"უცებ, კარზე ბრახუნია და შეიარაღებული აფხაზები შემოცვივდნენ... "წიოწ" ღუღა პასპორტისთვის რომ გავიდა, ერთმა მკაცრად უბრძანა მეორეს, კარი შეემტვრია, რაზ - კვირის პალიტრა

"უცებ, კარზე ბრახუნია და შეიარაღებული აფხაზები შემოცვივდნენ... "წიოწ" ღუღა პასპორტისთვის რომ გავიდა, ერთმა მკაცრად უბრძანა მეორეს, კარი შეემტვრია, რაზეც მან მორიდებულად უპასუხა: ქალი მარტოა შესული საძინებელ ოთახში და უნებართვოდ შესვლა როგორ შეიძლებაო"

"მამაჩემი ისე აღესრულა, არ გაუგია, ბინაში შეჭრილმა გუდაუთელმა აფხაზმა ერთადერთი სიმდიდრე შეუწყალებლად რომ გამოუყარა სახლიდან"

მოგონებები აფხაზეთზე

ნინო ვახანია სოხუმელია, მისმა ოჯახმაც გამოიარა ის საშინელი დღეები, რაც ომსა და მის შემდგომ პერიოდს მოჰყვა. ამ თემაზე ქალბატონი ნინოს მიერ ემოციურად მონათხრობ რამდენიმე ეპიზოდს გაგაცნობთ.

nino-vaxania-1751055643.png

ეროვნება - აფხაზი

- 1993 წლის 27 სექტემბერი - სოხუმი დაეცა. ჯგუბურიას ქუჩა 5-ის ბინადრები დაბნეულები არიან. შუქი არ არის, ე. ი. ტელევიზორი გათიშულია. სხვა საინფორმაციო საშუალება, ფაქტობრივად, არ არსებობს. ქალაქში აშკარად რაღაც ხდება, რა - ჩვენს ქუჩაზე ჯერ არავინ იცის. ერთმა სადარბაზომ პირველ სართულზე მცხოვრებ მეზობელთან მოიყარა თავი. მასპინძელი, ღუღა დეიდა - დარეჯან ალანია და მისი შვილები ნოდარ და დალი კვიწინიები აფხაზები არიან. მამაჩემი, შეკრებილთაგან ერთადერთი მამაკაცი, ტელეფონს მიუჯდა. ხელში ფურცელი უჭირავს, რომელზეც ნაცნობთა ტელეფონის ნომრებია ჩამოწერილი. ცდილობს, რამე გაარკვიოს. რეკავს ხან მინისტრთა საბჭოში, ხან სხვაგან. არსად არავინ პასუხობს. ქალები თავზარდაცემულები სხედან. უცებ კარზე ძლიერი კაკუნია. „წიოწ“ ღუღა (ასე ვეძახდით) კარებს აღებს და შემოცვივდნენ შეიარაღებული აფხაზები. სამნი ყოფილან.

სათითაოდ ჰკითხეს ყველას ეროვნება. დედაჩემი - ქართველი. მეოთხე სართულელი თამარა ბაქრაძეც ქართველი აღმოჩნდა, რომლის ქართული არავის გაეგონა, შვილებმა რუსული სკოლა დაამთავრეს და პირადად მე, მისი ეროვნება არც ვიცოდი (რუსი მეგონა). საქმე ისაა, რომ პასპორტში ქართველი ეწერა და სხვა რამის თქმას ვერ გაბედავდა. მეზობელი ლარისა მინჯიაც (აგრეთვე რუსულენოვანი) - ქართველი.

მიადგნენ მამაჩემს, რომელსაც კარგად ისედაც არ ესმოდა და ნერვიულობისგან სულ ვერაფერი გაიგონა. ერთმა ხელიდან წაგლიჯა ფურცელი, რომელზეც ქართულად ეწერა გვარ-სახელები და ყველაფერი გასაგებიაო, ჩაილაპარაკა.

vaxania-vaxtang-1751054563.jpg
ვახტანგ ვახანია

მერე მასპინძელს მიუბრუნდნენ. იმან, მე და ჩემი შვილები აფხაზები ვართო. მომხდურთ ეჭვი შეეპარათ - აბა, ამდენი ქართველი რატომ შეიფარა? პასპორტი მოსთხოვეს. „წიოწ“ ღუღამ, ახლავეო და საძინებელში გავიდა. კარგა ხანს შეაგვიანდა გამოსვლა. თურმე მღელვარებისგან ვერა და ვერ მიაგნო საჭირო საბუთს. ამასობაში ლარისა ერთ-ერთ შეიარაღებულს გამოელაპარაკა, შენ ხომ მე-4 სკოლაში სწავლობდიო. დასტური მიიღო. მახსოვხარ, ჩემი გოგოებიც იქ სწავლობდნენო. ხომ არ იცნობო? დაუსახელა... არ ვიცი, გაიხსენა თუ არა ჯარისკაცმა, მაგრამ სიტუაცია დათბა, ამ ორის გასაუბრებამ საერთო დაძაბულობა შეანელა. მაინც ყველა საძინებლის კარს იყო მიჩერებული. ქალი არა და არ გამოჩნდა. ერთმანეთს გადაულაპარაკეს, შევიდეთ, არაფერი მოგვწიოს, ხიფათს არ გადაგვკიდოსო. ვითარება ისევ დაიძაბა. ისინი ხმამაღლა ალაპარაკდნენ, აშკარად, შეეშინდათ. ერთმანეთს აქეზებდნენ ოთახში შესასვლელად.

ერთი, რომელიც, როგორც ეტყობოდა, უფროსობდა, უფრო ღელავდა. ახლა უკვე მკაცრად უბრძანა დანარჩენ ორს, შეემტვრიათ საძინებლის კარი. რაზეც ერთმა ხელქვეითმა ზრდილობიანად, შეიძლება ითქვას, მორიდებულადაც კი, უპასუხა: ქალი მარტოა შესული საძინებელ ოთახში და უნებართვოდ შესვლა როგორ შეიძლებაო.

აღზრდა, მენტალობა თურმე, ასეთ უდროო დროსაც იჩენს ხოლმე თავს. არავინ იცის, ინციდენტი რით დამთავრდებოდა, რომ ამასობაში „წიოწ“ ღუღა არ გამოსულიყო პასპორტით, რომელშიც გარკვევით ეწერა ეროვნება: აფხაზი.

წიგნებზე დარდი

- ომის მერეც კარგა ხანს გრძელდებოდა სოხუმში განუკითხაობა - ძარცვა, მკვლელობა, წიგნების აუტოდაფე და სხვა. შინიდან გამოსვლა, მით უმეტეს, ქართველისთვის, სარისკო გახლდათ. მიუხედავად ამისა, ერთ დღესაც, მამაჩემს გადაუწყვეტია, ქუჩაში გამოსულიყო. მერე გავიგეთ, ჩვენს მოგვარესა და ნათესავთან, ძალიან კარგ ადამიანთან, ოთარ ვახანიასთან მიდიოდა, რომელიც ჩვენგან ცოტა მოშორებით, კერძო, ეზოიან სახლში ცხოვრობდა. ფეხით ამ მანძილის გავლა სავსებით შესაძლებელი იყო. ბატონი ოთარი ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, უაღრესად კეთილშობილი კაცი. ვახტანგსა (მამაჩემი) და ოთარს, როგორც ჩანს, მარტო მოგვარეობა არ აკავშირებდათ ერთმანეთთან, არამედ, სულიერი საერთოც. ამ დროს, ბატონი ოთარი უკვე იძულებული გამხდარა, ოჯახით გასცლოდა სოხუმს, მაგრამ მამამ ეს არ იცოდა და ჯერაც ქალაქში ეგულებოდა.

სტუმრად მისვლის მიზანი კი ის იყო, ანდერძი დაებარებინა: თუ მოკლავდნენ აფხაზები, ოთარ ვახანიას თავის ეზოში დაემარხა დროებით და შთამომავლობისთვის ვახტანგის საფლავი არ დაეკარგა.

vaxtang-vaxania-1751055338.png

გზაზე შეიარაღებული აფხაზი გადაუდგა, იარაღი მიაბჯინა და ეროვნება იკითხა. ტყუილის თქმა და გასროლა, ცხადია, ერთი იქნებოდა. ბუნებრივია, მართლად უპასუხა. - იბრძოდიო? - დაკითხვას განაგრძობდა ახალგაზრდა აფხაზი რუსულად. - აბა, შემომხედე, ეს ჭაღარაწვერიანი, მოხუცი კაცი როგორ შევძლებდი ბრძოლას, იარაღის ხელში დაკავებასო. - ბიჭი გყავსო? არ მოეშვა. - დიახო, - დამალვას აზრი არა ჰქონდა. - ის იბრძოდაო? შარს ეძებდა მოძალადე. - არა. რადგან ომი შეცდომად და ორივე ეროვნების ხალხისთვის დამღუპველად მიაჩნდა, საერთოდ გაეცალა აქაურობასო. არ ვიცი, დაუჯერა თუ არა, მაგრამ იარაღი დაუშვა თურმე, სამართლიანი კაცის როლი მოირგო აფხაზმა და დარიგებაც არ დაიშურა: „კოგდა ზა საბოი გრეხოვ ნეტ, ნეჩეგო ბოიატსაო“ (თუ ცოდვები არა გაქვს, ნურაფრისა გეშინიაო).

მამა შუაგზიდან მობრუნებულა შინ და ამის შემდეგ გადაუწყვეტია სოხუმიდან წამოსვლა. ყველაფერზე მეტად არ ეთმობოდა წლების განმავლობაში ნაგროვები მდიდარი ბიბლიოთეკა, რომელსაც იმ პირობებში ვერსად წაიღებდა. მოიკითხა ნაცნობი და გავლენიანი აფხაზები, თავისი გასაჭირი შესჩივლა და მაშინ, როცა ქალაქიდან ქართველის გასვლა უდიდესი რისკის ფასად იყო შესაძლებელი, მის საცოდაობას ვერ გაუძლეს თუ რა, მისცეს საბუთი, რომლის ძალითაც ჰქონდა კვლავ დაბრუნების უფლება. დაბრუნებისა, წიგნების წასაღებად.

სიცოცხლის ბოლომდე წიგნებზე დარდობდა. იმედი მაინც ჰქონდა, რომ არავინ შეეხებოდა, ის კი აწუხებდა, რომ წლების განმავლობაში მტვერი დაფარავდა „დაქვრივებულ ბიბლიოთეკას“. ისე აღესრულა, არ გაუგია, ბინაში შეჭრილმა გუდაუთელმა აფხაზმა ერთადერთი სიმდიდრე შეუწყალებლად რომ გამოუყარა სახლიდან.

წერილი გულისჯიბეში

- ჩემი მშობლები ომის შემდეგ სოხუმში ჩარჩნენ. მათ შესახებ არაფერი ვიცოდი, არც მათ იცოდნენ ჩემ შესახებ. მე და ჩემი ძმა, დათო, როგორც იქნა, ტელეფონით შევეხმიანეთ ერთმანეთს, მოვილაპარაკეთ, დათო სოჭში ჩავიდოდა და იქიდან შეეცდებოდა ჩვენების ამბის გაგებას. მოუხერხებია და ჩასულა. იქ დახვდა მონატრებული სიწყნარე, სიმშვიდე, ზღვის შრიალი. სოჩას (ასე ვეძახდით) ომი არ შეხებია, შორეული ექოც არ გაუგია. მაგრამ დათოს განცხრომისთვის და დასვენებისთვის არ ეცალა, ქუჩაში მიდიოდა, თან დაძაბული ფიქრობდა, რა უნდა ექნა, რა გაეკეთებინა.

dato-1751055383.jpg

მის პირისპირ მომავალი ორი გოგონა არც კი შეუმჩნევია. შუბლშეკრული, არავის უყურებდა, ადამიანებს ლანდებივით უვლიდა გვერდს. გოგონები, ჩვენი მეზობელი აფხაზები - მადინა გუბლია (ჩვენი უნივერსიტეტის ლექტორის შვილი) და ამრა გაგუა (პოეტ ხუტა გაგუას შვილი) აღმოჩნდნენ, დათოს არამარტო ტოლები, არამედ, თანშეზრდილი მეგობრები. თანშეზრდილობა ამ შემთხვევაში მეტაფორა არ არის. შორეულ, კეთილ დროში ერთად თამაშობდნენ, საბანაოდ თუ სასეირნოდ ერთად დადიოდნენ, ჰქონდათ ერთმანეთთან პატარ-პატარა საიდუმლოებებიც, რომელთაც მე, როგორც პატარას, არაფრით გამანდობდნენ (არადა, ორი წლით ვარ მათზე უმცროსი). ერთი სიტყვით, გულწრფელი, უანგარო, გულითადი ურთიერთობა ჰქონდათ.

მათ, ლაღად მომავალთ, შორიდანვე შეუმჩნევიათ ახალგაზრდა ვაჟი. მოულოდნელობისა თუ იმის გამო, რომ გარეგნულადაც შეცვლილი ეჩვენათ, ვერ დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად დათო იყო. - ეს დათოა? - ლამის ერთდროულად იკითხეს და გადახედეს თურმე ერთმანეთს. შეჩერდნენ, შეიცადეს, უფრო რომ მოუახლოვდა, აშკარად გამოჩნდა, რომ კაცს შუბლი შეკრული ჰქონდა, რაც გაბრაზებულის იერს აძლევდა. გოგონები თან შეშინდნენ, ვაითუ, ქართველმა დაივიწყოს წარსული და ახლა აფხაზი მეზობლებისთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომოსო. თან იმასაც ხედავენ, რომ დათო მათ ვერ ამჩნევს და არ ეთმობათ გამოუცნაურებლად დასაშორებლად. რა ქნან? და მოიფიქრეს თურმე: გავუღიმოთ, რომ ყურადღება მივიქციოთ და თუ მაინც გაბრაზებული წამოვა ჩვენკენ, სასწრაფოდ ქუჩის მეორე მხარეს გადავიდეთო.

dato-vaxania-1751055521.jpg

ჰოდა, ასეც მოიქცნენ. დადგნენ, გაუღიმეს. კი იყო საკუთარ სადარდელში ჩაფლული ჩემი ძმა, მაგრამ ლამაზი გოგონების ღიმილს, თან, ეტყობა, საკმაოდ გამომწვევს, გულგრილად ვერ აუარა გვერდი. შეხედა, თითქოს ბურანიდან გამოერკვაო, წამებში გააცნობიერა, ვინ იდგა მის წინ და... წარბიც გახსნა, ხელებიც ფართოდ გაშალა და ორივე ისე გულწრფელად, ისეთი სიხარულით ჩაიკრა თურმე გულში, თითქოს მათ შორის ომი არც იდგა. ეს კარგი გოგონები დაეხმარნენ მერე, რომ მოეძებნათ ნაცნობი და სანდო რუსი ბიჭი, რომელიც სოხუმში მიემგზავრებოდა. დათომ წერილი და ცოტაოდენი პროდუქტი გაატანა ჩვენს მშობლებთან.

უცხო კაცს რომ კარზე დაუკაკუნებია, დედაჩემი ნანა შინ არ ყოფილა. მამას, აბა, სხვა რა ეგონებოდა, თუ არა ის, რომ მოსაკლავად მოადგნენ. გაუფიქრებია, კიდევ კარგი, ნანა სახლში არ არისო. მერე ვითომ დრო გაუწელავს, მაინც უკითხავს, ვინ არის და რა გნებავთო. ის თურმე რაღაცას პასუხობდა, მამას ვერაფერი გაუგია და უცებ მოესმა სახელი „დათო“. ვიღაც, კარს უკან დათოს ახსენებდა. მერე გვიყვებოდა, არც აფხაზი გამხსენებია, არც ომი, სიკვდილის შიში სადღაც გამიქრა, კარი ისე ფართოდ გამოვაღე, ის ბიჭიც კი დავაბნიეო...

1996 წლის 12 მაისს, როცა მამა ამქვეყნად აღარ იყო, გულისჯიბეში, პასპორტში ჩადებული ვუპოვეთ დათოს სოჭიდან გამოგზავნილი ბარათი, რომელზეც თავისი ხელით ჰქონდა მიწერილი მიღების წელი და რიცხვი და რომელსაც წლების მანძილზე ინახავდა თურმე, როგორც რელიკვიას.

ნანული ზოტიკიშვილი

(სპეციალურად საიტისთვის)