკან დაიბრუნა. ამ ომის გაკვეთილი აიათოლასა და მისი თანამზრახველებისათვის ის იყო, რომ მათ დაინახეს - ირანს შეუძლია უკეთესად შეიარაღებული მოწინააღმდეგეს სძლიოს იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამხედრო გარემოებები მის სასარგებლოდ არ არის. ეს გაკვეთილი დაედო საფუძვლად ირანის რეაქციას ერაყში აშშ-ის შეჭრაზე 2003 წელს. დარწმუნებული იყო რა იმაში, რომ აშშ-ის მომდევნო ლუკმა ირანი გახდებოდა, აიათოლამ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალს ყასემ სულეიმანს (რომელიც 2020 წელს ბაღდადში ამერიკული დრონით იქნა მოკლული) დაავალა, რომ ესარგებლა მეზობელ ქვეყანაში შექმნილი ქაოსით და აჯანყების წინაპირობები მოემზადებინა, რათა აშშ სულ უფრო ღრმად ჩაფლულიყო ქვეყნის შიგნით ბრძოლაში. გენერალმა დაიწყო ირანის გავლენის ქსელის ჩამოყალიბება ერაყის მთელ ტერიტორიაზე, ერაყელი პოლიტიკოსები თანდათანობით თეირანის მხარეზე გადაიბირა და შიიტურ მოლაშქრეებს ამერიკული ჯარების შეტევისათვის ამზადებდა. ამ სტრატეგიამ იმუშავა: 2011 წლისათვის აშშ იძულებული გახდა ერაყიდან ჯარები გაეყვანა.

ბოლო წლებში ირანს საკმარისი დრო ჰქონდა, რომ აშშ-ისა და ისრაელის სავარაუდო თავდასხმისათვის მომზადებულიყო. მაგალითად, თავისი ბირთვული ობიექტები მიწისქვეშ განალაგა, რის შედეგადაც, როგორც ჩანს, ფორდოს ურანგამამდიდრებელი ქარხანა ამერიკულ ანტიბუნკერულ ბომბებს მნიშვნელოვნად გადაურჩა. დღეისათვის თეირანი, ალბათ, უკვე მივიდა დასკვნამდე, რომ ქვეყანას შეუძლია სამხედრო დროის სირთულეები გადაიტანოს და რომ მოსახლეობა ნებისმიერ შემთხვევაში რისხვას სწორედ უცხოელი აგრესორების წინააღმდეგ მიმართავს და არა საკუთარი მთავრობის დასამხობად.

ითვალისწინებს რა ამ ყველაფერს, აიათოლა ალი ჰამენეიმ აშკარად იგრძნო იმის აუცილებლობა, რომ საჭირო იყო ქვეყნის უძლეველობის დემონსტრირება, რომ ირანი არ დამარცხებულა და რომ ამერიკა ვერანაირად ვერ მიაღწევს თავის მიზნებს - ქვეყნის მმართველი რეჟიმის შეცვლას და ბირთვულ პროგრამაზე უარის თქმას. ირანი ისწრაფვის შეკავებისაკენ და არა ესკალაციისაკენ. ეს იმითაც დასტურდება, რომ თეირანმა წინასწარ გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ სარაკეტო დარტყმას მიაყენებდა კატარში არსებულ აშშ-ის სამხედრო ბაზას და რომ ირანი, უბრალოდ, ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა, ფორმალურად მაინც გაეცა პასუხი ამერიკისათვის - ალ-უდეიდის ცარიელ ბაზაზე დარტყმით.

თუ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაირღვევა და ომი განახლდება, ირანს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ამერიკული ხომალდების წინააღმდეგ შეტევის თაობაზე სპარსეთის ყურეში, ან გადაკეტოს და დანაღმოს მსოფლიოსათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე. იმისგან დამოუკიდებლად, ნამდვილად გააკეთებს თუ არა ამას, ირანს მაინც ექნება შესაძლებლობა მსოფლიო დაძაბულობაში ამყოფოს - ნავთობზე ფასების რყევით, პოლიტიკურ-ეკონომიკური მანიპულაციებით და გლობალური ბიზნესისათვის ხელის შეშლით.

თუ ომი განახლდება, ირანს იმედი აქვს, რომ ისრაელი და აშშ გაჭიანურებულ და დამქანცველ, გამომფიტავ ომს ვერ გაუძლებენ, ისინი ვერ მიაღწევენ საბოლოო გამარჯვებას. ირანს იმედი აქვს, რომ მისი ისლამური რეჟიმი გამოცდას გაუძლებს, აშშ-სა და ისრაელის ხელისუფლება კი დროთა განმავლობაში, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამო, იძულებული გახდება შეიცვალოს. ირანი არ განიხილავს დონალდ ტრამპის სამშვიდობო მოწოდებას მისთვის სასურველ დიპლომატიურ ნაბიჯად. თეირანი აწი უკვე მზად იქნება მოლაპარაკებისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკარგულ პოზიციებს აღიდგენს (და საბოლოოდ ბირთვულ იარაღს შექმნის).

ფლობს თუ არა აიათოლების რეჟიმი სამხედრო პოტენციალს, შინაგან ძალებს და პოლიტიკურ ამტანობას გამომფიტველი ომის საწარმოებლად? ჯერ-ჯერობით, ეს აშშ-მა და ისრაელმა ზუსტად არ იცის და სწორედ ეს გაურკვეველობა წარმოადგენს ალი ჰამენეის გეგმის ნაწილს. დიდი მნიშვნელობა აქვს ირანის სესაძლებლობას უსასრულოდ იომოს, ანუ იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ეს ამერიკას და ისრაელს წარმოუდგენიათ. ამასობაში თეირანი თავის ბირთვულ ინფრასტრუქტურას აღადგენს და ბირთვულ არსენალის შექმნასაც კი შეძლებს.

ირანის გათვლები მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული მის შეფასებაზე - ბირთვული პროგრამის რომელი ნაწილი დაზარალდა ნაკლებად და შეძლებს თუ არა ქვეყანა დარჩენილი გამდიდრებული ურანით ბირთვული ირაღის შექმნას. თეირანი, ალბათ, მალე დახურავს თავის ბირთვულ პროგრამას გარეშე დამკვირველებისათვის და იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც რომ დარჩეს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების სუბიექტად, მსოფლიო მაინც გაურკვევლობაში იქნება. ამერიკა, ალბათ, შეეცდება ხელი შეუშალოს ირანის ბირთვულ პროგრესს, მაგრამ პენტაგონის შესაძლებლობები შეზღუდულია - ამერიკა სახმელეთო ჯარებს ირანის ტერიტორიაზე,, ალბათ, ვერ განათავსებს.

და როგორც ჩანს, აიათოლა ალი ჰამენეი ფსონს სწორედ ამაზე დებს: ახლო აღმოსავლეთში „მუდმივი ომის“ პერსპექტივა საკმაო შიშის საფუძველს იძლევა, რომ ამერიკამ მისგან თავი შორს დაიჭიროს. დღემდე ირანი იმედოვნებდა, რომ მისი ბირთვული ამბიციების მკვეთრი დაფიქსირება საკმარისი იქნებოდა სანქციების შესასუსტებლად მოლაპარაკების მაგიდაზე. ახლა კი აითოლას საფუძველი აქვს იმ დასკვნამდე მივიდეს, რომ თავისი მიზნების მისაღწევად ერთადერთ საშუალებას ბირთვული რუბიკონის ერთხელ და სამუდამოდ გადაკვეთვა წარმოადგენს.

წყარო