"დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ თავი არ დაგვიხრია - მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება"
ერთიანობისა და ბრძოლის ჟინის დასტურად ჩვენ ყველანი ვაპირებთ საქართველოს და მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ისევ ვიბრძვით. ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან მოქალაქეებს იმის მიუხედავად, უჭერენ თუ არა მხარს კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“, მოუწოდა კვირას, 29 ივნისს საპროტესტო აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
„არნახული ზეწოლისა და რეპრესიების მიუხედავად, როდესაც ოპოზიციის ლიდერების ნახევარი საპატიმროშია, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას. ის ადამიანები, ვისთვისაც საქართველოს მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ბრძოლას არ ვწყვეტთ. ერთიანობისა და ბრძოლის ჟინის დასტურად ჩვენ ყველანი ვაპირებთ საქართველოს და მთელს მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ისევ ვიბრძვით. ჩვენ გვწამს ჩვენი გამარჯვების. ამის დასტურად ხვალ 19:00 საათზე ვაპირებთ ისევ შევიკრიბოთ, ერთად გავიაროთ თბილისის ქუჩები მტკიცედ და მივიდეთ რუსთველზე. მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა ჩვენი კოალიციის მხარდამჭერი, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ, რომ თავი არ დაგვიხრია. ჩვენ მარშით, თავაწეულებმა უნდა გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და ვაჩვენოთ, რომ საქართველოში ბრძოლა არ წყდება“, - განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, 29 ივნისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან 20:00 საათზე შეიკრიბებიან.