"ორ დღეში მის შვილს მეხი დაეცა და ზუსტად ისე გაუპო სახე, როგორც მან გააპო ხატი" - 33 საფეხური ერკეთის მონასტრის სიწმინდეებამდე და გერასიმეს წყარო, რომელიც უშვილო ოჯახებს იმედს უბრუნებს
"ერთმა კაცმა მთავარანგელოზ მიქაელის ხატის ჩამოხსნა სცადა, მაგრამ რადგან ვერ შეძლო, ნაჯახით შუაზე გააპო. ორ დღეში მის შვილს მეხი დაეცა და ზუსტად ისე გაუპო სახე, როგორც ხატი იყო გაპობილი"
33 საფეხური ერკეთის მონასტრის სიწმინდეებამდე და გერასიმეს წყარო, რომელიც უშვილო ოჯახებს იმედს უბრუნებს
გურიაში, სოფელ ერკეთში, ზურმუხტისფერი მთებით გარშემორტყმული, მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს. წმინდა სავანისკენ მიმავალ ციცაბო აღმართს ყოველდღიურად რწმენითა და იმედით მიუყვებიან მომლოცველები. 33-საფეხურიანი კიბის ავლის შემდეგ, მონასტრის კარიბჭესთან აღმოჩნდებით. მონასტერს განსაკუთრებული შემწე და მფარველი ჰყავს - მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი. მონასტრის იღუმენია, დედა მარიამ ფოჩხუა, მას მონასტრის დედა ხატს უწოდებს და ხატის ისტორიასა და სასწაულებზე გვესაუბრება.
მთავარანგელოზ მიქაელის სასწაულმოქმედი ხატი
- მთავარანგელოზ მიქაელის ხატი XVIII საუკუნისაა. იგი მრავალჯერ დაკარგულა, მაგრამ ღვთის მადლით, ყოველთვის უბრუნდებოდა თავის საყდარს.
"როდესაც მონასტერში მოვედი, სავანე მთლიანად გაპარტახებული დამხვდა. მთავარანგელოზის ხატი კანკელის კარების მაგივრობას ასრულებდა - დაჩრდილული, დაზიანებული და შუაზე გაპობილი.
კომუნისტების მმართველობის პერიოდში ტაძარს საწყობად იყენებდნენ, ხატები და საღვთისმეტყველო ლიტერატურა კი დაუნდობლად დაწვეს. სწორედ ამ დროს, ერთმა კაცმა მთავარანგელოზ მიქაელის ხატის ჩამოხსნა სცადა, მაგრამ რადგან ვერ შეძლო, ნაჯახით შუაზე გააპო. ორ დღეში მის ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - შვილს მეხი დაეცა და ზუსტად ისე გაუპო სახე, როგორც ხატი იყო გაპობილი.
- დღეს ხატი აღდგენილია, მის სასწაულმოქმედ ძალაზე ხატის უხვი შემოწირულებებიც მეტყველებს. ხატის აღდგენის ისტორიაც გავიხსენოთ...

- წლების შემდეგ, ხატმა თავად ინება აღდგენა. დედათა მონასტერი დაახლოებით სამი თვის გახსნილი იყო, როცა ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვართან, მამა თომასთან ერთად, მონასტერში ბათუმელი ახალგაზრდა კაცი, ბატონი ავთო ამოვიდა, რომელიც იქვე, სოფელ იანეულში ისვენებდა.
ბატონ ავთოს ხილვა ჰქონდა - მას ღვთაებრივი სილამაზის ჭაბუკი გამოეცხადა და უთხრა: "აღმადგინეო". მან უბრძანა, რომ ერკეთის ტაძარში ამოსულიყო.
ახალგაზრდას ცოტა შეშინებია კიდეც, ამიტომ მამა თომას მიმართა და მოსალოცად ერთად ამოვიდნენ. როგორც კი ბატონი ავთო ტაძარში შევიდა და მთავარანგელოზის ხატს შეხედა, მაშინვე შეიცნო ის ღვთაებრივი სილამაზის ყმაწვილი, რომელიც სიზმარში ეჩვენა! არსებობს კიდეც ფოტო, სადაც ეს გაპობილი ხატია აღბეჭდილი, პირვანდელი, დაზიანებული სახით. ბატონმა ავთომ ხატის რესტავრაცია საკუთარი ფინანსებით გადაწყვიტა.

აი, ასეთი საოცარი სასწაული მოახდინა მიქაელ მთავარანგელოზმა.
აღდგენილმა ხატმა პირველივე სასწაული მონასტერში დაბრუნებისას მოახდინა. ხატი კაკლის ორმაგი ჩარჩოთია შემკული და ძალიან მძიმეა, მაგრამ სამმა მონაზონმა 33 საფეხური ისე ამოვაბრძანეთ, ვერც ვგრძნობდით მის სიმძიმეს, თითქოს ჩვენ კი არ მოვაბრძანებდით, ხატს თავად მოვყავდით. ეს იყო ნიშანი, რომ მთავარანგელოზი არის მფარველი და შემწე ჩვენი მონასტრისა.
მისი რესტავრატორები მინდორაშვილები არიან.

ერკეთის მონასტრის სხვა სიწმინდეები და სასწაულები
ერკეთის ღვთისმშობელი, წმინდა ნიკოლოზის ფერნაცვალი ხატი, საყდარში დაბრუნებული ყაზანის ღვთისმშობელი, გერასიმეს წყარო... ეს იმ სასწაულმოქმედი სიწმინდეების მხოლოდ ჩამონათვალია, რომელიც ერთ სულიერ სივრცეშია თავმოყრილი. მონასტერი ნამდვილ წალკოტადაა ქცეული. მის აღორძინებასა და გაფართოებას დედა მარიამი მთავარანგელოზის სასწაულებრივ შეწევნასა და მფარველობას უკავშირებს.

ერკეთის ღვთისმშობლის ხატი
- სავანეში დედა ღვთისმშობლის ხატიც დაგვხვდა, რომელიც მთავარანგელოზ მიქაელის ხატის პერიოდისაა. დედა ღვთისმშობლის ხატიც დაზიანებული იყო, გვერდები ჩამოტეხილი ჰქონდა, მაცხოვრის სახე საერთოდ არ ჩანდა... ჩემი დიდი ოცნება იყო მისი აღდგენა. ჩვენი სურვილი იყო, ერკეთს თავისი სახელობის ხატიც ჰქონოდა - ერკეთის ღვთისმშობლის ხატი. ჩვენ ის რესტავრატორებთან მივიტანეთ და ვთხოვეთ, იქნებ სასწაულებრივად მომხდარიყო მისი აღდგენა. რესტავრატორებმა, ხატის სავალალო მდგომარეობის გამო, თავიდან თქვეს, რომ ხელს ვერ მოჰკიდებდნენ. მაგრამ უფალმა და დედა ღვთისმშობელმა სხვაგვარად ინება. მადლი გარდამოვიდა და დედა ღვთისმშობლის კურთხევით, ხატს 12 წელი უკეთდებოდა რესტავრაცია. არ ვაჩქარებდით პროცესს. არქივში მოპოვებული მასალებისა და ოჯახში, მინორაშვილებთან, შემოსული მხატვარი რძლის დახმარებით, შეიქმნა მაცხოვრის ახალი სახე, რომელიც ხატში ჩაისვა.
ასე აღდგა მაცხოვრის სახე და შეიქმნა საოცარი ქართული ხატი.
ტაძრის გახსნიდან თხუთმეტი წლის შემდეგ, 2021 წელს, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით (მონასტერი 2006 წლის 19 სექტემბერსაა ნაკურთხი), ხატი მონასტერს დაუბრუნდა.

წმინდა ნიკოლოზის ახალდაწერილი ხატი
ერკეთის მონასტერს კიდევ ერთი საკვირველმოქმედი - წმინდა ნიკოლოზის ახალდაწერილიხატი იცავს. სიწმინდე სავანეს ხატმწერმა ანატოლი რიაბოშენკომ შესწირა, მას შემდეგ, რაც მისი სახელოსნო დაიწვა და მხოლოდ ეს ერთი ხატი გადარჩა.
დედა მარიამი:
- ხატი შეკვეთით იყო დაწერილი, თუმცა შემკვეთი აღარ გამოჩნდა. სწორედ ამიტომ ვთხოვე ანატოლის, ხატი ჩვენი მონასტრისთვის დაეტოვებინა. მან მიპასუხა: "ერთი წელი მოვიცდი, იქნებ შემეხმიანოს, თუ არა, მერე წაიღეთო".
ზუსტად მეორე დღეს გაჩნდა ხანძარი!
ხანძრის შემდეგ ხატმწერმა დამირეკა და მთხოვა, მასთან სახლში მივსულიყავი. ხატი, როგორც გრაგნილი, ისე იყო დახვეული. ანატოლიმ გაასწორა და აღმოჩნდა, რომ დაზიანებულიც კი არ იყო, თითქოს ცეცხლი არც გაჰკარებია. ხანძრის შედეგად მხოლოდ ფერი შეეცვალა - რაღაცნაირი სიძველის ფერი დაედო.
ერთხელ, საეკლესიო მაღალი იერარქიის წარმომადგენელმა შეხედა ხატს და გაკვირვებულმა ბრძანა: "რომელი საუკუნისააო?" ამ დროს, ეს ხატი თანამედროვეა, მაგრამ უკვე სასწაულმოქმედად ითვლება.
ყაზანის ღვთისმშობლის ხატი
ერკეთში მოსალოცად კიდევ ერთი მიზეზი ყაზანის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია, რომელიც კომუნისტების პერიოდში ერთ მორწმუნე ქალბატონს ნაგავსაყრელზე უპოვია და წლების განმავლობაში ინახავდა სახლში. ამ ხატიდან მას ხშირად ესმოდა ხმა: "დამაბრუნე", მაგრამ სად, ამაზე მინიშნებაც არ ჰქონია.
დედა მარიამი:
- მონასტერი ახალი გახსნილი იყო, ჩვენ ტაძრის ერთ-ერთ მინაშენში ვცხოვრობდით, მონასტერი ჯერ კიდევ არ იყო ნაკურთხი. მორწმუნე ადამიანთა ჯგუფი იყო ჩვენთან და ერთ-ერთი ახალგაზრდა მეუბნება, რომ მის დეიდას სახლში აქვს ხატი დაბრძანებული, რომელიც კომუნისტების დროს ნაგავსაყრელზე უპოვიაო. ამ ხატიდან მას ესმის ხმა: "დამაბრუნე", მაგრამ სად უნდა დაებრუნებინა, არ იყო მითითებული. რაღაცნაირად, გულმა მიგრძნო... თან წარმოიდგინეთ, სექტემბერში გაიხსნა მონასტერი, ახლად გახსნილ სავანეში უამრავი ბრძოლა გვაქვს, ამინდებიც არეულია... ვთხოვე: "მოდი, მოაბრძანე ხატი, რომ ვილოცოთ ჩვენ ამ ხატთან". როდესაც ხატი მოაბრძანა, ვლოცულობდით, თან ვთხოვდით, თუ ინებებდა ღვთისმშობელი, ჩვენთან დარჩენილიყო. ცხადია, არ მითქვამს, რომ ხატი შემოგვწირე-მეთქი. დაახლოებით ათი დღის შემდეგ, ქალბატონმა შემომითვალა, რომ ხატს ვწირავ ერკეთის მონასტერსო. ჩვენც მერე, საშუალო ზომის ხატია, დავამზადებინეთ და მოოქრული გავუგზავნეთ მას ნუგეშად, რომ მის ოჯახშიც ყოფილიყო ყაზანის ღვთისმშობელი. ხომ ხედავთ, ღვთისმშობელმა თავად ინება, სად დამკვიდრებულიყო.
სანაწილე და 200-ზე მეტი წმინდა ნაწილი
მონასტრის დედები და მომლოცველები განსაკუთრებით სასოებენ ივერიის ღვთისმშობელსაც. ხატი ათონის მთაზეა დაწერილი და ამჟამად, ერკეთის მთავარ ტაძარს ამშვენებს. ხატთან, თვალსაჩინოდ დგას სანაწილე, სადაც წმინდანთა წმინდა ნაწილებია ჩაბრძანებული.
დედა მარიამი:
როდესაც მონასტერი გაიხსნა, მეუფემ წმინდა ნინოს რეზიდენციასთან არსებულ წმინდა ნინოს მონასტერში, ტაძარში, საკურთხევლის ტრაპეზთან დაიჩოქა და მითხრა: "რომელი წმინდანიც ინებებს წამობრძანებას, მათ წმინდა ნაწილებს გაგატან, რომ გიწინამძღვროთო". ესენი იყვნენ დამიანე მკურნალი, ნიკოდიმოს მესეფისკვერე და ილია მურომეცი. მალევე, უფლის ნებით, ინება წმინდა გიორგიმ, წმინდა რაჟდენ პირველმოწამემ და სხვა წმინდანებმა - წმინდა ნიკოლოზმა, წმინდა ნინოს თმის ნაწილმა და მრავალი სხვა წმინდანის წმინდა ნაწილმაც ინება ჩვენს მონასტერში მობრძანება.
ასევე, არის სანაწილე - სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში რომიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს. ის წლების განმავლობაში ინახებოდა ერთ-ერთი კათოლიკე მღვდლის შთამომავლის ოჯახში. რადგან მათ არ იცოდნენ სანაწილეს დანიშნულება და არ სჭირდებოდათ, თავის მეზობელს, ანატოლი რიაბოშენკოს გადასცეს, რომელიც იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მნათე იყო. ანატოლიმ სანაწილე დააბრძანა თავის სახელოსნოში. შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ერკეთში წამოებრძანებინა. ასე აღმოჩნდა იგი მონასტერში, ღვთის შეწევნითა და ანატოლის გულისხმიერებით. სანაწილეს სერტიფიკატის სახით, თავისი დამადასტურებელი მოწმობაც მოჰყვა. ამ სანაწილეში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა - პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები და სხვა მოციქულთა წმინდა ნაწილები. ეს წმინდანები მონასტრის მფარველები არიან.
- დედაო, როგორ ხსნით ამდენი სიწმინდის თავმოყრას ერთ სავანეში? ეს ხომ ნამდვილი სასწაულია?
- ეს ჩვენი მთავარანგელოზთა მეოხებაა ღვთის წინაშე, მთავარანგელოზთა მადლია, ასევე იქ მოღვაწე მამებიც მეოხ გვეყვნენ, რათა უფალმა შეგვიწყალოს და შეგვინდოს ჩვენი ცოდვები. ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ და თან წაიღონ დიდი ძალა და კურნება.
ბერების ნავსაყუდელი და განსხვავებული მუზეუმი
მთავარი ტაძრიდან ბილიკი დედების მიერ მოწყობილ მუზეუმთან მიგიყვანთ. მუზეუმში ვაზის უზარმაზარ კართან ერთად, რომელიც ერთ დროს ტაძრის კარები ყოფილა, ძველი ნივთებია გამოფენილი. მუზეუმის ქვემოთ კი, წინა საუკუნეებში მონასტერში მოღვაწე მამების ნავსაყუდელია.
დედა მარიამი:
მონასტრის გახსნის შემდეგ, სავანის განვითარება ეტაპობრივად გაგრძელდა. ერთ-ერთი საინტერესო პროექტი იყო სამრეკლოსთან ახლოს მოსასვენებელი ნაგებობის აშენება. რადგან ტაძართან ძალიან ახლოს ვერ გავაკეთებდით, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა გამორჩეული ვიზუალით, გარემოსთან შერწყმული, გადმოწეული შენობა. იგი მთლიანად რკინა-ბეტონის ბიჯგებზე დგას. მოულოდნელად ჩაიშალა ზემოდან კლდოვანი მასა! წარმოიდგინეთ, გგონია, რომ კლდეზე მყარად დგახარ, და უცებ - გატყდა ეს კლდე! ძალიან შევშინდით. მერე ფრთხილად ჩავედით და მუზეუმის ქვემოთ, სწორედ ამ კლდეში, გამოკვეთილი ბერების გამოქვაბული აღმოჩნდა! ამას დედები ვერ იზამდნენ, სავარაუდოდ, მამების მიერაა გამოკვეთილი. უზარმაზარი ქვევრებიც ვიპოვეთ, როგორც ჩანს, აქ მოღვაწე მამები მონასტრის გასაძლიერებლად დიდი რაოდენობით ღვინოსაც აწარმოებდნენ. ამიტომ ვვარაუდობთ, რომ ადრე აქ მამათა მონასტერი იყო. გამოქვაბულში ერთი დიდი ქვის ნიშნი და ამოქოლილი კარებიც დაგვხვდა. ფაქტია, აქ განმარტოებით მოღვაწე ბერის ნავსაყუდელი უნდა ყოფილიყო. უფალმა ინება, რომ ჩვენს დროს, მისი უწმინდესობისა და ჩვენი მეუფის ლოცვა-კურთხევით, როცა მონასტერი გაიხსნა, სწორედ მაშინ გამომჟღავნებულიყო ეს საიდუმლო, რათა ბევრი მომლოცველისთვის ყოფილიყო თვალსაჩინო.
სწორედ ამ გამოქვაბულის თავზე აშენებულ ნაგებობაში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ძველი ნივთები. ვაზის ჯვარი, რომელიც დღეს მუზეუმში ინახება, 30-იან წლებში ერკეთის მონასტრის ტაძარს ამშვენებდა და უზარმაზარი ვაზისგან არის დამზადებული.
ერკეთის მონასტრის სამკურნალო წყარო და საბანელი
ბილიკს ცოტა ქვემოთ თუ ჩაუყვებით, წყლის ხმა საბანელთან მიგიყვანთ. საბანელში მაკურნებელი წყალი ჩაედინება, სადაც ხშირად სრულდება ნათლობის საიდუმლო. აქ შეგიძლიათ განიბანოთ და წმინდა წყალი სურვილის შემთხვევაში თან წაიღოთ. მას ადგილობრივები „ეკლესიის წყაროდ“ და „გერასიმეს წყაროდ“ იცნობენ.
დედა მარიამი:
- როდესაც მონასტერი გაიხსნა და მონასტრულ ცხოვრებას შევუდექით, ადგილობრივმა მოსახლეობამ გვითხრა, რომ აქ, მონასტრის ტერიტორიაზე, წყარო არსებობდა, რომელიც „ეკლესიის წყაროს“ სახელით იყო ცნობილი. ჩვენ გამოვიძიეთ და ერთმა უხუცესმა ქალბატონმა, კალანდაძის ოჯახიდან, გაიხსენა:
"პატარა რომ ვიყავი, მახსოვს, ბებიები გვიყვებოდნენ, აქ ამე ჩაით ნენა და გლახათ არ გახდებითო".
ეს ნიშნავდა, რომ წყაროს სამკურნალო თვისებები ჰქონდა. წყაროს ასევე „გერასიმეს წყაროსაც“ ეძახდნენ. ერთ-ერთმა მოძღვარმა ახსნა, რომ ეს შესაძლოა, იორდანის მადლთან იყოს დაკავშირებული, ან ვინმე მოძღვარი ზრუნავდა ამ წყაროზე, ამიტომაც დაარქვეს გერასიმეს წყარო. სახელი კი უხუცესებს ახსოვდათ.
როდესაც პირველად მივედი წყაროსთან, ძლივს მოწანწკარებდა. ალბათ უფალმაც დაფარა, რომ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით არ გამოგვეყენებინა. 2010 წელს, როდესაც ჩავედი, ვირწმუნე, რომ აქ უნდა გაკეთდეს მთავარანგელოზის საბანელი, ისევე, როგორც ბეთეზდას აუზთან მთავარანგელოზი წყალს აღამღვრევდა და მისი ლოცვით იქ მისული ადამიანები იკურნებოდნენ (იოანე 5:2-4). ვირწმუნე, რომ აქაც ასე დაეშვება უფლის მადლი. მალე საბანელიც მოვაწყვეთ უფლის მადლით და უკვე ნათლობასაც ვასრულებთ.
ახლა იქ საბანელია მოწყობილი და რწმენით მოსულ ადამიანებს შეუძლიათ განიბანონ, განიკურნონ და სულიერი თუ ფიზიკური კურნება მიიღონ.
განსაკუთრებული მადლი ეძლევათ უშვილო ოჯახებს.
მე ნათლულიც მყავს, რომელიც საბანელში განბანის შემდეგ აჩუქა უფალმა მშობლებს. ისინი ერთი წლის შემდეგ მოვიდნენ და ერკეთის მონასტერში მონათლეს ბავშვი, ნათლია კი მე ვარ. მრავალ შემთხვევაში, წყლის წაღებული წყლითაც გადასულა მადლი ადამიანებზე.
ცოტა რამ ისტორიიდან
ერკეთის ტაძრის აგების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ტაძრის კედლებზე შემორჩენილი უნიკალური XIII, შესაძლოა, XI-XIII საუკუნეების ფრესკები მის სიძველეზე მეტყველებს. აქ ნახავთ „თომას განხილვას“, „იუდას ამბორს“, „პილატეს ხელის დაბანას“ და „შობის ხარებას“ - უძველესი ფრესკების მიღმა აღმოჩენილი ძველი ქართული ორნამენტები უფრო შორს, მეშვიდე საუკუნეში მიგვიყვანს.
ერკეთის ტაძარი ერთადერთია გურიაში, რომელიც კანკელის უძველეს ფორმას ინარჩუნებს. ძველად, ეკლესიებში დახურული კანკელები არ არსებობდა. სამაგიეროდ, ეკლესიაში კეთდებოდა ორი ამაღლებული ადგილი, სადაც დააბრძანებდნენ ხატებს და ასე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა. "ჩვენს კანკელსაც ეტყობა, რომ ის მოგვიანებით საუკუნეებში დაემატა", - აღნიშნავს დედა მარიამი.
გადმოცემის მიხედვით, ერკეთის მონასტრის ასაშენებლად სამშენებლო ქვებს ბახმაროსკენ მიმავალი ხევიდან, სოფელ ერკეთთან დამაკავშირებელი სათადარიგო გზით ეზიდებოდნენ. ეს უზარმაზარი ქვები ხელიდან ხელში გადაეცემოდა, სანამ ტაძრის კედლებში თავის ადგილს დაიკავებდა. გადმოცემით, პირველი ქვის დამდებთა განსასვენებელი დღესაც ტაძრის ეზოში, კართან ახლოს მდებარეობს.
შორენა მერკვილაძე (სპეციალურად საიტისთვის)