სააკაშვილის პირადი "პატარა კა-გე-ბე" - როგორ გეგმავდა მიშა ხელისუფლებაში მუდმივად დარჩენას?!
საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა არასდროს ყოფილა ერთიანი და მონოლითური. ამას მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები განაპირობებდა. კერძოდ: ოცდაათი წლის მანძილზე უცხო, მტრული და ოკუპანტი სახელმწიფოს ფარული გავლენები ხელისუფლების ყველა რგოლზე და მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ასევე მძლავრობდა სუბიექტური ფაქტორიც: ცალკეული პიროვნებების ერთპიროვნული და მუდმივი მმართველობის სურვილი. საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო (შემდეგ ეუს) და მისი აპარატი გაურკვეველ სიტუაციაში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აღმოჩნდნენ: კანონის მიხედვით ეუს დამარცხებულ პრეზიდენტ საკაშვილს ემორჩილებოდა, ხოლო ეუს წევრი მინისტრები „ქართული ოცნების“ წევრები იყვნენ, რომლებიც სააკაშვილს დამნაშავედ აცხადებდნენ. ასე დამყარდა ერთწლიანი ორხელისუფლებიანობა.
"მე თქვენთან მოვედი, როგორც ორხელისუფლებიანი ქვეყნის პრეზიდენტი, როგორც პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ოპოზიციის ნაწილია, უფრო მეტიც, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ქვეყნისა, რომელიც მიისწრაფვის თავისუფლებისკენო", - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს 2012 წლის 12 ნოემბერს, პრაღაში. ორხელისუფლებიანობა მართლაც სახეზე იყო. თუმცა რამდენად გამართლებული იყო თავის შეცოდება უცხოელებისთვის, მაშინ როცა თავად პრეზიდენტი იყო “ორხელისუფლებიანი კონსტიტუციის” მთავარი შემკვეთი და მომხმარებელი. შემდეგ კი სწორედ მან, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ, სხვა სამინისტროებს წაართვა და დაიქვემდებარა ორი უმნიშვნელოვანესი სამსახური: “სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო” და უზრუნველყოფის სამსახური. მაშინ სააკაშვილი არც დაყვედრებას მოერიდა: იუსტიციის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრების დანიშვნაც შემეძლო, თუმცა ეს უფლება ახალ ხელისუფლებას დავუთმეო, თავმომწონედ განაცხადა მან.
მ. სააკაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება 2013 წლის შემოდგომაზე უმთავრდებოდა და მესამედ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე აღარ შეეძლო. მას კი ძალიან, ძალიან უნდოდა კვლავ საქართველოს ერთპიროვნული მმართველი ყოფილიყო. შეუზღუდავი „ძალაუფლების ბანგით“ გაბრუებულმა სააკაშვილმა ხელისუფლებაში დარჩენის გზა მოიფიქრა (უფრო სწორედ რუსეთის დიქტატორ პუტინს მოპარა) და კონსტიტუციის შეცვლა გადაწყვიტა.
მაშინვე ატყდა მისგან დაბეჩავებული სახელმწიფო და პარტიული მოხელეების ჟივილ–ხივილი: საქრთველო საპარლამენტო რესპუბლიკა უნდა გახდეს და ამით მმართველობის დემოკრატიული პრინციპები ნახეთ როგორ გაიზრდებაო. ეს „სახელისუფლებო აფიორა“ ისეთივე ძველია, როგორც ჩვენი სამყარო: მოქმედი პრეზიდენტი ახორციელებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, სამომავლოდ აძლიერებს პრემიერ– მინისტრის ფუნქციებს და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ უკვე მთავრობის მეთაურის პოსტს თავად იკავებს.
2010 წლის ბოლოს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით მნიშვნელოვნად შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება აღმასრულებელი ხელისუფლებისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და დარჩა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბუტაფორული ფუნქციები. აბა დაფიქრდით: რის მაქნისია ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, თუ ის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გატარებულ საკადრო და ორგანიზაციულ ცვლილებებს მედიიდან იგებს?
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, ნაწილი კი 2011 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. სახელისუფლო შტოებს შორის ფუნქციების ახლებური დანაწილება კი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევიდა ძალაში.
2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, უკვე 2012 წლის შემოდგომაზე მივიღეთ, საჭადრაკო ენაზე, რომ ვთქვათ ”პატური სიტუაცია”: პრეზიდენტისა და მთავრობის „ჭიდაობა“ მნიშვნელოვნად აფერხებდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. ხელისუფლების “დემოკრატიულად გადაბარება” საერთაშორისო საზოგადოებაზე გათვლილი ისეთივე პიარ-აქცია აღმოჩნდა, როგორც “პლეხანოვზე” კაპიტალურად შესაკეთებელი სახლების მხოლოდ ფასადების შეღებვა.
2012–2013 წლებში სახიფათო ორხელისუფლებიანობა ყველგან იგრძნობოდა და რაც ყველაზე მეტად მიუღებელია ნებისმიერი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის: საქართველოს სპეცსამსახურები ფარულ დაპირისპირებაში აღმოცნდნენ ჩართულნი.
მივიღეთ კურიოზული რეალობა: საქართველოს პრეზიდენტის, სააკაშვილის პირად დაქვემდებარებაში არსებული სპეცსამსახურები (სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური და საგარეო დაზვერვის სამსახური), ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთგული კადრებით იყო დაკომლექტებული და ქვეყანაში არსებული ფეთქებადსაშიში სიტუაციიდან გამომდინარე, უნდოდათ თუ არა, უწევდათ პრეზიდენტის ღია, თუ ფარული განკაგულებების შესრულება.
მეორე მხრივ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ”ქართულ ოცნებას” ჰქონდა ლეგიტიმური სურვილი, რომ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა სრულფასოვან, და არა “კასტრირებულ” რეჟიმში წარემართა. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექვემდებარებოდნენ: შსს (უშიშროების სტრუქტურებთან ერთად) , თავდაცვის სამინისტრო, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისა და მთავარი პროკურატურის, ასევე სასჯელარსრულებითი დეპარტამენტის ოპერატიულ–ტექნიკური რესურსები.
ხოლო პრეზიდენტ სააკაშვილის „პირადი“ სპეცსამსახურები იყო: საქართველოს დაზვერვის სამსახური, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი.
იმ პერიოდში მოქმედი კანონის მიხედვით საქართველოს დაზვერვის სამსახურს შეეძლო სადაზვერვო საქმიანობა ეწარმოებინა, როგორც საქართველოს გარეთ, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზეც. ამ სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიზნები იყო: საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად. „დაზვერვის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშეო“ – ასე იყო დაფიქსირებული კანონში. დაზვერვის სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა პრეზიდენტი სააკაშვილი. სამსახურის უფროსი იყო საქართველოს პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში და ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას. დაზვერვის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებდა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც.
მკითხველს ვთხოვ ერთ გარემოებას მიაქციოს განსაკუთრებული ყურადღება: მაშინ მოქმედი კანონის თანახმად დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს, დაზვერვის სამსახურისადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, უფლება ჰქონდათ დაეკავებინათ თანამდებობები, როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოს, დაწესებულებისა და ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ამ მოსამსახურის დაზვერვის სამსახურისადმი კუთვნილების გამჟღავნებისათვის ეკისრებოდათ პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეს კი ნიშნავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პირად დაქვემდებარებაში მყოფ დაზვერვის სამსახურს შეეძლო აღმასრულებელი ხელისუფლების სხვდასხვა სტრუქტურებში “ღრმა დაშიფვრაში” მყოფი თანამშრომლების „ჩანერგვა“ . საინტერესოა გამოიყენა, თუ არა მაშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს შესაძლებლობა?
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური პრეზიდენტ სააკაშვილის „პირადი“ სპეცსამსახური არ იყო: 2004–2013 წლებში ის სააკაშვილის უთავბოლო ხუშტურების შემსრულებელი სტრუქტურა უფრო გახლდათ . ამასთან დაკავშირებით უამრავი ტრაგიკომიკური ისტორიაა ცნობილი და ეს ძალზე კარგად იციან მაშინდელმა თანამშრომლებმა. საქართველოს ყველა ხელისუფალი ცდილობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური “მინი კა-გე-ბედ ექცია”. მაშინ მოქმედი კანონის მიხედვით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა საქართველოს პრეზიდენტი. ამ კანონში 2011 წლის 24 ივნისში ძალზე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, კერძოდ საკუთარი ამოცანების შესრულების მიზნით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად სახელმწიფო ან/და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში შეეძლო კადრში დატოვებით დაენიშნა სამსახურის თანამშრომლები, ფაქტიურად ე.წ. „ოდეერები“ .
თუმცა მრავალი მიზეზის გამო, სააკაშვილის დაცვა არ იყო იოლი საქმე
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩვენებში მტკივნეული დამარცხების ერთი კვირის თავზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" ბრძანებულებაში ცვლილება შეიტანა და შსს-ს მმართველობას დაქვემდებარებული “სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო” ამ უწყების მართვის სფეროდან გაიყვანა. სააგენტო მთლიანად სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაექვემდებარა, რითაც ეს უკანასკნელი იმჟამად საქართველოში არსებულ ყველა სპეცსამსახურზე ძლიერ სტრუქტურად ჩამოყალიბდა. მკითხველისთვის უფრო გასაგები, რომ იყოს მოკლედ ჩამოვთვლი “სახელისუფლო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს” ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციებს: თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემის ფუნქციონირება, განვითარება და მართვა, განახორციელოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფა. სააგენტო ფლობს და განკარგავს სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემას, რომლის სტატუსს და გამოყენების წესს მაშინ საქართველოს პრეზიდენტი განსაზღვრავდა.
სააგენტო სახელისუფლო სპეციალური კავშირების სისტემის მეშვეობით უზრუნველყოფდა: ქვეყნის უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირთა მუდმივი ან დროებითი სამუშაო და საცხოვრებელი ადგილებიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გაცვლას დახურული კავშირით, ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით, სახელმწიფო ხელისუფლების იმ დაწესებულებებში და სხვა ორგანიზაციებში, რომლებიც ახორციელებენ საქმისწარმოებას "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, როგორც საიდუმლო, ასევე ღია ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობას, დაცულობასა და საიმედოობას; საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის დახურული კავშირით; სახელისუფლებო სპეციალური კავშირების სისტემის აბონენტებს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით, მონაცემთა გადაცემის სერვისით, აგრეთვე ტექნიკური პირობების არსებობის შემთხვევაში - ინტერნეტით. მოკლედ და გასაგებად, რომ ვთქვათ ეს სააგენტო ქვეყნის “მთავარი ასინიეთაა”! მას შეუძლია სახელისუფლებო სპეციალური კავშირების ქსელის შიგნით მოუსმინოს ყველას და ყველგან!
პრეზიდენტ საკაშვილის 2012 წლის ოქტომბრის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახური „პატარა კა-გე-ბედ“ იქცა, მისთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციით: დაზვერვით, კონტრდაზვერვით, “ოტოთი (ოპერატიულ-ტექნიკური განყოფილება), ელექტრონული დაზვერვისა და ფარული მიყურადების, ასევე ელექტრონული ინფორმაციის მოხსნის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ერთგული დანაყოფებით და ა.შ. რაც მთავარია ეს სპეცსამსახური, სადაც სამიდან–ოთხ ათასამდე ადამიანი მსახურობდა, დაფინანსების ნაკლებობას არასოდეს განიცდიდა. 2011 წელს მისი ბიუჯეტი 55 მილიონი ლარი იყო და როგორც ახლა ირკვევა ხშირად პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის პირად კომფორტზე და საჩუქრებზე იხარჯებოდა. ამის შესანიღბად კი არამიზნობრივ დანახარჯებს ე.წ. „ფარულ ხარჯებში“, ანუ ოპერატიული მიზნებისთვის გაწეულ ხარჯებში (!!!) აღრიცხავდნენ.
2013 წლის ნოემბრამდე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ძირითადი ფუნქცია პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებების საზღვარგარეთ გაპიარება და „ნაციონალური მოძრაობის’ „ფასადების“ შესალამაზებლად უცხოურ ლობისტურ კომპანიებთან ურთიერთობა გახლდათ.
2013 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტად „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ და მისმა აპარატმა მუშაობა ახლებურად, ვიწროპარტიული ინტერესების ლობირების გარეშე დაიწყო, თუმცა მალევე კვლავ „ქართულმა ნიჭიერებამ“ იჩინა თავი. 2014 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრის, ი. ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭო, რომლის მიზანი სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების საკითხებში პოლიტიკური გადაწყვეტილებების კოორდინაციაა იყო. საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახლდათ, ხოლო მისი წევრები უსაფრთხოების სფეროებში უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები იყვნენ. ეუს იგივე მიზნები ჰქონდა და მის სხდომებს იგივე თანამდებობის პირები უნდა დასწრებოდნენ, საკითხავია რა იყო ამგვარი პარალელური ორგანოს შექმნა და ფუნქციების დუბლირების მიზეზი და მიზანი?
(მესამე ნაწილის დასასრული)