"ფულის შოვნას ნიჭი და შნო სჭირდება. ბევრისგან გამიგია, ფულს ვერ ვიტანო. ეს უკვე ძალიან დიდი შეცდომაა"
ფინანსურ მდგომარეობას ყველა ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ვნახოთ, როგორია მომღერალ მარკუს მეტრეველის დამოკიდებულება ფულისადმი.
მარკუს მეტრეველი: ფული ძალიან მნიშვნელოვანია, ის ენერგიის ერთ-ერთი წყაროა, რომელიც ადამიანში შემოდის და გადის და რომელსაც საკმაოდ დიდი მიზიდულობის ძალა აქვს. ზოგი ადამიანი მას ძალიან დიდი რაოდენობით იზიდავს, ზოგი – საერთოდ ვერა. გააჩნია, ვინ როგორ უკეთებს მანიფესტაციას ფინანსურ ენერგიას.
– რაზეა დამოკიდებული მიზიდვის შესაძლებლობა?
– ეს საკუთარი თავისა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენაზეა დამოკიდებული. დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის გჭირდება თანხის მოზიდვა. ძალიან ბევრ ადამიანს უნდა თანხის მოპოვება, მაგრამ მისი სწორად დახარჯვის გეგმა არ აქვს, რაც მოზიდვაშიც ხელს უშლის. მთავარია, მიზანმიმართულად მოქმედებდე და პრიორიტეტების დალაგება შეგეძლოს.
– პირველი სამსახური გავიხსენოთ და როდის მოიპოვეთ ფინანსური დამოუკიდებლობა?
– ფინანსურად დამოუკიდებელი 12 წლის ასაკში გავხდი. მაშინ მთელი ოჯახით საბერძნეთში გადავედით საცხოვრებლად და ჩემი ოჯახი დამოუკიდებლობას მაჩვევდა. თუ კარგი ველოსიპედი ან ნაყინის ფული მინდოდა, უნდა მემუშავა და მექნებოდა. ჩემს ოჯახს რესტორანი ჰქონდა და პატარა ასაკიდანვე იქ ვმუშაობდი, როგორც მიმტანი. როცა საჭირო იყო, ღამეებსაც ვათენებდი, სამაგიეროდ, შემეძლო, ჩემი გამომუშავებული ჰონორარი საჭიროებისამებრ გამომეყენებინა. ასე შევეჩვიე მუშაობას და დამოუკიდებლად იმ ასაკში ჩემთვის საჭირო თანხის გამომუშავებას.
– დიდი ცდუნებაცაა, როცა ამ ასაკში საკუთარი თანხა გაქვს. მისი სწორად დახარჯვა როგორ ისწავლეთ?
– რა თქმა უნდა, ბავშვისთვის ძალიან რთულია, რომ თანხა სწორად დახარჯოს. მაგალითად, მე ძალიან მიყვარდა გემრიელად ჭამა და რასაც გამოვიმუშავებდი, კვებაში, ნაყინში, გართობაში, კლუბებში ვხარჯავდი, (იცინის). რომ გავიზარდე და ჭკუა მომემატა, მერე უკვე ვისწავლე ფულის სწორად ხარჯვა და გამომუშავებულ თანხას სწავლისთვის, სიმღერების ჩასაწერად, გარემოს გამოსაცვლელად, სხვადასხვა ქალაქების აღმოჩენასა და მოგზაურობაში ვიყენებდი. საბერძნეთი ძალიან დიდი და ლამაზია. სხვადასხვა კუნძულზე ვმოგზაურობდი, მათ კულტურას ვეცნობოდი. კლუბებშიც ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გაგიკვირდებათ და ევროპულმა ღამის ცხოვრებამ ბევრი მასწავლა ურთიერთობების მხრივ. ასევე, როგორც მუსიკოსს, ბევრი მომცა. იქ გართობისთვის შევდიოდი, მაგრამ თან ბევრს ვსწავლობდი, რაც მოგვიანებით გამომადგა. ყველა სიტუაციიდან ვიღებდი დივიდენდებს.
– რაც შეეხება ფინანსებს, ამბობენ ხოლმე ფულის შოვნას შნო სჭირდებაო. ეს უნარი რამდენად გამოიმუშავეთ?
– სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენ მიერ დახარჯული ენერგიით გამოვიმუშავებთ იმდენს, რამდენსაც ვიმსახურებთ. ევროპაში მუშაობის დროს ჩადებული ენერგია ორმაგად მინაზღაურდებოდა ფინანსურად. ვეთანხმები, რომ ფულის შოვნას ნიჭი და შნო სჭირდება. ბევრისგან გამიგია, ფულს ვერ ვიტანო. ეს უკვე ძალიან დიდი შეცდომაა. ფული ენერგიაა და ესე იგი, შენ მასზე ავტომატურად ამბობ უარს. თუ ამ ენერგიას არ შეიყვარებ, არც გექნება. უნდა იცოდე გზები, როგორ გამოიმუშაო თანხა – ნიჭით, ხელობით, ესეც ხომ შნოა. თუ ადამიანი საკუთარ თავს ჩაეძიება, აუცილებლად იპოვის საჭირო უნარებს.
– ევროპიდან დაბრუნების შემდეგ არ გაგიჭირდათ ფინანსურად სრულიად სხვა რეალობასთან შეგუება?
– ეს იყო ძალიან დიდი გარდატეხა ჩემს ცხოვრებაში, საქართველოში გადმოსვლის შემდეგ, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება. ძალიან რთული ეტაპი იყო ლარებთან შეგუება. პირველ ეტაპზე გონებაში იქაური კურსით ვახურდავებდი და ქართული ჰონორარები, რასაც მომღერლები იღებენ, ძალიან მეცოტავებოდა. ამას რთულად, მაგრამ შევეგუე. მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანას და მსმენელს მეტის საშუალება, უბრალოდ, არ აქვს.
– ფულთან და ბარაქასთან დაკავშირებით ცრურწმენები თუ გაქვთ?
– კი, მაგალითად, არ მიყვარს ღამე ფულის გაცემა, ბარაქა მიჰყვება. ჩემს საფულეში ყოველთვის მოიძებნება მსხვილი კუპიურა, ასევე, მასში ყოველთვის არის მეტალისა და ქაღალდის ფული ერთდროულად.
– რამდენად მხარჯველი ხართ?
– ცუდი თვისებაა, მაგრამ მაგალითად, როდესაც კონკრეტული ჰონორარი ჩამერიცხება, შემიძლია, ის ბოლო თეთრამდე დავხარჯო რაღაც ელემენტარულში, იქნება ეს ტანსაცმელი, სუნამო თუ სუვენირი, რომელიც იმწუთას ძალიან მინდა და არ ვითვალისწინებ, რომ შეიძლება, ხვალისთვის ერთი ლარიც არ დამრჩეს ჯიბეში (იცინის). ვცდილობ, უფრო პრაგმატული ვიყო, მაგრამ არ გამომდის, რადგან მინდა, იმწუთას ვასიამოვნო ჩემს თავს თუ საყვარელ ადამიანებს.
– ყველაზე დიდი სიამოვნებით რაში ხარჯავთ თანხას?
– მოგზაურობაში, ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაში, საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების გაკეთებაში, ტანსაცმელში, სუნამოებში, აქსესუარებში. ყველაზე ძვირფასი ახალი სიმღერისა და კლიპის შექმნაა. ეს არ არის თანხის დახარჯვა, ამ გზით ძალიან დიდ ინვესტიციას ვდებ ჩემს შემოქმედებაში და ეს ძალიან მსიამოვნებს. ასევე, ძალიან მომგებიანია ახალი აგარაკის თუ სახლის ყიდვა, ავტომობილის შეძენა. წაიკითხეთ ვრცლად