"ჩვენს თვალწინ მოხდა სასწაული" ანუ როგორ იპოვა ბერმა იოანემ (სერაპიონ ჯიშკარიანი) თვეზე მეტ ხანს დაკარგული გოგონა
შემოდგომის ერთ ნისლიან დღეს მყინვარწვერზე ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელიც ცუდი ხილვადობის გამო მთის ფერდობზე ვერ ჯდებოდა. ერთ ბერს, მყინვარწვერზე თავისი ქოხის ასაშენებლად, ვერტმფრენით მასალა აჰქონდა. მამაო, ვერ ვჯდებით, ძალიან საშიშია, არაფერი მოჩანს, ღელავდა პილოტი. მამაომ ის დაამშვიდა და სთხოვა, კიდევ ერთი წრე შემოეხაზა. პილოტმა წრე შემოხაზა თუ არა, მთის წვერზე ათამაშებულმა მზის სხივებმა არემარე ისე გააჩახჩახა, ვეტმფრენი ფერდობზე ბუმბულივით დაეშვა და სიმაღლეც დააფიქსირა - ზღვის დონიდან 3850 მეტრი. ამ ფაქტმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, რადგან სპეციალისტების აზრით, ადამიანის ასეთ სიმაღლეზე ხანგრძლივი ცხოვრება შეუძლებელია - სიმაღლეზე, სადაც ჟანგბადი 40%-ით ნაკლებია, სადაც მუდმივად ყინავს, წვიმა და ქარია, სადაც არც წყალია და არც საკვები... იმ დროისთვის 70 წლის ბერი, ღვთის განგებულებით, მთელი ზამთარი მყინვარწვერზე იყო დაყუდებული, რათა ერისა და ბერისთვის გულმხრულვალედ ელოცა. მამა იოანე - ხალხის ნუგეში, ჩვენი ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის უპირობო მორჩილი, უბრალო, მართალი ადამიანი, ჩვენი დროის დიდი მამაა.
2007 წლიდან ქვემო მლეთაში და 2008 წლის აგვისტოდან ზემოთ, ლომისაზე, პატრიარქის ლოცა-კურთხევით დამკვიდრდა სქიმარქიმანდრიტი ბერი იოანე (სერაპიონ ჯიშკარიანი), თავის სულიერ შვილებთან ერთად. 20-25 გრადუს ყინვაში კარვებში დაბინავებული მამები სასწაულით უძლებდნენ გაუსაძლის პირობებს... თავის დროზე მამებმა იქ კელიები ააშენს, რათა ნამქერი არ შესულიყო ეკლესიაში, რომელიც მთლიანად თოვლით ივსებოდა. დღეს ეს კელიები და დამატებითი შენობა-ნაგებობა იმ მხარესაა მოქცეული, სადაც რუსები პატრულირებენ. ადრე რამდენიმე მათგანი მამა იოანეს კიდეც მოუნათლავს და ხშირადაც აზიარებდა.
ბერმონაზონი გიორგი: - ჩვენმა უწმინდესმა აკურთხა ჩვენი მოძღვარი მამა იოანე და უთხრა: შენ გენდობი, ეს საქმე შენ ჩაიბარეო. მამა იოანემ იტვირთა ეს მძიმე ჯვარი, ამოვიდა, ჩაიბარა აქაურობა და მაშინ გვითხრა - თუ კაცები ხართ, თუ ქართველები ხართ, ქრისტიანები ხართ, თქვენთან მოსული უკანა გზაზე ნაწყენი არ გაუშვათო. მეც ვასრულებ ამ პირობას! მამა იოანე იყო ერთ-ერთი სანდო და უძლიერესი ადამიანი პატრიარქის არმიაში... მახსოვს, როცა თავის საცხოვრებელში ჩაიკეტა, საერთოდ არ გვესაუბრებოდა. რამდენჯერმე რაღაც დაწერა დაფაზე და კართან დაგვიტოვა, პასუხიც დაფაზე დამიწერეთო.
ერთხელ მამა იოანესთან რაღაც გამატანეს. მაშIინ არ ვიცოდი ეს წესი, ავედი და კარგა ხანს ველოდი. მერე მაინც გამოვიდა, გამომართვა და გაიცინა... მაშინ მდუმარებაში იყო და საერთოდ არ ლაპარაკობდა... მამა იოანე ჩემი მოძღვარია, მაგრამ ის იდუმალებაა. არ არის ეს იოლად ამოსახსნელი ამბავი, მაგრამ როგორც მამა გაბრიელი იყო და არის იდუმალება, ასეა მამა იოანეც.
დედა სერაფიმა, სულიერი შვილი: - 2006 წელი იყო. 19 წლის წინ 19 წლის ვიყავი. გადავწყვიტე, სულიერ გზას შევდგომოდი და მასწავლებელს ვეძებდი. პირველივე მონასტერი, სადაც მოვხვდი, ბოლნისში იყო, სადაც მამა სერაპიონი (მამა იოანე) ასწავლიდა, ქადაგებდა. ტაძარში რომ შევედი, მამაოს უკვე დაწყებული ჰქონდა ლოცვა. იქ ლოცვის დროს ხალხის კურნებაც ხდებოდა და მეც შევუერთდი. გარშემო ყველა გარინდულიყო და ცოტა გამიკვირდა. მერე ვიგრძენი, სადაც მოვხვდი... ლოცვის შემდეგ მამაო გავიდა კელიაში დასასვენებლად. ცოტა ხანში მითხრეს, გეძახისო.“შენ ხომ ინგლისური იცი, რაღაც მაჩუქეს და იქნებ მითარგმნოო. ცოტა გამიკვირდა, საიდან იცის, ინგლისური რომ ვიცი-მეთქი? ვუთარგმნე და შემდეგ მორიდებით ვუთხარი: თქვენთან საუბარი როდის შეიძლება-მეთქი? ახლავეო! და გავანდე ჩემი გულის ნადები... გამომცდელი თვალით შემომხედა და ჩამოთვალა ყველა ის ასპექტი, რაც უნდა მომკლებოდა. ბოლოს მითხრა, გინდა ახლა ეგ შენო? მე თავს ვუქნევდი... ეს ყველაფერი არ გექნება, მაგრამ ამის სანაცვლოდ იცი რა გექნებაო? გაჩერდა, თვალებში ჩამხედა და მეუბნება - ამის სანაცვლოდ ნეტარება შემოდისო და იმწუთას ზუსტად განმაცდევინა ის მდგომარეობა... ამის მერე დავიწყე სიარული ბოლნისში. ამასობაში უნივერსიტეტი დავამთავრე და წავედი მონასტერში. ასე გრძელდებოდა სამწელიწად-ნახევარი და საბოლოოდ, 25 წლის ასაკში, 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის დაბადების დღეს, თვითონვე აღმკვეცა ლომისას წვერზე, დიდ ტაძარში. ეს უდიდესი სიხარული იყო, მაგრამ დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ლომისას წვერზე მონაზონი აღკვეცეს. სახელიც თავად დამარქვა - სერაფიმა.
მამა იოანე ისეთი უნიკალური ადამიანი იყო, რომ ჩვენი ურთიერთობა მამაშვილობას სცდებოდა... როცა მყინვარზე გავაცილეთ, გავყევით მე და მამა სერაფიმე. გზაში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ბოლოჯერ ვხედავდი და როცა უკან დაბრუნდა, მართლაც უკვე სულ სხვა ადამიანი იყო. 6 თვე გაატარა მყინვარწვერზე, რაც წარმოუდგენელია. მახსოვს, შუა გზაზე შევხვდით, ჩამოსვლაში მივეხმარეთ და მაშIინვე ვიგრძენი, ცნობიერების სხვა დონეზე რომ იყო ასული. მივხვდი, იქ რაღაც მოხდა, რასაც მალავდა და ამ უბრალოებაში ფუთავდა...
თემურ ხმალაძე, მამა იოანეს ჯგუფელი, უახლოესი მეგობარი: - სტუდენტობას ისეთი წესიერი იყო, ხანდახან ვბრაზდებოდი და ვეჩხუბებოდი, ამას რატომ მოუთმინე, იმას რატომ აპატიე-მეთქი. ერისკაცობაში სხვადასხვა ადგილას მუშაობდა - ძეგლთა დაცვაშიც იყო, მასწავლებლობდა კიდეც. იოგითაც გახლდათ დაინტერესებული, ასევე ბუდიზმით, ინდუიზმით და ა.შ. მახსოვს, ერთ დღესაც მოვიდა და გვეუბნება,„ეს ყველაფერი არაფერია, მივდივარ ეკლესიაში, ქრისტიანული, ბერული ცხოვრება უნდა დავიწყოო... მერე წავიდა მამა გაბრიელთან და მასთან შეხვედრიდან ძალიან მალე ეკლესიურ ცხოვრებას შეუდგა. თავიდან მორჩილი იყო ღვთაების მამათა მონასტერში, მერე ბოლნისში, მერე წუღრუღაშენში და სწორედ იქ დაიწყო ხალხის განკურნება... შემდეგ წავიდა მთაში - ფასანაურში. ამასობაში ნელ-ნელა კრებდა სულიერ შვილებს და ლომისის საძმოც შეიკრა. ლომისაში გაატარა მოღვაწეობის უდიდესი პერიოდი. ხშირად განმარტოვდებოდა მთის წვერზე, სადაც თავისი პატარა კელია ჰქონდა... ის თავიდანვე სწორი კაცი იყო, ეკლესიაში კი ღმერთს უფრო მეტად დაუახლოვდა... ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს ფიზიკოს მეგობარს მამა იოანეს გაცნობა უნდოდა და მთხოვა, მასთან მიმეყვანა. ეს კაცი არ იყო ღვთისა და ეკლესიის მეხოტბე, ფიზიკისა და ფორმულების იქით არაფერი აინტერესებდა. წავიყვანე მამაოსთან, მაშინ ის წუღრუღაშენში იყო. რომ მივედით, თავისთვის იდგა ჩაფიქრებული. დაგვინახა თუ არა, შეგვიპატიჟა. მერე გვითხრა, ცოტა ხნით უნდა გავიდე, მალე დავბრუნდები, თქვენ აქ დამელოდეთო. ჩვენ წინ დიდი ტყე იყო და ვხედავთ, მამაო ჩავიდა და ჯერ ტყის პირას გაჩერდა, მერე შიგნით შევიდა. არაფერი ვიცით, რა ხდება. ცოტა ხანში ვხედავთ, პატარა გოგონასთან ერთად გამოდის. ბავშვი ამოიყვანა და ცოტა ხანს დაელაპარაკა, ჩვენ არ გვესმოდა, რას ეუბნებოდა. ახლოს რომ მოვიდნენ, გოგონამ გვთხოვა, ვინმეს ტელეფონი ხომ არ გაქვთ, მშობლებთან მინდა დავრეკოო... თურმე ამ გოგონას დემენცია ჰქონდა, თვეზე მეტხანს დაკარგული იყო და მშობლები ყველგან ეძებდნენ... მე ხომ ჩემი დამემართა და ეს ჩემი ფიზიკოსი მეგობარი სულ გადაირია. მივტრიალი და ვეკითხები - აბა, ამას როგორ ახსნი-მეთქი? სასწაულიაო, ძლივს ამოღერღა.